"თუ ხალხს მოერევიან, ყოჩაღ! თუ საქართველოს მომავალს მოერევიან, ყოჩაღ! - „მიღწევები“, როგორ დავანგრიოთ საკუთარი მომავალი, გვაქვს" - კვირის პალიტრა

"თუ ხალხს მოერევიან, ყოჩაღ! თუ საქართველოს მომავალს მოერევიან, ყოჩაღ! - „მიღწევები“, როგორ დავანგრიოთ საკუთარი მომავალი, გვაქვს"

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, ფაქტობრივად, გადაკეტავს გზას ევროინტეგრაციისკენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, ძალიან დიდი ალბათობით, მივიღებთ უარს ევროკავშირისგან, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. გმირობა ნამდვილად არ არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ რაღაცების კეთება, - ამის შესახებ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორმა ლაშა ტუღუშმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

მან მმართველი პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯი ანტისახელმწიფოებრივად და ანტიქართულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟი.

„ძალიან ცუდია, რომ ასეთი კანონპროექტი ისევ დარეგისტრირდა პარლამენტში, იმიტომ, რომ ეს, ფაქტობრივად, გადაკეტავს გზას ევროინტეგრაციისკენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, ძალიან დიდი ალბათობით, მივიღებთ უარს ევროკავშირისგან, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნები, რომლებიც დაახლოებით მსგავს ვითარებაში არიან, დიდი სიჩქარით, ძალიან დინამიკურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან ევროკავშირის წევრობისკენ. მათ შეასრულეს პირობები, ვგულისხმობ კანდიდატ ქვეყნებს, რომლებიც მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდნენ და სხვათა შორის, გადავიდა ყველა, საქართველოს გარდა. გადაწყვეტილება, რომელიც ახლა მიიღეს, ამ პროცესის საპირისპიროა. ან ხვდები ამას, ან ვერ ხვდები, მე ძნელად წარმომიდგენია, რომ ვერ ხვდებოდნენ. თუ ხვდები და მაინც დგამ ასეთ ნაბიჯებს, მიჭირს პასუხის გაცემა, მიზეზი ან მიზანი რა არის. ასეთი ნაბიჯები, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ და დააგვირგვინეს ამ კანონპროექტით, არის ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი და არის დამანგრეველი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

თვითონ შინაარსით, ეს არის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო. რა თქმა უნდა, არის საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც აქვს გაცხადებული მიზნები და ქართველ ხალხს უნდა ევროკავშირის წევრობა, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, არის ამის საპირისპირო. იმდენად ნათელი, აშკარა და განჭვრეტადია ყველაფერი, რომ როგორი კეთილგანწყობილიც არ უნდა იყო რომელიმე პოლიტიკური გუნდის მიმართ, ვერანაირად ვერ პოულობ გამართლებას ასეთი ტიპის ნაბიჯების. გამართლების 0% აქვს. არ არსებობს მიდგომა, რომელიც ასეთ დესტრუქციულ ნაბიჯს გაამართლებდა, თუ ჩვენ გვინდა ევროკავშირის წევრობა და თუ არ გვინდა, მაშინ ლოგიკა გასაგებია“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ახლა განადგურებით ემუქრება ქვეყნისა და ახალგაზრდების მომავალს.

„თუ აჯობებენ ქართველ ხალხს და დაანგრევენ მათ მომავალს, მაშინ ცხადია „დავუკრავთ ტაშს“. ისინი იმუქრებიან, რომ დაანგრევენ~ ქართველი ხალხის მომავალს. ფაქტობრივად, ამას ნიშნავს, რომ მოერევიან ქართველ ხალხს. ერთი წელი იმუშავეს ამ მიმართულებით, არ შენელდა და არ შეჩერდა ანტიდემოკრატიული, ანტილიბერალური, ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა მათი მხრიდან სწორედ ამ მიმართულებით. თუ მოერევიან ქართველ ხალხს - ყოჩაღ! თუ მოერევიან ახალგაზრდებისა და საქართველოს მომავალს - ყოჩაღ! ეს ხომ არ არის თამაში?! ჩვენ ბევრნაირი ვითარება გვინახავს ამ ქვეყანაში, გვინახავს ისიც, როგორ ანგრევენ ქვეყნის მომავალს, მათ შორის, პოლიტიკოსები და პოლიტიკური ლიდერები, ეს ამ საზოგადოებისთვის ახალი არ არის. „მიღწევები“ როგორ დავანგრიოთ საკუთარი მომავალი- გვაქვს. უახლესი ისტორიის მაგალითებიც გვაქვს ამისი, როგორ ვანადგურებდით რაღაც მომენტებში ჩვენს და ჩვენი შვილების მომავალს. ეს არ არის ახალი ამ ქვეყნისთვის. მიჭირს რამის გაზომვა, როგორი იქნება წინააღმდეგობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას და ახალგაზრდებს ძალიან კარგად ესმით, რა ხდება. არ არის ეს საზოგადოება ისეთი, რომ ვერ ხვდებოდეს, რა ხდება. როცა ხელისუფლებაში ხარ, რა თქმა უნდა, ბევრი ბერკეტი გაქვს -ძალოვანი, ჯარი, პოლიცია, ყველაფერი შენ ხელშია, მაგრამ ეგ არ ნიშნავს არაფერს. გმირობა ნამდვილად არ არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ რაღაცების კეთება და ამ ხალხმა ვერ გაიგო ეს ამბავი“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

"ინტერპრესნიუსი"