ზელენსკის ღამის შურისძიება: ყველაზე მასობრივი საჰაერო შეტევა პუტინის თვითმფრინავებზე - რუსები ნელ-ნელა ქარიშხალს იმკიან - კვირის პალიტრა

ზელენსკის ღამის შურისძიება: ყველაზე მასობრივი საჰაერო შეტევა პუტინის თვითმფრინავებზე - რუსები ნელ-ნელა ქარიშხალს იმკიან

4-5 აპრილის ღამე დიდხანს დაამახსოვრდებათ რუსეთის საჰაერო თავდაცვის მეზენიტეებს, რადგან მათ უკრაინული კამიკაძე-დრონების ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი საჰაერო შეტევების მოგერიება მოუხდათ....

ის, რომ რუსეთი დღეს არ აცდენს, რომ უკრაინის ქალაქებს რამდენიმე ათეული კამიკაძე-დრონით, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტით შეუტიოს, უკვე აღარავის უკვირს, თუმცა ბოლო კვირებში უკრაინის მხარემაც დაიწყო საპასუხო მასობრივი შურისმაძიებელი საჰაერო დარტყმები უშუალოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მათ შორის უკრაინა-რუსეთის საზღვრიდან დიდ სიღრმეშიც კი...

ამის მაგალითებად იქცა უკრაინული კამიკაძე-დრონების წარმატებული საჰაერო დარტყმების სერია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რასაც რამდენიმე დღის წინა დაემატა საზღვრიდან 1 200 კმ-ზე მეტად დაცილებულ რუსეთის თათარსტანის რესპუბლიკაში, „შაჰიდების“ ამწყობ ქარხანაზე ზუსტი დარტყმაც...

მაგრამ რამდენიმე საათის წინ განხორცილებული უკრაინული საჰაერო ოპერაციის დანიშნულება კიდევ უფრო მიზანმიმართული აღმოჩნდა-უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა შეუტიეს იმ კონკრეტულ რუსულ სამხედრო აეროდრომებს, საიდანაც აფრენილი რუსული ბომბდამშენები ფრთოსანი რაკეტებითა და პლანირებადი საავიაციო ბომბებით ყოველდღიურად ბომბავენ უკრაინის არმიის პოზიციებს და არც უკრაინული ქალაქების საცხოვრებელ უბნებს ინდობენ...

1-bom-1712310680.jpg
რუსული Су-34 ტიპის საფრონტო ბომბდამშენების მიერ გამოყენებული პლანირებადი ბომბები უკრაინელი სამხედროებისთვის დიდ პრობლემად გადაიქცნენ, ამიტომაც უკრაინული კამიკაძე-დრონები ამ ბომბდამშენებს მათსავე აეროდრომზე „ეწვივნენ“...

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 4-5 აპრილის ღამეს მათმა საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა საერთო ჯამში 53 ერთეული უკრაინული დრონი-კამიკაძე ჩამოაგდეს, მათ შორის როსტოვის ოლქის თავზე 44, კრასნოდარის მხარეში-6, ხოლო თითო-თითო კი ბელგოროდის, კურსკისა და სარატოვის ოლქებში.

ამ ინფორმაციაში არ ზუსტდება, მაგრამ თვითმხილველების მიერ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაციებით ცხადი ხდება, რომ როსტოვის ოლქში ამდენი უკრაინული კამიკაძე-დრონის „სტუმრობას“ ზუსტი მისამართი ჰქონდა-მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომი.

საჰაერო შეტევამდე რამდენიმე საათით ადრე გადაღებულ თანამგზავრულ ფოტოზე მოჩანს, რომ 4 აპრილს მოროზოვკის სამხედრო აეროდრომზე ეყენა 29 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი, მათ შორის 26 საფრონტო ბომბდამშენი Су-34 და სამი გამანადგურებელი Су-35.

ეს სწორედ ის Су-34-ებია, რომლებიც 50-70 კმ-ის სიშორიდან, ისე,რომ არ შედიან უკრაინელების საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების ზონაში, უშვებენ პლანირებად მართავად ბომბებს უკრაინის არმიის თავდაცვითი ზღუდეების გასანადგურებლად.

უკვე ჩამოგდებული და პლანირების რეჟიმში მყოფი საავიაციო ბომბის საზენიტო რაკეტით „ჩამოხსნა“ ძალიან რთული და ამასთან არარენტაბელურია, ამას ბევრად სჯობს თავად ბომბდამშენი თვითმფრინავის ჩამოგდება ამ მათი დაზიანება/აფეთქება უშუალოდ ბაზირების აეროდრომზე.

რუსული ბომბდამშენები უკრაინელმა მეზენიტეებმა „მოხეტიალე „პეტრიოტით“ წლის დასაწყისიდან რამდენჯერმე კი ჩამოაგდეს, მაგრამ უკრაინელებს შორმოქმედი საზენიტო რაკეტების დიდი დეფიციტი შეექმნათ პროტამპისტი ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაზე გამოცხადებული ნახევარწლიანი არაოფიციალური „ემბარგოს“ შედეგად და ამიტომაც, უკრაინის გენშტაბმა აირჩია ის გამოსავალი, რომლის დროსაც, საკუთარი ძალებით შეძლებდა გამკლავებას-კამიკაძე-დრონებით უშუალოდ იმ რუსულ სამხედრო აეროდრომებზე მასიური საჰაერო შეტევების განხორციელება, საიდანაც აფრენილი რუსული ბომბდამშენები მართვად, პლანირებად საავიაციო ბომბებს ყრიან, რაც თავის მხრივ, უდიდეს პრობლემად გადაიქცა უკრაინის დამცველებისთვის, დააჩქარა აცდეევკის დაკარგვა და ეხლა ჩასივ იარს ემუქრება...

2-bom-1712310747.jpg
რუსეთის მოროზოვკის სამხედრო აეროდრომის 4 აპრილის თანამგზავრული ფოტო, რომელზეც მოჩანს იქ მდგარი საბრძოლო თვითმფრინავები...

მეორე საჰაერო შეტევის სამიზნე კრასნოდარის მხარის ეისკის სამხედრო აეროდრომი გახლდათ, რომელსაც ექვსმა უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა შეუტია.

მესამე სამიზნედ კი სარატოვის ოლქის ენგელსი-2-ის ის სამხედრო აეროდრომი იქცა, რომელზეც აქამდეც სამჯერ მიიტანეს იერიში უკრაინელებმა და წარმატებითაც, როდესაც დააზიანეს რამდენიმე ის Ту-95МС ტიპის სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდი-ბომბდამშენი, რომლებიც უკრაინისკენ ფრთოსან რაკეტებს უშვებდნენ.

ჯერ-ჯერობით არ არის გავრცელებული ახალი თანამგზავრული ფოტოები, რომლებიც დაამტკიცებდა, რომ 4-5 აპრილს მოროზოვსკის, ეისკისა და ენგელსის რუსულ სამხედრო აეროდრომებზე უკრაინული კამიკაძე-დრონების მასიურმა საჰაერო შეტევებმა გამოიწვია იქ მდგომო რუსული საბრძოლო თვითმფრინავების დაზიანება/განადგურება.

თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი რუსმა მეზენიტეებმა მართლაც მოახერხეს 53-ივე უკრაინული დრონი-კამიკაძეს გაუვნებელყოფა, უკრაინის მხარე მაინც მოგებაში რჩება, რადგან თითოეული კამიკაძე-დრონის ჩამოსაგდებად რუსეთის საჯარისო და ობიექტური საჰაერო თავდაცვა ორ საზენიტო რაკეტას მაინც ხარჯავს, „პანცირის“, „ბუკის“ და მითუმეტეს -С-300-ის ერთი რაკეტის ფასი კი ბევრად აღემატება ერთი უკრაინული კამიკაძე-დრონის თვითღირებულებას...ომი კი საერთო ჯამში მაინც ეკონომიკაა...

P.S. ეს სტატია უკვე დაწერილი იყო, როდესაც უკრაინის მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 4-5 აპრილის ღამეს რუსეთის მოროზოვსკის სამედრო აეროდრომზე არანაკლებ 44 უკრაინული კამიკაძე-დრონის საჰაერო შეტევის შედეგად აფეთქებულა იქნა აეროდრომზე მდგარი 6 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი, 8 დაზიანებული, 20-ზე მეტი რუსი სამხედრო კი დაიღუპა და დაიჭრა...

P.S.S. ეხლა ის რჩება, დაველოდოთ დასავლეთის კომერციული თანამგზავრების მიერ 5 აპრილის დღისით გადაღებულ მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომის ფოტოებს და შევადაროთ ის 4 აპრილის ამავე აეროდრომის ფოტოებს, რომ გავარკვიოთ, თუ ვინ ამბობს სიმართლეს - რუსეთი 44 ჩამოგდებული უკრაინული დრონით თუ უკრაინა 6 აფეთქებული და 8 დაზიანებული რუსული თვითმფრინავით...