შალაურის „გემოწმინდა “ ღვინოები
საოჯახო მეურნეობა დღეს ბევრს აქვს, მით უფრო, მევენახეობა-მეღვინეობას ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი ჰკიდებს ხელს. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში მცხოვრები წყვილი კი პროფესიით მეღვინე-მევენახეები არიან და საქმეში ორივე თანაბრადაა ჩართული. მამუკა ორკოდაშვილმა და თამარ ხვედელიძემ საოჯახო მარანი 2016 წელს დააარსეს. მათი ღვინო შარშან გურჯაანის ღვინის ფესტივალზე გავსინჯე და ჯერ კიდევ მაშინ ჩავიფიქრე, რომ წყვილის საქმიანობაზე მკითხველისთვის მომეთხრო.
თამარ ხვედელიძე:
- მეღვინეობაში ჩემი მეუღლის მამა-პაპა იყვნენ ჩართული და პაპას ყოველთვის უნდოდა, რომ ჩემი მეუღლე მეღვინე ყოფილიყო. დაქორწინების შემდეგ ეს ყველაფერი პროფესიად და ცხოვრების წესად ვაქციეთ. ორივე მეღვინე ვართ, მე მევენახეობა-მეღვინეობა თბილისში აგრარულ უნივერსიტეტში ვისწავლე, ჩემმა მეუღლემ - თელავის უნივერსიტეტში. მას ღვინის ქარხნებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ძალიან კარგად იცის ეს სფერო. ერთადერთი, რაშიც არა ვარ ჩართული, ვენახების მოვლაა, ამ საქმეს მთლიანად მამუკა აკეთებს. მარანში კი დაწყებული ყურძნის მოტანით და დამთავრებული დაწურვით თუ ბოთლში ჩამოსხმით, ყველაფერში თანაბრად ვართ ჩართული და, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებიც გვეხმარებიან, ჩემი მეუღლის მშობლები და დედაჩემი, რომელიც საბუღალტრო საქმეს უძღვება. მეტი ადამიანის დამატება ჯერ არ გვჭირდება, დიდი წარმოებაც არ გვაქვს და ამიტომ ყველაფერს ავუდივართ.
- რას ნიშნავს თქვენთვის ეს საქმე?
- ეს უკვე ცხოვრების სტილია, ამის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია ჩვენი ყოველდღიურობა. თუ ჩემი მეუღლის ოჯახი მეღვინეობას მისდევდა, ჩემს შემთხვევაში არავინ ყოფილა მეღვინე და კახეთთანაც არ მქონია შეხება. რუსთავში დაბადებულ-გაზრდილი იმერელი ვარ. ჩვენ პროფესიამ დაგვაკავშირა. კახეთში პრაქტიკაზე უნივერსიტეტიდან გამომგზავნეს. აქედან დაიწყო ჩვენი და ჩვენი მარნის ისტორიაც.
- ვენახი თქვენი ოჯახისაა?
- ერთ ჰექტარამდეა, ჩემი მეუღლის პაპისეული, ძველი ვენახია. გვაქვს სხვადასხვა ჯიშის ყურძენი - რქაწითელი, კახური მწვანე და ჟღია (ერთ-ერთი იშვიათი ჯიში). ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ვენახები წინანდლის მიკროზონაშია გაშენებული.

- ჟღიაზე გვიამბეთ...
- ჟღია ენდემური კახური ყურძნის ჯიშია. ჯერჯერობით საქართველოში სულ 5-6 მარანი აყენებს ღვინოს ამ ყურძნის ჯიშისგან. მათ შორის, როზეს ტიპის (ანუ ვარდისფერი), რაც ჩვენ გვაქვს, 3 მარანს თუ აქვს. ჟღიის ყურძნის მტევნები პატარაა, წითელი, საშუალო ზომის მარცვლებით. თუ კანის გარეშე დაწურავ, მკაფიო ვარდისფერი გამოდის, მაგრამ თუ კანით, ტრადიციული მეთოდით დავადუღებთ, კარგი წითელი (ცოტა ვარდისფრისკენ) იქნება. კახეთში ცალკე ჟღიის ვენახი არ არსებობს, რქაწითლისა და კახური მწვანის ვენახებშია შერეული. ჩვენს ვენახშიც ასე ალაგ-ალაგ არის გაშლილი.
თითოეული ჯიშისგან ღვინოს ცალ-ცალკე ვაწარმოებთ. კახური მწვანისგან კლასიკურად ვაყენებთ, ევროპულს რომ ეძახიან, ისე. რქაწითელი ქვევრის გვაქვს და მას ცოტას ევროპულადაც ვაყენებთ. გვაქვს საფერავიც, მაგრამ მისთვის ყურძენს ვყიდულობთ. ჟღიას კლასიკურად, ცისტერნებში ვაყენებთ, ოღონდ როზეს.
- ცხადია, ბოთლებშიც ასხამთ...
- მარანი ცოტა ადრე დავაარსეთ, მაგრამ აქტიური მუშაობა 2 წელიწადია დავიწყეთ. ამ პერიოდში პოლონეთში ექსპორტზე გავედით. წლეულს მარანს ქვევრები, ცისტერნები დავამატეთ, ტურისტების მიღებასაც ვაპირებთ და დეგუსტაციასაც ჩავატარებთ. ჩვენი პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზეც იყიდება, ოღონდ ჟღია მთლიანად ექსპორტზე გავიდა. შარშან 350 ბოთლამდე გვქონდა, წლეულს 500-მდე. ჯამში 7-8 ათასი ბოთლი ვაწარმოეთ, წლეულს ეს ყველაფერი გაორმაგებულია. სადეგუსტაციო სივრცე ცოტა დიდი გვინდა ავაშენოთ და ეზოში ადგილიც შევიგულეთ.

- მთავარი სირთულე რა იყო?
- მიუხედავად კარგი და ხარისხიანი პროდუქტისა, ჭირს გაყიდვა. იმის საშუალება ჯერ არა გვაქვს, რომ მასშტაბური რეკლამები გავაკეთოთ. ამიტომ ჩვენი ძალებით ავუდივართ ყველაფერს, მაგრამ განვითარებას ვცდილობთ.
- კახეთში თითქმის ყველა ღვინის წარმოებით არის დაკავებული. თქვენი ღვინო რით განსხვავდება სხვების პროდუქტისგან?
- ჩვენი ღვინო გემოვანი თვისებებით გამორჩეულია, "გემოწმინდაა" - ასე იციან კახეთში თქმა. დარწმუნებული ვარ, ბევრ მარანში იქნება კარგი ღვინო. როგორც მშობლებს ჰგონიათ, თავიანთი შვილი ყველაზე კარგია, ასევეა ღვინო ჩვენთვის. ღვინო ჩვენი შვილია, ასე რომ, ჩვენთვის ის გემოწმინდაა.
- მარანში რა წესები გაქვთ?
- ადრე მარანში ქალებს არ უშვებდნენ, მარტო მამაკაცები საქმიანობდნენ. საბედნიეროდ, ეს წესი შეიცვალა. დღეს მარანი ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის განსატვირთი ადგილია. თუ საუბარი გვინდა ან დასვენება, მარანში ქვევრებთან ჩამოვსხდებით და ვსაუბრობთ. ყველა სამუშაო მარანში, ღვინის დაწურვა თუ გადაღება სიმღერა-ღიღინით მიმდინარეობს. ყურძენი და ღვინო ხომ ცოცხალი ორგანიზმია, მათზე ყველაფერი აისახება. რა ხასიათითაც დაკრეფ და დაწურავ, ღვინოშიც ის ხასიათი გადადის.

- მართლაც როგორი ენერგია აქვს დუღილის პროცესში...
- გვქონდა ისეთი შემთხვევაც, რომ ქვევრი ღვინის სიყვარულით ზედმეტად გავავსეთ და მერე თავზე დავადექით, რომ არ გადმოსულიყო. დუღილის პერიოდში იქ ისეთი არომატები ტრიალებს, მარნიდან გამოსვლა აღარ გინდება.
- რომელი ტექნოლოგია გირჩევნიათ - ევროპული თუ ტრადიციული, ქვევრის?
- ორივე ტიპის ღვინოს დიდ პატივს ვცემ და ორივეს სულ სხვადასხვა სპეციფიკა აქვს. რაც შეეხება ტექნოლოგიებს, თითოეული ძალიან კარგია. კარგად დავეუფლე ორივეს. გვინდა სხვადასხვა ბაზარზე გავიდეთ, ტურისტები მივიღოთ, მათთვის საინტერესოა ქართული ჯიშისგან დაყენებული ყურძნის ორივე ვარიაცია. იმ უცხოელისთვის, ვინც ჭაჭაზე დაყენებულ ძლიერ ღვინოს არაა შეჩვეული, კლასიკური უფრო პრიორიტეტულია. რაც მეტი ვარიაცია გვექნება მარანში, მეტ ადამიანს მოვიზიდავთ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ორივე ტიპის ღვინო გაგვეკეთებინა. კახური მწვანე, რომლისგანაც ორივე ტიპის ღვინოს ვაყენებთ, ჩემი და ჩემი მეუღლის საყვარელი ყურძნის ჯიშია. ევროპულისთვის ის იდეალურია.

- თამარ, რატომ შეისწავლეთ ეს პროფესია?
- პროფესიას რომ ვირჩევდი, წარმოდგენა არ მქონდა, რომ ასეთი ფაკულტეტი - მეღვინეობა არსებობდა. ჩემმა ძმამ ხუმრობით მითხრა, მოდი, მეღვინეობაზე ჩააბარეო. "დავიჭირე" ეს სიტყვები და ჩავაბარე. შემდეგ ეს საქმე ისე შემიყვარდა, რომ დედაჩემი ხუმრობს, სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო.
- ისე მოხდა, რომ დაეუფლეთ ამ პროფესიას და შალაურშიც გადახვედით...
- ასე გამოვიდა... ადამიანებს ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ, საკუთარი მიზნის მისაღწევად იბრძოლონ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. იმ დროს, როცა ყველა იმედი გადაწურულია, ზუსტად მაშინ განათდება ხოლმე. გულით რაც გინდა, აუცილებლად ახდება.