ფურცელ-ფურცელ აკინძული „ვარდების სამყარო“ - კვირის პალიტრა

ფურცელ-ფურცელ აკინძული „ვარდების სამყარო“

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში მცხოვრები თეონა ოთიაშვილის დამზადებული ვარდები პირველად რომ ვნახე, ჩვენებური ნიკალა, მისი აქტრისა მარგარიტა და მილიონი ვარდი გამახსენდა. "მეამაყება, ბევრი ადამიანის გულს რომ ვახარებ ჩემი ნახელავითო", მითხრა ხელმარჯვე გოგომ და ფერად-ფერადი ვარდების თაიგულების სანახავად გამიძღვა...

- სკოლაში სწავლის დროს ხელგარჯილობამ გამიტაცა. ქსოვა ბაბოსგან ვისწავლე. როცა მატყლის დართვას იწყებდა, მაშინვე გვერდით ჩამოვუჯდებოდი და ვცდილობდი მეც რამე გამეკეთებინა. თავიდან ბევრ მატყლს ვაფუჭებდი, მაგრამ ბებო მამხნევებდა, არა უშავს, მეორე ჯერზე კარგად გამოგივაო. მალე თითისტარზე ძაფის ჩამოქნაში ისე გავიწაფე ხელი, ბაბოს ტოლს არ ვუდებდი. კერვაც მიყვარდა და თოჯინებს ნაირ-ნაირ სამოსს ვუკერავდი. სამი და ვართ და ყველას გამოგვყვა ხელსაქმის ნიჭი, ამიტომ ერთმანეთს ჩვენს შემოქმედებას ხშირად ვჩუქნიდით. განსაკუთრებით პორტრეტების ხატვა მომწონდა. ბოლო ზარის წინსაფრებს ყველას მე ვუხატავდი. სოფელ ნუკრიანში ნაირა გელაშვილს ჰქონდა გახსნილი "კავკასიური სახლი", სადაც თექაზე მუშაობას ასწავლიდნენ. ჩემმა უფროსმა დამ შეისწავლა, მისგან კი მე ვისწავლე. თავიდან რთული მეჩვენებოდა, მაგრამ პირველივე ცდაზე მარტივად გამომივიდა - ფერადი მატყლი თანამიმდევრულად დავალაგე, ზემოდან ფარდის მატერია გადავაფინე, ზედ ცხელი წყალი და 72%-იანი საპონი დავასხი. ხელით მანამდე ვამუშავე, სანამ სქელი მასა არ მივიღე. მოთელვის შემდეგ გავაშრე, ორნამენტები გამოვჭერი და სასურველ ფორმებად დავამუშავე. ვამზადებდი თექის ფლოსტებს, შარფებს, ყვავილებს. თექისგან ყვავილი თითქოს არ ჰგავდა ნამდვილს. ამიტომ გადავწყვიტე ისეთი მასალა მომეძებნა, ჩემი ნახელავი ნამდვილი ყვავილისგან რთული გასარჩევი ყოფილიყო და მივაგენი ფერად ქაღალდებს.

d8cf96d2-dc9e-4185-83ab-35df84adc1fc-2-1712496807.jpg

თავიდან არაჟნის ყუთებს ქაღალდით ვფუთავდი და ვაფორმებდი, ახლა მუყაოს ყუთებს ვიყენებ. ყვავილის ღეროებს ხის სპეციალური ჩხირებით ვამზადებ. ზედ ფერად ქაღალდს ვახვევ და სილიკონის ცხელი წებოთი ვამაგრებ. ფოთლებისთვის გამოჭრილ ქაღალდსაც ხელით ვამუშავებ და ღეროზე ვაწებებ. ყვავილის შიდა ფურცელს ცხელი წებოთი ჯოხზე ვამაგრებ, გარე ფურცლებს კი ამ ფურცლის გარშემო ვაწებებ. ქოთნის ზომის მიხედვით განვსაზღვრავ ყვავილის ზომას. ყველაზე მეტად ვარდების დამზადება მეხალისება. ეს ყვავილი ჩემთვის პირველია და ეზოში ბევრი მიდგას. ვამზადებ ყვითელ და ლურჯ ვარდებსაც, მაგრამ ყველას მაინც წითელი მოსწონს. ცოტა ხნის წინ გავაკეთე იასამნისფერი ვარდების თაიგული და საოცრად ლამაზი გამოვიდა. თეთრ ვარდებს იშვიათად ვაკეთებ, რადგან მტვერს მეტად იმჩნევს, თუმცა ჩემი თაიგულები ირეცხება და არც ხარისხს კარგავს.

როცა ახლობლებმა შეიტყვეს ჩემი მეყვავილეობის ამბავი, ხშირად მთხოვენ დამზადებას. 8 მარტის წინ კაცების რიგი იდგა ყვავილებზე, საყვარელი ქალებისთვის მისართმევად ზოგი რომელი ყვავილის დამზადებას მთხოვდა და ზოგი რომლის. ზოგმა ქალმა კი საჩუქარი საკუთარ თავს გაუკეთა. წითელი ვარდების კოკრებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ერთხელ ფეისბუკმეგობარმა მთხოვა ყვავილების დამზადება. როცა დავუმზადე, საგარეჯოელი სკოლის მოსწავლე აღმოჩნდა, რომელსაც უნდოდა ყვავილები დედისთვის მიერთმია. ამ სიურპრიზისთვის დედა-შვილისგან იმდენი მადლობა და დალოცვა მივიღე, ის ემოცია დღემდე გამომყვა.

- თაიგულის დამზადებას რა დროს ანდომებთ?

- ვარდების პატარა თაიგული რომ დავამზადო, სამი საათი საკმარისია. ცოტა ხნის წინ 30-ვარდიანი თაიგულის დამზადებას სამი დღე მოვანდომე. შეიძლება ითქვას, "ვარდების დამამზადებლობა" ყველაზე კარგად მოვირგე.

ჩემი ნახელავის პირველი შემფასებლები ოჯახის წევრები არიან. თუმცა ყველა დეტალი საკუთარი ფანტაზიისა და გემოვნების ნაყოფია. მსიამოვნებს, ადამიანებს რომ ჩემი ვარდებით ვახარებ.

- მხოლოდ ვარდებს ამზადებთ?

- არა, სხვა ყვავილებსაც, მაგრამ ხშირად მაინც ვარდების კეთება მიწევს. მისალოცი ბარათებიც კარგად გამომდის. ზოგჯერ თაიგულებზე ვამაგრებ და წარწერას ვუკეთებ. ერთხანს ცემენტის ქოთნებსაც ვაკეთებდი და ფოტოებს სოციალურ ქსელში ვაქვეყნებდი. უცნობები მწერდნენ, მოგვეწონა, გვინდაო, და ვჩუქნიდი. მუყაოს კვერცხების ჩასაწყობს ლამაზი ყვავილებით ვაფორმებ და სააღდგომოდ წითელი კვერცხებისთვის ულამაზეს კალათას ვაკეთებ. ფანტაზიასა და იდეებს არ ვუჩივი და საქმეს ხელს თუ მოვკიდებ, ვიცი, აუცილებლად გამომივა.

ძალიან მინდა საქართველოში ხელოვნური ვარდების გამოფენა გაიმართოს. როგორც ვიცი, ბევრი ამზადებს ხელოვნურ ყვავილებს სხვადასხვა მასალისგან. სავარდო და სამაისო საქართველოში ვარდების მოყვარულებს ასეთი გამოფენები მოეწონებათ.

ნელი ვარდიაშვილი