"ძალიანაც მოხარული ვართ, რომ უაზრო კანონის გაუქმება შევძელით" - კვირის პალიტრა

"ძალიანაც მოხარული ვართ, რომ უაზრო კანონის გაუქმება შევძელით"

"პოლიტიკური ნაცარქექია" - ამგვარად მონათლეს პარტია "გირჩის" ლიდერი­ იაგო ხვიჩია ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.­ საპარლამენტო უმცირესობის გაღიზიანების მიზეზი "გირჩის" ის კანონპროექტი იყო, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს. კანონპროექტი უკვე კანონად იქცა, შესაბამისად, მალე ყველა ის საკანონმდებლო ნორმა გაუქმდება, რომელიც საარჩევნო სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვდა. ამასთან, გაუქმდება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონის ნორმაც, რომლითაც გათვალისწინებული იყო საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30%-იანი დანამატი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და პარტიებში ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებისათვის. "5 წელია ვაჭრობთ და ძალიან კარგადაც, მილიონები იშოვეთ. ეს არის თქვენი წარმატებული ვაჭრობის შედეგი. ამის შედეგს აიღებთ არჩევნებში", - მიმართა "გირჩის" დეპუტატებს "ევროოპტიმისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ. საპარლამენტო უმცირესობის წევ­რები ირწმუნებიან, რომ "გირჩელებს" "ქართ­ული ოცნება" მართავს. გოცირიძე­ იმასაც ამბობს,­ რომ მაშინ, როდესაც მათი რეიტ­ინგი 0% იყო, ახლა ერთი ქალიც კი არ მისცემთ ხმას. რას ფიქრობენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით თავად "გირჩის" დეპუტატები, ამას იაგო ხვიჩიასგან გავიგებთ.

- ხუთზე მეტი არგუმენტი დავასახელეთ­, თუ რატომ იყო საჭირო გენდერული კვოტირების გაუქმება და ერთი კონტრარგუმენტიც არავის წარმოუდგენია. ვერ ვხვდები ქალ დეპუტატებს მამაკაცებთან კონკურენციაში რატომ სჭირდებათ პრივილეგიები. მარტივ მაგალითს მოვიყვან - თუ თქვენ გეცოდინებათ, რომ ექიმი ქალი კვოტის ნიშნით იკავებს თავის პოზიციას, მიხვალთ მასთან სამკურნალოდ? ქალთა კვოტირება­სთან დაკავშირებული მორალი დღემდე ის იყო, თითქოს ჩვენი წინაპრები წარსულში ქალებს ჩაგრავდნენ და ახლა ამის გამო ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ამის არასდროს გვჯეროდა და ახლა ძალიანაც მოხარული ვართ, რომ უაზრო კანონის გაუქმება შევძელით.

- როგორ გგონიათ, თქვენი კოლეგები რამ გააღიზიანა?

- ზოგი ფიქრ­ობდა, რომ მომავ­ალში პარლამენტში კვოტით მაინც მოხვ­დებოდა, ზოგს ენჯ­ეოს სექტორში დასაქმება სურს და ა.შ. მე ვთხოვე დაესახელებინათ პოლიტიკოსი­ ქალი, რომელიც გენ­დერული ნიშნით იყო მსხვერპლი, ასევე კაცი, რომელიც გენდერული ნიშნით დევნიდა და ავიწროებდა ადამიანებს. ვერც ერთი ვერ დაასახელეს.

- რომან გოცირიძეს, ალბათ, არც იმის იმედი აქვს, რომ გენდერული კვოტირებით მოხვდება მომავალ პარლამენტში და, სავარაუდოდ, არც ენჯეოს სექტორში აპირებს დასაქმებას. სწორედ მისი დანაბარები უნდა გადმოგცეთ: "რა ივაჭრეთ "ქართულ ოცნებასთან" ისეთი?"

- ბატონ რომანს თითქმის 40-წლიანი პოლიტიკური სტაჟი აქვს და მომკალით, მაგრამ გენდერული კვოტირებისთვის მებრძოლი გოცირიძე არ მახსოვს. ახლა რა დაემართა, არ ვიცი, მგონი, ვიღაცას პოლიტიკურად ეპრანჭება.

- თქვენი კოლეგა ოპოზიციონერები იმასაც ამბობენ, რომ "ოცნებისა" და "გირჩის" თანამშრომლობა საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს.

- მე მჯერა, რომ კარგი საქმის კეთება­ ყოველთვის კარგია, ცუდის - ცუდი. ყოველთვის ასე ვიფიქრებ, სანამ ვინმე საწინააღმდეგოში არ დამარწმუნებს. ან იმაში დამარწმუნონ, რომ გენდერული კვოტირების გაუქმება ცუდი საქმეა, ან ის ამიხსნან, ამ კარგი საქმის გაკეთებისთვის ცუდი დრო რატომ არის.

- თქვენ კი ამბობთ, რომ საქართველოში გენდერული ნიშნით არავინ იდევნება, მაგრამ პარლამენტში ნამდვილად მომრავლდა გენდერული ნიშნით ქალების შეურაცხყოფა.

- როდესაც ჩვენი კოლეგები ქალებს­ შეურაცხყოფენ, ჩვენ ყოველთვის ვესარჩლებით.

- პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, როდესაც გენდერული კვოტირების გაუქმებაზე­ მსჯელობდით, სწორედ თქვენი თანაპარტიელის, ვახო მეგრელიშვილის ნათქვამმა ფრაზამ გააღიზიანა ხატია დეკანოიძე, რის გამოც მან მეგრელიშვილს "უზრდელი" და "ნაგავი" უწოდა.

- ოდიშარიამ რა და როგორ თქვა, მთელმა საქართველომ იცის, რაც შეეხება­ ვახტანგ მეგრელიშვილს, ის მხოლოდ სიტ­უაციას აღწერდა, შეურაცხმყოფელი ერთი სიტყვაც არ უთქვამს. მან თქვა, მეც მივესალმები, პოლიტიკაში ბევრი ქალი რომ იყოს, მაგრამ პარლამენტი ჰარემი ხომ არ არის, გენდერული ნიშნით რომ დავაკომპლექტოთო. ხატიამ კი წარმოუდგენელი რამ თქვა, შენ მე ჰარემის წევრად აღმიქვამო. ნუთუ ნათქვამიდან აზრის სწორად გამოტანა არ შეუძლია?! ან არ მოვწონვართ, იმიტომ, რომ სიმართლეს ვამბობთ.

- ყოველთვის ამბობდით, რომ პოლიტიკ­ური ვაჭრობა სწორი სტრატეგიაა.­ ხომ არ ფიქრობთ, რომ კვოტირების კანონის­ გაუქმების შედეგად შექმნილი მოცემულობა ოპოზიციასთან ვაჭრობის შანსს აღარ დაგიტოვებთ?

- ჩვენ სულ ვევაჭრებით ვიღაცებს, სანამ გველაპარაკებიან და არ გვიბრაზდებიან. გვინდა კოლეგებს საინტერესო იდეები შევთავაზოთ, მაგრამ ქართველი პოლიტიკოსები რთულად სათანამშრომლო ხალხია. სხვათა­ შო­რ­ის,­ ძალიან გვი­ნ­და­ სააკაშვილთან თანა­მშრომლობა სწ­რ­აფი­ გამდიდრების პროექტზე­. ამდენი უპატრონო ქონება, დღემდე მთავრობის ხელში რომ არის და ვისაც როგორც უნდა, ისე ხრავს, თანაბრად და უსასყიდლოდ უნდა გადავუნაწილოთ საქართველოს მოსახლეობას. ამაში გვჭირდება სააკაშვილის დახმარება. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხმა დაიჯეროს, რომ არჩევნებში ოპოზიციური ძალების გამარჯვების შემთხვევაში სწრაფად გამდიდრდება.

- და ამას ხალხი დაიჯერებს?

- თუ ყველაფერს სწორად ავუხსნით, დაიჯერებს. იმასაც აქვს მნიშვნელობა­, ვინ მიაწვდის ამ ინფორმაციას. მიხეილ სააკაშვილს ეს შეუძლია და თუ მოინდომებს, მნიშვნელოვან როლსაც შეასრულებს ამ საქმეში. ასე რომ, ჩვენ მიხეილ სააკაშვილი როგორც ბერკეტი გვჭირდება.

- სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობაზე" რა მოგახსენოთ, მაგრამ "ქართულ ოცნებასთან" ვაჭრობაში კი ნამდვილად გადანაშაულებთ ოპოზიცია.

- დიახ, "ქართულ ოცნებასთან" ვივაჭრეთ, მათ კვოტირების გაუქმებაში მხარდაჭერა გაგვიცვალეს ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატის მხარდაჭერაში. ამაზე შეთანხმება რომ არსებობდა, არც დაგვიმალავს. არც იმას ვმალავთ, რომ ამით ძალიან კმაყოფილი და ოპოზიციასთან სავაჭროდაც მზად ვართ.

ხათუნა ბახტურიძე