„დასავლეთი დაინტერესებულია საქართველოში გავლენის შენარჩუნებით. ეს იქნება, ალბათ, გადამწყვეტი...“ - კვირის პალიტრა

„დასავლეთი დაინტერესებულია საქართველოში გავლენის შენარჩუნებით. ეს იქნება, ალბათ, გადამწყვეტი...“

როგორც ირკვევა, "ქართული ოცნება" ამჯერად უკან დახევას არ აპირებს და კანონპროექტის დამტკიცებას ცდილობს. როგორც წესი, კანონპროექტს დარეგისტრირებიდან მიღებამდე დაახლოებით ორი თვე დასჭირდება, თუმცა უცნობია, როდის დაიწყება მსჯელობა ამ საკითხზე პარლამენტში. არის ვარაუდი, რომ კანონპროექტს "ქართული ოცნება" საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, ივნისამდე მიიღებს. რატომ დასჭირდა "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ ამ კანონპროექტის ისევ დარეგისტრირება, ხომ არ დააზარალებს ეს ქვეყანას, ამ და ბევრ საინტერესო საკითხზე პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე­ გვესაუბრება:

- "ქართულმა ოცნებამ"­ ისევ დააბრუნა კანონპროექტი პარლამენტში. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები?

- "ქართულ ოცნებას" სჩვევია თავისთვის პრობლემის გაჩენა და იგივე ხდება ახლაც. არც მაშინ იყო ამის აუცილებლობა, როცა ეს კანონპროექტი გამოიტანეს, და მერე უკან გაწვევამ მოუწიათ. თუმცა, ვფიქრობ, ახლა იგივე სცენარი არ გათამაშდება. ჩემი ვარაუდით, საზოგადოების პროტესტი არ იქნება ისეთივე, როგორიც მაშინ იყო. სააკაშვილმაც კი თქვა, დესტაბილიზაცია არ დაუშვათო. პარტიებს წინასაარჩევნოდ არ სურთ იყვნენ დესტაბილიზაციის ავტორები, რადგან მოსახლეობისთვის მიუღებელია დესტაბილიზაცია.

- ვნახეთ როგორ გამოეხმაურა ამ საკითხს ევროკავშირი. ისმის მწვავე განცხადებები, რა ხიფათის შემცველია ეს ქვეყნისთვის?

- სავარაუდოდ, განცხადებები განცხადებებად დარჩება, უფრო სხვა ფაქტორები მოქმედებს. სიტყვიერი დუელი ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის კარგა ხანია მიმდინარეობს, მაგრამ კანდიდატის სტატუსი მაინც მოგვანიჭეს. თქვა კიდეც ზოგიერთმა უცხოეთიდან, რომ ეს არ იყო ჯილდო, ეს იყო ავანსად მოცემული კანდიდატობა, მაგრამ მე ავანსების არ მჯერა, შეეძლოთ ეს ადრეც გაეკეთებინათ. დიახ, მოგვცეს სტატუსი, მაგრამ მას შემდეგ, რაც უფრო გამოიკვეთა ჩინეთის თემა და ის, რომ ტრანზიტი საქართველოზე გაივლის. დასავლეთი დაინტერესებულია საქართველოში მეტ-ნაკლებად გავლენის შენარჩუნებით. ეს იქნება, ალბათ, გადამწყვეტი და არა სიტყვებით თამაში. ლაპარაკი იმაზე, რომ ყოველივე ეს უკან გადადგმული ნაბიჯია, მით უფრო რუსეთისკენ გადადგმული, არ ტოვებს სერიოზულ შთაბეჭდილებას. მაშინ დამაჯერებლობისთვის მეტი კონკრეტიკაა საჭირო და არა მარტო ფრაზები, ბევრ ქვეყანაში ეს რუსეთის და ჩინეთის წინააღმდეგ არის მიღებულიო. არც ერთი ქვეყნის კანონში არ არის ეს მითითებული. რატომ არის აღქმული, რომ დასავლეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული? რატომ მიაჩნიათ ასე სწორედ მათ, ვისზეც ეჭვობენ, რომ სხვა ქვეყნებიდან ფინანსდებიან? ამ ტიპის ორმაგი თუ სამმაგი ფორმულირებები საეჭვოდ ხდის, რომ ამ კანონში იყოს საფრთხე. სავარაუდოდ, რაღაც სხვა მექანიზმშია პრობლემა. ერთ-ერთ მექანიზმად სწორედ ჩინური ხაზი მიმაჩნია, თუმცა არის სხვა მექანიზმებიც, დავუშვათ დასავლეთისა და რუსეთის უკმაყოფილება. გავიძახით, რუსეთი აფინანსებს ვიღაცებსო. თუ რუსეთი აფინანსებს, ამ კანონმა რუსეთის დაფინანსებაც უნდა გამოავლინოს. რუსეთი ჩუმად არის, არ ამბობს ცუდი კანონიაო. პროტესტს დასავლეთი აცხადებს. ეს მინიმუმ პარადოქსული სიტუაციაა.

- პოლიტიკურად რამდენად დაგვაზარალებს ეს პროცესები?

- ჩემი აზრით, შიდაპოლიტიკური მდგომარეობა არ იქნება ისეთი მწვავე, როგორიც მაშინ იყო. სააკაშვილის მოწოდებაც მიანიშნებს ამას, დესტაბილიზაცია არ დაუშვათო. პოლიტიკური ალღო, რომელიც საკმაოდ კარგი აქვს სააკაშვილს, ხშირად კარნახობს, რა უნდა ქნას. ვინც დესტაბილიზაციის ავტორი იქნება, მას ნაკლები მხარდაჭერა ექნება არჩევნებში და შეიძლება არჩევნებში გარდატეხაც შეიტანოს. ოპოზიციის დიდ ნაწილს უკან დაახევინებს ეს ფაქტორი. აქტივისტები მიიწევენ ქუჩისკენ, პარტიები ნაკლებად.

- ფიქრობთ, რომ ხალხი ქუჩაში არ გავა?

- ამის იმედი მაქვს... მოლოდინს ნუ დავარქმევთ. იმედი მაქვს, რომ საარჩევნო გარემოებები იქონიებს პარტიებზე გავლენას და შეეცდებიან არ გახდნენ დესტაბილიზაციის წყარო.

- მწვავე განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და გააკრიტიკა მმართველი გუნდი. ის შეხვდა კიდეც ოპოზიციის წარმომადგენლებს. მას რა შეუძლია გააკეთოს პრობლემის აღმოსაფხვრელად?

- ხაზს გავუსვამ ისევ - ამ შეხვედრებზე არც ზურაბიშვილისგან და არც სხვა დანარჩენებისგან არ ისმის ქუჩაში გასვლის მოწოდება. საპროტესტო მუხტი საჭიროა, მაგრამ ქუჩაში არ უნდა გადავიდეს. ასეთი შეხვედრების ფუნქცია ისაა, ვინმეს ხელი არ გაექცეს დესტაბილიზაციისკენ. ევროპასთან ურთიერთობისთვის და გინდ ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრებისთვის სტაბილური მდგომარეობაა საჭირო.

- ფიქრობთ, ხელისუფლებას აქვს იმედი, რომ ევროკავშირი კიდევ ერთხელ გადაყლაპავს ამ ამბავს?

- რა თქმა უნდა, იმის იმედით არის, რომ ეს კანონი შევა ძალაში. ახლა პოლიტიკური მნიშვნელობის ინფორმაცია სჭირდებათ. პოლიტიკური თემები ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ორივეს სჭირდება, ოღონდ სხვადასხვანაირად იქნებიან დაინტერესებული.

- წინასაარჩევნოდ რატომ დასჭირდათ ამის გაკეთება?

- ახლა არჩევნები აჩერებთ ოპოზიციურ პარტიებს. არჩევნების შემდგომ რომ გაეკეთებინათ, მუხრუჭი არ იარსებებდა და ამას იყენებს "ქართული ოცნება". რატომ არ უნდათ არასამთავრობოებს ამ კანონის მიღება და ასე მწვავედ რატომ რეაგირებენ, ეს კითხვა სავსებით ლოგიკურია. ვინც ამ კონონის წინააღმდეგია, მათ ინტერესშია გაუმჭვირვალე მდგომარეობა. ამ კანონს რომ მიიღებენ, მერე გამოჩნდება ამ კითხვაზე პასუხი. ვფიქრობ, არჩევნებამდე მიიღებს ამ კანონს "ქართული ოცნება", რადგან სჭირდება, ისევე როგორც სხვა ქვეყანას, და უმტკივნეულოდ მიიღებს კიდეც.