"რუსეთიდან წამოსული ნებისმიერი იდეა მახეა" - კვირის პალიტრა

"რუსეთიდან წამოსული ნებისმიერი იდეა მახეა"

რას უნდა ველოდოთ რუსეთისგან ოქტომბრის არჩევნებამდე?

ქართველი პოლიტოლოგების ნაწილის აზრით, მაშინ, როცა მოსკოვი უფრო და უფრო ცდილობს საქართველოს ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობა დააფიქსიროს, დიდია ალბათობა, რომ აფხაზეთისა­ და ცხინვალის რეგიონის საკითხი გაააქტიუროს, ახალი გზავნილები ან "კარგად გასაყიდი ნომერი"­ შემოაგდოს, რაც შექმნის­ ილუზიას, რომ რაღაცის დათმობა თუ დათბობა შესაძლებელია... ბოლო დროს გახშირებულ მოსკოვის "კეთილგანწყობის" გამოხატვას გამოხმაურება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკვე მოჰყვა. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ, რომელიც ყველა საკითხში რუსეთის პოზიციის პირდაპირი გამხმოვანებელია, საქართველო­ შეაქო იმის გამო, რომ "დასავლეთის დაჟი­ნების მიუხედავად, თბილისი მეორე ფრონტის გახსნას ეწინააღმდეგება". მანამდე "პრაგმატული პოლიტიკის­" გამო თბილისი­ შეაქო ე.წ. პრეზიდენტმა ასლან­ ბჟანიამაც. ცხინვალში­ კი დიდი დაბნეულობაა, რადგან­ ჯერ მედი­აში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ცხინვალს საქართველოს ხელისუფლების გაღიზიანება აეკრძალა, შემდგომ არაოკუპირებულ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დემარკაციის თემის აქტუალიზების გამო სკანდალი აგორდა - 3 "დეპუტატს" რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს და 25 წლით რუსეთში შესვლა აუკრძალეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს მოსკოვში ქართული ლობის მუშაობის შედეგია, და შიშობენ, რომ შესაძლოა კრემლმა თბილისს "სამხრეთი ოსეთი" კეთილგანწყობის სანაცვლოდ დაუთმოს.

"რაც არ უნდა შემოაგდოს რუსეთმა, ყველაფერი იქნება "გარეჯი საქართველოა"

პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრა­ციის საკითხების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი: - რუსეთი ცდილობს­ ხელი შეუწყოს "ქართული ოცნების" ეფექტურად­ გამარჯვებას არჩევნებში, რადგან "ოცნება"­ რუსეთის პოლიტიკის სინქრონულია. მეტიც, კრემლს სურს "ოცნებამ" კონსტიტუციური უმრავლესობაც მოიპოვოს. თუკი ეს მოხდება, რუსეთმა შეიძლება მოითხოვოს კონსტიტუციიდან ნატოსა და ევროკავ­შირში ინტეგრაციის მუხლის ამოღებაც კი. წესით, ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ უნდა აწყობდეს, რადგან ამით უფრო მეტად გახდება რუსეთის მძევალი. ამიტომაც კრემლი ცდილობს პოტენციურ ქართველ ამომრჩეველში შეიტანოს განცდა, რომ რუსეთი მზად არის დათმობებზე წავიდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხში. ეს ჩანს თვითონ ცხინვალისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებების განცხადებებშიც. ძალიან ხშირად ახსენებენ, რომ ოფიციალური თბილისის სამშვიდობო პოლიტიკა მათთვის მისაღებია - ანუ ლეგენდას, რომელსაც ჩვენი­ ხელისუფლება თხზავს, თითქოს ვიღა­ცას ომი უნდა და ამისგან ისინი იცავენ ქვეყანას, აძლიერებენ ცხინვალი და სოხუმი. არა მარტო ინალ არძინბამ შეაქო თბილისი, არამედ ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამაც. განცხადება გააკეთა სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმაც, რომ თბილისს სწორი პოლიტიკა აქვს. მოსკოვშიც ხშირად ამბობენ იმავეს. დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის არჩევნებამდე ამგვარი განცხადებები კიდევ არაერთხელ იქნება.

- რატომ აქებს ბოლო დროს რუსეთი ჩვენს ხელისუფლებას ასე აქტიურად?

- რუსეთისთვის მიუღებელია, რომ მისი ინტერესების მქონე სახელმწიფოები ევროატლანტიკური სივრცისკენ მიისწრაფოდნენ. ეს აშკარად ჩანს საქართველოში და რუსეთს ეშინია მოსახლეობის ეს ნება არ გადაიზარდოს ხელისუფლებაშიც. რუსეთს საქართველოში უკეთესი ხელისუფლება არ ეყოლება, ვიდრე "ქართული ოცნებაა". ხედავს, რომ "ოცნება" ცდილობს­ შეაფერხოს ევროკავშირისკენ სვლა და სურს ასე გაგრძელდეს - ხელისუფლებამ ილაპა­რაკოს ევროკავშირზე, მაგრამ საქმით არ გადადგას ნაბიჯი. "ქართული ოცნება" ცდილობს ევროკავშირმა მოლაპარაკება არ დაიწყოს. ხომ ხედავთ, როგორ ჩამოაყალიბა ცესკო, გააჩერა სასამართლოს რეფორმა, ისევ შემოიტანეს "აგენტების კანონი".

რუსებს არ სჭირდებათ დემონსტრირებული პრორუსობა, მათ დემონსტრირებული ანტიდასავლურობა სჭირდებათ. ამის ყველაზე სანიმუშო მაგალითია, რომ არა გვაქვს უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკა ნატოსთან, კერძოდ, თურქეთთან. აზერბაიჯანს, ისე, რომ არ მიდის ნატოში, უნიკალური თავდაცვის პოლიტიკა შესთავაზა თურქეთმა. არადა, ჩვენ მეტი შანსი­ გვაქვს, შავ ზღვაში ვართ და არანაირი მსგავსი პროექტი არა გვაქვს თურქეთთან. რუსეთი ცხვირწინ გვიშენებს ახალ ბაზას ოჩამჩირეში და ხმას არ ვიღებთ. ჩვენ შეგ­ვეძლო ანაკლიაში შეგვეთავაზებინა და აგვეშენებინა ქართულ-თურქული სამხედრო ბაზა. აი, ეს უმოქმედობა უფრო სჭირდება­ რუსეთს და არა ფრენების აღდგენა, არა პრორუსული, არამედ ანტიდასავლური ნაბიჯები და პირველ რიგში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ნატოს წევრ თურქეთთან თანამშრომლობაზე უარის თქმა.

- "ქართული ოცნებისთვის" პრორუსობის იარლიყის მიკერების მიუხედავად, ჩვენ შედეგი­ გვაქვს და მთავარი შედეგია - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ...

- კარგი რემარკაა, თუმცა შედეგს ევროკავშირი გვაძლევს. იქ იციან, რომ "ქართული ოცნება" ფარისევლურია, რომ ათასჯერ ურჩევნია თქვას, ევროკავშირმა­ არ მოგვცა სტატუსიო. ეს მავნებლ­ური, ქუჩური პოლიტიკაა, როცა რქებით აწვები მოწინააღმდეგეს, რომ არაფერი მოგცეს, მაგრამ თუ მაინც მოგცემს, შეიფერებ. ასეთი­ თავხედობა პუტინის სტილია.

- შესაძლებელია რუსეთმა მართლაც შემოგვთავაზოს რამე დაკავშირებული ოკუპირებულ ტერიტორიებთან?

- ხომ გავრცელდა პრორუსი ბიზნესმენის დავით ხიდაშელისა და გია ვოლსკის შეხვედრა და ითქვა, რომ აფხაზეთის რკინიგზისა და კონფედერაციის თემაზე ილაპა­რაკეს. უკვე დაასველა ენა ხიდაშელმა და ვოლსკის უარყოფითი რეაქცია ჰქონდა. აშკარად ჩანდა, რომ არ აჰყვა ხიდაშელს. ამით კრემლმა აქაური განწყობა შეამოწმა­ და ნახა, რომ კონფედერაცია გასაყიდი ნომერი არ არის. ამიტომ რაღაც სხვას შემოაგდებენ. მაგალითად, ახალგორის­ მოსა­ხლეობას ცხინვალის მიმართულებით გადაადგილების უფლება თვეში მხოლოდ 10 დღე აქვს და შეიძლება ერთი თვით გაზარდონ და ეს ჩაითვალოს, როგორც დიდი წარმატება. აფხაზეთის მიმართულებით იყო 4 გამშვები პუნქტი, ახლა ერთია, ენგურის ხიდზე. შეიძლება გაიხსნას მეორე პუნქტი ხურჩაში და "ოცნება" აყიჟინდეს, ხომ ხედავთ, რას მივაღწიეთო. მოკლედ, შექმნიან "გარეჯი საქართველოას" ახალ ლეგენდას. რაც არ უნდა შემოაგდოს რუსეთმა, ყველაფერი იქნება "გარეჯი საქართველოა" ანუ ბლეფი, რომელიც არჩევნების შემდეგ ყველას დაავიწყდება. რუსეთიდან წამოსული ნებისმიერი იდეა მახეა.

- რუსეთმა ცხინვალში დასაჯა 3 ოსი დეპუტატი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დემარკაციის სკანდალზე და 2049 წლამდე რუსეთში შესვლა აუკრძალა...

- ამ მკაცრი სასჯელით გააფრთხილეს პოლიტიკოსები ცხინვალსა და აფხაზეთში, იცოდეთ, ხმა არ ამოიღოთ საქართველოზე, ახლა ამის დრო არ არის და რომ მიხვდეთ, მე, მოსკოვი სერიოზულად გელაპარაკებით, ნახეთ, რა მოუწიათ ამ საცოდავებს, ასე მოგიწევთ თქვენცო. თუმცა მგონია, საქართველოს არჩევნების შემდეგ 2-3 თვეში მათ აღუდგენენ მოქალაქეობას და რუსეთში მიმოსვლის უფლებასაც.

- რადგანაც რუსეთის ინტერესია ანტიდასავლური იყოს საქართველო, ამის მისაღებად შეიძლება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავ­შირებით პოზიცია შეიცვალოს? ცხინვალში­ შიშობენ, რომ რუსეთმა შეიძლება სამხრეთი ოსეთი დაუთმოს საქართველოს.

- რუსეთი არაფერს დათმობს, მხოლოდ რიტორიკას შეარბილებს არჩევნება­მდე. რუსეთი არასდროს არ დაუთმობს საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალს - ეს ზღაპარია. ოსებმა იციან, რომ რუსეთი ამით თამაშობს და ისინიც ჩაებნენ თამაშში.­ ყველამ იცის, რომ ცხინვალი სჭირდება რუსეთს, იქ უნიკალური ბაზები აქვს განთავსებული... ყოველივე ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩიხში ვართ. რუსეთის იმედი ნუ გვაქვს, ევროკავშირს და ნატოს უნდა მივებათ და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შანსი ერთი ასად გაიზრდება.

"არ გამოვრიცხავ, რომ წინასაარჩევნოდ ირაკლი ბებუა გაათავისუფლონ"

ირაკლი ცქიტიშვილი, კონფლიქტოლოგი: - რუსეთს აწყობს, რომ საქართველოში "ქართული ოცნების" ხელისუფლება იყოს, ამიტომ დროდადრო გამოხატავს "კეთილგანწყობას" ლავროვის ან სეპარატისტული ხელისუფლებების წარმომადგენლების საშუალებით. ინალ არძინბა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას იმეორებს, რომ საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა მისასალმებელია. ეს ქართული ხელისუფლებისთვის კოჭის გაგორებაა, რათა არჩევნებზე ისევ "ოცნებამ" გაიმარჯვოს.

რუსეთს "ქართული ოცნება" მოსწონს. ის არ აკეთებს ანტირუსულ განცხადებებს,­ რუსეთის მოქალაქეებისთვის ფართოდ გააღო კარი, აღდგენილია ფრენები, ჩვენ არ ვუერთდებით კონკრეტულ ანტირუსულ სანქციებს, საქართველოს რუსეთის ტვირთების გადაადგილებისთვის იყენებენ. კრემლი ხედავს, რომ საქართველო პრობლემებს უქმნის ანტიპუტინისტურად განწყობილ რუსებს საქართველოში შემოსასვლელად. სწორედ ამ პოლიტიკის გამო აქებენ რუსეთში ჩვენს ხელისუფლებას.

- ცხინვალში შიშობენ, რომ შესაძლოა რუსეთმა საქართველოს დაუთმოს ეს რეგიონი. რეალურია, რომ ამაზე საუბარი გააქტიურდეს?

- არასდროს ვთქვათ "არასდროს", თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან არ ჩანს, რომ ეს შეიძლება მოხდეს უახლოესი 5 წლის განმავლობაში. ილუზორული თვალსაზრისით კი რუსეთი უკვე ქმნის ამ სურათს იმ განცხადებებით, რომ საქართველო კარგად იქცევა და შეიძლება მოსკოვმა­ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ შეიცვალოს პოზიცია და დათმოს ოსეთი ან აფხაზეთი. ამ ილუზიას ირიბად ქმნიან. "ფეისბუკზე" არაერთი ჯგუფია, არაერთი ტროლი მუშაობს ამაზე თბილისშიც, სადაც მთავარი მესიჯია, რომ თუ ევროპაზე უარს ვიტყვით და რუსეთთან კარგად ვიქნებით, დავიბრუნებთ ტერიტორიებს.

- არჩევნებამდე 6 თვეა დარჩენილი და რას უნდა ველოდოთ რუსეთისგან?

- რუსეთს უპირველესად ის სჭირდება, რომ საქართველომ საგარეო პოლიტიკაში ანტირუსული არაფერი ქნას და მეორე - მას საქართველო ეკონომიკურ ხიდადაც სჭირდება. ბიზნესმენ დავით ხიდაშელისა და გია ვოლსკის შეხვედრისას იყო ლაპარაკი აფხაზეთის რკინიგზის საკითხზე. არ გამოვრიცხავ, რუსეთი ამ თემაზე მართლაც მუშაობდეს. თუმცა დარწმუნებ­ული ვარ, ეს გზა არ გაიხსნება. ამ თემის აქტუალიზება "ოცნებისთვის" მომგებიანი­ არ არის. წამგებიანია კონფედერაციის თემაც, რომელიც ასევე რუსეთის შემოგდებულია და ხიდაშელმა ამაზეც ისაუბრა ვოლსკისთან. კონფედერაციაზე თანხმობა გულისხმობს, რომ ჩვენ აფხაზების დამოუკიდებლობა უნდა ვაღიაროთ და ეს აბსურდულია.

- რუსეთიდან რაიმე ახალი გზავნილი ან შემოთავაზება რა შეიძლება იყოს?

- კონკრეტულს არაფერს ველოდები. ეს რიტორიკა მხოლოდ განცხადებებით გაგრძელდება. ერთადერთი, არ გამოვრიცხავ, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუა და ქრისტინე თაკალანძე გაათავისუფლონ. ეს ქულებს პირდაპირ რუსეთს არ დაუწერს, შესაძლოა რუსეთი არც გამოჩნდეს ამ საქმეში, მაგრამ ეს ქულებს დაუწერს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და "ქართულ ოცნებას". სხვა სერიოზული ქმედება, დაკავშირებული ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამორიცხულია.

ეკატერინე ბასილაია