„გაერთიანების შემთხვევაში მთების გადატრიალება შეგვიძლია, მაგრამ ამას ყოველთვის სჭირდება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერი,­ ან დიდი ტრაგედია“ - კვირის პალიტრა

„გაერთიანების შემთხვევაში მთების გადატრიალება შეგვიძლია, მაგრამ ამას ყოველთვის სჭირდება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერი,­ ან დიდი ტრაგედია“

"დღეს დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ნებისმიერი თაობის ადამიანი, ნებისმიერი თანამდებობის, ნებისმიერი მიმართულების, ფიქრობს მხოლოდ ერთზე - საქართველომ უნდა მოიპოვოს დამოუკიდებლობა! საქართველო ღირსია სრული­ თავისუფლების! საქართველო ღირსია იმის, რასაც მიაღწიეს მსოფლიოში ყველაზე განვითარებულმა, ყველაზე დემოკრატიულმა და ჰუმანურმა ერებმა! მეგობრებო, ჩვენს ყველა მიტინგსა და დემონსტრაციაზე ამ დღის შემდეგ პირველ მოთხოვნად ვაქცევთ­ საქართველოს სრული დამოუკიდებლობის­ და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის მოთხოვნას!" - ამ სიტყვებით მიმართა მერაბ კოსტავამ მთავრობის სახლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილ ქართველებს 35 წლის წინ. მერე იყო რუსული ორლესული მახვილი, ქართველების სისხლი და მოუშუშებელი­ იარები... 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბიეს... დაი­ღუპა­ 21 კაცი, ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. ექსპერტი მამუკა არეშიძე­ იმხანად ჟურნალისტი-რეპორტიორი იყო. 9-დან 18 აპრილამდე­ 3 კამერა დაკარგა - ერთი რუსმა ჯარისკაცებმა წაართვეს, ერთს ტყვია მოხვდა, ერთი კი მოჰპარეს...

- პროცესების საინტერესოდ განვითა­რება 9 აპრილამდე დაიწყო. აქციებს მართავდნენ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრები ზურა ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით. პროტესტის საგანი იყო აფხაზეთთან დაკავშირებული სიტუაცია. შეგახსენებთ, 1989 წლის 18 მარტს აფხაზეთში­ ჩატარდა­ 30000-კაციანი ლიხნის კრება, რომე­ლზეც ხელი მოეწერა ე.წ. ლიხნის მიმართვას. დეკლარაციის მთავარი მესიჯი იყო აფხაზეთის ასსრ-ის საქართველოსგან გამოყოფა და მისთვის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა. 24 მარტს ლიხნის მიმართვა ერთდროულად გამოქვეყნდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში, მათ შორის "სოვეტ­სკაია აბხაზიაში". ამ დღიდან­ იწყება საპროტესტო გამოსვლები ჯერ აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქში, შემდეგ კი თბილისში.­ აქციების ლიდერი იყო ზურა ჭავჭავაძე. რამდენიმე დღეში აქციის ლიდერებიც შეიცვალნენ და ლოზუნგებიც. 3 აპრილიდან უკვე გაჩნდა საქართველოს დამოუკიდ­ებლობის მოთხოვნა. ობიექტურო­ბისთვის უნდა ითქვას, რომ საზოგადოების სრული სპექტრი მხარს არ უჭერდა აქციის მონაწილე­ებს, აზრი ორად იყო გაყოფილი­. თუმცა 9 აპრილის ტრაგედიამ მთელი ერი გააერთიანა.

- რა მოტივით არ უჭერდნენ მხარს, დამოუკიდებლობა არ უნდოდათ?

- არ სჯეროდათ, რომ ეს შესაძლებელი­ იყო. უფროს თაობას კარგად ახსოვდა 1937 და 1956 წლების მოვლენები. მაშინ ის თაობაც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რომლებიც 1924 წელს ბავშვები იყვნენ. საზოგადოების დიდ ნაწილში იყო შიში, რომ უაზრო და რაც მთავარია, უშედეგო მსხვერპლი იქნებოდა. თუმცა ისეთებიც იყვნენ, ვისაც არაფორმალური მოძრაობები არ მოსწონდათ. ამით იმის თქმა მინდა, რომ 9 აპრილამდე ხალხს ერთი აზრი არ ჰქონდა, მაგრამ ამ დღის შემდეგ შეიკრა, გამთლიანდა.

9 აპრილის ღამეს მე ტელევიზიასთან ვიყავი, მთავრობის სახლთან მაშინ მივედი, როდესაც აქციის დარბევა უკვე დაწყებული­ იყო... მომდევნო დღეებში აღარც ძილი მქონდა და აღარც მოსვენება. ვცდილობდი­ ყველაფერი გადამეღო. მთავარი იყო გათენებისას ქუჩაში გასვლა. მე ვიყავი ის იშვიათ­თაგანი, ვისაც მაშინ კამერა ჰქონდა­ და პირველი წუთებიდან ქუჩაში ვიყავი, პირველი კადრები ფილარმონიასთან გადავიღე, მერე ელბაქიძესთან და შემდეგ შეტაკება გალაკტიონის ხიდთან.

- რომელ შეტაკებას გულისხმობთ?

- ახალგაზრდების მცირერიცხოვანი თავყრილობა დაარბიეს სამხედროებმა. იმ დღეს რუსული არმიის ოფიცერი შემხვდა­, რომელიც აზრზე არ იყო, რა მოხდა. იმ დღეს ჩამოეყვანათ, და მე მეკითხებოდა, რა მოხდაო. სხვათა შორის, რუსი არ იყო, შუააზიელს ჰგავდა... მთელი თბილისი ქუჩაში იყო, ყველა საოცარ აზარტში ვიყავით, ჩვენი გაჩერება შეუძლებელი იყო. კამერით რომ დამინახავდნენ, ზოგი ჩემს დაცვას ცდილობდა რუსი სამხედროების თავდასხმისგან, ზოგი აქეთ-იქით დამატარე­ბდა, რომ რაც შეიძლება მეტი რამ ეჩვენები­ნათ მომხდარი ტრაგედიიდან, ზოგი საკუთარ შთაბეჭდილებას მიზიარებდა. 9 აპრილის ღამეს­ დაღუპულთა პანაშვიდებზეც კი დავ­დიოდი. მე მქონდა თამრიკო ჭოხონელიძის დაკრძალვის უნიკალური კადრები. მელიქიშვილის გამზირზე, სრულ სიჩუმეში მიასვენებდნენ მის ცხედარს, ქუჩაში ისეთი სიჩუმე იყო, ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით. მხოლოდ შიგადაშიგ ჩუმი ქვითინის ხმა ისმოდა, ტიროდა ხალხი, რომელიც ტროტუარზე იდგა და შორიდან ადევნებდა თვალს პროცესიას. ხალხის ემოცია სრულ­იად გაშიშვლებული იყო. სამშობლოს სიყვარულმა, დამპყრობლისადმი სიბრაზემ, ყველაფერმა ერთად იჩინა თავი. არაერთი­ ადამიანის ისტორია მაქვს პირველწყაროდან მოსმენილი. ერთი ასეთი შემთხვევა იყო - 10 თუ 11 აპრილს 51-ე სკოლასთან­ შემხვდა კაცი, რომელიც მეუბ­ნებოდა, ვეძებ პოლიციელს, რომელმაც 9 აპრილის ღამეს გადამარჩინაო. ამას იმეორებდა და იმეორებდა ავტომატურად. სხვა დროს ვიფიქრებდი, რომ ვერ იყო სრულ ჭკუაზე, მაგრამ მაშინ ვხვდებოდი, რომ ეს ემოციური ფონის შედეგი იყო. მერამდენედ მიმეორებდა გადამრჩენელი პოლიციელის ფიზიკურ მახასიათებლებს, ულვაშის ფორმასაც კი აღწერდა... მომაბეზრა კიდეც თავი და ის იყო, უნდა დავხსნოდი, რომ უცებ გაშეშდა,­ ჩემ უკან მზერა გაეყინა... მერე თითი ასწია და იყვირა, ის არისო! მივიხედე­ და პოლიციელი დავინახე. ის კაცი ისე გავარდა, კინაღამ გადამთელა, დაეტაკა იმ პოლიციელს და დაუწყო კოცნა. მაშინ ქუჩაში პოლიციელის, უფრო სწორად, მილიციელის კოცნა უჩვეულო ამბავი იყო, ხალხი გაკვირვებული უყურებდა. მე ამათ გარშემო­ დავრბოდი და ვიძახდი, ხალხო, ეს ის პოლიციელია, ეს კაცი 9 აპრილის ღამეს რომ გადაარჩინა-მეთქი. ვცდილობდი ამეხსნა, რა ხდებოდა. მეც ემოციებში ვიყავი.

- როგორც ვიცი, 9 აპრილის შემდგომ დღეებში გავლენიან პირთა შეხვედრებსაც დაესწარით და ამ ტრაგედიასთან დაკავშირებული არაერთი კულუარული ამბის მომსწრეც გახდით.

- კი ბატონო. ისე მოხდა, რომ ბორის ელცინისა და 9 აპრილის ოპერაციის უშუალო ხელმძღვანელის, გენერალ იგორ როდიონოვის საუბარს დავესწარი. 19 თუ 20 აპრილი იყო. ელცინის ბრძანებით­ ეს საუბარი უნდა გადამეღო, მაგრამ მერე აღარ გადამაღებინეს. არასდროს დამავიწ­ყდება, რა დღეში ჩააგდო ელცინმა როდი­ონოვი, ეჩხუბებოდა, ეს რა გააკეთეო, საშინელი სიტყვებით გალანძღა. როდიონოვს, ალბათ, ყველაზე მეტად ის უნდოდა, მიწა გასკდომოდა, თავს იმართლებდა, ყველა არ მემორჩილებოდა, განჯიდან სად­ესანტო-საჰაერო პოლკი არ უნდა მოეყვანათ,­ ყველაფერი გენერალ ლებედის ბრალიაო. ელცინი იმხანად საკავშირო მშენებლობის მინისტრის მოადგილე იყო, ოპოზიციას წარმოადგენდა და ძალიან ანგარიშგასაწევი ფიგურა იყო. სულ სხვა პიროვნება იყო, არ ჰგავდა 1990-იანი წლების პრეზიდენტ ელცინს. მან მიზანმიმართულად დამტოვა, რომ მენახა, როგორ ეჩხუბებოდა როდიონოვს. მართლაც, იმ მომენტში ელცინი ჩემთვის საქართველოს შვილი იყო, მთელი ერის ჯავრი ამოიყარა. ისეთი კმაყოფილი გამოვედი იქიდან, რომ მეტი არ შეიძლება.­ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ეს ერთ-ერთი განსაკუთრებული მომენტი იყო.

- ფიქრობთ, ელცინი გულწრფელი იყო?

- მაგას არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება სპექტაკლიც გათამაშდა, რათა ხალხი­სთვის მეამბა. მთავარი ის იყო, კაცი, რომელმაც ეს ტრაგედია დაატრიალა, უაღ­რესად დაამცირეს, ფეხქვეშ გათელეს. ისე, როდიონოვს სახეზე რომ შეხედავდი, ვერ იფიქრებდი, რომ ეს სპექტაკლი იყო.

- იმხანადვე შედგა შევარდნაძისა და რაზუმოვსკის შეხვედრა, თქვენ მასაც ესწრებოდით.

- საოცარი ამბავი მოხდა - დღეს რომ წითელ ინტელიგენციად მოიხსენიებთ, სწორედ იმ ხალხმა კომენდანტის საათი­ არაფრად ჩააგდო და დაიწყო შეკრება კინო­სახლთან. ეს იყო 9 აპრილის შემდეგ პირველი მიტინგი. ამ დროის შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც ტრაგედიის დღესთან დაკავშირებული მასალების შეგროვება დაიწყო და რომელსაც მერე კომისიის ფორმა მიეცა. იქ იყვნენ ელდარ შენგელაია, ლანა ღოღობერიძე და სხვები. ქართული სპეცსამსახურების დიდი ნაწილი, კა-გე­-ბეც კი ოპოზიციაში ჩაუდგა რუს სამხედროებს. მილიციაზე ლაპარაკი­ არც არის, ისინი იმთავითვე ხალხის გვერდით იდგნენ. შესაბამისად, ქართული ინტელიგენციის შეკრებისთვის­ ხელი არავის შეუშლია. ამ ხალხმა უზარმაზარი­ საქმე გააკეთა: კრემლს ქართველი­ ხალხის ერთსულოვნება დაანახა და ძალიან მნიშვნელოვან მასალას მოუყარეს თავი. მე ელდარ შენგელა­იამ გადმომცა ის უნიკალური ჩანა­წერი, რომელიც ტელევიზიით გავა­ვრცელე.­ ეს იყო სასტუმრო "ინტურისტის" სხვენიდან­ გადაღებული 4 თუ 5-საათიანი ვიდეო­. გოგა ხაინდრავას გადაღებულ უნიკალურ კადრებს ესეც დაემატა და 9 აპრილის ტრაგედიის სურათი თავიდან ბოლომდე დაიხატა.­ ნანახი გექნებათ, პოლიციელებს როგორ გამოჰყავთ ხალხი. უშიშროებამ გამოიტანა მასალები და ხალხს გადმოგვცა. ამ ამბების მერე, 18 თუ 20 აპრილს, უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მოსკოვიდან ჩამოსული საგარეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე და კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრი გიორგი რაზუმოვსკი. ეს იყო მოსკოვის ოფიციალური ვიზიტი ინტელიგენციასთან. შევარდნაძეს ძალიან შემრიგებლური, რბილი ტონი ჰქონდა, რაზუმოვსკი გასუსული იჯდა. ქართველი ხალხი მიჩვეული იყო მკაცრ ტონს, მაგრამ იმჯერად სიმკაცრე არ იგრძნობოდა. შევარდნაძეს პირადად ვიცნობდი და ვიცოდი, როგორი იყო მისი მოქმედების ტაქტიკა, ის ყოველთვის ცდილობდა რთული სიტუაციის განეიტრალებას, გაღიზიანებული ადამიანების დამშვიდებას. შეიძლება დღევანდელი ახალგაზრდობის დიდმა ნაწილმა არც იცოდეს, რა მოხდა 1978 წლის 14 აპრილს, როდესაც ხალხი ქუჩაში გამოვიდა.

- სახელმწიფო ენის, ქართულის რუსულით ჩანაცვლება რომ უნდოდათ?

- დიახ, ბრეჟნევის დირექტივით კონსტიტუციაში ცვლილება უნდა შესულიყო, რომლის თანახმადაც საბჭოთა კავშირში­ შემავალ ყველა რესპუბლიკაში სახელმწიფო ენად რუსული გამოცხადდებოდა. ქართველმა ხალხმა თავი გადადო მშობ­ლიური ენის დასაცავად. შევარდნაძემ თბილისშიც დააწყნარა ხალხი და ისიც მოახერხა, რომ კონსტიტუციაში ეს ცვლილება არ შესულიყო. ქართველმა ხალხმა შეუნარჩუნა დანარჩენ 14 რესპუბლიკას მშობლიური ენა. საპროტესტო აქციები მხოლოდ თბილისში იყო. ამის მერე დაიწყეს სხვადასხვა რესპუბლიკაში (ჯერ უკრაინაში, ბელარუსსა და სომხეთში) ინტელიგენციის წარმომადგენლებმა შეკრებები, პროტესტის გამოხატვა. ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ინტელიგენციის ანუ ერთი საზოგადოებრივი ჯგუფის აქტიურობას, საქართველოში კი ხალხი გამოვიდა ქუჩაში. მახსოვს შევარდნაძის გამოსვლა, მან ჯერ ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართეს, რის შედეგადაც საქართველოში ქართული ენა რუსულთან ერთად დარჩება სახელმწიფო ენად და შემდეგ ხალხთან ჩამოვიდა. შეიძლება შევარდნაძეს უამრავი მინუსი ჰქონდა, მაგრამ ხალხთან ურთიერთობა, კრიზისის განმუხტვა შეეძლო. 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ უნივერსიტეტში შეკრებისას შეიძლება სიტუაცია ვერ განმუხტა, მაგრამ ხალხს იმედი გაუჩინა, რომ მათი სატკივარი გაგებული იქნებოდა. ამას მოჰყვა სობჩაკის კომისიის შექმნა, რომელიც კრემლის ხელდასხმული იყო. სობჩაკმა ძირფესვიანად მოთხარა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. ამით ბორის ვასილიევიც გამორჩეული იყო, მწერალი, რომელსაც ხელისგულზე ატარებდა რუსული ელიტა, სობჩაკზე აგრესიული იყო რუსეთის თავდაცვის მიმართ.

- თქვენც ამბობთ, რომ 9 აპრილის­ შემდეგ­ ქართველი ერი ერთ მუშტად შეიკრა.­ თქვენ, როგორც პროცესების უშუალო მონა­წილეს, რისი თქმა შეგიძლიათ, რა გახდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების მიზეზი?

- ბევრი ფაქტორი იყო, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ქართველების მახასიათებელი თვისება, ამბიციურობაა­. "მე ვარ და ჩემი ნაბადი" ხომ ქართველი კაცის ნათქვამია. ჩემი აზრით, დავით გურამიშვილი ეპოქალური მწერალია, რასაც ის ამბობდა ქართველ ხალხზე, სწორედ ამის დემონსტრირებას ვახდენთ საუკუნეების­ განმავლობაში. გაერთიანების შემთხვევაში­ მთების გადატრიალება შეგვიძლია, მაგრამ ამას ყოველთვის სჭირდებოდა და სჭირდება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერი,­ ან დიდი ტრაგედია. 9 აპრილის ქართველ ხალხში წლების განმავლობაში დაგროვებულმა ბრაზმა და ზიზღმა ამოხეთქა.

- ყველამ ვიცით, რომ სამოქალაქო ომი რუსებმა წააქეზეს. ამას მაშინდელი ლიდერები ვერ ხვდებოდნენ?

- ვერ ხვდებოდნენ, აღარ ახსოვდათ, რომ ანალოგიური ამბები გასულ საუკუნეებშიც არაერთხელ მომხდარა, როდესაც მტერმა "გათიშე და იბატონეს" პრინციპით­ ქართველი ხალხი ერთმანეთს დააპირისპირა. ფაქტია, ყოველთვის ერთი და იმავე ნაღმზე ვაბიჯებთ ფეხს. არ ვითვალისწინებთ, რომ ჩვენი ქვეყნის მტერი, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენი ერთმანეთთან დაპირისპირებით იწყებს, მერე ყველაფერი ადვილია. ვიდრე ამას არ გავითავისებთ, სულ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მოგვიწევს სიარული.

ხათუნა ბახტურიძე