„მე ვარ ქართველი­ და მერე ამერიკელი“ - კვირის პალიტრა

„მე ვარ ქართველი­ და მერე ამერიკელი“

მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, სპორტსმენი ბექა სიხარულიძე წლებია აშშ-ში ცხოვრობს. თავიდან სპორტული შეჯიბრებისთვის ჩავიდა, მერე კი ნელ-ნელა დაფუძნდა, ჩო­გბურთის აკადემია გახსნა, რომელსაც არაერთი­ ცნობილი ვარსკვლავი სტუმრობდა. პარალელურად­, სახელოვნებო სფეროშიც პირველი­ აღმოჩნდა­ იღბლიანი კასტინგის წყალობით, შემდეგ კი "ოცნების ქვეყანაში" ბევრისთვის საოცნებო და ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორების ფილმებში მოხვდა. ამერიკაში ტრადიციული ქართული ოჯახი სიყვარულით შექმნა და წყვილს ორი ვაჟი შეეძინა - გივი და ლუკა. ბექა მსახიობის, მოცეკვავის, სპორტსმენისა და მწერალ გივი სიხარულიძის ვაჟია. ბექას ქართულ ფილმს "სიცოცხლიდან სოცოცხლემდე" სხვადასხვა კინოფესტივალზე დიდი წარმატება ხვდა წილად, მათ შორის, სულ ცოტა ხნის წინ, როცა ნიუ-იორკის Socially Relevant Film Festival-ის ჟიურის სპეციალური პრიზისა და საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდოს მფლობელი გახდა.­ მასში ბატონი გივიც მონაწილეობს. ბექა სწორედ ფილმებზე, ჰოლივუდურ გადაღებებზე, ამერიკულ ცხოვრებაზე, ოჯახზე, მშობლებსა და მის პატრიოტულ განცდებზე გვესაუბრება.

- ბექა, გილოცავთ ფილმის წარმატებას, გვიამბეთ მის შესახებ.

- ფილმს საერთო ჯამში 9 ჯილდო და 7 ნომინაცია აქვს. "სიცოცხლიდან სიცოცხლემდე" არის ექიმზე, პროფესიონალზე, რომელიც გაჭირვებულ ადამიანებს ოპერაციებს უფასოდ უკეთებს, რის გამოც პრობლემები ექმნება კოლეგებთანაც და ოჯახშიც. მოკლედ, ადამიანობაზე, ზნეობაზეა. ვეცადეთ გვეჩვენებინა, რომ ჩვენ განათლებული და ზრდილობიანი ერი ვართ, ფილმში­ გინება და უხამსობაც არ არის, მხოლოდ ერთი სცენაა ჩხუბის. რაც შეეხება მსახიობებს, მთავარ როლებს მე და ნინო კურატაშვილი ვასრულებთ. მონაწილეობენ: ია შუღლიაშვილი, ასმათ ტყაბლაძე, ლიკა ქობულაძე, ამირან ბუაძე, ჯონი ჯანაშია, თამარ აბშილავა, აწ გარდაცვლილი­ თამარ სხირტლაძე და რაც მთავარია ჩემთვის,­ მამაჩემი თამაშობს მამის როლს. გადაღება 2019 წლის ბოლოს დამთავრდა, მაგრამ მერე "კოვიდი" დაიწყო და პოსტპროდაქშენი გაგვიჭიანურდა. ფილმის პრემიერა 2023 წლის 5 სექტემბერს შედგა, გადაღება თბილისში მიმდინარეობდა­, ერთი დღე - მცხეთაში. 100%-ით ქართული ფილმია, ქართველი ხალხისთვის გადავიღეთ და გამიხარდება, თუ მოეწონებათ. უპირველესად ახალგაზრდებისთვისაა. უცხოელებმა კარგად შეაფასეს და დაგვაფასეს, ალბათ, ამაზე ჯილდოებიც მეტყველებს. მე ძალიან მიყვარს მსახიობებთან მუშაობა. არიან რეჟისორები­, რომლებიც სცენარს გაძლევენ და შენ თვითონ უნდა მიხვდე, რა როგორ­ ითამაშო, ჩემი აზრით კი აუცილებელია თვითონ აუხსნა, რა არის საჭირო­, რას როგორ ხედავ. მთელი ჯგუფის მადლიერი ვარ. ორი რამ მიყვარს ყველაზე მეტად - კამერა, კომპოზიციის დადგმა და მსახიობებთან მუშაობა.

94b5f72d-515b-4e85-9d6f-911c6a2ffe97-1712514259.jpg

- თქვენი სხვა ფილმებიც გაგვაცანით, როგორია თქვენი შთაბეჭდილებები ჰოლივუდზე?

- 2014 წელს გადავიღე მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ბაბუს მევალე", რომელმაც 7 ფესტივალი მოიგო, ევროარხმაც იყიდა ორი წლით და 86 ქვეყანაში გადიოდა. სცენარი მამაჩემის მოთხრობის მიხედვით დავწერე, სატირაა... რაც შეეხება ჩემს როლებს, ერთ-ერთი პირველი დიდი ნაბიჯი იყო, როდესაც ამერიკელმა რეჟისორმა დამამტკიცა ე.წ. კანონიერი ქურდის როლზე, რომელზეც ბევრი ვიმუშავე, ჩემი მეუღლეც მეხმარებოდა. მერე ის ფილმი სხვა რეჟისორმა ნახა, ჩემი შესრულება მოეწონა და მანაც მიმიწვია. შემდგომ ემილი რაჯაკოვსკის ფილმშიც მოვხვდი ეპიზოდურ როლზე. "სიცოცხლიდან სიცოცხლემდე" რომ გადავიღეთ, პანდემიის დროს საქართველოში ვცხოვრობდით და დასავლეთში ვიყავი ჩასული. ერთ დღესაც ჩვენს ეზოში ვმუშაობდი და მომდის ელფოსტა, რომ ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კასტინგის დირექტორს სურვილი აქვს სტივენ სოდელბერგის ფილმში კასტინგზე მიგიწვიოსო. დღემდე არ ვიცი, საიდან მომძებნეს, არ ველოდი. თბილისში კასტინგის ვიდეო ჩავწერე და ერთი საათის დაგვიანებით გადავგზავნე. ჩავფრინდით ამერიკაში და მატყობინებენ, ბატონმა სტივენ სოდელ­ბერგმა თვითონვე ნახა თქვენი თრეილერი და უკვე დამტკიცებული ხართ როლზეო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა! ის ძლიერი რეჟისორია და მასთან მუშაობა ბედნიერებაა, მაგრამ ძალიან ვინერვიულე, თუმცა გადასაღებ მოედანზე რომ შევედი, ყველაფერი მომეხსნა. ტერიტორიაზე ჩემთვის ცალკე იყო გამოყოფილი ავტოსადგომი, დიდი ოთახი ყველაფრით აღეჭურვათ და მაშინ მივხვდი, რომ სულ სხვაგან ვიყავი. მოედანზე დამხვდნენ რეჟისორი და დევიდ კუპი, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი პროდიუსერი და სცენარისტია ჰოლივუდში. ფილმს ჰქვია "კიმი", სადაც მთავარ როლს ზოი კრავიტსი, ლენი კრავიტსის შვილი თამაშობს, ასევე რიტა უილსონი, ტომ ჰენკსის მეუღლე. მე ერთ-ერთ პერსონაჟს ვასახიერებ. როცა ფილმი გამოვიდა, სოდელბერგს ნიუ-იორკშიც შევხვდი და ძალიან კმაყოფილი იყო, კრიტიკოსებმაც კარგად შეაფასესო. აშშ-ში არის ერთი საიტი, სადაც ფილმების რეიტინგები იდება და "კიმმა" 92 ქულა მიიღო, რაც ძალიან მაღალია.

- ამა თუ იმ ფილმზე მუშაობისას ბატონ გივის თუ ეკითხებით ხოლმე აზრს?

- არა, მაგრამ როცა ამ ახალი ფილმის სცენარზე ვმუშაობდი, მამაჩემს ვთხოვე, სათაურის შერჩევაში დამხმარებოდა. "სიცოცხლიდან სიცოცხლემდე" მან მოიფიქრა და ფილმს კარგადაც მოერგო.

- როგორ აფასებთ მამას, როგორც მსახიობს?

- მამაჩემი უნიჭიერესი ადამიანია. მისი როლებიდან სამ მათგანს გამოვყოფდი: "უძინართა მზეში" აბსოლუტურად განსხვავებული სახე შექმნა, მაგრამ ჩემთვის "დაუმთავრებელ პორტრეტში" ლოთის როლი ძალიან საინტერესოა, პატარა ვიყავი და მისმა ნახვამ ერთგვარი გარდატეხა მოახდინა ჩემში, ახალ ფილმში კი მამის როლი განსხვავებულად შეასრულა და კმაყოფილი ვარ.

a40a8c2a-d5a1-4b47-b3c8-6ddd0cf821dd-1712514259.jpeg

- ამერიკაზე გვიამბეთ, რა გზა გაიარეთ, ვიდრე ამ წარმატებას მიაღწევდით?

- აშშ-ში 1998 წელს წამოვედი, 19 წლის ვიყავი, მაიამიში მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გამართულიყო კარატეში. მაგ დროს ლოს-ანჯელესში გავფრინდი, მომზადება მინდოდა, მაგრამ შესაბამისი სკოლა ვერ ვიპოვე და ჩემპიონატზე ვერ წავედი, იქვე დავრჩი და ტაილანდურ კრივსა და კიკბოქსში ვვარჯიშობდი. რამდენიმე შეხვედრაზე გამოვედი კიდეც, მერე კი ისე მოხდა, რომ სამ თვეში ჩოგბურთის ორი აკადემიის დირექტორად დამნიშნეს, სან-ფრანცისკოში გადავედი და ორი წელი იქ ვცხოვრობდი. მერე კვლავ ლოს-ანჯელესში დაბრუნება გადავწყვიტე და აკადემიის მფლობელს რომ ვუთხარი, შონ, მივდივარ-მეთქი, გადაირია. დავბრუნდი და იქ ჩემი აკადემია გავხსენი. მაშინ რთული დრო იყო, ტელეფონზე დარეკვაც კი ჭირდა, ერთი წუთი ერთი დოლარი ღირდა და მახსოვს, ერთხელ მთელი თვის ხელფასი ამაში დავხარჯე - ყველას ჩამოვურეკე. აშშ-ში რომ ჩამოვედი, ენა ცუდად ვიცოდი, აქ საქართველოსაც არავინ იცნობდა, გვარს და სახელს ძნელად ამბობდნენ, მაგრამ 22 წლის რომ ხარ და თუნდაც სამ ამერიკელს აკადემიაში ხელფასს გამოუწერ, ეს უკვე სასიამოვნოა. 15 წელი გვქონდა­ აკადემია, მერე დავხურეთ. ასე ნელ-ნელა წავიდა საქმე წინ. ეს არის ქვეყანა, სადაც წესიერება, შრომა, ნიჭი ფასდება. სხვათა შორის, პირველი დიდი ვარსკვლავი, რომელიც ჩვენთან აკადემიაში მოვიდა, ედი მერფი იყო თავისი ოჯახით, შემდეგ სხვა ცნობილი პირების შვილებიც დადიოდნენ - ჰოლი ბერის, ემი ადამსის, დაიან კიტონისა და სხვების. თავიდან რამდენიმე ადამიანი გავიცანი, ორი ფრანგი და ერთი რუსი. ისე მოხდა, რომ ის რუსი ბიჭი კასტინგზე წავიდა, მსახიობობა უნდოდა და შემომთავაზა, შენც წამოდიო. იქ ყველას პროფესიონალურად გადაღებული ფოტოები ჰქონდა მიტანილი, მე კი ერთი პატარა სურათი წავიღე და მაშინვე ამიყვანეს როლზე, ის კი - არა. იაპონელებისა და ამერიკელების ერთობლივი პროდუქცია იყო. ასე დაიწყო ყველაფერი. იყო პერიოდი, როცა ძალიან გამიჭირდა და იმ რუსმა შემიფარა თავის სახლში. უბრალო რუსი ხალხი, ვინც ამბობს, რომ საქართველოს 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული და ჩვენ ვუყვარვართ, ის ხალხი მეც მიყვარს, რუსეთის მთავრობა კი არა.

- თავიდან როგორ შეეგუეთ სამშობლოსგან შორს ყოფნას?

- პირველი ხუთი წელი ძალიან ძნელი იყო, ორი ჩანთით ჩამოვედი და ჩავალაგებდი ხოლმე, მერე ისევ ამოვალაგებდი... ჩემი ახლობლები მამშვიდებდნენ, მოითმინეო. დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ ნელ-ნელა შევეგუე. მაშინ კასეტები იყო და ყველა გადავყარე, რომელზეც ქართული სიმღერები იყო, რადგან როცა ვუსმენდი, ნოსტალგია მაწვებოდა და ცუდად ვხდებოდი. ურთულესია. სუნიც კი მენატრებოდა, მაგალითად, ჩვენი ხის, ხილის და ა.შ. ეს ჩვენი მიწა-წყალია, ქართველები ვართ. სიძნელეს, რაც შეეხება, გვართან დაკავშირებით იყო, ჩემმა აგენტმა მითხრა, ცოტა ხომ არ შევამოკლოთ ან გადავაკეთოთო. როგორ გეკადრებათ, მაშინ მე ბექა აღარ ვიქნები, ჩემთვის გვარის შეცვლა გამორიცხულია-მეთქი. დავიბადე ბექა სიხარულიძე, ასე ვცხოვრობ და ღვთის წყალობით, ასე ვიცხოვრებ. გვარის შეცვლა ჩემი მშობლების შეურაცხყოფა იქნებოდა. თუ შვარცენეგერის გვარი ისწავლეს, როგორღაც სიხარულიძესაც დაიმახსოვრებდნენ.

- ნამდვილად სწორი დამოკიდებულებაა.

- სადაც უნდა ვიყო, ქართული სისხლი მიდუღს და ჩემს შვილებსაც ქართველებად ვზრდი, ისინი ქართულად ლაპარაკობენ, წერენ და ქართული მენტალიტეტით იზრდებიან, აკრძალული აქვთ ოჯახში სხვა ენაზე საუბარი. ქართულ ფილმებს ვაყურებინებთ. მე ქართველ-ამერიკელი რეჟისორი, მსახიობი და პროდიუსერი ვარ. ამერიკის ძალიან მადლობელი ვარ, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნის, მაგრამ მე ვარ ქართველი და მერე ამერიკელი. ამერიკამ ბევრი რამ გამიკეთა, მაგრამ თუ იდენტობას დავკარგავ, მაშინ ვინ ვიქნები?! მე ქართველი ხალხი მიყვარს, დღეში ორჯერ ვლოცულობ და ცხადია, ჩემი ხალხისთვისაც, გამიხარდება,­ თუ ჩვენი ქვეყანა ისე აყვავდება, როგორც იმსახურებს.

- თქვენს შვილებს თუ ამჩნევთ ხელო­ვნებისკენ მიდრეკილებას?

- უფროს შვილს ხატვის ნიჭი აქვს, უმცროსს კი უფრო სამსახიობო. ვფიქრობ, მშობელმა რაღაცები ცოტა უნდა დააძალოს ბავშვს, მაგრამ რა საქმეც მათ შეუყვარდებათ, ის უნდა აკეთონ. ადამიანმა თვითონ უნდა ამოირჩიოს, რა უყვარს, მაშინ შეძლებს დღეში 10-15-საათიან მუშაობას და წარმატებასაც მიაღწევს.

- თქვენ რა ინტერესები გქონდათ ადრეულ ასაკში?

- მინდოდა მხატვარი ვყოფილიყავი, კარგადაც ვხატავდი. ავტყდი, ხატვის მასწავლებელთან მიმიყვანეთ-მეთქი, ზაფხული იყო, წავედით კიდეც სამხატვრო სკოლაში, მაგრამ რემონტის გამო დაკეტილი დაგვხვდა და გულდაწყვეტილი დავბრუნდით. მერე ისე მოხდა, რომ ჩვენთან სტუმრად მოვიდა გივი ჩახუნაშვილი, ღმერთმა აცხონოს მისი სული, და როცა მნახა, ეს რა ბავშვიაო?! დავფრინავდი, ისეთი მოუსვენარი ვიყავი, კარის ჩარჩოზე დავძვრებოდი, რას აღარ ვაკეთებდი... მაშინ თქვა, ჩემთან მოიყვანეთ ჩოგბურთზეო. იქ გავიცანი ჩემი ბავშვობის მეგობარი ალეკო, რომელიც ახლა ჩიკაგოში ცხოვრობს, კედელზე თამაში დავიწყეთ და მას შემდეგ, ჩოგანი ვერ გამაგდებინეს ხელიდან. ძალიან ძლიერი მწვრთნელი იყო თემურ კაკულია, თავისი საქმის ოსტატი, ვიჯექი და ვუყურებდი ხოლმე. გურამ თოხაძე, ღმერთმა აცხონოს, რამდენიმე თვის განმავლობაში ჩემი მწვრთნელი იყო, მაგრამ მერე ტერიტორიულად შორს გადავიდა და ვარჯიში დამოუკიდებლად გავაგრძელე. ბევრს ვშრომობდი, ვიცოდი, რაღაც უნდა შემეცვალა. ხომ გახსოვთ, 1990-იან წლებში ღამით ქუჩაში გასვლა რა საშიში იყო, მე კი 5 საათზე ვდგებოდი, ვისაუზმებდი, ყურსასმენს გავიკეთებდი და მუშტაიდიდან მარჯანიშვილის მეტრომდე ფეხით მივდიოდი. მე და ჩემი მეგობარი გამთენიას ვიწყებდით და 45-წუთიან ვარჯიშს ვასწრებდით, ამაში ცოტას ვიხდიდით, მერე უკვე მდიდარი ხალხის შვილები შემოდიოდნენ, ისინი დენის გადასახადს იხდიდნენ... იმ წლის ზაფხულში საქართველოს ჩემპიონი გავხდი წყვილებში, საქართველოს პრიზიორი კი ერთეულებში.

- ახლა რა დროს უთმობთ ვარჯიშს?

- იმდენს ვერ ვასწრებ, მაგრამ დღეგამოშვებით ერთ საათს მაინც ვვარჯიშობ სპორტდარბაზში, 15-20 წუთი კი კიკბოქსში. თამბაქო არასოდეს მომიწევია და მთვრალი არასდროს ვყოფილვარ. არ მომწონს, როცა ვინმე მიათრევს გათიშულ კაცს. მე ოჯახი, სამეგობრო მყავს და ვინმემ რომ დამირეკოს, მჭირდებიო, მე კი მზად არ ვიყო, ჩემთვის მიუღებელია.

c5beef54-5f93-4f6c-b24c-b31cf01ee144-1712514259.jpeg

- ბატონი გივი ცნობილი თამადაა, თქვენ თუ გითამადიათ სუფრაზე?

- დიახ, მაგრამ მამაჩემის ნიჭის ერთი პროცენტიც არა მაქვს თანდაყოლილი.

- როგორია ბაბუისა და შვილიშვილების ურთიერთობა?

- შესანიშნავი, გივი ბაბუ ძალიან უყვართ შვილიშვილებს. თავიდან მამაჩემს ძალიან უნდოდა ისინი გაეთამამებინა და ამ თემაზე სერიოზული ლაპარაკიც გვქონდა. მიმაჩნია, ჩემს შვილებს თავიანთი ბაბუა იმიტომ უნდა უყვარდეთ, რომ ის მათი ბაბუაა, და არა იმის გამო, რა საჩუქრებს ჩუქნის. ამიტომ მამაჩემს ჩემი შვილებისთვის ძვირფასი საჩუქრების გაკეთება აკრძალული აქვს. მშობლები და ბებია-ბაბუა მათი თვისებებიდან გამომდინარე უნდა უყვარდეთ და არა ძვირფასი საჩუქრების გამო.

- ემიგრანტებს პატარა საქართველო აქვთ ხოლმე მოწყობილი, სადაც ჩადიან, თქვენ რა გაქვთ ქართული?

- წიგნები და ხატები, ქართული დროშა და სხვა სუვენირები. ქართულ მუსიკას ახლაც არ ვრთავ, ვერ ვითმენ ხოლმე. ჩემი ბავშვობის მეგობარმა, კომპოზიტორმა და მომღერალმა დათო არჩვაძემ ჩემს ფილმში­ ითამაშა და არაჩვეულებრივი მუსიკა დაგვიწერა, თავისი ახალი ალბომი გამომიგზავნა და იმას ვუსმენ ხანდახან, თორემ მერე ნოსტალგია მომეძალება. რაც ჩვენი არ არის და სხვას ვბაძავთ, იმის მოსმენა არ მსიამოვნებს.

- თქვენი მეუღლე რას საქმიანობს და ერთმანეთი როგორ გაიცანით?

- ჩემი მეუღლე მაია გუშარაშვილია. მეგობარმა, რომლის მეჯვარე და შვილის ნათლიაც ვარ, დამირეკა და მითხრა, ჩვენი ძალიან ახლობელი გოგონაა ჩამოსული ნიუ-იორკში და გაიცანიო, ძალიან კარგად დამიხასიათა. მორცხვი ადამიანი არა ვარ და დავურეკე. ისე მოხდა, რომ ხუთი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ, ვერ გავთიშეთ ტელეფონი, ისე მომეწონა, რომ ორი თვის მერე ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკში გადავფრინდი, ხუთ-ნახევარი საათი ვიფრინე. ძალიან დავმეგობრდით, მერე ლოს-ანჯელესში მოუწია საცხოვრებლად გადმოსვლამ და მაშინაც წმინდა მეგობრობა გვაკავშირებდა. მერე კი ერთმანეთი შეგვიყვარდა... ჩემს პირველ მოკლემეტრაჟიან ფილმზე "ბაბუს მევალე" მუშაობისას დამეხმარა და გადაღების მერე უკვე ვიცოდი, რომ ჩემი მეუღლე უნდა გამხდარიყო. ხელი ვთხოვე, მოკრძალებულად, ჩემს ოთახში, სადაც ხატები მაქვს, იქ დედაჩემის სურათიც კიდია და სწორედ იქ ვთხოვე ხელი ერთი ერთზე, მარტონი ვიყავით. რაც შეეხება ქორწილს, გადავწყვიტეთ, მხოლოდ უახლოესი ნათესავები და მეჯვარეები მოგვეწვია, 20-25 კაცი. საქართველოში დავქორწინდით. წავედით და ჯვარი დავიწერეთ. ეს უფრო მესიამოვნა. რაც უფრო მოკრძალებული იქნები, უკეთესია. გვყავს ორი შვილი - გივი და ლუკა სიხარულიძეები, ისინი საქართველოში მოინათლნენ.

- დედა ახსენეთ, როგორ გაიხსენებთ მას­?

- დედა ჩემთვის ყველაფერი იყო, მფარველი ანგელოზი, ჩემი მეგობარი, შემეძლო მასთან მივსულიყავი, ამეხსნა რამე და გამიგებდა. უზადოდ კეთილი ადამიანი იყო და როგორც შეეძლო, ყველას ეხმარებოდა, სამსახურში მოწყობა იქნებოდა თუ სხვა რამ. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დედა მყავდა და რაღაცნაირად, უბედურიც, რომ ასე ადრე დაგვტოვა... ღმერთმა არ გამიშვა და მისი გარდაცვალების დროს საქართველოში ვიყავი, ავად გავხდი და მამაჩემმა სამჯერ გადამიწია ბილეთი. მეორმოცე დღეს უკვე აღარ ვიყავი მანდ და სასაფლაოსთან რომ გალობდნენ, მე ტელეფონით ვუსმენდი. დედა ნამდვილი ოჯახის ქალი იყო.

- ბატონი გივი ხშირად ჰყვება ხოლმე, როგორ უყვარდა მეუღლე, რამდენად დიდ პატივს სცემს მის ხსოვნას. როგორია შვილის თვალით დანახული მათი ურთიერთობა?

- მამაჩემი ძალიან მაგარი მამაა და ასეთივე მეუღლე იყო, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა... ყველამ იცის და ამიტომ ვამბობ, თორემ არც აღვნიშნავდი... ძალიან არ მომწონდა, მამაჩემი სხვა ქალებს რომ უყურებდა... ეს ჩემთვის არ იყო სასიამოვნო და ამაზე ბევრიც გვისაუბრია... სამწუხაროდ, მაშინ ბევრი ცხოვრობდა ასე, თითქოს ნორმად ითვლებოდა. ერთადერთი ეს არ მომწონდა, რადგან მე ტრადიციული კაცი ვარ და მიმაჩნია, რომ ცოლს თუ შეირთავ, მისი ერთგული უნდა იყო. რელიგიური ადამიანი გავხდი და მივხვდი, რა არის სწორი და რა - არა. სხვა მხრივ უმაგრესი მამა და მეუღლე იყო. ჩვენ ძალიან პატარა ბინა გვქონდა და როცა დასაძინებლად ვწვებოდით, კარი ხომ ღია იყო და ერთმანეთს ჩურჩულით რომ უზიარებდნენ თავიანთ ამბებს, ეს მომწონდა. მათი ერთმანეთისადმი თბილი დამოკიდებულება იყო ჩემთვის ბედნიერება. ახლაც ერთ-ერთი ბედნიერი მოგონებაა ჩემთვის. მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, მანქანაში ვსხედვართ მე და დედა და მამაჩემი მოდის გახარებული, დაფრინავდა, დამსახურებული არტისტის წოდებას მაძლევენო! სახელმწიფო ანსამბლის ქორეოგრაფად აირჩიეს. ეს იყო მისი პირველი ძალიან დიდი წარმატება, აქედან დაიწყო წინსვლა. რომ იცოდეთ, მამამ როგორ მოუარა დედას, როცა ავადმყოფობდა, ღამეებს უთენებდა და ერთი დაწუწუნება არ მახოვს მისგან. მეც ჩართული ვიყავი ამ ყველაფერში, მომვლელი ქალიც გვყავდა, მაგრამ სად მეუღლე და შვილი. დედაჩემს იები უყვარდა და ბოლოს, ცუდად რომ იყო, ხშირად მიმქონდა ხოლმე, მაგრამ მაინც ვნანობ, უფრო მეტი დრო უნდა გამეტარებინა მასთან... მაგრამ ახალგაზრდა ვიყავი, 17-18 წლის, იქ მეგობრები, სპორტი... ხომ გესმით?.. უფრო მეტად უნდა მოესიყვარულო მშობლებს... ახლა მამაჩემს თუ გავუბრაზდები რაიმე საკითხზე, ჩემს თავს შევახსენებ ხოლმე, არ შეიძლება, მშობელია, უფრო თბილად-მეთქი.

78ab471d-083c-4d6b-aa50-76fb4fd71bfd-1712514259.jpg

- ბოლოს რა დაგამახსოვრდათ დედისგან?

- მისი სიცილი დამამახსოვრდა... ზრდილობას მასწავლიდა ყოველთვის, უფროს-უმცროსობას, თქვენობით საუბარს. ჩემს შვილებს ჭადრაკის ქართველი მასწავლებელი ჰყავთ და მე და ჩემი მეუღლე ორი თვე მათ გვერდით ვისხედით, თქვენობით, ზრდილობიანად მიმართვას ვასწავლიდით. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- გეგმებზეც გვითხარით.

- ყველანაირად ვცდილობთ ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ, მაქსიმალურად გავაცნოთ მსოფლიოს საქართველოს ასეთი წარმატებები აქვს ყველა სფეროში, ფეხბურთში, ძიუდოში, ხელოვანების მიღწევები სხვადასხვა ქვეყანაში და ა.შ. ამ ახალგაზრდებმა საქართველო მსოფლიოს გააცნეს. მეც ჩემს წვლილს შევიტან. ჩვენი ფილმით რამდენ ქვეყანაში ჩავედით და ყველამ გაიგო მის შესახებ, 100% ქართულია და ეს ყველგან ფიქსირდება. მე და ჩემი მეუღლე მარტო, ერთობლივი ბრძოლით ვახერხებთ ყველაფერს. ყოველთვის ვამბობ, კარგი ტრადიციები არ უნდა დავკარგოთ და სხვებისგან მხოლოდ კარგი გადმოვიღოთ. ადამიანმა თავის ოჯახს, ქვეყანას, რელიგიას უნდა მიხედოს, გაუფრთხილდეს.