„აბა, ულა, ბიჭებო!“ - კვირის პალიტრა

„აბა, ულა, ბიჭებო!“

რეჟისორ სანდრო ელოშვილის ფეისბუკპოსტებს ყოველთვის ინტერესით კითხულობენ სოციალურ ქსელში, ახლახან გამოქვეყნებულმა ფეხბურთის შესახებ პოსტმა კი ბევრი აატირა კიდეც. სანდრო ელოშვილი­ დღეს "კვირის პალიტრის" სტუმარია...

- რეჟისორობა და წერა ჩემთვის თითქმის ერთი და იგივეა, ყოველ შემთხვევაში, წერა რეჟისორისთვის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება მგონია, გამომდინარე იქიდან, რომ ცუდი მეტყველება მაქვს, ვბლუყუნებ, წერა ჩემთვის ერთგვარი ურთიერთობის საშუალებაა. სპექტაკლზე მუშაობისას­ დრამატურგებთან ბოდიშის მოხდით ვარ, მაგრამ მათ ტექსტებში ყოველთვის უხეშად ვერევი­, იმიტომ, რომ ასეთ დროს თანაავტორი ვარ... ახლა ისე გავთავხედდი, ვცდილობ რომანი დავასრულო...

- ვინმე ქართველი რეჟისორი გახსენდებათ იმავე ნიჭით?

- მადლობა ღმერთს, ქართულ თეატრს და კინოს ჩემსავით მოცლილი ბევრი­ არა ჰყავს. ამიტომაც თავიანთ ცოდნას და ნიჭს სტატუსებზე არ ანიავებენ, ისე კი, ალბათ, ყველა საინტერესოდ წერს. ვინც მე მახსენდება, ლევან წულაძეა ასეთი. მისი სპექტაკლები პირადად მისი ტექსტებია... უფროსი თაობიდან, რა თქმა უნდა, რობერტ სტურუა! როგორც ვიცი, წიგნიც კი გამოსცეს მისი სტატუსების. მის სპექტაკლებში სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მუსიკალურია, პოეტურია თითოეული ფრაზა. ამიტომაც არ შეიძლება ის მოხდენილად არ წერდეს. მარტო "კავკასიური ცარცის წრის" რეჩიტატივები რად ღირს.

photo0n-1712514875.jpg

- თბილისში გაიზარდეთ, ბევრი საინტერესო ადამიანის გარემოცვაში...

- რასაც ვწერ, უფრო ჩემი უფროსი მეგობრების, მშობლების, მამაჩემის ისტორიებია... ამ მხრივ გამიმართლა, ბავშვობიდან მიყვარდა ურთიერთობა უფროს ადამიანებთან. შვიდი წლის ვიყავი, "თეატრალურ სარდაფში" რომ მოვხვდი, იქ კი, რა თქმა უნდა, მთავარი ემოციები მათ თაობას­, მათ თბილისს, მათ ურთიერთობებს უკავშირდებოდა. ამიტომაც გახდა ჩემთვის ასეთი­ ახლობელი და ძვირფასი ეს ყველაფერი. 90-იანი წლები, ვფიქრობ, კინოს ჰგავდა, იტალიურ კინოს... გაიხსენეთ, დავუშვათ, იტალიური ნეორეალიზმი და დამოუკიდებლობის პირველი ათწლეული. როგორ ერეოდა ერთმანეთში იუმორი და სევდა, ადამიანობა და ნიჰილიზმი... ომის და უბედურების დროს სულ ასე ხდება, ადამიანები ასეთ დროს უფრო ერთიანდებიან­. შესაშურიც თითქოს არაფერი იყო... არც ერთს არ ჰქონდა პური და არც მეორეს... არც ერთს არ ჰქონდა შუქი და არც მეორეს... ამიტომ გასაყოფი მხოლოდ სიყვარული და ღიმილი იყო. ეს კი, როგორც წესია, ქართველებს არ გვენანება...

მე რუსთაველზე დავიბადე და გავიზარდე­, 40 ნომერში. გერმანელების მიერ აშენებული ლამაზი შენობა იყო, იყო, ძველი და შენობა, შიგნით დიდი იტალიური ეზოთი, ხის აივნებზე მეზობლებს შორის გაჭიმული სარეცხის თოკებით, ძალიან განსხვავებული ადამიანებით, ღირებულებებით... პირისპირ ცხოვრობდნენ მეწაღე და პროფესორი, ქურდი და პოლიციელი... მეორე სართულზე სტომატოლოგიური კლინიკა იყო, სადაც მუშაობდა თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული კოლორიტი, ბატონი ოთარ გაბელაია. ბიძია ოთარი მხოლოდ ორ საათამდე მუშაობდა, რადგან ზუსტად იმ დროს იკრიბებოდნენ მისი მეგობრები, ლორთქია, გიგა ლორთქიფანიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი და იყო ე.წ. კლინიკაში ქეიფი გვიანობამდე. მახსოვს, როგორც კი დენი წავიდოდა, ბიძია ოთარი გააღებდა ფანჯრებს და დაიძახებდა: "გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!"

- შემდეგ თეატრალური სასწავლებელი დაამთავრეთ...

- თეატრალურ ინსტიტუტში გიგა ლორთქიფანიძის ჯგუფში მოვხვდი და დიდი მეგობრობა გვქონდა. ისეც ყოფილა, ლექციამდე ცოტა ადრე დამიბარებდა. ორ ჩაის მოითხოვდა, როგორც კი შემოიტანდნენ და ოთახიდან გავიდოდნენ, ფანჯრიდან გადამაღვრევინებდა, მისი კოლექციებიდან რომელიმე კონიაკს ავიღებდით და ერთი საათი ისეთ თემებზე ვსაუბრობდით, ჩემთვის ყველა ლექციაზე მეტი რომ იყო... როდესაც სხვა ჯგუფელები მოვიდოდნენ, თუ მეტყობოდა, მეტყოდა, მეორედ ნასვამი აღარ დაგინახო ლექციაზეო, და სახლში გამიშვებდა... თავად ვერაფერს შეატყობდით... მიუხედავად იმისა, მისი იუმორი საქვეყნოდ ცნობილი იყო, საოცრად სევდიანი ადამიანი იყო, მისი ცრემლები ბევრჯერ მინახავს. მოულოდნელად, რაღაცას იტყოდა ან გაიხსენებდა და უცებ ცრემლებით ევსებოდა თვალები.

- მძიმე ბავშვობა ჰქონდა, რეპრესიები...

- უფრო აქეთა წლებს განიცდიდა - დამოუკიდებლობა, ომი, უბედურება, თაობების გაწყვეტა... ბოლოს რომ ვნახე, უკვე ჩაწოლილი იყო, მაშინ მითხრა, ყველაფერი დადგი ქართულადო. დადგი შექსპირი, კასონა, მოლიერი, მაგრამ დადგი­ შენი ქვეყნისთვისო... ასეთ ადამიანებთან მიწევდა ურთიერთობა, ერთი მხრივ, ხელის შემშლელიც იყო, თითქოს რაღაცნაირად ვიბოჭებოდი, მეორე მხრივ, დღემდე ეს ხალხი მაძლევს ძალას, მათი ნათქვამი, მათთან ურთიერთობა...

მამაჩემი ჩემთვის მაინც მთავარი კოლორიტი იყო და არის ჩემს ცხოვრებაში. ბევრი გვიკამათია, ბევრჯერ არ დავთანხმებულვარ, მაგრამ მაინც, მგონი, სულ მას ვბაძავ.

მარჯანიშვილის თეატრში უდიდეს ადამიანებთან ურთიერთობამ მომიწია. ძალიან მიყვარდა, თუკი თეატრის ეზოში ან ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესი გაგვიჩერდებოდა, ან ბატონი გივი ბერიკაშვილი. მაშინ ჩვენ 20-21 წლის ბიჭები და გოგონები ვიყავით. რა უნდა იყოს იმაზე დიდი სიამოვნება, თუკი, დავუშვათ, ეზოში შემოვა თემურ ჩხეიძე და შეიძლება უბრალო რამე თქვას, ჩემთვის კი ცხოვრების მაგალითი იყოს... ბატონ თენგიზ არჩვაძესთან ახლო ურთიერთობა არ გვქონია. თუკი რაიმე ღონისძიებაზე ან სპექტაკლზე მოვიდოდა ხოლმე, შემდეგ პატარა ბანკეტზე გვერდით მივუსხდებოდით და ვუსმენდით.

- მრავალი ქველმოქმედება გქონდათ, ბევრს შეუმსუბუქეთ ყოფა...

- საქველმოქმედო ამბები მეგობრებმა დავიწყეთ. ამ ქვეყანაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გვერდში დგომა. მეგობრებთან ერთად ბევრი საინტერესო რამ გავაკეთეთ. ახლა ვცდილობთ ერთი კარგი, ლამაზი გოგონას დასახმარებლად გავერთიანდეთ. სამწუხაროდ, ეს ბოლო აქტივობა იქნება. ყველაფერს აქვს რესურსი, მათ შორის ემოციური. მეტი ნამდვილად აღარ შემიძლია.

„26 მარტი ჩვენი სტადიონზე დატოვებული ბავშვობის გამარჯვების დღეა...“

1990-5-1-1712514875.jpg

სანდრო ელოშვილის 25 მარტის ფეისბუქპოსტი: „

"...მეფიქრება ხოლმე, მაგრამ, ალბათ, ვერასდროს გავიგებ, რას განიცდის და რას გრძნობს რომელიმე წარმატებულ, მდიდარ და ძლიერ ევროპულ ქვეყანაში მცხოვრები პატარა ბავშვი, რომელიც მამას მიჰყავს ფეხბურთზე...

თუმცა ისიც ვერასდროს გაიგებს, ჩვენთვის რა იყო, ჩვენი თაობისთვის, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად "დავიბადეთ".

არ ვიცი, კარგი იყო თუ ცუდი, მაგრამ მაშინ, იმ შავბნელ თუ მშიერ-მწყურვალ საქართველოში ყველაფერი იყო ძალიან ქართული...

ცუდიც ქართული იყო...

კარგიც ქართული...

ფეხბურთიც ქართული და გულშემატკივრობაც...

ომი იყო ქვეყანაში და ომი იყო მინდორზეც...

შეპყრობილები ვიყავით ომით და ბავშვებსაც, რომლებსაც არ გვქონდა ბავშვობა, საყვარელი თამაში გვეგონა ომობანა!

მამამ რომ წამიყვანა, ის პირველი თამაში გვქონდა გერმანიასთან... 1995 წელი იყო...

ჩვენმა თაობამ, ჩვენმა ბავშვობამ, ჩვენმა საქართველომ ყველა ომი წააგო, ისევე როგორც ის თამაში და მოგებებს მოწყურებული გოგო-ბიჭებიდან დამარცხებას შეჩვეულ ქალებად და კაცებად ვიქეცით...

მაგრამ, რაშია იცით საქმე? იმ წაგებული თამაშიდან, პირველად რომ ვიყავი სტადიონზე, არც წაგება მახსოვს და არც წაგების მომტანი გოლები... მხოლოდ დასასრული, როდესაც სტადიონზე მყოფმა ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრმა ადამიანმა, სკამზე დაფენილ გაზეთებს ცეცხლი მოუკიდა... იცით, ეს რა იყო? დღეს რომ ტელეფონებზე ანთებული ფარნების პერფორმანსია... ისიც პერფორმანსი იყო... ოღონდ ძალიან ქართული!

კიდევ მხარზე გადებული, დაშვებული შინდისფერი დროშები და შავებში ჩაცმული, თითქოს მგლოვიარე ხალხი... ასეთი ფერის იყო დამარცხებული ქვეყანა!

თითქმის 30 წელი გავიდა მას შემდეგ... ჩვენი ხნის ხალხი ფეხბურთს აღარც თამაშობს და თუ თამაშობენ, ვეტერანებს­ ეძახიან...

ჩვენ კი ამდენი დამარცხებით გულნატკენებმა ჩვენი საკუთარი გამარჯვებები მოვიგონეთ... ოღონდ პირადი და საკუთარი!

რაღაცნაირად დავივიწყეთ იმ წაგების ტკივილები...

რამაც არ მოგვკლა, ცოტათი, მაგრამ მაინც მოგვაძლიერა!

შვილები გვეყოლა, სახლებიც ვაშენეთ, მართალია, ხეების ადგილას, მაგრამ მაინც!

და ასე მოვიდა ჩვენი თაობა აქამდე... გადარჩენილი თაობა... ერთი აუხდენელი ოცნებით... ერთად გამარჯვების ოცნებით!

ვიცი, რომ ხვალ სტადიონზე ვერ ვიქნები!

დიდად არც მინდა, მეშინია... წაგების არა, გამარჯვების მეშინია, შეიძლება გული გამისკდეს!

მაგრამ ჩვენს შვილებს, რომლების გაზრდასაც ვერ ვიჯერებთ, რადგანაც ჩვენ ისევ "ბავშვები" გვგონია ჩვენი თავი, ისე უხდებათ გამარჯვება, იმდენად ლაღები, ფერადები და კარგები არიან, რომ მინდა ის ოცნება აიხდინონ ხვალ, ჩვენს ბავშვობას რომ არ ეღირსა...

საკუთარი ერთობით და ერთსულოვნებით ბევრჯერ დაამტკიცეს და დარწმუნებული ვარ, ხვალაც იმავეს იზამენ, რომ 26 მარტი გამარჯვების დღეა! ჩვენი შვილების და მათი საქართველოს გამარჯვების დღე!

და კიდევ იცით, ვისი გამარჯვების?

ჩვენი სტადიონზე დატოვებული ბავშვობის...

ყურებში ჩარჩენილი გუგუნისა და თვალებში დარჩენილი ცეცხლის...

იმ ცეცხლის, გაზეთებს რომ ვუკიდებდით დამარცხებულ ქვეყანაში მომავალი გამარჯვებების ნიშნად და სადიდებლად! აბა, ულა, ბიჭებო!"