„უფრო მეტს გავიგებდი საქართველოს არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ, ვიცი, რომ მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა გაქვთ“
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, ამ მხრივ დარგის სპეციალისტებს მუდმივად უწევთ მუშაობა და ახალ თაობებამდე საკითხის მიტანა, როგორც იდენტობის შენარჩუნების განმსაზღვრელი ფაქტორის. არქიტექტორი, არქეოლოგი, ამერიკის არქეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს და ნიუ-იორკის არქეოლოგთა გაერთიანების წევრი, მეცნიერი ჰეიდი ჯეიმზ-ფიშერი დღეს მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად და დასაცავად ყველაზე ეფექტურ "იარაღად" მომავალ თაობებში ცნობიერების ამაღლებას და ქვეყნისთვის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას თვლის. როგორ უნდა დავიცვათ ძეგლები? და რა ბერკეტებით იცავს იუნესკო თავისი ნუსხაში მყოფ ძეგლებს? - "კვირის პალიტრის" კითხვებს თავად ჰეიდი ჯეიმზ-ფიშერი უპასუხებს.
- მომავალი თაობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ღირებულების ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან მომავალში შესაძლოა მემკვიდრეობის მცველები გახდნენ. ეს ქვეყნის იდენტობის ნაწილია და თითოეული ადამიანის საზრუნავი უნდა იყოს.
- ყოფილა შემთხვევები, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენა ვერ მოხერხდა, ზოგიერთი მათგანი ადამიანის ხელით განადგურდა, ზოგი სტიქიურ მოვლენებს ემსხვერპლა, ამ ძეგლების მნიშვნელობაზე მინდა გკითხოთ, თქვენ რომელს გამოყოფდით?
- კულტურული მემკვიდრეობის ნგრევა ძალადობის ან ომის დროს ძალიან რთული თემაა... ეს მოხდა სირიაში, ახლა ეს ხდება უკრაინაში. ავღანეთში სისტემატურად იძარცვებოდა და ნადგურდებოდა ძეგლები, დაწყებული ბულდოზერით ტერიტორიის "გასასუფთავებლად", დამთავრებული 2001 წელს ბამიანის ბუდის ორი გიგანტური ქანდაკების აფეთქებით. ბამიანის ორი ყველაზე გამორჩეული ფეხზე მდგარი ქანდაკებები, ვაიროჩანა და შაკიამუნი, ყველაზე მაღალი იყო მსოფლიოში ბუდას ფეხზე მდგომ ქანდაკებებს შორის, სანამ ჩინეთში გაზაფხულის ბუდას ტაძარი აშენდებოდა. პატარა ქანდაკება აშენებულია 544-595 წლებში, ხოლო დიდის აშენების თარიღად 591-644 წლები სახელდება. ეს არის წარსულის განადგურების უწყვეტი პროცესი... ასევე არის პრეცედენტები, როდესაც ადამიანები იმდენად იცავენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომ ხელს უშლიან შესაბამის უწყებებს რესტავრაცია-რეკონსტრუქციაში. აი, ეს უკვე ძალადობის ფორმაა და ძეგლს განადგურებამდე მიიყვანს.

- ჩვენ ვიცით შემთხვევები, როდესაც იუნესკოს ნუსხაში არსებული ძეგლები განადგურებულა, თქვენი აზრით, რამდენად ეფექტურად იცავს იუნესკო ძეგლებს?
- იუნესკოს აქვს თავისი პოლიტიკა და შექმნილი აქვს სამართლებრივი ჩარჩო. ის შენს ქვეყანაში ფიზიკურად ძეგლს ვერ დაიცავს, ის მხოლოდ გასცემს რეკომენდაციას, როგორ უნდა დაიცვათ ძეგლი. ორგანიზაცია გმობს ძალადობას და განადგურების ფაქტებს. ამჟამად, იუნესკოს წევრი ქვეყნების სიაში 194 სახელმწიფო და 12 ასოცირებული წევრია. გაგიკვირდებათ და, აშშ დიდხანს არ იყო იუნესკოს წევრი და მხოლოდ შარშან, 2023 წელს შეუერთდა (საქართველო 1992 წელს შეუერთდა). იუნესკო ხელმძღვანელობს 1954 წლის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციით, შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, და შესაბამისად შემუშავებული ორი პროტოკოლით, თითოეულ კონკრეტულ წევრ- სახელმწიფოსთან მიმართებაში მოქმედებს.

- თქვენ იტალიაში ცნობილი ვაკონე-ვილას მოზაიკის საკონსერვაციო სამუშაოებში მონაწილეობდით.
- ეს ადგილი მდებარეობს ლაციოში, რომელიც ძველი ლათინების განსახლების არეალი იყო ძვ.წ. X საუკუნიდან. თავად ვაკონე-ვილა ძვ.წ. მეორე საუკუნის მიწურულს აშენდა. ვილის ნაწილი მთის კლდოვან ნაწილშია. ჩვენ, სულ მცირე, 30 მოზაიკური იატაკის შენარჩუნება შევძელით. ისინი განსხვავებული ორნამენტებით, მულტიფაზებითა და პერიოდულობით ხასიათდება. ვილაში იწარმოებოდა ზეითუნის ზეთი, რაც მესაკუთრის სიმდიდრის განმსაზღვრელი იყო. ეს ტერიტორია ჯერ კიდევ სოფლად მიიჩნევა, როგორც მაშინ. იქაურობა მოსახლეობამ მიწისძვრის გამო მიატოვა. ჩემთვის ეს იყო საუკეთესო შესაძლებლობა, გავცნობოდი რომაულ მოზაიკას და მონაწილეობა მიმეღო მის საკონსერვაციო-აღდგენით სამუშაოებში.
- კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თქვენი მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში რომელ ძეგლს გამოარჩევთ.
- რთული კითხვაა. ბევრი ძეგლი მინახავს, მაგრამ დაუვიწყარი იყო პეტრა, იორდანია. წარმოუდგენელია, როგორ გამოაქანდაკეს ნაბატეველებმა კლდეში ასეთი საოცრება, რომელიც დღემდე აღაფრთოვანებს მსოფლიოს. ნაბატეველები ძვ.წ. მეექვსე საუკუნეში გამოჩნდნენ, ისინი სირიაში ვაჭრობას მისდევდნენ. ნაბატეველთა ცივილიზაციის დედაქალაქის მშენებლობას საფუძველი I-II საუკუნეებში ჩაეყარა. პეტრას ბინადრები ქვაზე მუშაობის ოსტატები იყვნენ, თავად სახელი "პეტრაც" ქვას უკავშირდება. ყველასათვის ცნობილი კლდოვანი ტაძარი ელ-ჰაზნე, რაც ნიშნავს "ფარაონის საგანძურს", მეორე საუკუნეში შეიქმნა. ნაგებობის დანიშნულება ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. ერთი ლეგენდის თანახმად, ეს ადგილი ებრაელთა განმათავისუფლებელმა, წინასწარმეტყველმა მოსემ შექმნა მაგიური ძალით და იქ დამალა თავისი საგანძური. ნაბატეველებმა ეს ტერიტორია მეოთხე საუკუნეში დატოვეს.
- ჩემი ბოლო კითხვა საქართველოს უკავშირდება.
- საქართველოს კულტურას შორიდან ვიცნობ, მაგრამ არასდროს შევხვედრივარ ქართველ არქეოლოგებს. დიდი სიამოვნებით უფრო მეტს გავიგებდი საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ. ვიცი, რომ თქვენს ქვეყანას მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა აქვს.