უკრაინის არმიას რუს ოკუპანტებთან ომში წაგებისკენ ამერიკელი კონგრესმენები და უკრაინელი დეპუტატები უბიძგებენ?! - კვირის პალიტრა

უკრაინის არმიას რუს ოკუპანტებთან ომში წაგებისკენ ამერიკელი კონგრესმენები და უკრაინელი დეპუტატები უბიძგებენ?!

ომში გამარჯვება ცოცხალი ძალისა და შეიარაღების შერწყმულად, გონივრულად გამოყენების შედეგად მიიღწევა და როდესაც ამ ორიდან ერთ-ერთი კომპონენტი მოიკოჭლებს, მოგების შანსი ეცემა, ხოლო თუკი ორივე მათგანში დიდი პრობლემა ჩნდება, მაშინ შეიძლება ომიც კი წააგო...

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის პირველივე დღეებიდან, როდესაც ნათელი გახდა, რომ პუტინის ბლიცკრიგი ჩაიშალა და რუსმა ოკუპანტებმა ვერ შეძლეს უკრაინის დედაქალაქის აღება, მოხდა ერთგვარი პირობითი შეთანხმება უკრაინის ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის - რუს დამპყრობლებთან უთანასწორო ბრძოლაში ცოცხალი ძალა უკრაინული იქნე­ბოდა, ხოლო შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით დახმარება კი დასავლეთის ქვეყნების...

ომის პირველ ეტაპზე უკრაინის დამცველებს მოხალისეები არ დაჰკლებია, თუმცა დასავლეთიდან სამხედრო დახმარების დროულად და საჭირო რაოდენობით მიწოდებაზე ყოველთვის იყო პრობლემები - ხან დასავლეთის ქვეყნების სამთავრობო სტრუქტურებისთვის დამახასიათებელი ბიუროკრატია, ხანაც იმის შიში, რომ "ჰაიმარსებისა" თუ "ლეოპარდების" მიწოდების სანაცვლოდ პუტინს უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული ბომბი არ აეფეთქებინა.

პირობით შეთანხმებას - ცოცხალი ძალა უკრაინული, შეიარაღება კი დასავლური - გასული წლის შემოდგომამდე, ასე თუ ისე, ასრულებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხადი შეიქნა, რომ 2023 წლის ზაფხულის დიდი კონტრშეტევა უკრაინის არმიას ჩაეშალა, ბზარი გაუჩნდა ამ შეთანხმებასაც, თანაც ორივე მხრიდან.

ჯერ იყო და, 2023 წლის ოქტომბრის ბოლოდან პროტრამპისტი ამერიკელი კონგრესმენები ჯერ სენატში, ახლა კი წარმომადგენელთა პალატაში ნახევარი წელია სპეციალურად ბლოკავენ 60 მლრდ დოლარიან სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის, რამაც მისი დამცველები, ფაქტობრივად, განაიარაღა ფრონტის ხაზზე, რითაც კარგად სარგებლობს პუტინის საოკუპაციო არმია და ნელ-ნელა ახალ ტერიტორიებს იპყრობს,­ რადგან სრულ საბრძოლო ინიციატივას დაეუფლა საარტილერიო ჭურვებისა და საზენიტო რაკეტების კატასტროფულ დეფიციტში აღმოჩენილ უკრაინის არმიასთან.

მაგრამ უკრაინის არმიას გაუჩნდა დიდი პრობლემა ცოცხალი ძალის ახალი ნაკადით შევსების პროცესშიც - ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლები თვეობით სხედან სანგრებში და მათი დროული როტაცია არ ხდება იმის გამო, რომ უკრაინის ხელისუფლებამ თავი ვერ მოაბა მობილიზაციას.

საქმე ის არის, რომ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატები წელზე მეტია ვერ ან არ ახერხებენ კენჭი უყარონ "მობილიზაციის შესახებ" კანონს და მას უამრავი შენიშვნით უკან უბრუნებენ მთავრობას.

"მობილიზაციის შესახებ" კანონით პინგ-პონგის თამაშს უკრაინის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფალთა შორის ჯერ დასასრული არ უჩანს, ხოლო უკრაინის არმია ცოცხალი ძალით შევსების უდიდესი პრობლემის წინაშე დგას, თანაც მოახლოებულ ზაფხულში, როდესაც მოსალოდნელია რუსეთის საოკუპაციო ძალების ფართომასშტაბიანი შეტევები ფრონტის სხვადასხვა უბანზე.

პარალელურად გრძელდება უკრაინის მოქალაქე ახალგაზრდა და შუახნის მამაკაცების მნიშვნელოვანი ნაწილის მცდელობა არალეგალურად დატოვონ ქვეყნის საზღვრები, ხოლო ვისაც ათასობით დოლარი არა აქვს, გადაუხადოს გამყოლს რუმინეთთან თუ უნგრეთთან საზღვრის ფარულად გადასალახად, სოფლებსა და ქალაქებში ემალებიან სამხედრო კომისარიატების თანამშრომელთა რეიდებს, ხოლო თუკი ისინი ქუჩაში ვინმეს დაიჭერენ, მოსახლეობა ამას იღებს და სოციალური ქსელებით ავრცელებს, რაც დამატებით უარყოფითად აისახება უკრაინის ხელისუფლების იმიჯზე.

ფრონტის ხაზზე მებრძოლი უკრაინელი ოფიცრები ითხოვენ 500 ათასამდე მობილიზებულის სასწრაფო დახმარებას, რათა სათანადო დონეზე მოემზადონ აგრესორი რუსეთის მოსალოდნელი დიდი შეტევების მოსაგერიებლად.

ოფიციალურ კიევს კი არა აქვს იმ რაოდენობის ფინანსური სახსარი, რათა ნახევარი მილიონი კაცის მობილიზაცია მოახერხოს და სამხედრო ფორმით, ამუნიციითა და იარაღით აღჭურვოს - ამისთვისაც დასავლეთის ფინანსური და სამხედრო დახმარება სჭირდება.ამის საპირისპიროდ რუსეთის ფედერაციაში არ შეჩერებულა მობილიზაციის პროცესი და ახლა შეიძლება გაფართოვდეს კიდეც, თანაც კრემლს აღარ აქვს იმის შიში, რომ რუსეთის მოქალაქეები მასობრივად მიაწყდებიან ყაზახეთისა თუ საქართველოს საზღვრებს - იმ თანხას, რასაც მობილიზებულებს სთავაზობენ, რუსეთის მივარდნილი ადგილების ბევრი მამაკაცი ხარბდება. ეს მათთვის შანსია შეცვალონ უპერსპექტივო მომავალი მიყრუებულ სოფელში თუნდაც უკრაინის მიწაზე დაღუპვისა და დაუმარხავად დარჩენის სანაცვლოდ.