"მე როგორ მოვკლავდი ჩემს ქმარს, ის ჩემმა ძმამ მოკლა" - როგორ დაიბრალა ქალმა ქმრის მკვლელობა, ოჯახის ახლობლების ცრუ ვერსია და "ოქროს მოწმე" ბავშვი, რომელიც შემზარავ დანაშაულს შეესწრო - კვირის პალიტრა

"მე როგორ მოვკლავდი ჩემს ქმარს, ის ჩემმა ძმამ მოკლა" - როგორ დაიბრალა ქალმა ქმრის მკვლელობა, ოჯახის ახლობლების ცრუ ვერსია და "ოქროს მოწმე" ბავშვი, რომელიც შემზარავ დანაშაულს შეესწრო

"მე როგორ მოვკლავდი ჩემს ქმარს, ის ჩემი შვილის მამა იყო, ჩემმა ძმამ მოკლა", - ეს სიტყვები ტირილით რამდენჯერმე თქვა სასამართლო პროცესზე განსასჯელის სკამზე მყოფმა 29 წლის ნატო ხელაძემ, რომელსაც ბრალი მეუღლის განზრახ მკვლელობაში დასდეს. მკვლელობა 2 აპრილს, სამტრედიაში ღამით მოხდა. სამართალდამცავებმა იმავე დღეს დააკავეს ნატო ხელაძე.

4 აპრილს სასამართლოს პროკურატურამ მიმართა და ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება ითხოვა. პროკურორის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა ქალის ბრალეულობას. თავად ნატო ხელაძემ დარეკა "112"-ში, თქვა, რომ მისი ქმარი დაჭრილი იყო და დახმარება ითხოვა, შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას კი უთხრა, მე მოვკალიო. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ადვოკატ მაგდა კოტრიკაძის თქმით, დანა­შაული ქალს არ ჩაუდენია და ამის დასამ­ტკიცებლად პროცესზე ბავშვების ჩვენებაც წარადგინა,­ სადაც მოზარდები ამბობენ, რომ დანაშაული ნატო ხელაძეს არ ჩაუდენია. თუმცა მოსამართლემ არ მოუსმინა არც ბრალდებულს, არც ადვოკატებს, გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ნატო ხელაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ადვოკატი ამბობს, ქალს მენტალური პრობლემა აქვს. მან თავისი დაბადების წელი და თვეც კი ვერ თქვა პროცესზე. ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებდა, მაგრამ მანამდე ყველაფერი თავდაყირა დადგა.

ჩვენ სასამართლო პროცესის მეორე დღეს შევეცადეთ დავკავშირებოდით ადვოკატს და საქმეზე მეტი დეტალის მოსასმენად. როგორც მან გვითხრა, საქმეში სიახლე იყო და მოგვცემდა ინტერვიუს, მაგრამ ჯერ ბრალდებულს შეხვდებოდა, მოგვიანებით კი საზოგადოებას "ფეისბუკით" აცნობა, რომ ნატო ხელაძეს მძიმე ბრალდება მოეხსნა და საქმე სსკ-ის 370- ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ცრუინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.

"...სინამდვილეში მკვლელი ბრალდებული ქალის ძმა აღმოჩნდა... ეს საცოდავი გოგო, რომელსაც არ მოუკლავს ქმარი, არის შშმ პირი, აქვს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, არ იცის წერა-კითხვა და ასევე ვერ გეტყვის, რამდენი წლისაა... ბრალდების მხარე დარწმუნდა, რომ ამ საქმეს დიდი ანგარიშით წააგებდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში და დღეს წარდგენილი ბრალდება შეუცვალეს და ახლა მხოლოდ ცრუჩვენებას ედავებიან, რატომ თქვი, მე მოვკალიო. ასე ,,გამოიძია" იმერეთის სამხარეომ მკვლელობის საქმე, პროკურორის რეზო თოფურიას ზედამხედველობით და სამართლიანი მოსამართლის თათია გოგოლაურის გადაწყვეტილებით უდანაშაულო ადამიანი პატიმრობაში აიყვანეს! ნატო ხელაძე მალე დატოვებს საპატიმროს!" - დაწერა სოცქსელში ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ.

როგორც შევიტყვეთ, პროკურატურამ მახო გოგიას მკვლელობისთვის ბრალი მის ცოლისძმას, მახო ხელაძეს წაუყენა. დააპატიმრეს ხელაძის მეორე ძმაც, რამაზ ხელაძე და კიდევ ერთი ახლობელი, რომელიც როგორც ჩანს, დანაშაულს შეესწრო.

არადა, მანამდე ბრალდებულის ოჯახის ზოგიერთი წევრი ცდილობდა გაემართლებინათ ქალის ქმედება­ და ჟურნალისტებთან აცხადებდნენ, რომ ნატო ხელაძემ ქმარი შვილზე ძალადობის გამო მოკლა...

"ეს დანაშაული იმიტომ ჩაიდინა, რომ 13 წლის ქალიშვილი დაიცვა ქმრისგან, რომელთანაც მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა, გოგონა კი პირველი ქმრისაგან ჰყავდა. მეორე ქმართან ბიჭი შეეძინა, რომელიც ამჟამად 7 წლის არის. ნატო მუხლჩაუხრელად მუშაობდა, სამტრედიაში მთელ ბაზარს ალაგებდა, მაგრამ მისი ლოთი ქმარი ვერაფერმა გამოასწორა. ამ კაცმა ბავშვის გაუპატიურება მხოლოდ მკვლელობის დღეს როდი სცადა. მამინაცვალი დიდი სიყვარულით გერს არასოდეს ექცეოდა, უცემია კიდეც, პედოფილიის მცდელობა კი მაშინ მოხდა, როდესაც გოგონა 10 წლის იყო. ამ დროს ბავშვი მამინაცვალს ბიძასთან გაექცა­ (დედის ძმა) და ყველაფერი უამბო. გამწარებულმა ბიძამ სიძეს ჯერ სცემა, მერე კი ეს ამბავი პოლიციას შეატყობინა. პოლიციამ ნაძირალა ციხეში გადაიყვანა, თუმცა მხოლოდ 6 თვით, მერე კი გამოუშვეს. ნათესავებს შეგვეშინდა, რაიმე უბედურება არ მომხდარიყო და ამიტომ სოციალურ სამსახურს შევატყობინეთ. მათ ბავშვი ორი წლის განმავლობაში მინდობით აღზრდაში­ ჰყავდათ. თუმცა, როგორც კი გოგონა შინ დაბრუნდა, ყველაფერი თავიდან დაიწყო... როდესაც ცოლი სამსახურში გაიგულა... ამასობაში დედა ბაზრიდან დაბრუნდა და ეს სურათი რომ ნახა, შვილს ყველაფერი მოაყოლა. მერე ჩხუბიც ატყდა - როგორც მეზობლები ამბობენ, ჩხუბი რაღაც პერიოდის შემდეგ მინელდა, თუმცა შუაღამით ისევ გაგრძელდა. ამ დროს ბავშვებს უკვე მეორე სართულზე ეძინათ, ცოლ-ქმარი პირველ სართულზე იყო. როგორც ჩანს, საცოდავმა ქალმა იფიქრა, სანამ ბავშვები არ მიყურებენ, მოვკლავ და მოვისვენებო და ასეც მოიქცა, ქმარი დანით გამეტებით დაჩეხა. შემდეგ პოლიცია გამოიძახა და ჩაბარდა. ველით, რომ სასამართლო­ ყველა გარემოებას გაითვალისწინებს და სასჯელს შეამსუბუქებს", - ასეთი ვერსია უამბეს ოჯახის ახლობლებმა "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს. სავარაუდოდ, ზოგიერთი ახლობელი ცდილობდა ალიბის შექმნას და ჰქონდა იმედი, რომ ამ გარემოებებს­ გაითვალისწინებდა სასამართლო­, მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგა. ვერ გაითვალისწინეს, რომ მკვლელობას ნატო ხელაძის არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო. ის ამხელს მამის მკვლელობაში ბიძას, მახო ხელაძეს, რომელიც სოციალურ ქსელში ამ დანაშაულის შემდეგ ვიდეომიმართვებსაც ავრცელებდა და საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ქმარი მისმა დამ მოკლა.

უფრო მეტი დეტალის გასარკვევად­ ნატო ხელაძის ადვოკატს, მაგდა კოტრიკაძეს­ დავუკავშირდით. როგორც ირკვევა, დანაშაულის მიზეზი სულ სხვა რამეა.

- სინამდვილეში ვინ მოკლა მახო გოგია?

- 2 აპრილს, ღამით, 3-4 საათამდე შუალედში სამტრედიაში მკვლელობა მოხდა. მახო გოგიას დანით 7 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ნატო ხელაძემ მაშინ განაცხადა, რომ მან მოკლა ქმარი და ის დააკავეს. ნატო ხელაძე მეორე ჯგუფის ინვალიდია, გონებრივად ჩამორჩენილი. უჭირს ადეკვატურად საუბარი. პოლიცია გაესაუბრა მას და არის ფარული აუდიოჩანაწერიც, სადაც ამბობს, ქმარი მე მოვკალიო, რეალური სურათი კი სხვაგვარია. იმ დღეს მათ სახლში სტუმრად მივიდნენ ნატოს ძმები, რამაზი­ და მახო, მახოს მეუღლე და კიდევ ნატოს ძმისშვილის მეგობარი, რომელიც ქუთაისიდან სტუმრად იყო ჩასული. გაიშალა სუფრა, დალიეს... ნატოს ერთი ძმა, მახო ხელაძე წავიდა სახლში და თან წაიყვანა დისშვილი, ნატოს გოგონა, სხვებმა ისევ გააგრძელეს ქეიფი. ამის შემდეგ მახოს ცოლსა და სიძეს, ანუ ნატოს ქმარს შორის უსიამოვნო ფაქტის თვითმხილველი გახდა მახოს ძმა, რამაზი - საპირფარეშოში შესულმა რამაზმა ისინი ერთად აღმოაჩინა, რადგან საპირფარეშოს კარი არ იკეტებოდა. ნახა, რომ ერთმანეთს ეფერებოდნენ. შენ ჩემი ძმის ოჯახს როგორ არცხვენო და რამაზმა სცემა. სახლში მისული რამაზი მომხდარს უამბობს ძმას და ეუბნება, შენს ცოლს ჩვენი სიძე ეფერებოდაო. განაწყენებული მახო ხელაძე მიდის ისევ დის სახლში, მას მიჰყვებიან სხვებიც და ეზოში შესული დანით კლავს სიძეს.

- ამას შეესწრო მეორე ძმაც?

- არა, როგორც ჩვენებებში ამბობენ, მახო წინ გაიქცა, მან მიგვასწრო მისვლა და რომ გამობრუნდა, გვითხრა, ნატომ მოკლა, მას უკავია დანა ხელშიო.

- ეს პირები თავიდან არ დაუკითხავს­ პოლიციას?

- დიახ, თავიდანვე გამოიკითხნენ, საქმეში დევს მათი გამოკითხვის ოქმი. მეც გავეცანი და აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებია. ეს უნდა გამხდარიყო გამოძიებისთვის ეჭვის საფუძველი. ამჟამად მკვლელობაში ბრალდებული ძმა აცხადებდა ჩვენებაში, როდესაც მე მივედი, ნატოს დანა ხელში ეჭირაო. არადამაჯერებელი იყო თავიდანვე მისი მონათხრობი, მაგრამ პროკურატურამ რატომღაც არ მიაქცია ყურადღება. პირველი კურსის სტუდენტის დონეზეა გამოძიებული საქმე.

- თქვენ ამბობთ, რომ მკვლელობას მათი შვილი შეესწრო. რას ამბობს ბავშვი?

- ამბობს, რომ მკვლელობამდე მამამისს­ სცემეს, მამა თავზე საბანს იფარებდაო. როგორც ბავშვი ამბობს, მამამისი აპირებდა პოლიციის გამოძახებას. მამა ეუბნებოდა დედას, უნდა დავაჭერინო შენი ძმები და შენ უნდა გაგშორდეო. დედა არ უშვებდა მამიკოს, ამ დროს ჰკრა ხელი და მამიკო დაეცაო. აი, ამ დროს შემოდის ეზოში ნატოს ძმა, მახო, მიდის სიძესთან და რამდენიმეჯერ ურტყამს დანას. ბავშვმა დეტალურად აღწერა ყველაფერი, მიუხედავად ამისა, გამოძიებას არ გადაუმოწმებია ეს ინფორმაცია.

როცა შევხვდი ნატო ხელაძეს, მაშინვე მითხრა, ჩემმა ძმამ მოკლა, მე შემეშინდა და იმიტომ ვთქვიო. სასამართლო სხდომაზე ვუმტკიცებდი მოსამართლეს, რომ პროკურატურის შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო და მისი დაპატიმრების არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძველი არ არსებობდა. დარწმუნებული ვარ, არც ჰქონდა საქმის მასალები წაკითხული. უმძიმესი სანახავი იყო ნატო ხელაძე პროცესზე. ძალიან გთხოვთ გამიშვითო, სთხოვდა მოსამართლეს, ჰკითხა, აქედან სამტრედიამდე მიდის ავტობუსი, რომ გავყვეო. ჩვენ რომ მართლები ვიყავით, ეს დასტურდება იმითაც, რომ პატიმრობის შეფარდებიდან 24 საათიც არ იყო გასული, ნატო ხელაძეს ბრალდება შეიცვალა და მისი ძმა დააკავეს მკვლელობისთვის. დაკავებულია მეორე ძმა და მათი სტუმარიც.

- როგორც ჩანს, ქალის ძმები ამ დანაშაულის შემდეგ ცდილობდნენ ალიბის შექმნას. ავრცელებდნენ არასწორ ინფორმაციას, რომ მოკლულს სექსუალური ძალადობის მცდელობა ჰქონდა გერთან და ეს გახდა ტრაგედიის მიზეზი.

- დიახ, როდესაც პირველად შევხვდი ნატო ხელაძის ძმას, მან მითხრა, ჩემი და გონებაჩამორჩენილია, არ იცის წერა-კითხვაო. თითქოს სიძე არასრულწლოვანზე ძალადობდა, სცემდა ცოლსაც და ამიტომ მოკლა. ეტყობა, ასეთი ვერსია დაალაგეს, მაგრამ ვერ გათვალეს, რომ ბავშვი შეესწრო მკვლელობას.

- მოკლულს მართლა ჰქონდა პრობლემები გერთან?

- რამდენიმეჯერ იყო პასუხისგებაში­ მიცემული ოჯახური ძალადობისთვის. ნატო ხელაძე ამბობს, მცემდა და ცუდად ექცეოდა ჩემს უფროს შვილსაცო, მაგრამ როგორც ვიცი, საუბარი არ არის სექსუალური ხასიათის დანაშაულზე. გოგონას ჯერ არ შევხვედრივარ, საქმეში არის მისი ჩვენება, მაგრამ იქ ძალადობაზე არაფერი წერია. გოგონა ერთხანს მინდობით აღზრდაში იყო, რადგან მახო გოგია ცუდად­ ექცეოდა, მაგრამ ეს არ იყო სექსუალური ძალადობა.

- ბრალდებული მახო ხელაძე აღიარებს­ დანაშაულს?

- როგორც ვიცი, უკვე აღიარა. გაუგონარი ამბავია. ნატო ხელაძემ იცის, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალა და გახარებულია. ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს აღმკვეთი ღონისძიების საკითხი სააპელაციო სასამართლოში და ვფიქრობ, მას გაათავისუფლებენ.