სკანდალური ინფორმაცია ბრიუსელის კულუარებიდან, რომელიც ზელენსკის გაამწარებს - "კიევი ნატოში, მაგრამ უკრაინის კაპიტულაციის შემდეგ?!"
„კიევს მოუწევს, უარი თქვას დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე, სამაგიეროდ, უკრაინა უსაფრთხოებას მიიღებს. სწორედ ასეთი გეგმა შეიმუშავეს ბრიუსელში უკრაინის კაპიტულაციის შემთხვევისათვის. რა თქმა უნდა, ეს საეჭვოა ვოლოდიმირ ზელენსკის მოეწონოს, მაგრამ დასავლეთი სხვა გზას ვერ ხედავს. ოფიციალურად ამაზე არ ლაპარაკობენ, მაგრამ პოლიტიკურ კულისებში კარგად იციან, რომ ასეთი გარიგება აუცილებლად განხორციელდება ჯო ბაიდენის მარცხის შემდეგ“, - აღნიშნულია იტალიის გაზეთ „ლა რეპუბლიკაში“ (La Repubblica) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „კიევი ნატოში, მაგრამ უკრაინის კაპიტულაციის შემდეგ: სწორედ ამ სცენარისა ეშინია ევროპას დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში“ (ავტორი - კლაუდია ტიტო).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
გარიგება, რომელიც კონფლიქტის შეჩერებას ითვალისწინებს - ტერიტორიის დატოვება უსაფრთხოების სანაცვლოდ. კიევმა უარი უნდა თქვას რუსების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე, სამაგიეროდ, მიიღებს გარანტიას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაუყონებლივ მიღებაზე. ფორმალურად, ბრიუსელში გამართულ ბოლო სამიტზე ასეთი „გაცვლის“ შესაძლებლობა არ განხილულა, მაგრამ ამაზე ყველა არაოფიციალური საუბრის დროს ლაპარაკობენ, მათ შორის - ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაშიც. უფრო მეტიც - ეს იდეა კიევისადმი დახმარების დაჩქარების მამოძრავებელი ძალა ხდება.
შემთხვევითი არ არის, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ისევ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ადრე თუ გვიან ქვეყანა, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობს, ნატოს წევრი გახდებაო. 6 აპრილს ეს პერსპექტივა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც გააჟღერა. რატომ? ორი მიზეზის გამო:
პირველი გამოიხატება იმით, რომ მსგავსი „გაცვლა“ ბევრი ექსპერტის მიერ განიხილება, როგორც ერთ-ერთი გზა კონფლიქტის შეწყვეტისათვის. დღევანდელი მდგომარეობით, ამ სავარაუდო გადაწყვეტილებას ჯერჯერობით პოლიტიკური შეფასება არ მიუღია, მაგრამ დე-ფაქტოდ დღის წესრიგში დგას.
მეორე მიზეზი უფრო კონკრეტულია: ბევრი ევროპული მთავრობა და თვითონ თეთრი სახლი შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის საკითხი შეიძლება „დამალული ტუზი“ გახდეს დონალდ ტრამპისათვის მისი გამარჯვების შემთხვევაში, ნოემბრის არჩევნების შედეგად. ყოფილ პრეზიდენტს არა ერთხელ განუცხადებია, რომ როგორც კი იგი აშშ-ის პრეზიდენტისა და ამერიკის არმიის მთავარსარდლის პოსტზე დაბრუნდება, მომენტალურად შეწყვეტს მოსკოვისა და კიევის დაპირისპირებას. და ეს იქნება სწორედ ისეთი სვლა, რომლის შედეგად დონალდ ტრამპი „მშვიდობის დამამყარებლის“ როლს დაიკავებს.
თავისი არსით, გეგმა გამოიხატება იმაში, რომ კრემლმა დაკავებული ტერიტორიები დაიტოვოს, ანუ ყირიმი და კიდევ ოთხი ოლქი, რომელთა ოკუპირება ომის ორი წლის განმავლობაში განახორციელა. ამის შემდეგ უკრაინა თავის კონტროლქვეშ დარჩენილი ტერიტორიის საზღვრებს განამტკიცებს, რუსეთთან უკვე არავითარი ტერიტორიული დავა აღარ ექნება და, შესაბამისად, ნატოს წევრი გახდება. ეს გზა ჰგავს იმას, თუ როგორ მოხდა დასავლეთ გერმანიის (გფრ-ის) გაწევრება ნატოში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. იმ დროს გერმანელი ერი ორ ნაწილად იყო გაყოფილი - მის აღმოსავლეთ მხარეებს, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა, თავისი ჯარებით, დასავლეთი ნაწილი კი 1955 წელს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა „შთანთქა“.
შარშან ნატოს ვილნიუსის სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ თხოვნით მიმართა ალიანსის წევრებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებისადმი რაც შეიძლება სწრაფი მიერთების თაობაზე, რომ რუსეთის არმიისათვის საკადრისი პასუხი გაეცათ, მაგრამ უკრაინის ლიდერს, პრაქტიკულად, ყველამ უარი უთხრა, აშშ-ის ჩათვლით, რათა მოსკოვთან პირდაპირი შეტაკებისათვის თავი აერიდებინათ. სამაგიეროდ, დაჰპირდნენ, რომ ოდესმე, სამომავლოდ, რასაკვირველია, უკრაინას აუცილებლად მიიღებენ თავიანთ რიგებში... მაგრამ ახლა შეიძლება შარშანდელი სცენარი შეიცვალოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი ისევ დაბრუნდება თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში. და თუ ასეთი გადაწყვეტილება („გაცვლა“) ნატოს მიერ მართლაც იქნება მიღებული, მაშინ ალიანსი უკრაინას გაძლიერებულად უნდა დაეხმაროს, რომ კიევმა რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის შენარჩუნება შეძლოს და უკან აღარ დაიხიოს. დახმარება გულისხმობს იარაღის დიდი რაოდენობით და სწრაფად მიწოდებას, პარალელურად კი, არც ცოცხალი ძალით დახმარება არ არის გამორიცხული.
რუსეთის არმიის კონტრშეტევა, ფაქტობრივად, უკვე დაწყებულია. მოსკოვში მომხდარ ტერორისტულ აქტს ვლადიმერ პუტინი იმის მიზეზად იყენებს, რომ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა გააძლიეროს. კრემლში კარგად ესმით, რომ სწორედ 2025 წელი გახდება შემობრუნების წლად, როცა შესაძლებელი გახდება ზავის დადებაზე ოფიციალური მოლაპარაკების გამართვა. მაგრამ 2024 წელი ჯერჯერობით საომარი მოქმედებების წლად რჩება. უკრაინის მიერ ისეთი კანონის მიღება, რომელშიც ჯარში გაწვევის ასაკი 25 წლამდეა შემცირებული, ხოლო რუსეთის მიერ არმიაში 300 ათასი მოქალაქეა გაწვეული, იმას მიუთითებს, რომ უახლოეს თვეებში „ჭეშმარიტების მომენტი“ დადგება. უკრაინა-რუსეთის ფრონტის ხაზი ძალიან გაჭიმულია და მის დასაცავად ორივე მხრიდან ჯარისკაცთა დიდი რაოდენობაა საჭირო. რადგანაც რუსეთს უფრო მეტი რესურსი აქვს და, შესაბამისად, კრემლის არმიას მეტი შესაძლებლობა აქვს ფრონტის გასარღვევად, ამის გაფიქრებისას ყველა ევროპელ ლიდერს შიშისაგან „სული ფეხის თითებიდან ეპარება“.
უფრო მეტიც - აშშ-ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები თავისებური მომენტი ხდება ბევრი გლობალური გადაწყვეტილების „გასაყინავად“. მართლაცდა, დღეს რუსეთის პრეზიდენტისათვის აბსოლუტურად არავითარი აზრი არ აქვს ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებას, ზავის ამა თუ იმ ვერსიით დადების მიზნით. ვლადიმერ პუტინი ამ საკითხს აშშ-ის ახალ პრეზიდენტთან განიხილავს ან იმავე ჯო ბაიდენთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არჩევნებში გაიმარჯვებს და თეთრ სახლში დარჩება. დღეს კი კრემლი დაკავებულია იმით, რომ სავარაუდო მოლაპარაკების წინ სასტარტო პოზიციები განიმტკიცოს და რაც შეიძლება მეტი უკრაინული ტერიტორია დაიკავოს. კიევს და მის მოკავშირეებს კი პირიქით მოუწევთ - რაც შეიძლება ნაკლები ტერიტორია დაუთმონ კრემლს.
გაზაფხული დედამიწაზე ყველაზე მკაცრი და მძიმე სამხედრო მოქმედებების განახლება-დაწყების სეზონად ითვლება, ამიტომაც წლევანდელი გაზაფხული და მისი მომდევნო წელიწადის დროები გვაჩვენებენ, თუ როგორი სამხედრო-პოლიტიკური სცენარი იქნება შესაძლებელი ერთი წლის შემდეგ, როცა ბრძოლის მთავარი მიზანი იქნება ტერიტორიის დაკავება (კრემლის მხრიდან) ან მისი შენარჩუნება (უკრაინის მხრიდან) - ისევე, როგორც ერთ ძველ სამაგიდო თამაშშია: „მსოფლიოს დაპყრობა“ ყველაზე დრამატული ვარიანტის მიხედვით.
მოამზადა სიმონ კილაძემ