"დიახ, მე შევესწარი, როგორ ლანძღავდა საშინელი სიტყვებით ელცინი გენერალ როდიონოვს 9 აპრილის ტრაგედიის გამო" - მამუკა არეშიძე: ის, რაც აქამდე არ იცოდით
გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ მამუკა არეშიძის ინტერვიუდან, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.
- ისე მოხდა, რომ ბორის ელცინისა და 9 აპრილის ოპერაციის უშუალო ხელმძღვანელის, გენერალ იგორ როდიონოვის საუბარს დავესწარი. 19 თუ 20 აპრილი იყო. ელცინის ბრძანებით ეს საუბარი უნდა გადამეღო, მაგრამ მერე აღარ გადამაღებინეს. არასდროს დამავიწყდება, რა დღეში ჩააგდო ელცინმა როდიონოვი, ეჩხუბებოდა, ეს რა გააკეთეო, საშინელი სიტყვებით გალანძღა. როდიონოვს, ალბათ, ყველაზე მეტად ის უნდოდა, მიწა გასკდომოდა, თავს იმართლებდა, ყველა არ მემორჩილებოდა, განჯიდან სადესანტო-საჰაერო პოლკი არ უნდა მოეყვანათ, ყველაფერი გენერალ ლებედის ბრალიაო. ელცინი იმხანად საკავშირო მშენებლობის მინისტრის მოადგილე იყო, ოპოზიციას წარმოადგენდა და ძალიან ანგარიშგასაწევი ფიგურა იყო. სულ სხვა პიროვნება იყო, არ ჰგავდა 1990-იანი წლების პრეზიდენტ ელცინს. მან მიზანმიმართულად დამტოვა, რომ მენახა, როგორ ეჩხუბებოდა როდიონოვს. მართლაც, იმ მომენტში ელცინი ჩემთვის საქართველოს შვილი იყო, მთელი ერის ჯავრი ამოიყარა. ისეთი კმაყოფილი გამოვედი იქიდან, რომ მეტი არ შეიძლება. ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ეს ერთ-ერთი განსაკუთრებული მომენტი იყო.
- ფიქრობთ, ელცინი გულწრფელი იყო?
- მაგას არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება სპექტაკლიც გათამაშდა, რათა ხალხისთვის მეამბა. მთავარი ის იყო, კაცი, რომელმაც ეს ტრაგედია დაატრიალა, უაღრესად დაამცირეს, ფეხქვეშ გათელეს. ისე, როდიონოვს სახეზე რომ შეხედავდი, ვერ იფიქრებდი, რომ ეს სპექტაკლი იყო.
- იმხანადვე შედგა შევარდნაძისა და რაზუმოვსკის შეხვედრა, თქვენ მასაც ესწრებოდით.
- საოცარი ამბავი მოხდა - დღეს რომ წითელ ინტელიგენციად მოიხსენიებთ, სწორედ იმ ხალხმა კომენდანტის საათი არაფრად ჩააგდო და დაიწყო შეკრება კინოსახლთან. ეს იყო 9 აპრილის შემდეგ პირველი მიტინგი. ამ დროის შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც ტრაგედიის დღესთან დაკავშირებული მასალების შეგროვება დაიწყო და რომელსაც მერე კომისიის ფორმა მიეცა. იქ იყვნენ ელდარ შენგელაია, ლანა ღოღობერიძე და სხვები. ქართული სპეცსამსახურების დიდი ნაწილი, კა-გე-ბეც კი ოპოზიციაში ჩაუდგა რუს სამხედროებს. მილიციაზე ლაპარაკი არც არის, ისინი იმთავითვე ხალხის გვერდით იდგნენ. შესაბამისად, ქართული ინტელიგენციის შეკრებისთვის ხელი არავის შეუშლია. ამ ხალხმა უზარმაზარი საქმე გააკეთა: კრემლს ქართველი ხალხის ერთსულოვნება დაანახა და ძალიან მნიშვნელოვან მასალას მოუყარეს თავი. მე ელდარ შენგელაიამ გადმომცა ის უნიკალური ჩანაწერი, რომელიც ტელევიზიით გავავრცელე. ეს იყო სასტუმრო "ინტურისტის" სხვენიდან გადაღებული 4 თუ 5-საათიანი ვიდეო. გოგა ხაინდრავას გადაღებულ უნიკალურ კადრებს ესეც დაემატა და 9 აპრილის ტრაგედიის სურათი თავიდან ბოლომდე დაიხატა. ნანახი გექნებათ, პოლიციელებს როგორ გამოჰყავთ ხალხი. უშიშროებამ გამოიტანა მასალები და ხალხს გადმოგვცა. ამ ამბების მერე, 18 თუ 20 აპრილს, უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მოსკოვიდან ჩამოსული საგარეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე და კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრი გიორგი რაზუმოვსკი. ეს იყო მოსკოვის ოფიციალური ვიზიტი ინტელიგენციასთან. შევარდნაძეს ძალიან შემრიგებლური, რბილი ტონი ჰქონდა, რაზუმოვსკი გასუსული იჯდა. ქართველი ხალხი მიჩვეული იყო მკაცრ ტონს, მაგრამ იმჯერად სიმკაცრე არ იგრძნობოდა. შევარდნაძეს პირადად ვიცნობდი და ვიცოდი, როგორი იყო მისი მოქმედების ტაქტიკა, ის ყოველთვის ცდილობდა რთული სიტუაციის განეიტრალებას, გაღიზიანებული ადამიანების დამშვიდებას. შეიძლება დღევანდელი ახალგაზრდობის დიდმა ნაწილმა არც იცოდეს, რა მოხდა 1978 წლის 14 აპრილს, როდესაც ხალხი ქუჩაში გამოვიდა.
- სახელმწიფო ენის, ქართულის რუსულით ჩანაცვლება რომ უნდოდათ?
- დიახ, ბრეჟნევის დირექტივით კონსტიტუციაში ცვლილება უნდა შესულიყო, რომლის თანახმადაც საბჭოთა კავშირში შემავალ ყველა რესპუბლიკაში სახელმწიფო ენად რუსული გამოცხადდებოდა. ქართველმა ხალხმა თავი გადადო მშობლიური ენის დასაცავად. შევარდნაძემ თბილისშიც დააწყნარა ხალხი და ისიც მოახერხა, რომ კონსტიტუციაში ეს ცვლილება არ შესულიყო. ქართველმა ხალხმა შეუნარჩუნა დანარჩენ 14 რესპუბლიკას მშობლიური ენა. საპროტესტო აქციები მხოლოდ თბილისში იყო. ამის მერე დაიწყეს სხვადასხვა რესპუბლიკაში (ჯერ უკრაინაში, ბელარუსსა და სომხეთში) ინტელიგენციის წარმომადგენლებმა შეკრებები, პროტესტის გამოხატვა. ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ინტელიგენციის ანუ ერთი საზოგადოებრივი ჯგუფის აქტიურობას, საქართველოში კი ხალხი გამოვიდა ქუჩაში. მახსოვს შევარდნაძის გამოსვლა, მან ჯერ ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართეს, რის შედეგადაც საქართველოში ქართული ენა რუსულთან ერთად დარჩება სახელმწიფო ენად და შემდეგ ხალხთან ჩამოვიდა. შეიძლება შევარდნაძეს უამრავი მინუსი ჰქონდა, მაგრამ ხალხთან ურთიერთობა, კრიზისის განმუხტვა შეეძლო. 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ უნივერსიტეტში შეკრებისას შეიძლება სიტუაცია ვერ განმუხტა, მაგრამ ხალხს იმედი გაუჩინა, რომ მათი სატკივარი გაგებული იქნებოდა. ამას მოჰყვა სობჩაკის კომისიის შექმნა, რომელიც კრემლის ხელდასხმული იყო. სობჩაკმა ძირფესვიანად მოთხარა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. ამით ბორის ვასილიევიც გამორჩეული იყო, მწერალი, რომელსაც ხელისგულზე ატარებდა რუსული ელიტა, სობჩაკზე აგრესიული იყო რუსეთის თავდაცვის მიმართ.
- თქვენც ამბობთ, რომ 9 აპრილის შემდეგ ქართველი ერი ერთ მუშტად შეიკრა. თქვენ, როგორც პროცესების უშუალო მონაწილეს, რისი თქმა შეგიძლიათ, რა გახდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების მიზეზი?
- ბევრი ფაქტორი იყო, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ქართველების მახასიათებელი თვისება, ამბიციურობაა. "მე ვარ და ჩემი ნაბადი" ხომ ქართველი კაცის ნათქვამია. ჩემი აზრით, დავით გურამიშვილი ეპოქალური მწერალია, რასაც ის ამბობდა ქართველ ხალხზე, სწორედ ამის დემონსტრირებას ვახდენთ საუკუნეების განმავლობაში. გაერთიანების შემთხვევაში მთების გადატრიალება შეგვიძლია, მაგრამ ამას ყოველთვის სჭირდებოდა და სჭირდება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერი, ან დიდი ტრაგედია. 9 აპრილის ქართველ ხალხში წლების განმავლობაში დაგროვებულმა ბრაზმა და ზიზღმა ამოხეთქა.
სტატიის სრული ვერსია იხ. "კვირის პალიტრის" 8 აპრილის ნომერში