სკანდალური ვერსია თბილისში მომხდარ აფეთქებაზე: გენერალ გოგი თათუხაშვილის სენსაციური განცხადება - მეორე ვერსია: ტირში დენთი ჰაერს შეერია და... - კვირის პალიტრა

სკანდალური ვერსია თბილისში მომხდარ აფეთქებაზე: გენერალ გოგი თათუხაშვილის სენსაციური განცხადება - მეორე ვერსია: ტირში დენთი ჰაერს შეერია და...

გუშინ ბოჭორმის ქუჩაზე, "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც, რომლებიც ამ დრომდე ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფებიან. სამი პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. ორივეს სხეულზე სერიოზული დამწვრობები აქვს მიღებული. გარდაცვლილთაგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. ასევე, დაშავებული სამი პირიდან ორი შსს-ს თანამშრომელია, ხოლო ერთი - მაღაზია "ბეთლგრაუნდის" თანამშრომელი. როგორც შსს-ში აღნიშნავენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები, გამნაღმველები და სხვა შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მუშაობდნენ.

როგორც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, ჯერჯერობით ვერანაირ დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებენ. მათი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება.

ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, მოხდა მოცულობითი აფეთქება დახურულ ტირში, დაუმწვარი დენთის ნარჩენებისა და ჟანგბადის კონკრეტული პროცენტული შემადგენლობით შერევის შედეგად, რომლის ინიციატორი გახდა ტყვიების სროლისას წარმოქმნილი ნაპერწკლები.

თუმცა გენერალ გოგი თათუხაშვილს სხვა ვერსია აქვს. კერძოდ, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აფეთქებისას ერთ-ერთი დაღუპული პროფესიონალი სამხედრო, კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე, 2008 წლის ომის გმირი იური ლომიძეა. გოგი თათუხაშვილს საზღვარგარეთ დავუკავშირდით.

გოგი თათუხაშვილი:

- პირადად ვიცნობდი იურის, ის ნამდვილი პროფესიონალი იყო... მასთან კომუნიკაცია სულ მქონდა. ჯერ შავნაბადაზე მსახურობდა, მერე განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში... 8-9 წელია, მუშაობს სასროლეთში, ინსტრუქტორად. როგორც ვიცი, დილით გააღო კარი, შეყვნენ სხვებიც, შუქი აანთო და აფეთქება მოხდა. გაზის აფეთქება თავიდანვე გამოირიცხა - თან, როცა გაზი ფეთქდება, თეთრი ბოლი აქვს, იქ კი შავი ბოლი იყო. ჩემი ვარაუდით, იქ ბომბი იყო ჩადებული. ტყვია-წამალიც ასე უცებ არ ფეთქდება - ასეთ დროს ჯერ ერთი აფეთქება ხდება, მერე - მეორე, ამას დრო უნდა. იქ კი უცებ აფეთქდა ყველაფერი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს იყო ტერაქტი.

ძალიან პატრიოტი ქართველი იყო. თუ სადმე ომი იყო, თუ სადმე სამშობლოს დასაცავად ბრძოლა იყო საჭირო, იური ყველგან იყო. 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, გმირობა ჩაიდინა. რუსების ე.წ. სამშვიდობო ბაზას მოუარა უკნიდან, დაარტყა და "გაასუფთავა" ადგილზე. მაშინ დაიჭრა კიდეც.

dagupulebi-1712575821.jpg
დაღუპულები პოლკოვნიკი იური ლომიძე და რატი საგანელიძე

სასროლეთში წვრთნებისთვის დადიან მოქმედი პოლიციელებიც, ტურისტებიც და ყველა, ვისაც სროლა აინტერესებს... ეს სასროლეთი ადრე ეკუთვნოდა გენერალ ზაზა გოგავას, რომელიც უმაღლესი დონის პროფესიონალია. წელიწად-ნახევარია, რაც მისი აღარ არის აქაურობა, თუმცა დარწმუნებული ვარ, უსაფრთხოების ზომები დაცული იქნებოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ჰგავს ტერაქტს. ეს კერძო სასროლეთი იყო, იქ შესვლა ყველას შეეძლო. როგორც გითხარით, იმ დღეს იურიმ გააღო კარი, აანთო შუქი და აფეთქდა. სავარაუდოდ, იქ იყო დამონტაჟებული ნაღმი.

(სპეციალურად საიტისთვის)