გამოიყენა თუ არა პუტინმა თბილისში საიდუმლო იარაღი?! - რას აკეთებდნენ საქართველოში ГРУ-ს გენერალი ანდრეი ავერიანოვი და მისი შვილი ანდრეი
მკითხველს შევახსენებ, რომ ამერიკელებმა „ჰავანას სინდრომი“ უწოდეს იმ მძიმე ავადმყოფობის (თავის ტკივილი, თავის ქალას შიდა წნევა, გულისრევა და ა.შ. ) შემთხვევებს, რომლებიც პირველად დაფიქსირდა აშშ-ის საელჩოში კუბის დედაქალაქ ჰავანაში და ისინი ვერ აიხსნა ბუნებრივი მიზეზებით. უკვე ათ წელზე მეტია, რაც ამერიკელი დიპლომატები, დიპლომატის სტატუსს შეფარებული მზვერავები და მათი ოჯახის წევრები ამ უცნობი დაავადების მსხვერპლნი არიან. „ჰავანას სინდრომი“ კი ჰქვია, თუმცა ამგვარი, ჯერ კიდევ ბოლომდე აუხსნელი შემთხვევები გასცდა კუბის დედაქალაქის საზღვრებს და თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა.
2021 წლის ზამთრის ცივი დღეები იდგა, როდესაც ბერლინში აშშ-ის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელმა და მათი ოჯახის წევრმა თავი შეუძლოდ იგრძნო. თაბრუსხვევის, უძილობის, თავის ტკივილისა და სმენის დაქვეითების ჩივილებით მათ ექიმებს მიმართეს. პირველივე დიაგნოზი ძალზე საგანგაშო იყო: ტვინის შერყევა და მძიმე დაზიანება. ამიტომ მათ მალევე მოუწიათ ბერლინის დატოვება. ვაშინგტონთან ახლოს მდებარე აშშ-ის სამხედრო მედიცინის ეროვნულ ცენტრში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ თავის ტვინის დაზიანებების მიზეზი მექანიკური ზემოქმედება არ იყო. ეს პიროვნებები არც ავტოავარიაში მოყოლიან და არც თხილამურებით დაშვებისას მიუღიათ რაიმე ტრამვა. აბა, სად და როგორ მიიღეს თავის ტვინის დაზიანება? კვლავ „მრავალუცნობიანი განტოლება“! წესით და რიგით სიცხადე მრავალრიცხოვან და გამოცდილ აშშ–ის სპეცსამსახურებს უნდა შეეტანათ. თუმცა ჯერ–ჯერობით პირიქით ხდება. 2016 წლიდან ე.წ. „ჰავანას სინდრომის“ ფაქტების შესწავლა დაიწყეს, აშშ–ს როგორც სპეცსამსახურებმა, ასევე სხვადასხვა პროფილის მეცნიერებმა, მაგრამ საერთო აზრამდე დღემდე მაინც ვერ მივიდნენ. ამ საკითხს ქვემოთ კიდევ დავუბრუნდები.
„ჰავანას სინდრომმა“ არც ჩვენ „დაგვწყვიტა“ გული და თბილისიც „აკუსტიკურ იარაღის“ შესაძლო გამოყენების ადგილად არის მოხსენიებული. ეს თემა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც The Insider-მა, ასევე ამერიკული ტელეკომპანია CBS-ის გადაცემამ „60 წუთი“ და ჟურნალ Spiegel-მა 2024 წლის აპრილის დასაწყისში გამოაქვეყნეს საკუთარი გამოძიების შედეგები. ამ ჟურნალისტური გამოძიების მასალებში ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ ავტორების მტკიცებით „აკუსტიკური ომის“ ერთ–ერთი ტრაგიკული ეპიზოდი საქართველოში, კერძოდ თბილისში, განვითარდა. მივყვეთ ზემოაღნიშნული ჟურნალისტური გამოძიების ანალიზს.
ამერიკელი ქალბატონი „ჯოი“ ( სახელი შეცლილია) თავის დიპლომატ მეუღლესთან და შვილთან ერთად საქართველოში 2020 წლის თებერვალში ჩამოვიდა. ოჯახი თბილისში აშშ-ს საელჩოსთან ახლოს ერთ–ერთ ქუჩაზე დაქირავებულ სახლში ცხოვრობდა. „ჯოი“ მუშაობდა ექიმად ერთ-ერთ კერძო ამერიკულ კლინიკაში. ამ ოჯახიდან რომელიმე იყო თუ არა აშშ–ის სპეცსამსახურის თანამშრომელი უცნობია. 2021 წლის 7 სექტემბერს „ჯოი“ ელოდა შვილის სკოლიდან დაბრუნებას. სარეცხის მანქანიდან გარეცხილი ტანსაცმლის გამოტანისას ფანჯარისკენ მიუბრუნდა და უცებ თავის არეში რაღაც ძლიერი ტკივილი იგრძნო, რომელიც სულ უფრო ძლიერდებოდა. „ჯოი“ ინტერვიუში ამბობს, რომ ქმრის მოლოდინში მან ფანჯარაში გაიხედა და შეამჩნია ავტომობილი, რომელიც მანამდე არასდროს ენახა და ფოტო გადაუღო . მანქანასთან მან შენიშნა მაღალი, გამხდარი ქერა მამაკაცი, რომლის გვერდით გოგონა იდგა. როდესაც კაცმა დაინახა, როგორ იღებდნენ მას, სწრაფად ჩაჯდა მანქანაში. აუტანელი ტკივილების გამო „ჯოიმ“ ქმარს დაურეკა, რომელიც მალევე მოვიდა საელჩოს უსაფრთხოების თანამშრომლების თანხლებით. იმ დღიდან „ჯოის“ ყოველდღე ჰქონდა მძიმე თავის ტკივილები. სამშობლოში დაბრუნებულ „ჯოის“ ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის ბოლომდე განკურნებული მაინც არ არის.

გენერალი ანდრეი ავერიანოვი
ჟურნალისტური გამოძიების ავტორები აღნიშნავენ, რომ მათ ამ საქმეში რუსული კვალი აღმოაჩინეს: იმ დროს, როცა „ჯოის“ ეს ამბავი შეემთხვა, საქართველოში იმყოფებოდნენ რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გე–ერ–უს) საიდუმლო #29155 დანაყოფის თანამშრომლები: გენერალი ანდრეი ავერიანოვი და მის ვაჟი ალბერტი. ეს ფაქტი დადგენილია მათი სატელეფონო საუბრების შესწავლის შედეგადო. როდესაც „ჯოის“ აჩვენეს ალბერტ ავერიანოვის ფოტო, მან მაშინვე ამოიცნო ის:
„ეს ფოტო რომ ვნახე, მაშინვე სპონტანური რეაქცია მქონდა, ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. 100 პროცენტით ვერ ვიქნები დარწმუნებული, რომ ეს იგივე ადამიანია, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ჰგავს მას“, – აღნიშნულია ჟურნალისტური გამოძიების მასალებში.
ამ ისტორიაში არის კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი. ჟურნალისტური გამოძიების მასალებში აღნიშნულია, რომ თბილისში, „ჰავანას სინდრომის“ ინციდენტამდე ერთი დღით ადრე რუსულ ენაზე საეჭვო შინაარსის საუბარი დააფიქსირესო. მამაკაცი რუსულად უცნობს ეკითხება: "უნდა ჰქონდეს მოციმციმე მწვანე შუქები?" და "უნდა დავტოვო მთელი ღამე?" კონკრეტულად რაზე იყო საუბარი, უცნობია, თუმცა თბილისში მომხდარი ინციდენტები ამ საუბრის მეორე დღეს დაიწყოო, – ამტკიცებენ ჟურნალისტური გამოძიების ავტორები. ვინ, რატომ და როგორ ჩაიწერა ეს საუბარი?

ალბერტ ავერიანოვი
ინფორმაციის მოპოვების მნიშვნელობა დღეს იმდენად დიდია, რომ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები ცდილობენ არა მარტო სახელმწიფო ორგანიზაციების ჩინოვნიკებისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერების საუბრები და გადაადგილება აკონტროლონ, არამედ მათთვის „საინტერესო ვიზიტორებიც“ ჰყავდეთ კონტროლზე. ყველა ქვეყნის საელჩო, გარდა იმისა, რომ ქვეყნის და ერის სახეა უცხოეთში, თან სამშობლოს ღია და ფარული პოლიტიკის გამტარებელია. თანაც ნებისმიერი ”ნორმალური ქვეყნის“ საელჩო უმნიშვნელოვანესი სადაზვერვო დანაყოფია: სწორედ იქიდან იმართება მათი ლეგალური და არალეგალური დაზვერვა.
ამიტომ საელჩოსთვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობებს და მათ ადგილმდებარეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოწინააღმდეგის ( ამ დროს მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს, როგორც ადგილობრივი სპეცსამსახურები, ასევე ამ ქვეყანაში მდებარე სხვა ქვეყნების საელჩოები და მათი პარსონალი) მხრიდან ცოცხალი ძალითა და ტექნიკური საშუალებებით თვალთვალის, მიყურადების და სათანადო ოპერატიული ღონისძიებების ჩატარების დროს. ამისთვის კი, ყველა ქვეყნის საელჩო და დიპლომატიური მისია აღჭურვილია რადიოელექტრონული დაზვერვის თანამედროვე აპარატურით. ისინი ცდილობენ ხელში ჩაიგდონ სხვა ქვეყნების დაშიფრული დიპლომატიური დეპეშები, აკონტროლონ სატელეფონო ზარები (მათ შორის თანამგზავრული) და ასე მოახდინონ საკუთარი ქვეყნის ინტერესების გატარების კოორდინირება.
სპეციალური აპარატურის სახეობების, კონფიგურაციის, განლაგებისა და მიმართულების ანალიზი რადიოელექტრონული დაზვერვის მიზნების დადგენის საშუალებას იძლევა. ყველა საელჩო/საკონსულო იმავდროულად ლეგალური და არალეგალური დაზვერვის მართვის ცენტრი და რადიოელექტრონული დაზვერვის პუნქტიც არის, სადაც რადიოელექტრონულ დაზვერვას (ღია და დაშიფრული ინფორმაციის მოპოვება) და ფარული ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფას (ადგილობრივი კონტრდაზვერვისა და პოლიციის რადიოსიხშირეების კონტროლი) საელჩოს სპეციალური ქვედანაყოფები ახორციელებდნენ. ამიტომ არაა გამორიცხული, რომ თბილისში აშშ–ის საელჩოს თანამშრომლებმა ადრევე იცოდნენ მამა–შვილ ავერიანოვების საქართველოში ჩამოსვლის შესახებ და მათი სატელეფონო საუბრების მონიტორინგს ახორციელებდნენ.
განვლილი პერიოდის მანძილზე აშშ-ის ხელისუფლებამ მიიღო დაახლოებით 1500 შეტყობინება „აკუსტიკური შეტევების“ შესახებ, თუმცა ამერიკის ოფიციალური წარმომადგენლები თვლიან, რომ მხოლოდ 150 შემთხვევაა ჭეშმარიტად დაკავშირებული „ჰავანას სინდრომთან“.
ზემოთ უკვე ავღნიშნე, რომ 2016 წლიდან ე.წ. „ჰავანას სინდრომის“ ფაქტების შესწავლა დაიწყეს, აშშ–ის როგორც სპეცსამსახურებმა, ასევე სხვადასხვა პროფილის მეცნიერებმა, თუმცა დღემდე მაინც ვერ მივიდნენ საერთო აზრამდე. ჯერ კიდევ უცნობია, რომელი ქვეყანა შეიძლება იდგეს ამ ინციდენტების უკან, რა მიზნით იყენებდეს „აკუსტიკურ იარაღს“ და კონკრეტულად რა სახის ტექნიკურ საშუალებებს იყენებდენენ.
2021 წლის ივლისში აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთი ჩართული იყოს „ჰავანას სინდრომის“ ინციდენტებშიო. თუმცა, მისი სიტყვებით, ისინი საბოლოო დასკვნებს ჯერ ვერ აკეთებენ. ამერიკელებს ჯერ–ჯერობით მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები აქვთ: „ჰავანას სინდრომის“ რამდენიმე შემთხვევის დროს შეტევის ობიექტი ამერიკის მოქალაქეების სიახლოვეს გე–ერ–უს ოფიცრები დააფიქისირეს. ამიტომ აშშ-ის ხელისუფლება რუსეთს საჯაროდ ვერ ადანაშაულებს.
ასევე კვლავ უცნობია, რა არის „აკუსტიკური შეტევების“ მთავარი მიზანი: შეტევის ობიექტის მწყობიდან გამოყვანა და ეს არის ადამაიანების დაზიანების მიზანმიმართული მცდელობები, თუ აღწერილი სიმპტომები არის აშშ-ის ოფიციალური პირების მობილური ტელეფონებიდან და კომპიუტერებიდან უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების „გვერდითი“ უარყოფითი შედეგი?
ასევე უცნობია, თუ როგორ შეიძლება ფიზიკურად გამოიყურებოდეს ამ დანიშნულების „აკუსტიკური იარაღი“ . ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ეს არის რაღაც საკმაოდ მოცულობითი, დაახლოებით დიდი ტელესკოპის ზომის, რომელიც „შეტევის“ დროს უნდა განთავსდეს ამერიკის დიპლომატიურ მისიასთან ახლოს. სხვები თვლიან, რომ მოწყობილობა შეიძლება იყოს საკმაოდ პორტატული და მოთავსდეს ჩემოდანში ან ზურგჩანთაში.

იქნებ ასეთი?
ჩვენ კი ერთი კითხვა დავსვათ: ვის აქვს ამერიკელების წინააღმდეგ "აკუსტიკური იარაღის" ფარულად გამოყენების ტექნიკური შესაძლებლობა და დიდი მოტივაცია? დღეს მსოფლიოში ერთადერთი პუტინის ხელისუფლებაა, რომელიც პირდაპირ აგრესიაზე და ოკუპაციაზე არ ამბობს უარს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს არად აგდებს, როგორც საქართველოსა და უკრაინის მწარე გამოცდილება გვიჩვენებს. ამიტომ რუსეთის დიქტატორმა სხვადასხვა ქვეყნებში მომუშავე ამერიკელი დიპლომატები და მზვერავები „აკუსტიკური იარაღით“ რომ "დააწიოკოს", რა გასაკვირი იქნება?