საათები უბედურებამდე: 9 აპრილის ტრაგედიის უცნობი დეტალები - "დანამდვილებით ვიცით, რომ აფხაზეთში შამპანურები გაიხსნა მომხდარის გამო..."
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, რუსთაველის პროსპექტზე მშვიდობიანი მომიტინგეების საზარელი ხოცვა-ჟლეტის შესახებ ბევრი დაიწერა და ბევრიც ითქვა. თუმცა არის დეტალები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. როგორი იყო დღეები 31 მარტიდან ვიდრე 9 აპრილამდე, რამაც საქართველოს ისტორია კარდინალურად შეცვალა, ამის შესახებ "კვირის პალიტრა" იმდროინდელი სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, სამხედრო ქირურგ ლაშა ქოიავას ესაუბრა:
31 მარტი
- 1989 წლის 31 მარტს ლესელიძეში ფართომასშტაბიანი მიტინგი გაიმართა, მთელი საქართველოდან ჩავიდა ხალხი. დასასრულს ითქვა, რომ შემდეგი მიტინგი გაგრაში 9 აპრილს გაიმართებოდა. მიტინგის შემდეგ ხალხი ავტობუსებით თბილისისკენ დაიძრა. გალის გასასვლელში, სოფელ ბზიფში, მომიტინგეების ავტობუსებს თავს დაესხნენ. იმ დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე იყო. მოვედი ინსტიტუტიდან, დავაგდე ხალათი და წავედი მისალოცად. რუსთაველზე ბიჭები შემხვდნენ, მითხრეს, ზვიადი კინოსახლთან დგას, ხალხია შეკრებილი, ბზიფში მომიტინგეები დაურბევიათო - აფხაზმა აქტივისტებმა ქვები დაუშინეს ავტობუსებს, ფანჯრები ჩაულეწეს. მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ თავად ფაქტი იყო ძალიან არასასიამოვნო. კინოსახლთან ზვიადი შეშფოთებული დამხვდა. მითხრა, მერაბს ვერ ვპოულობთო.
სახლში დავრეკეთ, როგორც აღმოჩნდა ლესელიძიდან წამოსული მერაბი გაგრაში კაკუბავას (ბორისი - ავტ.) შეუპატიჟებია და არც იმათ იცოდნენ ბზიფში მომხდარი ამბავი. ზვიადი წუხდა, ახლა კი დავმშვიდდი, მაგრამ 9 აპრილს გაგრაში მიტინგი რომ არის დანიშნული, ის უარესად არ დაარბიონ, ეს მაშინებსო.
- მე ვიცი, რა უნდა ვქნათ-მეთქი. ჩვენ გავმართავთ მიტინგს სამედიცინოში, იმავდროულად, მოველაპარაკებით სხვა უმაღლეს სასწავლებლებსაც და მიტინგის შემდეგ წამოვალთ ინსტიტუტიდან, გზად შემოვიერთებთ გეპეის, წინასწარ გაფრთხილებული იქნებიან პედაგოგიური, სასოფლო და ზოოვეტის ინსტიტუტები, მათ შევუერთდებით სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ყველა ერთად დავიძრებით მთავრობის სასახლისკენ და ხელისუფლებას გადავცემთ პეტიციას, რომ უზრუნველყოს 9 აპრილს გაგრაში მომიტინგეთა უსაფრთხოება როგორც მიტინგზე, ისე უკან დაბრუნებისას.
- ხელისუფლება არაფერს იმჩნევდა?
- ჩეკა ყველაფერს იწერდა, მაგრამ მთლად ზემოდან თუ არ იყო მოთხოვნა, არავის იჭერდნენ. ბზიფში მომხდარზე რეაგირება არ ყოფილა. ამასობაში მოვახერხეთ დიდი მანიფესტაციის ორგანიზება და 4 აპრილს პროსპექტი ხალხით გადაიკეტა.
- რა მოთხოვნები გქონდათ?
- დარეგულირდეს აფხაზეთში სიტუაცია, დაცული იყოს გამოხატვის უფლება, სამართლიანობა და ა.შ. "აფხაზეთი საქართველოა" - ეს ლოზუნგად მაშინ არ ჭრიდა, რადგან ამის საჭიროება არ იყო. აფხაზეთი საქართველო იყო! იმ დღეს ზვიადი, მერაბი და თამრიკო ჩვენთან იყვნენ. ყველა უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობდა მანიფესტაციაში, მოქალაქეებიც, რომლებიც გზად გვიერთდებოდნენ.
"ეძიე ქალი"
- მივედით მთავრობის სასახლესთან, პეტიცია გადავეცით, მეგაფონში ხმაურიანი მოწოდებებიც დავჭექეთ, თითი დავუქნიეთ ხელისუფლებას, რომ თუ გაგრაში მიტინგს ვინმე დაარბევდა, ჩვენ აქ გაფიცვებს მოვაწყობდით. თამრიკო ჩხეიძე, რომელსაც მანამდე ხალხის შეგროვება უჭირდა, ამოვიდა ტრიბუნაზე და გამოაცხადა, რომ ილია ჭავჭავაძის საზოგადოება (რომლის ხელმძღვანელიც იყო - ავტ.) მთავრობისგან ითხოვს ოზგანის, ადლეიბასა და სხვა რამდენიმე აფხაზი სეპარატისტის დაპატიმრებას და ამისთვის მჯდომარე აქციას აცხადებს.
შევცბი. ჯერ ერთი, ეს არ იყო წინასწარ შეთანხმებული, მეორეც, როცა შენ ადამიანების უფლებების დაცვა გაქვს ბრძოლის მიზნად დასახული და ამ დროს აცხადებ, რომ ვიღაცები უპირობოდ დააპატიმრეთო, როგორ შეიძლება? ჩვენ ამ განცხადებას გავემიჯნეთ და წამოვედით გაბრაზებულები. ზოგიერთი დარჩა, რადგან ბევრს იმ დროს ვერ აუხსნიდი, რაში იყო ამ განცხადების მავნებლობა. ხალხი ხედავდა, ოზგანი საფრთხე იყო და მორჩა. ამ დროს ჩვენი მტკიცება, რომ ოზგანი ხელოვნურად შექმნილი იყო და მის ნაცვლად რუსები ახალ ოზგანს იპოვიდნენ, უშედეგო იქნებოდა. ამ დროს ირაკლი ბათიაშვილი და ირაკლი წერეთელი ქუთაისის ციხეში ისხდნენ, მანიფესტაციების გამართვის გამო ცოტა ხნით ჩასვეს. 5 აპრილს გაათავისუფლეს. თბილისში დაბრუნებული წერეთელი მთავრობის სასახლესთან მოვიდა. ისიც გაოგნებული იყო. როგორც ჩვენ, მანაც იცოდა, რომ 4 აპრილს მთავრობის სასახლესთან არაფერი უნდა ყოფილიყო. ამ დროს თამრიკო ჩხეიძე ჩამომჯდარია კიბეზე და ითხოვს ვიღაცების დაჭერას. წერეთელი უხსნიდა, რომ ასეთი ლოზუნგები კარგს არაფერს მოიტანდა, მაგრამ იქიდან მაინც ვერ ააყენა.
"ძირს რუსეთის იმპერია!"
უცებ ირაკლი წერეთელმა გამოაცხადა, რომ მისი ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია აცხადებს უვადო შიმშილობას საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. იქვე დაიწერა ტრანსპარანტი: "ძირს რუსეთის ძირგამომპალი იმპერია! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!"
- კი მაგრამ, ეს მოთხოვნა ხომ რადიკალურად შეცვლიდა ყველაფერს?
- გეთანხმებით, მაგრამ ეს იყო იძულებითი ნაბიჯი, რათა არ ჩამკვდარიყო ეროვნული მოძრაობა. ამის სახიფათო ნიშნები უკვე იყო, რადგან როდესაც შენთან მოდიან ჩეკისტები, გაპატიმრებენ და ბრალად ადამიანის უფლებების დარღვევას გიყენებენ, განმათავისუფლებელი მოძრაობა, არანაირი "ჰელსინკის ჯგუფი" აღარ ხარ.
- ეს სახიფათო მოთხოვნა გაჩნდა მანამდე არსებული მოთხოვნების გადასაფარად?
- დიახ, რათა რამენაირად მოეშორებინა ის ხალხი კიბიდან. ან რა იყო მჯდომარე აქცია? ამ დროს უკვე უვადო შიმშილობა ცხადდება. თამრიკო ჩხეიძემ ერთი კი წამოიყვირა, შიმშილობა მჯდომარე აქციას ელფერს უკარგავს, ამიტომ ილია ჭავჭავაძის საზოგადოება წყვეტს აქციას და მიდისო.
ბოლოს ირაკლისთან, ზვიადსა და გია ჭანტურიასთან შევთანხმდი, საღამოს სამედიცინოში შევიკრიბოთ-მეთქი. მაშინ ინსტიტუტის პარტკომი ილო ჭანუყვაძე იყო, პატრიოტი კაცი. პირველმა მან გააუქმა პარტიული ორგანიზაცია ინსტიტუტში და არჩილ ასათიანთან (რექტორი - ავტ.) ერთად ბევრ რამეში ხელს გვიწყობდა. 5 აპრილის საღამოს ინსტიტუტის სააქტო დარბაზში შევიკრიბეთ სტუდენტური მოძრაობის აქტივისტები, რამდენიმე პარტიის წევრიც იყო, გიორგი ჭანტურიაც. ბათიაშვილი და წერეთელი ვერ მოვიდნენ, რადგან უკვე შიმშილობდნენ. არც მერაბი იყო. ბოლოს მოვიდა ზვიადი და თქვა, მოდი, ასე ვქნათ, მთავრობის სასახლესთან შიმშილობა და დამოუკიდებლობის მოთხოვნა იქნება ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ეგიდითო. ამ დროს გიამ ჭანტურიამ თქვა (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია), მეც შიმშილობას ვაცხადებ, ტელევიზიასთან ვჯდები დამოუკიდებლობის მოთხოვნითო. დაეთანხმა ზვიადი, მთავრობის სასახლესა და ტელევიზიასთან შიმშილობა დამოუკიდებლობის მოთხოვნით იქნება, დანარჩენ ადგილებში კი სხვადასხვა ლოზუნგიო.
- გაგრაში დაგეგმილი 9 აპრილის მიტინგი აქტუალური აღარ იყო?
- როგორ არ იყო. უბრალოდ, დამოუკიდებლობის მოთხოვნა იყო დაყენებული და ასე უცებ ვერ დავეხსნებოდით. ორი გზა იყო: ან დაგვარბევდნენ, ან მთავრობა გამოვიდოდა მოლაპარაკებაზე და გვეტყოდა, მოთხოვნა კარგია, მაგრამ ჯერ ადრეა, მოდი, ერთად ვიმსჯელოთ, მანამდე შიმშილობა შეწყვიტეთ და დაიშალეთო. საბოლოოდ ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდებოდა და 9 აპრილს ყველანი გაგრაში მიტინგზე წავიდოდით. სხვა ლოზუნგები, მაგალითად, სამხრეთ ოსეთის გაუქმება, კიდევ წვრილ-წვრილი მოთხოვნები, რომელთა საჭიროებაც, ვფიქრობ, არ იყო.
ასე არ გამოვა-მეთქი, ვთქვი - ან ყველა წამოვაყენებთ დამოუკიდებლობის მოთხოვნას და თუ იქნება მანიფესტაციები და აქციები, უნდა იყოს მხოლოდ ამ მოთხოვნით, ან იყოს პროტესტის ორი ადგილი - მთავრობის სასახლე და ტელევიზია დამოუკიდებლობის მოთხოვნით და გაფიცვა-მანიფესტაციები აღარ გვინდა-მეთქი. ზვიადი თითქოს შეცბა, მერე გამიღიმა და თქვა, ეს ძალიან სახიფათოაო. მე, 23 წლის ბიჭი, სიტყვა "სახიფათოს" მნიშვნელობას ვერ ვაცნობიერებდი...
- რას გულისხმობდა "სახიფათოში"?
- ყველას გვქონდა წაკითხული, რას უშვრებოდა ჩეკა ადამიანებს, მაგრამ ზვიადს ეს გამოცდილი ჰქონდა. 1956 წელს ისინი ბავშვები აღარ იყვნენ და ნახეს, როგორ მოექცნენ ქართველებს სტალინის ძეგლის გამო. ფრთხილობდა და ეშინოდა კიდეც.
სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს-მეთქი, ამ სიტყვების შემდეგ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ყველგან აქციები იქნებოდა ერთი მოთხოვნით. მეორე დღიდან საქართველოს არ უნდა ემუშავა, არ უნდა ესწავლა და ა.შ. მოკლედ, შტაბი გადადის მთავრობის სასახლესთან, ყველაფერი იქ იგეგმება.
"აფხაზეთში შამპანურები გაიხსნა..."
- 6 აპრილის საღამოს უკვე ვიცოდით, რომ აუცილებლად დაგვარბევდნენ. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს ქართული მილიცია იქნებოდა, მაგრამ 7 აპრილს მოვიდა ხმა, რომ რუსები დაგვარბევდნენ, სავარაუდოდ, ჯარი და დავიწყეთ ინფორმაციის შეგროვება, რა ხდებოდა ქალაქში განლაგებულ რუსული ჯარის ნაწილებში...
მთავრობის სასახლესთან მიტინგი გრძელდებოდა, მიტინგი იყო ტელევიზიასთან. იყო საუბარი, რომ ჯერ რუსთაველზე დაგვარბევდნენ და შემდეგ ყველა ადგილს შემოივლიდნენ. 7 აპრილს ღამით მოვიდა ხმა, რომ "რბილი" დაშლა არ იქნებოდა, მაგრამ ვის წარმოედგინა თუ ხალხს ალესილი ნიჩბებით დაერეოდნენ...
... დავიწყეთ მსჯელობა, თუ აქ დარბევა დაიწყებოდა, რას ვაპირებდით. იყო მსჯელობა დარბევის დროს დაშავებულების სამედიცინო მომსახურებაზე. შიმშილობის დროს მთავრობის სასახლესთან ჩვენი სტუდენტებიც იყვნენ, ზოგიერთი შიმშილობდა კიდეც. თუმცა სამედიცინო მომსახურებას ყველას უწევდნენ, მაგრამ დარბევის დროს ეს ნაკლებად იქნებოდა შესაძლებელი. მთავრობის სასახლესთან ჩვენი სასწრაფო დახმარების ექიმებსაც სასტიკად სცემდნენ რუსები. ყველამ ვიცოდით, რომ ცრემლსადენ გაზს გაუშვებდნენ, "დესანტნიკებს" არ ველოდით. ვვარაუდობდით, რომ უფრო შინაგანი ჯარი და ქალაქის მერვე პოლკი გამოვიდოდნენ...
9 აპრილს რაც მოხდა, ყველამ ვიცით...პირველ საათებში ვერავინ გაარკვევდა, ადამიანი მოწამლული იყო თუ არა, მკურნალობა სიმპტომური ნიშნებით მიდიოდა. თუმცა მალე მიხვდნენ ჩვენი ექიმები, რომ მომიტინგეები გაზით იყვნენ მოწამლული.
- 9 აპრილს გაგრაში მიტინგი გაიმართა?
- გაიმართა და მიტინგის მსვლელობის დროს გაიგეს, რომ თბილისში ხალხი იყო დახოცილი. ამის გამო სამგლოვიარო მიტინგად გადაიქცა.
- გაგრაში დარბევა არ უცდიათ?
- არა, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ აფხაზეთში შამპანურები გაიხსნა მომხდარის გამო...