"საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი, რეჟიმი, როგორიც პუტინს აქვს, საქართველოში ფეხს არასოდეს მოიკიდებს" - კვირის პალიტრა

"საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი, რეჟიმი, როგორიც პუტინს აქვს, საქართველოში ფეხს არასოდეს მოიკიდებს"

რამდენჯერაც არ უნდა შემოატრიალონ კანონი, რომელიც ჩვენს ევროპულ პერსპექტივას კლავს, იმდენჯერ ქართულ საზოგადოებას არ დაეზარება და თავის სათქმელს იტყვის, - ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ „თავისუფლების მარშის“ მიმდინარეობისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მიზანი როგორც საქართველოში, ისე რუსეთში, თავისუფალი აზრისა და სიტყვის განადგურებაა, რის შემდეგაც არჩევნების ჩატარებასაც „აზრი ეკარგება“.

„დღევანდელი მარშის მიზანი ის არის, რომ ერთმანეთს და საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახოთ - საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი. ისეთი რეჟიმი, როგორიც პუტინს აქვს, საქართველოში ფეხს არასოდეს მოიკიდებს.

რამდენჯერაც არ უნდა შემოატრიალონ კანონი, რომელიც ჩვენს ევროპულ პერსპექტივას კლავს, იმდენჯერ ქართულ საზოგადოებას არ დაეზარება და თავის სათქმელს იტყვის. ეს ჯერ დასაწყისია და დარწმუნებული ვარ, რამდენი დღეც არ უნდა დასჭირდეს, მთელი ქართული საზოგადოება ფეხზე დადგება, რადგან ჩვენს თავისუფლებას სხვა ვერავინ დაიცავს. რაც არ უნდა მკაცრი განცხადებები გააკეთონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ჩვენ უნდა ვიყოთ აქ, ყოველთვისაც იქ, სადაც ჩვენს მომავალს დავიცავთ.

ამ კანონს შარშანაც „შიშის კანონი“ დავარქვი. მისი მიზანი რუსეთშიც და საქართველოშიც თავისუფალი აზრისა და სიტყვის განადგურებაა. შემდეგ არჩევნების ჩატარებასაც აზრი ეკარგება და ყველაფერი ხელისუფლების აბსოლუტური კონტროლის ქვეშაა. როგორც ჩანს, მმართველ პარტიას არ აქვს იმედი, რომ დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლებას შეინარჩუნებს“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

"ინტერპრესნიუსი"