"ნატოს მოუწოდა, რომ რუსეთის წინაშე სისუსტე არ გამოავლინოს" - რა შემთხვევაში დაემუქრება ინგლისელებს "დაკარგულ ერად" გადაქცევის რისკი და გაგზავნის თუ არა ჯარს უკრაინაში ემანუელ მაკრონი - კვირის პალიტრა

"ნატოს მოუწოდა, რომ რუსეთის წინაშე სისუსტე არ გამოავლინოს" - რა შემთხვევაში დაემუქრება ინგლისელებს "დაკარგულ ერად" გადაქცევის რისკი და გაგზავნის თუ არა ჯარს უკრაინაში ემანუელ მაკრონი

„თუ პარიზი თავის სამხედრო ქვედანაყოფებს უკრაინის დასახმარებლად გაგზავნის, მაშინ ლონდონსაც იგივეს გაკეთება მოუწევს. დასავლეთისათვის ომში ჩარევის საწყისი მიზეზი იქნება ოდესის აღება რუსეთის არმიის მიერ“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ექსპრესში“ (The Daily Express) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „თუ ემანუელ მაკრონი უკრაინაში ჯარს გაგზავნის, მაშინ ბრიტანეთმაც უნდა გაგზავნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინგლისელებს „დაკარგულ ერად“ გადაქცევის რისკი ემუქრება“ (ავტორი - ჯონ ვარგა).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დიდი ბრიტანეთის არმიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოფიცრის, გლენ გრანტის თქმით, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გადაწყვეტს თავისი ჯარის გაგზავნას კიევის ან ოდესის დასაცავად, მაშინ ბრიტანეთს სხვა არჩევანი აღარ დარჩება, გარდა იმისა, რომ უკრაინაში თავისი ჯარებიც გაგზავნოს, პუტინის არმიასთან საბრძოლველად.

როგორც ცნობილია, ფრანგმა ლიდერმა აურზაური გამოიწვია თავის კოლეგებს შორის თებერვალში, როცა მან დასაშვებად ჩათვალა, რომ ნატოს მოუწევს ჯარის შეყვანა უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის არმიის შესაჩერებლად. მან არ გამორიცხა ფრანგული სამხედრო ქვედანაყოფების გაგზავნა, სავარაუდოდ, უკრაინის რომელიმე მსხვილ ქალაქში, რომელსაც რუსების ოკუპირება დაემუქრება.

ემანუელ მაკრონმა თავისი განცხადება პარიზში ჩატარებული ევროპის 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერის სამიტის შემდეგ გააჟღერა. პრეზიდენტის თქმით, „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ომი რუსეთმა არ მოიგოს“ და აღნიშნა, რომ „მართალია, დღეს კონსენსუსი არ არის სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის მხარდაჭერის საკითხში, თუმცა სიტუაციის განვითარების კვალობაზე, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“. ემანუელ მაკრონმა იგივე გაიმეორა მარტში და ნატოს მოუწოდა, რომ რუსეთის წინაშე სისუსტე არ გამოავლინოს.

გლენ გრანტი, რომელიც წლების წინ დიდი ბრიტანეთის არმიაში პოლკოვნიკის სამხედრო ჩინით მსახურობდა, ამჟამად უსაფრთხოების ფონდის ანალიტიკოსს წარმოადგენს. როგორც მან განუცხადა „დეილი ექსპრესს“, ბრიტანეთი თავის რეპუტაციასა და პრესტიჟს დაკარგავს, თუ საფრანგეთს არ მიბაძავს, როცა უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნის აუცილებლობა დადგება.

„მოდი, პირდაპირ და ღიად ვთქვათ: ალბათ, ჩვენც მოგვიწევს ბრძოლაში ჩაბმა - იმიტომ, რომ მე ვერ წარმომიდგენია სიტუაცია, როცა ფრანგები საომრად წავლენ მოვალეობის გრძნობით, ჩვენ კი უარს ვიტყვით. ვთვლი, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვალდებულები ვართ იგივე გავაკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავიკარგებით. დიდი ბრიტანეთი ისედაც უკვე კარგავს თავის ავტორიტეტს იმის გამო, რომ სამხედრო აღჭურვილობისა და ტექნიკის გაკეთებას გადავეჩვიეთ და [უკრაინელებს] დროულ დახმარებას ვერ ვუწევთ“, - ამბობს გლენ გრანტი „დეილი ექსპრესთან“ საუბარში.

მართალია, თვითონ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უკრაინაში არსებული სიტუაცია დასავლეთის ჩარევას არ საჭიროებს, მაგრამ გლენ გრანტმა, თავის მხრივ, მაინც ისაუბრა სამხედრო ესკალაციის იმ „წითელ ხაზებზე“, რომლებიც მას აქვს წარმოდგენილი - მაგალითად, დასავლეთი უნდა ჩაერიოს, თუკი რუსეთის არმიის ქვედანაყოფები უკრაინის შავი ზღვის მსხვილ ნავსადგურს - ოდესას დაიკავებენ.

„ვთვლი, რომ ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინის არმიის მიერ ოდესის დაპყრობას არ დაუშვებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა კარგად იცის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ოდესას უკრაინისათვის. ეს ქალაქი თუ დაეცემა, მაშინ უკრაინის მთლიანი შიდაპროდუქტი (მშპ) 20%-იან ზარალს მიიღებს. ქვეყანას ისედაც დიდი ფინანსური პრობლემები აქვს და მას წინ უარესი მდგომარეობა ელოდება, თუ სამხრეთის საზღვრებს და შავ ზღვაზე გასასვლელს დაკარგავს“, - ამბობს ექსპერტი „დეილი ექსპრესთან“ ინტერვიუში.

რუსეთის არმიის მიერ ოდესის სავარაუდო დაკავება უკრაინის მეზობლებსაც დიდ საფრთხეს შეუქმნის და სამხედრო მოქმედებების ესკალაციის ალბათობას გაზრდის... და თუ ამგვარი მდგომარეობა რეალურად შეიქმნება, მაშინ, რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთი, ისევე, როგორც 1850-იანი წლების ყირიმის ომში, როცა ინგლისის სამხედრო გემები, ფრანგულთან ერთად, შავ ზღვაში შევიდნენ და ოდესა დაბომბეს, ახლაც გარკვეულ მონაწილეობას მიიღებს.

„თუ ოდესა დაეცემა, რუსების შემდეგი სამიზნე მოლდოვა გახდება. ამას პირდაპირ ვამბობ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე... და თუ მოლდოვაც დაეცემა, მაშინ უახლოეს ხანში დავინახავთ, რომ რუსეთი დაემუქრება რუმინეთს, ესტონეთს, ლატვიას... ვთვლი, რომ თუ გაბედულად არ დავიწყებთ მოქმედებას, რუსული გზის სატკეპნი მანქანა ჩვენც გადაგვივლის ანუ დროულად უნდა ვიმოქმედოთ და კრემლი შევაჩეროთ. ეს ჩვენი ძალის დემონსტრირება კი არ იქნება, არამედ - თავდაცვისათვის წინასწარი მოქმედება“, - ასკვნის პოლკოვნიკი გლენ გრანტი.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ