ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედების შემთხვევაში მის ასაფრენ-დასაფრენ კურსზე მშენებლობები დაუშვებელი იქნება... - კვირის პალიტრა

ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედების შემთხვევაში მის ასაფრენ-დასაფრენ კურსზე მშენებლობები დაუშვებელი იქნება...

საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილ ვაზიანის სამხედრო ბაზის აეროდრომის ახალ საერთაშორისო აეროპორტად გადაკეთების თემა კვლავ გააქტიურდა და საქართველოს მთავრობამ, ფაქტობრივად, გადაწყვიტა, იქ სამხრეთ კავკასიის უმთავრესი საჰაერო ჰაბის გახსნა.

ვაზიანში სამხედრო ბაზისა და სამხედრო პოლიგონის დღეს ფუნქციონირების ფაქტორის გათვალისწინებით, თუკი იქ რამდენიმე წელში მართლაც აშენდა საერთაშორისო აეროპორტი, მთელი თავისი ინფრასტრუქტურით, ეს შეუძლებელს გახდის სამხედრო პოლიგონის გამოყენებას, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.

თუმცა საფრენოსნო უსაფრთხოება, ასევე, მოიცავს ერთ მნიშვნელოვან პირობასაც, რომლის დარღვევა შეიძლება ჯერ კიდევ აეროპორტის აშენებამდე დაიწყოს ვაზიანში...

საქმე ის არის, რომ სამოქალაქო თუ სამხედრო აეროდრომების ასაფრენ-დასაფრენი უსაფრთხოების სივრცე თავად აეროდრომის ზოლის ორივე მხარეს რამდენიმე კმ-ით გრძელდება, სადაც უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ უნდა იყოს განთავსებული მაღალი შენობები და სასურველია, არავინ ცხოვრობდეს -თვითმფრინავების აფრენისას ან გლისადაზე დაშვებისას ყოველთვის არსებობს ადამიანური ფაქტორის, საფრენი აპარატის ტექნიკური პრობლემის ან რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მოხდეს საავიაციო შემთხვევა ან ავარიის ან უფრო უარესი -ავიაკატასტროფის სახით, რის შედეგადაც დაზარალდებიან არა მარტო თვითმფრინავის ბორტზე მყოფნი, არამედ - აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ორივე მიმართულების გაყოლებაზე მაცხოვრებლებიც...

1-vaz-1712737786.png
რაც უფრო დაცილებული იქნება დასახლებული პუნქტები აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის ორივე მიმართულებიდან, მით უკეთესი იქნება საავიაციო უსაფრთხოების თვალსაზრისით...

ამის ტრაგიკული გამოცდილება, სამწუხაროდ, გვაქვს, როდესაც 1992 წლის 20 ივლისს თბილისის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე გარბენისას Ту-154Б ტიპის თვითმფრინავმა ვერ შეძლო აფრენა, ალექსეევკაში დასახლებულ ადგილას შეიჭრა და აფეთქდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის 8 წევრი და 16 მგზავრი დაიღუპა. ავიაკატასტროფას ემსხვერპლა ხმელეთზე მყოფი 4 მოქალაქეც. როგორც გაირკვა, თვითმფრინავი 20 ტონა ჩაით იყო დატვირთული, რომელიც ქ. მინვოდში მიჰქონდათ, მაგრამ თვითმფრინავში ჩატვირთვის დროს არ დაიცვეს ტვირთის გადანაწილების წესები, რის გამოც დაირღვა თვითმფრინავის ბალანსირება და აფრენა შეუძლებელი გახდა.

თავის დროზე, როდესაც თბილისის აეროპორტი ნელ-ნელა ვითარდებოდა, მის ჩრდილო-დასავლეთით სპონტანურად პატარა დასახლება - ალექსეევკაც გაჩნდა, რომელშიც, ძირითადად, აეროპორტის მომსახურე პერსონალის ოჯახები სახლდებოდნენ, შესაბამისად, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის ბოლოდან სამასიოდე მეტრში უკვე კერძო სახლები იწყება...

სხვათა შორის, ექვსკილომეტრიან რადიუსში, თუკი ცენტრად დასახლება გამარჯვებას ავიღებთ, სამი აეროდრომია განთავსებული - ჩრდილო-დასავლეთით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, დასავლეთით „თბილაავიამშენის“ „ველის“ საცდელი აეროდრომი და სამხრეთ-აღმოსავლეთით კი -ვაზიანის სამხედრო აეროდრომი.

გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში, ძირითადად, ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი ქრის, ეს სამი აეროდრომიც თავის დროზე თითქმის ერთმანეთის პარალელურად აშენდა, ერთი და იმავე კურსით აფრენისთვის, რათა თვითმფრინავებს შემხვედრი ქარი გარანტირებული ჰქონოდათ.

2-vaz-1712737833.png
ვაზიანის სამხედრო აეროდრომი თავისი რკინაბეტონის დაცული ანგარებით პირველი ცივი ომის გადმონაშთს წარმოადგენს და მის ადგილზე მართლაც შეიძლება სამხრეთ კავკასიაში საუკეთესი საავიაციო ჰაბის ამოქმედება, თუკი მისი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის ორივე მხარის გაყოლებით არ დაიწყებენ სპონტანურ მშენებლობებს, იქ მიწის მნიშვნელოვნად გაძვირების წინ...

თუკი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და „ველის“ საცდელი აეროდრომიდან აფრენილი თვითმფრინავები, ფაქტობრივად, დედაქალაქის საცხოვრებელი უბნების თავზე გადადიან, ვაზიანის სამხედრო აეროდრომიდან აფრენისას ეკიპაჟს საშუალება აქვს, მალევე მარჯვენა დაფერდებით გვერდი აუაროს თბილისს, რაც უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, უფრო მისაღებია.

ვაზიანის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებაზე, ორ კმ-ში, მდებარებს გამარჯვება, ხოლო ამავე ბილიკის მეორე ბოლოში, სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებაზე, საერთოდ არ არის დასახლებული პუნქტები, რაც ამ მიდამოებში მართლაც იძლევა სერიოზული და დიდმასშტაბიანი საჰაერო ჰაბის შექმნის საშუალებას, თუმცა...

თუმცა ის, რომ უკვე გამოჩნდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პარალელურად, მკვეთრად გაიზრდება ფასები მის მიმდებარე მიწებზე და დაიწყება მშენებლობის ბუმი...

ახლის აშენებას რა სჯობს, ოღონდ გეგმიურად (და არა ისე, რაც თბილისში ბოლო ათწლეულებია ხდება) და ვაზიანის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის გაგრძელებაზე ორივე მხარეს, უსაფრთხოების ზოლის გათვალისწინებით, იქ რამდენიმე კმ-ის სიგრძეზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოს მშენებლობები, რათა არ განმეორდეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ალექსეევკას დასახლების ვარიანტი, რაც შემდგომში თავიდან აგვარიდებს შესაძლო დამატებით ტრაგედიებს უკვე მიწაზეც...