სოფლის შენებას ძალიან ბევრი რამ უნდა - კვირის პალიტრა

სოფლის შენებას ძალიან ბევრი რამ უნდა

ნაირა პაქსაძე-ბოლქვაძე ფერმერია მარნეულის სოფელ მარადისში. ის ეკომიგრანტია აჭარიდან, მათი ოჯახი 1989 წელს ქვემო ქართლში მეწყერსაშიში ზონიდან, ხულოს რაიონის სოფელ კორტოხიდან ჩამოასახლეს. "დაზარალებულ ოჯახებს თავიდან შულავერში, ფაბრიკის კორპუსებში თითო ოთახი ჩამოგვირიგეს, მიწაც გამოგვიყვეს სახლების ასაშენებლად. მშენებლობა რომ დაიწყო, მაგ დროს მოხდა საჩხერეში მიწისძვრა და მთელი ტექნიკა იქით გადაისროლეს. საქმე უნდა გაეგრძელებინათ, მაგრამ მერე ქვეყანა აირია და ყველაფერი შეწყდა. დავრჩით იმ ერთ ოთახში..."

კიდევ კარგი, მიწის ნაკვეთები აზომილი და დანაწილებული იყო, სადაც ზოგმა ვაგონი, ფაცხა, მიწური ჩადგა. პატარა ვიყავი, ოჯახი 4 წევრისგან შედგებოდა, ახალგაზრდა მშობლები, მე და ჩემი ძმა... დიდი დრო დაგვჭირდა, რომ ხალხს იმ ადგილას ახალი ცხოვრება დაეწყო. ვაგონებსა და თითო ოთახში თითქმის 20 წელიწადი გავიდა. ბოლოს, ჩემი თაობის ახალგაზრდები რომ წამოვიზარდეთ, რომლებიც, ფაქტობრივად, უკვე აქაურები ვიყავით, გავაქტიურდით. სიტუაციაც გამოსწორდა", - გვიყვება ჩვენი რესპონდენტი.

ae9762d3-28bc-45f0-af8b-370aaf96014b-1712752182.jpg

ნაირა პაქსაძე-ბოლქვაძე:

- გამოდის, თქვენ თვალწინ ჩაიარა თქვენი სოფლის შენებამ...

- კი და ყველა პროცესში ვმონაწილეობდი - გზის გაყვანა იქნებოდა, დენის, გაზის თუ ნაგვის ურნების დადგმა. მარადისში 50 კომლი ცხოვრობს და ყველა ეკომიგრანტია. სოფელს ეს სახელი ჩვენ დავარქვით.

- მონდომებით, შრომის უნარითა და იდეებით, სოფელში პირველი აღმოჩნდით, ვინც სასათბურე მეურნეობას ჩაუყარეთ საფუძველი.

- ჩვენს სოფელში პირველი სათბური მე გავაკეთე. მწვანე სალათა, ბროკოლი, კომბოსტოს ნაირსახეობა მომყავს. ბავშვობიდან ჩართული ვარ სოფლის მეურნეობაში, მიზიდავდა ეს სფერო და მაინტერესებდა ახალ-ახალი კულტურები.

მარადისში პირველად მე დავრგე ბროკოლი, ჩინური კომბოსტო, ახლა სატაცურიც მომყავს როგორც სათბურში, ისე ღია გრუნტში. მაქვს ალუჩის სათბურიც, ქვემო ქართლში ესეც პირველია.

როდესაც სათბურის აშენება მოვიფიქრე, გადავწყვიტე, ბამბუკის ჯოხებისგან გამეკეთებინა. დასავლეთიდან ჩამოვიტანეთ ბამბუკი, ყველა გაკვირვებული მიყურებდა, ეს გოგო რას აკეთებსო. სათბური ასე გავმართე. პირველ ორ წელიწადს კარგად იმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ მარნეულში თოვლი არ იცის, იმ წელს პატარა თოვლი მოვიდა და ბამბუკის სათბური გამიფუჭდა.

ამ ბიზნესის დასაწყებად არაერთი ტრენინგი გავიარე. ვთქვი, რატომაც არა-მეთქი, აგროსესხი გამოვიტანე და დიდი სათბურები ავაშენე. ახლა ოთხი დიდი სათბური მაქვს.

340924668-1575743039614569-8535662073447716405-n-1712752183.jpg

- სათბურები თქვენი ოჯახის მიწაზეა?

- მე და ჩემი მეუღლე რომ დავოჯახდით, თავიდან ვაგონში ცხოვრებამ მოგვიწია. ვიყიდეთ მიწა და ახლა იმ მიწაზე გვაქვს ის ოთხი დიდი სათბური. სამი სათბური სესხით ავაშენე, ერთი კი სულ ახლახან, ქალების პროექტი იყო მარნეულში და გრანტი მოვიგე. თითოეულში ოთხი მოსავალი მომყავს, ძირითადად, ბოსტნეული. ამჟამად მაქვს ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, მწვანე სალათა, ჩინური კომბოსტო. მოგვიანებით ვთესავ კიტრსა და ზამთრის სეზონზე სალათის ორი მოსავალი მომყავს.

ჩემი მეუღლე თბილისის ბაზრებში ყოველდღიურად დადის. სუპერმარკეტების დისტრიბუტორებმა იციან, სადაც ვდგავართ და რომ სულ ახალი პროდუქტი გვაქვს.

- ოთხი სათბური დიდ შრომას მოითხოვს. იმავდროულად, სხვადასხვა საქმეში ხართ ჩართული. ვინმე გეხმარებათ?

- ნებისმიერი საქმე ასეა, თვითონ თუ არ შეავლე ხელი, არ გამოვა, ასევე მყავს ოთხი დამხმარე, აზერბაიჯანელი ქალი, რომლებიც დარგვა-გათოხნაში, მოსავლის აღებაში მეხმარებიან. მათთან ერთად მეც ვმუშაობ.

- სათემო მუშაკიც ხართ, სხვადასხვა პროექტზე გიწევთ ქალებს მუშაობა?

- კი, ჩავერთეთ ახალ პროექტებში, რაც კი შემოგვთავაზეს სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ჯანსაღ მოსავალზე იქნებოდა, უვნებელ მოსავალზე თუ იშვიათ კულტურებზე, ყველა ტრენინგ-სემინარს ვესწრებოდი და ცოდნა კარგად ავითვისე. რაც ვისწავლე, მერე პრაქტიკაშიც დავნერგე.

ახლა სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯში სტუდენტებს პრაქტიკულ ნაწილს ვასწავლი. ბევრ რამეს ჩემს სათბურებში ვაჩვენებ. ბოლო დროს ყურადღებას იქცევს ჩემი სატაცურის ბაღი. სტუდენტები, ამ კულტურაზე რა სამუშაოებსაც გავდივართ, ყველაფერს ნახულობენ.

მარნეულში გავაკეთეთ ქალთა პირველი­ საჩი­თილე კოოპერატივიც და ბოსტნეულის ჩითილები მაღალტექნოლოგიურად მოგვყავს, ძირითადად, კომბოსტოსნაირები. სალათის სათბური ბევრია, მაგრამ მაღალტექნოლოგიური იშვიათადაა როგორც ქვემო ქართლში, ისე მთელ საქართველოში. დაფინანსება გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა მოგვცეს. ტექნოლოგიური სათბური საშუალებას გვაძლევს იშვიათი და ახალ-ახალი ჯიშები, კულტურები გამოვიყვანოთ და შემდეგ ჩვენს ნაკვეთებსა თუ სათბურებში გადავრგოთ.

c291af61-96bf-42f4-9617-6beabd050f91-1712752182.jpg

- ამ ყველაფერს როგორ ასწრებთ?

- დილით ძალიან ადრე ვიღვიძებ. ჯერ ჩემს სათბურებს მოვივლი. წვეთოვანი სისტემა მაქვს, მოსარწყავია, შესაწამლი თუ გასათოხნი, ამ ყველაფერს ვათვალიერებ. ჩითილებს ყოველდღიურად მორწყვა სჭირდება. მერე კოლეჯში მივდივარ და ლექციებს ვატარებ. შესვენებებზე ჯგუფებთან შეხვედრებს ვგეგმავ, რადგან არაერთი პროექტის სათემო მუშაკი ვარ. ქალებს უნდა შევხვდე და ახალი ინფორმაცია გავაცნო. ამჟამად სამი სოფლისთვის - მარადისისთვის, დიოკნისისა და აზერბაიჯანულ სოფელ ხულდარისთვის ვმუშაობ. 5 საათისთვის შინ ვბრუნდები, სადაც დაბარებული მყავს დამხმარე ქალები. ერთად ვამზადებთ გასაყიდად პროდუქციას. ამ დროისთვის ჩემი მეუღლე ბაზრიდან უკვე მოსულია. მანქანა სათბურში შედის და პროდუქტით ვტვირთავთ. დამხმარეები მშრომელი ქალები არიან. ამდენი წლის ურთიერთობა გვაქვს და შეწყობილად ვმუშაობთ. ბოლოს შინ ძალიან დაღლილი შევდივარ, ვახშამს ვამზადებ და გვიანობამდე კომპიუტერთან ვმუშაობ - ისევ ქალებს ვეხმარები.

- რა გეგმები გაქვთ?

- მინდა ჩემს სოფელში ჩამოვაყალიბო ორგანიზაცია, რომელიც ქალების მხარდასაჭერად იმუშავებს. ამისთვის გრანტის ნაწილი მიღებული მაქვს. ასევე მინდა გრანტების დახმარებით სოფელ მარადისში დიდი საწარმოს გახსნა. მთელი სოფელი უვნებელ მოსავალზე გადავედით. არა მარტო მე, ბევრი ფერმერია აქ, რომელსაც ჯანსაღი, ხარისხიანი მოსავალი მოჰყავს. ამ დროს თბილისის ბაზრებზე ეს მოსავალი თითქოს იკარგება, არავინ იცის, რომ ის სოფელ მარადისის არის, საწარმოში კი პროდუქტს შევფუთავთ, ლოგოს დავადებთ. ტონობით მოსავალი მოგვყავს და რეალიზება ცოტა ჭირს. დონორებსაც შევეხმიანეთ უკვე და იმედია, ეს ჩანაფიქრი შესრულდება.

- ჯანსაღი მოსავალი რის ხარჯზე მოგყავთ?

- მარნეულის მხარეში მოსავლიანი ნიადაგია. მას ქიმიურად არ ვაბინძურებთ. ყოველ წელს ვაკეთებთ ნიადაგის ანალიზს, რაშიც აქამდე "ენპარდის" პროექტი და "ფაო" გვეხმარებოდა. ვიცით, რა აკლია ნიადაგს და არ ვტვირთავთ, NPK სასუქებს (N აზოტი, P ფოსფორი, K კალიუმი) ყოველწლიურად ჩვეულებრივად ვაძლევთ. ასევე გადამწვარ ნაკელს.

- შვილები გეხმარებიან?

- ორი შვილი მყავს, სტუდენტი და აბიტურიენტი და საქმეშიც ჩართული არიან. სანამ გოგონა სტუდენტი გახდებოდა, ათიათასობით ჩითილს მათესვინებდა. ბიჭი აგრონომიით არის დაინტერესებული და ამ დარგზე აბარებს. სკოლის დამთავრებასთან ერთად, კოლეჯში მეურნეობის კურსები გაიარა, დიპლომიც აქვს, მოკლედ, ჩართულია ფერმერულ საქმეში. შარშან 10 დღით პროექტის ეგიდით სამხრეთ აფრიკაში ვიყავი და შვილი მეურნეობას მშვენივრად გაუძღვა. ასე რომ, ყველანი ვმუშაობთ და საინტერესო გეგმებიც გვაქვს.