“იაპონელები და გერმანელები მეუბნებიან იმერულ სოფლებზე - "ეს ჩვენი სოფლებიაო..." - კვირის პალიტრა

“იაპონელები და გერმანელები მეუბნებიან იმერულ სოფლებზე - "ეს ჩვენი სოფლებიაო..."

დამსახურებული მხატვრის გურამ დოლენჯაშვილის ნამუშევრები პირველად ინტერნეტში ვნახე. შემდეგ, შემთხვევით შერეულ გამოფენაზე აღმოვაჩინე და წარუშლელი შთაბეჭდილებებიდან ვერ გამოვედი. მერე უკვე მიზანმიმართულად ვეძებდი მის შედევრებს, კარგად ვაკვირდებოდი, რომ ბევრი მეფიქრა - შავ ფანქარში ასახულ ამ ლამაზ პეიზაჟებს რატომ შემოჰქონდა ჩემში ამდენი ფერი და მგვრიდა სიმშვიდესთან ერთად სიხარულს?

თვითონ მიპოვა სოციალურ ქსელში. შორიდან ვურთიერთობდით... და, ეს დღეც დადგა, როცა ფინჯან ჩაიზე დამპატიჟა. შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი... მის სამუშაო ოთახში, რომ შევედი დიდებული ავთო ვარაზის სიტყვები გამახსენდა: „მთავარია ნახატი გესაუბრებოდეს და სუნთქავდეს. მართალია, ნახატის ბოლო - ლურსმანია, რომელზეც უნდა ეკიდოს იგი მუდმივად თუ დროებით, მაგრამ მხატვარს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ იგივე ლურსმანზე მისი ცხოვრების ნაწილი ჰკიდია.“

ბატონი გურამის არა მარტო ცხოვრებაა ამ შედევრებში, არამედ სხვათა ცხოვრების მთელი სიუჟეტებია. გამადიდებელს მაწვდის და მეც ექსპერტივით ვთანხმდები. ერთი შეხედვითაც ხომ ნათლად ჩანს ცხოვრების ნიუანსები, მაგრამ გამადიდებლით აღმოვაჩენ, რომ სურათები (როგორც თავად უწოდებს) სავსეა პატარ-პატარა მდინარეებით, ხიდებით, ისტორიული პასაჟებით, ბუნების პეიზაჟებით და როგორც ბატონი გურამის ერთი მეგობარი იტყოდა გაცილებით მეტი ფოთლით, ვიდრე ხეს აქვს... თავისი განსაკუთრებული ტექნიკით.

რა ვკითხო (ეჭვი შემეპარა ჩემში) ისეთი, რომ ამ ქმნილებების არსი არ დავაკნინო? როგორი სიხალასეა მათში. როგორც იქნა ხმა ამოვიღე და სასხვათაშორისოდ ვთქვი: შავ-თეთრი ჯობია. რა? - მეკითხება. -აი, ისე ბატონო გურამ მილიონობით ფერადი ფოტო რომ არის დღეს სამყაროში ტექნიკის განვითარების გამო და როცა შეხედავ, შეადარებ, ძველ შავ-თეთრ ფოტოებს და თანამედროვეს, ამბობ, შავ-თეთრი ჯობს. დავუზუსტე.

blog-1712758272.jpg

- გრაფიკაც ნაცადი მაქვს და ფერწერაც. დღეს 100-მდე მხატვარი მაინც იქნება საქართველოში, ვინც ფერწერაში მაჯობებდა, ამიტომ არ გავყევი ფერწერულ ნამუშევრებს. არ მიყვარს, თუნდაც კარგი მხატვარი ეწოდებინათ ჩემთვის, მაგრამ 101-ე ვყოფილიყავი. ასე შავ ფანქარში არავინ ხატავს, თან არ შემიძლია ცუდი გამომივიდეს, ყველა ჩემი ნამუშევარი სრულყოფილი უნდა იყოს. ხან თვეები, ხანაც წლები სჭირდება ერთი ნამუშევრის შექმნას. თან ამისთვის, რასაც მე ვაკეთებ აკადემიური ცოდნაა საჭირო. მხატვრის ხედვა უნდა გქონდეს!

თანამედროვე ფერწერაში რიგ შემთხვევებში ისეთი ნამუშევრები იქმნება, რომ აზრი არა აქვს. რომ იცოდეთ ფანქარი ათასჯერ უფრო ძნელია, ვიდრე ფერწერა.

ვაწყვეტინებ.

- ბატონო გურამ პიკასო ამბობდა: „მე ჯერ ვპოულობ და მხოლოდ ამის შემდეგ ვეძებ“ ეს მოსაზრება ხელოვნებათმცოდნეებმა შეაფასეს როგორც...

ახლა თვითონ მაწყვეტინებს და მეუბნება:

- მე არავითარ შემთხვევაში არ მინდა ვიყო პიკასო, არ მინდა ვიყო მიქელანჯელო (ამაზე დიდი არ არსებობს) არც დელაკრუა და სხვა. მე მინდა ვიყო მე! მინდა გამოვეყო სულ ყველას და ჩემი ინდივიდუალობა ვანახო. მე, რომ მხოლოდ ჩემი თავი ვიყო ეს არის ურთულესი რამ. ჩემი ნამუშევრები სურათებია და არა ჩანახატები...

blogblogblog-1712758315.jpg

ახლა გავიგე, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ ფანქრით მომუშავე მხატვრებს. სულ რამდენიმეა. არავინ „მუშაობს“ ამ ტექნიკით. ისეთ სურათებს ვქმნი, რომ შესვლა და იქ ცხოვრება მოგინდეს...

- მგონი მართლა ასეა. ისეთი სიცხადეა ამ ნამუშევრებში, რომ ჩემი სოფელი მინდა იყოს. ძალიან ქართული სოფლებია, სადღაც ამბობდით იმერეთის სოფლებიაო. მიტოვებული მეგონა, დარდისგან გადმოცემული ქაღალდზე...

- მხოლოდ თქვენ კი არა, გამოფენაზე დამთვალიერებელს ხშირად უთქვამს - ახსენდებათ თავისი სოფელი, ახსენდებათ თავისი მიწა-მამული. თუ ხანში შესული დამთვალიერებელია, მინახავს უტირია კიდეც, მაგრამ საოცარი იცით რა არის? როცა გერმანელი და იაპონელი მეუბნება, - „ეს ჩემი სოფელია, რა ზუსტად გადმოეცით“ ძალიან მიკვირს... ხანდახან მთხოვენ ეს ნამუშევრები მივყიდო მათ და ვერ ვიმეტებ, ამ იმერულ სოფლებს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ „მოწამეთაზე“ 4 წელი ვიჯექი და ვხატავდი. ოთხი წელი, აუდგომლად, ყველაფრისგან მოწყვეტილი... მე არ მიყვარს არასრულყოფილი ნამუშევარი, ან სახელდახელოდ შექმნილი. სული ბოლომდე უნდა ჩავდო, ბოლომდე უნდა მოვკვდე, რომ ასეთი „დავბადო“.

blogblog-1712758366.jpg

- თქვენ ახსენეთ, რომ არავითარ იდეას და შთაგონებას არ ელოდებით არასდროს, მაგრამ ამავე დროს, უნდა გქონდეს პირველ რიგში, აკადემიური განათლება და შემდეგ მხატვრის ხედვა... ჰოდა, რა ხედვა იყო პირველად, სულ, სულ პირველად, რამაც ფანქართან დაგამეგობრათ?

- ეს ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში მოხდა. მე და პარმენ მარგველაშვილი ბაღიდან ერთად მოვდივართ და საბავშვო-ბაღში ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ხატვაში. სად გვქონდა მაშინ ან საღებავები, ან წესიერი ფანქრები? (იცინის) ჰოდა, ამ შავი ფანქრით ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. მერე, სკოლაშიც ერთად ვიყავით და სამხატვრო სკოლაშიც. პარმენი, მერე სხვა გზით წავიდა და მე, შეიძლება ითქვას საბავშვო-ბაღიდან არ გამიგდია ხელიდან ფანქარი. როგორც გითხარით ვცადე ბედი ფერწერაში და დღესაც შემიძლია ამ მიმართულებით მუშაობა, არ მინდა! ფანქარი მირჩევნია!

- ამ თქვენი სამუშაო ოთახის ფანჯრიდან ისეთ ხედი იშლება, რომ პოეტების არ იყოს, ალბათ ესეც გეხმარებათ უფრო შთამბეჭდავი იყოს თქვენი ნამუშევრები... ჰო, მართლა ქუთაისს ხშირად სტუმრობთ? წარმოშობით ხომ იქიდან ხართ?

- აღარ მიზიდავს ქუთაისი. 81 წლის ვარ. ჩემი სიჭაბუკის მეგობრები ყველა გარდაცვლილია. იქ ცხოვრებას სხვა პეწი ჰქონდა. ახლა რომ ჩავიდე, მეშინია ქუჩაში გავლის, არავინ მეტყვის - გამარჯობა გურამ, როგორ ხარ? ძველი თბილისის ქუჩებში ადრე დავხეტიალობდი, რომ რაღაც სიუჟეტს წავაწყდებოდი და ვხატავდი. დღეს მხატვრისთვის თბილისში ცხოვრებაც ძნელია.

blog-2-1712758445.jpg

ძალიან ბევრი გამოფენა მაქვს გამართული მსოფლიოს არაერთ ქალაქში. გეოგრაფიულად შეიძლება ვერ მივაგნო რაღაც ქალაქებს და ბიოგრაფიაში მიწერია, რომ „იქაც“ ვყოფილვარ (იცინის). საქართველოში მხოლოდ ორი-სამი გამოფენა თუ მქონია. უბრალოდ, ხალხისგან იმდენ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ, რომ მინდა ეს სიყვარული გაგიმართლოთ ყველას. ჰოდა, ამ სიყვარულს ვაქსოვ ნამუშევრებში...

ერთ იაპონელ მწერალს აქვს ნათქვამი: „ხელოვნება სიზმარს ჰგავს, ოღონდ მასში ერთი საფეხურით, უფრო მაღალი სიცხადეა“ ჩემთვის ეს სიტყვები სრულად მიესადაგება მხატვარ გურამ დოლენჯაშვილის შედევრებს. ასეთ ხელოვანებს მეტი დაფასება სჭირდებათ, მეტი ყურადღება. მეტი გამოფენა. მეტი სიყვარული. 81 წლის მხატვარი ზის ახლა და ახალ ნამუშევარს ქმნის. მე კი სიხარულით სავსე სულით ვბრუნდები უკან.

ესაუბრა ჟურნალისტი ნინო ცხვარაშვილი