ზელენსკის სკანდალური ინტერვიუ: რა შეუთვალა მან ტრამპს?! - "შოლცს ჰგონია, რომ თუ რუსეთი გერმანიასთან ომს დაიწყებს, მას „ტაურუსი“ უშველის“ - კვირის პალიტრა

ზელენსკის სკანდალური ინტერვიუ: რა შეუთვალა მან ტრამპს?! - "შოლცს ჰგონია, რომ თუ რუსეთი გერმანიასთან ომს დაიწყებს, მას „ტაურუსი“ უშველის“

აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) აქვეყნებს უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის (ინტერვიუს) შინაარსს სათაურით „ვოლოდიმირ ზელენსკი გვაფრთხილებს, რომ რუსეთმა აშშ-ის პოლიტიკაში შეაღწია. უკრაინის ლიდერი დონალდ ტრამპს კიევში იწვევს“ (ავტორები - პოლ როინცჰამერი და ალექსანდრ ბერნსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში გამაფრთხილებლად აღნიშნა, რომ რუსეთის გავლენამ აშშ-ის პოლიტიკური სისტემაში შეაღწია და უარყო იდეა, რომელსაც მხარს უჭერენ დონალდ ტრამპიის მომხრეები - თითქოსდა უკრანას შეუძლია ომის სწრაფად დაასრულოს, თუ კიევი ტერიტორიულ დათმობებზე დათანხმდება.

ინტერვიუში, რომელიც სამშაბათს გაიმართა, უკრაინელმა ლიდერმა განაცხადა, რომ შუამავლების მეშვეობით იგი კონფიდენციალურად არწმუნებდა დონალდ ტრამპს კიევში ჩასულიყო და საკუთარი თვალით დაენახა ყველაფერი. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იგი მზად არის პირადად მოისმინოს წინადადება უშუალოდ დონალდ ტრამპისაგან, მაგრამ მიანიშნა, რომ ტერიტოროული დათმობების იდეას უკიდურესად სკეპტიკურად უყურებს.

„თუ შეთანხმება იმ მიზნით დაიდება, რომ ჩვენ, უბრალოდ, რუსებს ტერიტორიებს მივცემთ, მაშინ ასეთი იდეა ძალზე პრიმიტიულად მიმაჩნია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში გაზეთ Politico-სათვის (რომელიც აქსელ შპინგერის მედიაკონცერნს მიეკუთვნება). პრეზიდენტის თქმით, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც საომარი მოქმედებების შეწყვეტის სანაცვლოდ რუსეთისათვის ტერიტორიის გადაცემას ითვალისწინებს, უბრალოდ, გზას გაუხსნის კრემლს ახალი დამპყრობლურ-მტაცებლური ომებისათვის სამომავლოდ. „სამშვიდობო ხელშეკრულება არ უნდა გახდეს რუსი დესპოტი ლიდერის გეგმების შესრულების დოკუმენტი“, - ხაზი გაუსვა მან.

ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკი დრო და დრო მოუთმენლობას ამჟღავნებდა დასავლელ მოკავშირეთა მიმართ, რომლებიც, მისი თქმით, უკრაინას ოპერატიულად არ უწევენ დახმარებას - ამ მხრივ პრეზიდენტმა ყველაზე მეტად გერმანია გააკრიტიკა - და აღიარა, რომ უკრაინა წნეხის ქვეშ იმყოფება, როცა დასავლეთი კიევისაგან ომში პროგრესის დემონსტრირებას ითხოვს. აქვე შევნიშნავთ, რომ ჩვენი საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შერეულ ინგლისურ-უკრაინულ ენაზე მიმდინარეობდა, თარჯიმნების გამოყენებით.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი თანმიმდევრულ სკეპტიკოსს წარმოადგენს უკრაინა-რუსეთის ომის მიმართ. იგი ხშირად აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ისეთი ომის გაგრძელება, რომელსაც უამრავი მსხვერპლი ეწირება და რომელიც ყველაფერს ანგრევს (თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი რუსი დიქტატორის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და მას ვლადიმერ პუტინის „მარიონეტი“ უწოდა).

ვოლოდიმირ ზელენსკის მიდგომა დონალდ ტრამპისადმი წარმოადგენს იმ ბოლო მცდელობას, რომლის თანახმად, უკრაინას სურს თავისი პოლიტიკის კორექტირება განახორციელოს აშშ-ის ყოფილი ლიდერის მიმართ, რომელიც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი იქნება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. დონალდ ტრამპის იდეის მიუღებლობის მიუხედავად, ვოლოდიმირ ზელენსკი პოზიტიურად საუბრობდა ყოფილი პრეზიდენტის შესახებ და ამბობდა, რომ მას კონსტრუქციული პარტნიორობა სურს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ასეთი კომენტარები იმ დროს გაჟღერდა, როცა დიდი ბრიტანეთის ექს-პრემიერ-მინისტრი და ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კემერონი დონალ ტრამპს მისსავე მამულში შეხვდა, ფლორიდაში, და ცდილობდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი უკრაინისადმი დახმარების გაწევაზე დაეთანხმებინა. სხვათა შურის, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ბრიტანელი დევიდ კემერონი წინა წლებში დონალდ ტრამპს საკმაოდ უდიერად მოიხსენიებდა და მას „ფანატიკოსს“ უწოდებდა, ახლა კი მისგან კიევის მიმართ მხარდაჭერა მოითხოვა...

შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის „ბედი ბეწვზე ჰკიდია“ - იმიტომ, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე. იმის გათვალისწინებით, რომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ტრამპისტი დეპუტატების გამო უკრაინის დახმარების კანონპროექტი „გაჭედილია“, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მწუხარებით აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი აგრძელებს უკრაინის ქალაქების დანგრევას, ასი ათასობით ადამიანის ხოცვას და ამიტომ უდიდესი უბედურება იქნება, თუ ომში კრემლი გაიმარჯვებს.

ბოლო კვირაში ორმა კანონმდებელმა რესპუბლიკელმა, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინისადმი დახმარებას (ოჰაიოელმა დეპუტატმა მაიკ ტერნერმა და ტეხასელმა მაიკ მაკკოლმა), განაცხადეს, რომ პრორუსულმა პროპაგანდამ აშშ-ის კონგრესის ზოგიერთი წევრის ცნობიერებაში შეაღწია. უპასუხა რამ მათ ასეთ განცხადებას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დეპუტატები ობიექტურად არ ლაპარაკობენ და ამცირებენ რუსეთის რეალურ გავლენას ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორსაც აშშ წარმოადგენს. „ისინი სცდებიან, როცა ამბობენ, რომ „კრემლის გავლენამ ზოგიერთი კონგრესმენის ცნობიერებაშიო შეაღწიაო“. რუსებს ყველგან თავიანთი ლობი ჰყავთ - აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმტერვიუში, - ჩვენ ვამბობთ, რომ მოსკოვს კონგრესში აქვს გავლენაო, მაგრამ ამჩნევთ, თუ როგორ მუშაობს კრემლი ამერიკულ საზოგადოებაში?“.

პრეზიდენტის აღიარებით, რუსეთმა შეძლო მსოფლიოს საინფორმაციო სივრცის დამახინჯება“. მას კონკრეტული ადამიანები არ დაუსახელებია, მაგრამ განაცხადა, რომ ამერიკელი მოქალაქეები ეფექტურად ასრულებენ რუსეთის სამუშაოს აშშ-ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. „ისინი ამერიკული მასმედიის საშუალებით თავიანთ ნარატივს ავრცელებენ“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი, - „ისინი რუსეთის მოქალაქეები და წარმოშობით რუსები არ არიან. ისინი არიან ცალკეული მედიაჯგუფების წარმომადგენლები, აშშ-ის მოქალაქეები. სწორედ ისინი გამოდიან მასმედიაში შესაბამისი პოზიციებით, ზოგჯერ ძალიან პრორუსული სტატიებით, რომლებშიც პოლიტიკოსებს უკრაინის დახმარების შეწყვეტისაკენ მოუწოდებენ“.

და მაინც უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ საბოლოოდ ამერიკული დახმარების მორიგ ტრანშს კიევი მიიღებს. კითხვაზე - „ოპტიმისტური ხართ თუ არა, რომ პერსპექტივა პოზიტიური იქნება“, - იგი პასუხობს: „დიახ, რა თქმა უნდა, მე ოპტიმისტი უნდა ვიყო“.

ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ უკრაინის კონტრშეტევა გასულ წელს რუსეთის წინააღმდეგ „არცთუ ისე წარმატებული იყო“ და იმედიანად განაცხადა, რომ „მორიგი კონტრშეტევა უფრო შედეგიანი და წარმატების მომტანი იქნება“. პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ შარშანდელი კონტრშეტევის დროს უკრაინის არმია და ხელისუფლება შიგნიდან გარკვეული საბოტაჟის მსხვერპლი გახდა: „რუსებმა კარგად იცოდნენ, თუ სად, რომელი მიმართულებით და რა დროს ვიწყებდით შეტევას“ და აღნიშნა, რომ „ისტორია გამოაშკარავებს, თუ როგორ გაიგეს რუსებმა ყველაფერი“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეშფოთება გამოხატა ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის უსაფუძვლო ფანტაზიების მიმართ და აღნიშნა, რომ გადაჭარბებული სამშვიდობო აზრები მათ პოლიტიკურ და დიპლომატიურ შეცდომებამდე მიიყვანს. მან განსაკუთრებით გააკრიტიკა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რომელიც უკრაინისათვის რაკეტა „ტაურუსის“ გადაცემაზე უარს აცხადებს. პრეზიდენტის თქმით, ბერლინი „ომის გაყინვაზე“ ოცნებობს, რითაც უკრაინას საომარ მოქმედებებს უზღუდავს, რუსეთს კი თავისუფლებას აძლევს: „გაყინული კონფლიქტი ფილმში გაკეთებულ პაუზას ჰგავს, მაგრამ ის ფილმი კი არ არის, მკაცრი რელობაა. პაუზა მხოლოდ კრემლისათვის იქნება სასარგებლო“.

„ოლაფ შოლცმა უარი განაცხადა რაკეტის გადმოცემაზე ისეთი მიზეზით, რომელსაც სტრატეგიული აზრი არ აქვს. მე მითხრეს, რომ თუ ჩვენ გერმანელები „ტაურუსს“ გადმოგვცემენ, მაშინ გერმანიის კანცლერი ქვეყანას ვეღარ დატოვებს - მას ძალიან დიდი შიში აქვს ბირთვული რუსეთის მიმართ. ოლაფ შოლცს ჰგონია, რომ თუ რუსეთი გერმანიის წინააღმდეგ ომს დაიწყებს, მას „ტაურუსი“ უშველის“, - ამბობს ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკი, - „მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ასეთი მოქმედებით ვინმე გადაურჩება ბირთვულ ომს, თუ რუსეთი მის დაწყებას გადაწყვეტს. ვერცერთ ადამიანს ვერ იხსნის ვერც TAURUS, ვერც ATACMS და F-16, თუ ღმერთმა ნუ ქნას და ატომური ომი გაჩაღდება. ეს არ უნდა მოხდეს“.

დონალდ ტრამპზე საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ მას ჯერ კიდევ 2019 წელს ჰქონდა ამერიკელ ლიდერთან დაძაბული დამოკიდებულება, როცა იგი ცდილობდა უკრაინის მეთაური აეძულებინა გამოძიება დაეწყო ჯო ბაიდენის ოჯახის ბიზნესის თაობაზე: „და მაინც მე იგი უკრაინაში მივიწვიე და ვუთხარი, რომ თავისი ნათქვამი ომის სწრაფად შეწყვეტაზე რეალურად შეასრულოს. მან დაინტერესება გამოხატა, მაგრამ თარიღი არ დაუზუსტებია“.

სხვათა შორის, დონალდ ტრამპმა ამას წინათ ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში მიწვევის ფაქტი დაადასტურა, მაგრამ აღნიშნა, რომ უკრაინელი ლიდერისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მას ამჟამად არ სურს „ინტერესთა კონფლიქტი“ შექმნას მანამ, სანამ ჯო ბაიდენი არის პასუხისმგებელი აშშ-ის პოლიტიკაზე.

როგორც გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, კერძო საუბრის დროს დონალდ ტრამპს თითქოს უთქვამს, რომ რუსეთს და უკრაინას ომის დასრულება უნდათ, მაგრამ ისე, რომ ორივემ საკუთარი სახე შეინარჩუნოს. დონალდ ტრამპი თვლის, რომ უკრაინამ გარკვეული ტერიტორია უნდა დათმოს და როცა ომის დასრულების შეთანხმებას ხელი მოეწერება, ახალი საზღვრები დამტკიცდება, უკრაინას ნატოს წევრად სწრაფად მიიღებენ.

„დონალდ ტრამპის ზოგიერთი მომხრე ცდილობს, რომ მათ ლიდერს ასეთი აზრი გადაათქმევინოს“, - აღნიშნავს გაზეთი და სენატორ ლინდსი გრემის, ტრამპის მხარდამჭერის ნათქვამის ციტირებას ახდენს:. „მე ჩემი სამუშაო დროს სრულად ვხარჯავ დონალდ ტრამპთან უკრაინაზე საუბრისათვის. მე მას მუდმივად ვუმტკიცებ, რომ რუსეთმა ომის ფასი უნდა გადაიხადოს, კრემლმა არ უნდა გაიმარჯვოს“.

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის შტაბის მრჩეველმა ჯეისონ მილერმა გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიას „მონაჩმახი“ უწოდა და გაკვირვებით აღნიშნა, თუ საიდან იგონებენ ჟურნალისტები ასეთ ფეიკურ ამბებს.

„დონალდ ტრამპი სანამ პრეზიდენტი არ გახდება, არანაირ პირად პრაქტიკულ მონაწილეობას არ მიიღებს უკრაინის პრობლემების მოგვარებაში“, - განაცხადა ჯეისონ მილერმა, თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ დონალდ ტრამპი ერთადერთი ადამიანია, რომელიც ამ სასაკლაოს შეჩერებას ითხოვს. „ჯო ბაიდენი კი პირიქით აკეთებს“, - ხაზი გაუსვა მრჩეველმა, რომელსაც, როგორც ჩანს, მხედველობაში ჰქონდა ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინას იარაღით ეხმარება.

წყარო