"სიმსივნე დაემართა... ბავშვი მეუბნება სად იყო მაშინ, როცა შენ ტიროდი და მე მამა მენატრებოდაო... მამებო, შეიყვარეთ თქვენი შვილები, მოეფერეთ და გულს ნუ ატკენთ მათ" - კვირის პალიტრა

"სიმსივნე დაემართა... ბავშვი მეუბნება სად იყო მაშინ, როცა შენ ტიროდი და მე მამა მენატრებოდაო... მამებო, შეიყვარეთ თქვენი შვილები, მოეფერეთ და გულს ნუ ატკენთ მათ"

ემიგრაციიდან ახალგაზრდა ქალის ემოციური წერილი მივიღეთ. ის თავის ცხოვრებაზე გვიამბობს და ალბათ ბევრ მამას დააფიქრებს მისი მონათხრობი. განსაკუთრებით იმ მამებს, რომლებიც მეუღლესთან განშორების შემდეგ საკუთარ შვილებზე უარს ამბობენ და მათზე არ ზრუნავენ. ბევრი ასეთი ახალგაზრდაა დღეს ჩვენ გვერდით, რომელსაც მამის სითბო და მზრუნველობა დააკლდა. ბუნებრივია, შვილებს უჭირთ შემდეგ მამებისთვის ამის პატიება. ჩვენი რესპონდენტი მარტოხელა დედაა, რომელმაც ბევრი ბრძოლის შემდეგ ცხოვრების თავიდან დაწყება შეძლო. ის წლებია საფრანგეთში თავის ერთადერთ გოგონასთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს. მისი თხოვნით, მისი და ქალიშვილის სახელებს შეგნებულად შევცვლით. ამბობს, ჩემი ამბავი ისედაც ბევრმა იცის თბილისში და ისინი მაინც ამოიცნობენ, რომ მე გიყვებითო.

ნათია, 43 წლის:

- 43 წლის ვარ, მოცემულ მომენტში ვცხოვრობ საფრანგეთში ჩემს გოგონასთან ერთად. პროფესიით ჟურნალისტი, წლების წინ ვმუშაობდი სხვადასხვა გამომცემლობაში. მოკლედ, დავიწყებ იქიდან, რომ 25 წლის ასაკში გავთხოვდი, პატარა და ცანცარა გოგო არასოდეს ვიყავი, დედა და ბებია მზრდიდა, მამა ადრე გარდამეცვალა და მამის სანათესავოს თითქმის არ ვიცნობდი. დედამ, ბებიამ და დეიდამ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ სკოლა და უნივერსიტეტი წარმატებით დამემთავრებინა. სწავლა ჩვენს ოჯახში მუდამ პრიორიტეტი იყო.

ჩემი გათხოვება კი საოცრად ცუდად დასრულდა.

25 წლის დედისერთა გოგომ ჩემი ბედი დავუკავშირე ჩემზე ერთი წლით უფროს მამაკაცს, რომელიც იმ დროისათვის პატიოსანი ცხოვრებით გამოირჩეოდა. 2007 წელს ქალიშვილი შემეძინა. მერე მეუღლემ დედას სთხოვა, რომ ბანკიდან სესხი აეღო და რაღაც ბიზნესი დაეწყო, რაზეც დედა დათანხმდა. ერთ მშვენიერ დღეს კი სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ სახლი აუქციონზე იყო გატანილი და ასე აღმოვჩნდით ქუჩაში მე, დედა და ჩემი გოგონა, რომელიც მაშინ სულ რაღაც 1 წლისა და 7 თვის იყო. საქმე უფრო გართულდა, როცა გავიგე, რომ ჩემს მეუღლეს ჰყავდა "საყვარელი" ქალი, რომელსაც უცოლშვილო ადამიანად გაეცნო. რა უნდა მექნა, მცირეწლოვანი ბავშვით ხელში, ისევ დედა და ნათესავები ამოგვიდგნენ მხარში და ბინა გლდანის მასივში ვიგირავეთ... ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რადგან ვერ ვმუშაობდი. ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავდა და დედის შემოსავალი არ გვყოფნიდა. ძალიან ბევრჯერ ვცადე სუიციდი, რომ ყველაფერი დამესრულებინა, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი იმას, რომ ამის უფლება არ მქონდა, რადგან დედას და ჩემს პატარა გოგონას ვჭირდებოდი. მუშაობა მაშინ დავიწყე, როცა ჩემი შვილი ბაღში მივიყვანე. შემდეგ კი რაღაცნაირად მოვაგროვეთ და შევძელით, რომ ბინა გვეყიდა და მაშინ, როცა ჩემი გოგონა ათი წლის გახდა, უკვე საკუთარი ჭერი გვქონდა. თუმცა თურმე ბედი ახალ დარტყმას მიმზადებდა, დედას სრულიად შემთხვევით აღმოაჩნდა სიმსივნე, ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი ცხოვრებაში, დედას, რომლის გარეშე სუნთქვა არ შემეძლო და დაქალებივით ვიყავით მთელი ცხოვრება, ვიცოდი, დავკარგავდი. ოთხწლიანი ბრძოლა გავიარე დედასთან ერთად, ერთად ვიბრძოდით მის გადასარჩენად. ამასობაში, მეუღლეს არც კი გახსენებია, რომ შვილი ჰყავდა, თუმცა ადვოკატი ავიყვანე და ბავშვისთვის ალიმენტი დავანიშვნინე - სასაცილო თანხა, 200 ლარი. ჩემი შვილის თანხით არასოდეს არაფერი მიყიდია პირადად ჩემთვის, ყოველთვის ვცდილობდი, რომ მას ყველაფერი ჰქონოდა ისე, რაც მე მქონდა ბავშვობაში.

- მამას შვილთან ურთიერთობა არ ჰქონდა?

- ყოფილ მეუღლეს ვურეკავდი და ვთხოვდი, ხშირად წაეყვანა ბავშვი, რომ მასთან კომუნიკაცია ჰქონოდა, რადგან ბავშვი იზრდებოდა და მამას თითქმის არ იცნობდა. ვერანაირად ვერ შევძელი ამ ადამიანის მობრუნება შვილისაკენ, მას უკვე ჰყავდა მეორე ოჯახი, შვილიც შეეძინა...

2019 წელს, 58 წლის დედა ხელებში ჩამაკვდა, დედა, რომელსაც არასოდეს მივუტოვებივარ, არასოდეს უთქვამს საყვედური ჩემი ყოფილი მეუღლის მისამართით. დედის გარდაცვალების მერე კი სრულიად გაუთვითცნობიერებელ სამყაროში აღმოვჩნდი, ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი ნუგეში და იმედი ჩემს გვერდით არ იქნებოდა, ძალიან გამიჭირდა, იმდენად ძალიან, რომ უსიცოცხლო ადამიანი გავხდი...

რა გზა მქონდა, ისევ საკუთარ თავში ვიპოვე ძალა. სახლი, რომელიც გვქონდა მე და ჩემს გოგონას, ბევრი წლით დავაგირავე და ბედის ანაბარა, საფრანგეთში წამოვედი, რომ შვილისათვის ყველაფერი მიმეცა.

- არ გაგიჭირდათ იქ ცხოვრების აწყობა?

- თქვენ წარმოიდგინეთ და გამიმართლა, ავიღე საბუთი, ჩემი შვილი ძალიან კარგად ადაპტირდა ამ ქვეყანაში. უფლის წყალობით, მე დღეს ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. მყავს გოგონა, რომელიც უკვე 16 წლის არის და ჩემი ყველაზე დიდი შენაძენია ამ ცხოვრებაში. საოცარი შვილია, თუმცა მის მამას სიმსივნე დაემართა, ის ახლა სიცოცხლისათვის იბრძვის და ერთი პრობლემა ის მაქვს, რომ ჩემს გოგონას ვთხოვ, მამა ხშირად მოიკითხოს, მაგრამ აქ ძალიან დიდ წინააღმდეგობას ვაწყდები. ბავშვი მეუბნება სად იყო მაშინ, როცა შენ ტიროდი და მე მამა მენატრებოდაო. სად იყო მაშინ, როცა კლასელებს მამები აკითხავდნენ და მე არასოდეს მაკითხავდა სკოლაშიო...

ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ რაც უნდა მოხდეს ცხოვრებაში, შვილები არასოდეს მიატოვოთ ადამიანებო. მოვა დრო და მათი ერთი ფოტოს ნახვა მოგენატრებათ, თუმცა ძალიან გვიანი იქნება.

მამაკაცებო, როცა მშობლები ხდებით, სხვა ბევრ პასუხისმგებლობასთან ერთად, შვილის მიმართ უდიდესი სიყვარული გამოიჩინეთ და არასოდეს, არასოდეს მიატოვოთ ისინი, რადგან მათ პატარა გულში სხვანაირად ყალიბდება სიყვარული.

ისინი პატარები თუ არიან, ძალიან კარგად აცნობიერებენ გვერდით მყოფებს, მე დღეს ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ჩემი შვილი ჩემთან მყავს. მიუხედავად იმდენგზის წაქცევისა და ზურგით ხოხვისა, სფინქსივით ბევრჯერ ავდექი და ეს ყველაფერი ჩემი გოგონასთვის შევძელი...

შეცდომები შეგვიძლია გაპატიოთ და მე ყველაფერი ვაპატიე ჩემს ყოფილს, მაგრამ ჩემი შვილი ვერასოდეს შეძლებს ამ ყველაფრის პატიებას მისთვის. მით უმეტეს, ბავშვთან არასოდეს არაფერი მითქვამს, რაც მამამისმა გაუკეთა, მაგრამ თბილისიც ძალიან პატარაა და ჩემმა შვილმა თავად გაიგო ყველაფერი.

დღემდე ვმეგობრობ ყოფილ მეუღლესთან, მეცოდება, რომ საშინელ სენს ებრძვის, თუმცა ჩემი გოგონა არასოდეს კითხულობს მის ამბავს. არ ვიცი, ამ დროს როგორ უნდა მოვიქცე, ყველა დედა მინდა იყოს ბედნიერი. ყველა დედა იმსახურებს ბედნიერებას, ძნელია, უმამოდ გაზარდო შვილი, უძნელესი მომენტია, როცა დასმულ კითხვებზე პასუხები არ გაქვს....

დაფიქრდით, მამებო, მოეფერეთ, შეიყვარეთ თქვენი შვილები და გულს ნუ ატკენთ მათ.

(სპეციალურად საიტისთვის)