ირან-ისრაელის ომი რამდენიმე საათში დაიწყება?! - თეირანი შურისძიებისთვის ემზადება: დედაქალაქის თავზე საჰაერო სივრცე ჩაიკეტა - კვირის პალიტრა

ირან-ისრაელის ომი რამდენიმე საათში დაიწყება?! - თეირანი შურისძიებისთვის ემზადება: დედაქალაქის თავზე საჰაერო სივრცე ჩაიკეტა

11 აპრილის დილიდან ირანმა თეირანის თავზე საჰაერო სივრცე ჩაკეტა „სამხედრო სწავლებების“ დაწყების მომიზიზებით, მაგრამ ეს ყველაზე კონკრეტული მინიშნებაა იმის, რომ ირანი რამდენიმ დღეში ან შეიძლება საათშიც კი, ისრაელის წინააღმდეგ მასშტაბურ შურისმაძიებელ სამხედრო სახის მოქმედებებს განახორციელებს...

რამდენიმე დღის წინ ისევ კრიტიკულამდე დაიძაბა სიტუაცია, როდესაც ისრაელმა მეზობელი სირიის დედაქალაქში, დამასკოში 1-ელ აპრილს წერტილოვანი სარაკეტო დარტყმა განახორციელა ირანის საკონსულოს შენობაზე, რომლის სრულად დანგრევის შედეგად, დაიღუპა არანაკლებ 13 ადამიანი, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ორი გენერალი და ხუთი ოფიცერი.

გენერლები ზაჰედი და მისი მოადგილე რაჰიმი მნიშვნელოვან ფიგურებს წარმოადგენდნენ ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის სარდლობაში და მათი ამ სახით ლიკვიდაციას ირანი ისრაელს დიდი ალბათობით არ აპატიებს...

1-iranii-1712821675.png
თეირანი მზადაა რაკეტებით შურისმაძიებელი დარტყმები მიაყენოს ისრაელს სირიაში ირანის საკონსულოს აფეთქების სანაცვლოდ...

მით უმეტეს, რომ არსებობს ამის ნათელი პრეცედენტი - 2020 წლის 3 იანვარს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირადი ბრძანებით, ამერიკული დრონიდან გაშვებული რაკეტებით ერაყის დედაქალაქის ბაღდადის აეროპორტში ააფეთქეს ირანელი გენერლის სულეიმანის ავტომანქანა.

ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის სპეცდანაყოფის „ალ-კუდსის“ სარდლის გენერალ-ლეიტენანტ კასემ სულეიმანის მკვლელობა ირანში ძალზე მტკივნეულად იქნა აღქმული, რასაც რამდენიმე დღეში შურისძიება მოჰყვა - 8 იანვარს ირანმა 22 ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტით დარტყმა მიაყენა ერაყში განთავსებულ ორ ამერიკულ სამხედრო ბაზას, რასაც ასზე მეტი ამერიკელი სამხედროს დაშავება მოჰყვა, განადგურდა თითო-თითო ამერიკული თვითმფრინავი და შვეულმფრენი...

თუმცა შურისძიების შურისძიება აღარ გაგრძელებულა - სიტყვიერი მუქარების მიუხედავად პრეზიდენტმა ტრამპმა ირანელებს აღარ უპასუხა სარაკეტო დარტყმებით...

ამჯერად საპასუხო შეტევის მოლოდინში კი ისრაელია, რომელსაც აშშ-ისგან განსხვავებით, არ აქვს თავისი სამხედრო ბაზები ქვეყნის ტერიტორიის გარეთ და შესაბამისად, ირანის შურისმაძიებელი დარტყმებიც შეიძლება უშუალოდ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელდეს.

2-iranii-1712821662.png
ირანის ბალისტიკური რაკეტების სახეობები...

ირანის განკარგულებაშია ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ გადალახონ ირანსა და ისრაელს შორის არსებული ათასიოდე კმ-ი, თუმცა ისრაელის საჰაერო თავდაცვა და გამანადგურებელი თვითმფრინავები უკვე მზადყოფნაში არიან ირანის შესაძლო საჰაერო დარტყმების მოსაგერიებლად.

მაგრამ,გამორიცხული არ არის, რომ ირანმა სარაკეტო დარტყმები არა უშუალოდ თავისი ტერიტორიიდან განახორციელოს, არამედ ეს გააკეთოს სირიაში მყოფი პროირანული დანაყოფების ან სულაც ლიბანის სამხრეთიდან „ჰესბოლას“ ხელით“, რათა ისრაელს არ მისცეს საბაბი, პასუხის პასუხად თვით თეირანს დაემუქროს ისრაელის საჰაერო შეტევები.

3-iranii-1712821650.png
სადამდე შეიძლება მიაღწიონ ირანის ტერიტორიიდან სტარტაღებულმა სხვადასხვა ტიპის ბალისტიკურმა რაკეტებმა...

ამასთან, დასაშვებია ისეთი ვარიანტიც, რომ ირანის საპასუხო დარტყმები არა უშუალოდ ისრაელზე, არამედ ისრაელის საელჩოებსა და საკონსულოებზე განხორციელდეს მსოფლიოს ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში ან დივერსიული აფეთქებებით ან ზუსტი სარაკეტო დარტმებით, როგორც ისრაელის მიერ გაშვებულმა რაკეტებმა მეზობელი სირიის დამასკოში ირანის საკონსულოს შენობა დაანგრიეს.

თუმცა, ისრაელს თავის დიპლომატიური წარმომადგენლობები ახლო აღმოსავლეთში ,სადამდეც ირანის რაკეტები წვდებიან, თითქმის არ აქვს, სამაგიეროდ ისრაელის დიპლომატები იმყოფებიან ირანის მეზობელ სომხეთში,ა ზერბაიჯანსა და ჩვენ საქართველოშიც...

მიუხედავად ამისა, თითქმის წარმოუდგენლად მოჩანს, რომ ირანმა წერტილოვანი საჰაერო დარტყმები ისრაელის საელჩოებსა და საკონსულოებზე სამხრეთ კავკასიის დედაქალაქებში განახორციელოს, ამასთან კონკრეტული დივერსიული აქტების სრული გამორიცხვაც არ შეიძლება...