„გორბის“ კვლევას ასე დავარქვი - „მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო“ - კვირის პალიტრა

„გორბის“ კვლევას ასე დავარქვი - „მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო“

„გორბის“ კვლევას ასე დავარქვი - „მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო“ - არ მგონია, საქართველოს მოსახლეობამ ძარცვისთვის და ქვეყნიდან გაქცევისთვის მხარი დაუჭიროს “ქართულ ოცნებას”,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს „გორბის” კვლევის შედეგებზე განუცხადა, რის მიხედვითაც “ქართულ ოცნებას” 60.4%-იანი მხარდაჭერა აქვს.

რაც შეეხება “გამარჯვების კოალიციის” რეიტინგს, მანჯგალაძე დარწმუნებულია, რომ ეს გაერთიანება 40%-ს აიღებს.

„ქართული ოცნება” ამბობს, იმის გამო, რომ 800 ათასი ქართველი გაიქცა საქართველოდან, გაგიჟებულია ეს ხალხი სიხარულით და უნდათ, ისევ „ქართულ ოცნებას” მისცენ ხმა; ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი რომ შიმშილობს, მშობლები გაგიჟებულები არიან: კიდევ უფრო მოგვაშიეთ, „ქართულ ოცნებას” გვინდა ხმა მივცეთო; „ქართული ოცნების” 60% ნიშნავს იმას, საქართველოში ყველაზე მაღალი ფასები რომაა, უფრო მაღალი ფასები გვინდა - სამი ვადა არაა საკმარისი და მეოთხე ვადით გვინდა აგირჩიოთო; ღარიბაშვილი რომაა მილიონერი, დანარჩენმა - მდინარაძემ, კობახიძემ რა დააშავეს, მეოთხე ვადით გვინდა ავირჩიოთ, რომ ისინიც მილიონერები ვნახოთო; გვინდა მილიონერი პენსიონერი მამა მხოლოდ ღარიბაშვილს, კობახიძეს და მდინარაძეს ჰყავდეთ, დანარჩენ ქართველებს სიღარიბეში ამოგვძვრეს სულიო - ამას ნიშნავს ეს 60% “ქართული ოცნების” წარმოდგენით. არ მგონია, საქართველოს მოსახლეობამ ძარცვისთვის და ქვეყნიდან გაქცევისთვის მხარი დაუჭიროს “ქართულ ოცნებას”,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა; “ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი“ - 12.6%; “ლელო“ - 4.7%; „ევროპული საქართველო“ - 4.5%; “საქართველოსთვის“ - 3.7%; „გირჩი მეტი თავისუფლება-დროა“ - 3%; „ახალი“ - 1.6%; „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ - 1,4%; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 0.9; „მოქალაქეები“ - 0.6%; „ლეიბორისტული პარტია“ - 0.6%; სხვა და არა-ალოცირებული“ - 6%.

"ინტერპრესნიუსი"