პოლიტიკური "ცუგცვანგი" ანუ საკუთარი თავის ჩიხში შეყვანის "ხელოვნება"?! - "გაიტანენ კანონს ვაია, არ გაიტანენ - ვუია!" - კვირის პალიტრა

პოლიტიკური "ცუგცვანგი" ანუ საკუთარი თავის ჩიხში შეყვანის "ხელოვნება"?! - "გაიტანენ კანონს ვაია, არ გაიტანენ - ვუია!"

დასავლელმა პარტნიორებმა ხაზგასმით მიანიშნეს საქართველოს მმართველ პარტიას, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან შემობრუნება მიუღებელია და დიდი ალბათობით, ქვეყნის ევროინტეგრაციას პრობლემებს შეუქმნის. გარდა ამისა, კანონპროექტის დაბრუნებამ მღელვარება გამოიწვია ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილშიც. საინტერესოა, რა ვერ გათვალა ან რა გათვალა მმართველმა პარტიამ და რას იზამს ამჯერად - კბილებით "გაიტანს" კანონპროექტს თუ კვლავ უკან წაიღებს?! ექსპერტების აზრით, ორივე სცენარის შემთხვევაში "ოცნება" წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება.

ვახტანგ ძაბირაძე:

- "ქართული ოცნება“ კანონს მიიღებს თუ უკან გაიწვევს, ორივე შემთხვევაში, სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. უხეშად რომ ვთქვათ, გაიტანენ კანონს ვაია, არ გაიტანენ - ვუია". ახლა მმართველი გუნდის პოზიციაზე მნიშვნელოვანი, ოპოზიციური სპექტრის მოქმედებაა. მათი მხრიდან სწორი იქნება მშვიდი და მზარდი პროტესტი. ხელისუფლებას უნდა დაანახონ, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ქუჩაში ბევრი ადამიანი გამოვა. თუ საზოგადოებრივი პროტესტი მრავალრიცხოვანი იქნება, „ქართული ოცნება“ იძლებული გხდება, დასავლელი პარტნიორების კრიტიკული პოზიციაც გაითვალისწინოს და საბოლოოდ, ამ ამბავს ირაკლი კობახიძის მთავრობა შეეწირება. მაშინვე ვივაურაუდე, რომ კობახიძეს რამდენიმე თვიანი ვადა ექნებოდა მიცემული საკუთარი ძალების მოსასინჯად. ჩემი ვერსიით, მას მაისამდე ჰქონდა დრო მიცემული. მთავარია, პროტესტი იყოს მშვიდი და წყნარი, დასავლელი პარტნიორების პოზიცია იმდენად კრიტიკულია, რომ გამორიცხულია, ისინი მხოლოდ განცხადებებით შემოფარგლონ და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არ დაიწყონ. არ მგონია, „ქართულმა ოცნებამ“ ასეთ ზეწოლას გაუძლოს.

- და თუ მაინც გაუძლო?

- შემდეგ ყველაფერი იმაზე დამოკიდებული, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ დასავლელი პარტნიორები და როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანაში. მე მაინც მგონია, რომ ამ ამბის კულმინაცია იქნება არჩევნები. ხანგრძლივი მარათონია წამოსაწყები, რომლის საბოლოო მიზანიც, არჩევნებში ერთპარტიული მმართველობის დასრულება იქნება. როგორმე კოალიციამდე უნდა მივიდეთ - ეს კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად იქნება, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, თუ ორივე "თამაშგარეშე" დარჩება, ამას პარლამენტში შესული ძალები განსაზღვრავენ. მთავარია, ახლა ეს პროტესტი და მანიფესტაციები ოპოზიციამ საზოგადოების არჩევნებისთვის მოსამზადებლად გამოიყენოს.

გია ხუხაშვილი:

- „ქართული ოცნება“ ნამდვილად ჩიხშია. ზოგადად, კომპრომისი და შეცდომის აღიარება, ხშირად გამოსავალია, მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ, უფრო სწორად იმ ერთი ადამიანმა, რომელიც ამ ქვეყანაში ყველაფერს განაგებს, არა მგონია, დაუშვას, რომ მის შესახებ შექმნილ "უძლეველობის" მითებს საფუძველი გამოეცალოს. შესაბამისად, „ქართული ოცნებისთვის“ ახლა უკან დახევა არ შეიძლება. მოკლედ, გადაულახავი ბარიერის წინაშე დგას, კარგი სვლა აღარ აქვს, „ცუგცვანგის" მდგომარეობაშია. თუ საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს გაიწვევს, სისტემა თავზე ჩამოეშლებათ, არ გაიწვევენ და აღარ გამოუვათ, ევროკავშირის დროშის უკან რუსეთის შენება. ეს კი საარჩევნოდ ძალიან ძვირი დაუჯდებათ. მე უფრო მგონია, რომ არ გაიწვევენ და საზოგადოების ნების გადატეხვას შეეცდებიან.

- დასავლელი პარტნიორების კრიტიკული პოზიცია გავლენას ვერ მოახდენს?

- დარმწუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი ისევ ფიქრობს, რომ დასავლეთს საქართველო ძალიან სჭირდება ამ გლობალური ომის ფონზე. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ რისკზე წავა. გასაგებია, რომ „ვინც არ რისკავს, შამპანურს არ სვავს“, მაგრამ მგონია, რომ ამჯერად ივანიშვილს ძალიან წყალწყალა შამპანურის დალევა მოუწევს. დასავლეთს მართლა ძალიან სჭირდება საქართველოსთან გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა, მაგრამ ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს. ჩვენ ძალიან ხშირად დავდივართ წითელი ხაზის ზღვარზე. დღევანდელი განცხადებები აჩენს განცდას, რომ შეიძლება ეს აღარ გვაპატიონ. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ამის დიდი შანსია. ერთი ასეთი ვერსიაც მაქვს - შეიძლება ამჯერადაც შეძლოს ბიძინა ივანიშვილმა გამოვაჭრება - ამ კანონზე უარის თქმის სანაცვლოდ, დასავლეთს მოსამართლეების ვეტინგზე ათქმევინებს უარს და ამით სახესაც შეინარჩუნებს.

(სპეციალურად საიტისთვის)

ხათუნა ბახტურიძე