"ლედი სიკვდილი" და "დრონების დედა" ანუ ქალები ომში - გაიწვევენ თუ არა მასობრივად უკრაინელ ქალებს ფრონტის ხაზზე?! - კვირის პალიტრა

"ლედი სიკვდილი" და "დრონების დედა" ანუ ქალები ომში - გაიწვევენ თუ არა მასობრივად უკრაინელ ქალებს ფრონტის ხაზზე?!

„უკრაინამ ჯარში ქალები უნდა გაიწვიოს - ისე, როგორც ამას ისრაელი აკეთებს“, - განაცხადა სახმელეთო ჯარების სარდლის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში, ოქსანა გროგრიევამ, ბრიტანულ გაზეთ „ტაიმსისათვის“ (The Times) მიცემულ ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნებულია სათაურით - „ახალწვეული ჯარისკაცების რაოდენობის შემცირების გამო უკრაინის მთავრობამ შეიძლება ჯარში ქალები გაიწვიოს“ (ავტორი - ტომ ბოლი). „ეს ნაბიჯი არმიაში პირადი შემადგენლობის უკმარისობის საკითხს გადაჭრის“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„ქალების გაწვევა უკრაინის არმიაში, ისრაელის მსგავსად, პირადი შემადგენლობის დეფიციტის საკითხს მოაგვარებს, - განაცხადა სახმელეთო ჯარების სარდლის მთავარმა მრჩეველმა, - „უკრაინისათვის აუცილებელია, უარი თქვას „ძველმოდურ მენტალიტეტზე“ ქალების მიმართ და „სუსტი სქესის“ წარმომადგენლები, ისრაელის მიბაძვით, სამხედრო სამსახურში უნდა გაიწვიოს“.

ქალები უკრაინის არმიაში

მთავრობის მონაცემებით, დღეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 65 ათასამდე ქალი მსახურობს (40%-ით მეტი, ვიდრე 2021 წელს), მაგრამ ისინი, ძირითადად, ზურგის სამსახურებში და სამედიცინო ქვედანაყოფებში მუშაობენ, ხშირად - ნებაყოფლობით, მოხალისეების სახით. კანონმდებლობით, ჯარში ქალების გაწვევა ნებადართული არ არის, თუმცა, ვისაც სამედიცინო განათლება აქვს, ვალდებულია, სამხედრო აღრიცხვაზე დადგეს.

უკრაინაში ასი ათასობით მამაკაცის ჯარში გაწვევის საკითხი უამრავ პრობლემას აწყდება. ამ ფონზე ოქსანა გრიგორიევამ განაცხადა, რომ უახლოეს წლებში ქვეყანას მოუწევს, მოემზადოს ფრონტზე ქალების იძულებითი მობილიზაციისათვის. „ჩვენს კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ ყოველი მოქალაქის ვალია, სამშობლო დაიცვას, ამიტომაც სწორი იქნება, თუ ჯარში ქალებიც იმსახურებენ. ქალები და მამაკაცები თანასწორუფლებიანები არიან“, - აღნიშნა ოქსანა გრიგორიევამ „ტაიმსთან“ ინტერვიუში, - „ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი კიდევ დიდხანს იარსებებს და რუკიდან არ გაქრება. ასობით წლების განმავლობაში რუსები ხშირად გვესხმოდნენ თავს. ჩვენ ისევე უნდა ვიყოთ მზად, როგორც ისრაელი არის - ეს კი იმას ნიშნავს, რომ ომში, მამაკაცების მხარდამხარ, ქალებმაც უნდა იბრძოლონ“.

გასულ თვეში დანია გახდა მეათე ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც სამხედრო სამსახურში ქალებისთვის სავალდებულო გაწვევა შემოიღო, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკქსენმა განაცხადა, ეს ნაბიჯი ორ მიზანს ემსახურება - შეაკავებს პოტენციურ მოწინააღმდეგეებს და, პარალელურად, გენდერულ თანასწორობასაც უზრუნველყოფს. ისრაელში ქალების სამხედრო სამსახურში გაწვევა სავალდებულოდ ითვლება, სახელმწიფოს დაარსების მომენტიდან - 1948 წლიდან და დღეს ისრაელის შეირაღებულ ძალებში ქალთა რაოდენობა 40%-მდე აღწევს.

უკრაინას, საბრძოლო მასალების უზრუნველყოფის გარდა, პირადი შემადგენლობის რაოდენობის გაზრდაც ესაჭიროება. არმიის სარდლობა აცხადებს, რომ მიმდინარე წელს 500 ათასამდე ახალწვეული იქნება აუცილებელი. ამჟამად გასაწვევი ასაკი 27-დან 25 წლამდეა შემცირებული. მამაკაცებს, სამხედრო მდგომარეობის გამო, ქვეყნიდან გასვლა აკრძალული აქვთ, საყოველთაო მობილიზაციის პირობებში ეს წესი, სავარაუდოდ, ქალებსაც შეეხებათ, თუმცა „უცხოეთში გაუსვლელი“გახდა უკვე ყველა სახელმწიფო მოსამსახურე, სქესის მიუხედავად.

„ქალების სავალდებულო გაწვევა? ჯერჯერობით - არა, მაგრამ...“

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მას არ აქვს განზრახული ჯარში ქალების გაწვევა, მაგრამ გასული წლის ოქტომბერში ამაზე ლაპარაკი უკვე დაიწყეს და არ არის გამორიცხული, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება, ალბათ, მაინც იქნება მიღებული, მიმდინარე წლის ბოლომდე თუ არა, სამომავლოდ მაინც.

უკრაინულ საზოგადოებაში ქალთა ჯარში გაწვევის წინადადებამ ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. როგორც ოქსანა გრიგორიევა ამბობს, ეს მიუთითებს იმ ტენდენციაზე, რომ უკრაინაში ქალებს, აღმოსავლეთსლავური უძველესი მითოლოგიის მიხედვით, ჯერ კიდევ თვლიან „ბერეგინიად“ ანუ ოჯახის კერის დამცველად, ოჯახზე მზრუნველად. ქალთა წილი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მცირეა, ვიდრე ნატოს სახელმწიფოებში - 7,3%. აშშ-ის რეგულარულ არმიაში ბოლო წლებში 17%-ზე მეტი ქალია გაწვეული, ხოლო დიდი ბრიტანეთის არმიის შემადგენლობაში - 11%.

უშუალოდ საბრძოლო ოპერაციებში მხოლოდ იმ ქალების ერთი მეათედი ნაწილი მონაწილეობს, რომლებიც უკრაინის არმიაში მსახურობენ. ძირითადად, საკითხი ეხება სამედიცინო ან ადმინისტრაციულ სფეროს და, აგრეთვე, სხვა სპეცსამსახურების დაზვერვის თანამშრომლებს. რეგულარული არმიის ქვედანაყოფებში ქალებს სამწყობრო თანამდებობების დაკავების ნება მხოლოდ 2018 წლიდან დართეს.

„ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ, კანონმდებლობის თვალსაზრისით, მაგრამ პრაქტიკაში ჯერ კიდევ ვერ დავშორდით ძველი სკოლის მენტალიტეტს“, - ამბობს ოქსანა გრიგორიევა, რომელმაც უკრაინის არმიაში სამსახური რუსეთის არმიის თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. იგი სპეციალობით ფიზიკოსია. „ჩვენს ქვეყანაში სასკოლო ასაკიდან უკვე არსებობს გოგონებისა და ბიჭების გაყოფილი სწავლა-განათლება: ბიჭები ვარჯიშობენ, ისინი ფიზიკური დატვირთვის ქვეშ არიან, გოგონებს კი - ქარგვას და საოჯახო მეურნეობის მოვლა-პატრონობას ასწავლიან. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჩვენთვის აუცილებელია, ბავშვობიდან მოვამზადოთ გოგონები ქვეყნის დასაცავად“, - ამბობს მრჩეველი.

უკრაინელი ჯარისქალების როლი: წინათ და ახლა

იმ ცნობილი ქალებიდან, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა კავშირ-გერმანიის ფრონტებზე იბრძოდნენ, უკრაინელებიც იყვნენ. მაგალითად, საბჭოთა სნაიპერმა ლიუდმილა პავლიჩენკომ, სხვადასხვა წყაროის მიხედვით, ოდესისა და სევასტოპილის ბრძოლებში 309 გერმანელი ფაშისტი მოკლა რისთვისაც მეტსახელი „ლედი სიკვდილი“ მიიღო. ამჟამინდელი უკრაინელი ქალი მებრძოლებიდან ცნობილია მარია ბერლინსკაია, მეტსახელად „დრონების დედა“ და ინა დერუსოვა - პირველი ქალი, რომელსაც სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა, ქალაქ ახტირკის ბლოკადის დროს ათი ჯარისკაცის სიცოცხლის გადარჩენის გამო.

უკრაინა ამჟამად ნელა, მაგრამ განუხრელად ნერგავს გენდერული თანასწორობის პრინციპს შეიარაღებულ ძალებში, თუმცა, რასაკვირველია, გარკვეული პრობლემებიც არის. მათგან ერთ-ერთია ქალებისათვის სათანადო სამხედრო ფორმის არარსებობა. „ტაიმსის“ კიევის ბიუროს რეპორტიორები შეხვდნენ ფრონტის წინახაზზე მყოფ უკრაინელ მეომარ ქალებს, რომლებმაც ისაუბრეს სექსიზმის გამოვლენაზე მამაკაცების მხრიდან - „ძლიერი სქესის“ წარმომადგენლები თვლიან, რომ ქალები ჯარში მამაკაცებთან თანაბრად ვერ იმსახურებენ.

ვიქტორიამ, 30 წლის მებრძოლმა მედიკოსმა ხარკოვიდან, აღნიშნა, რომ არმიაში ქალთა დისკრიმინაცია ხშირად არ ხდება, მაგრამ მაინც არის, თუმცა, რაც უფრო წინახაზს უახლოვდები, სექსიზმი მით უფრო ნაკლებად არის გამოხატული. „სანგრებში და ტრანშეებში ყველა თანაბარია", - ამბობს იგი, - "ირგვლივ ყველგან საფრთხე გელოდება და ცოცხალი რომ დარჩე, ყველას ერთმანეთზე ზრუნვა და ერთმანეთის დაცვა უწევს“. ვიქტორია, რომელსაც საბაზო სამხედრო ცოდნა და გამოცდილება უკვე მიღებული ჰქონდა დონბასის ბრძოლებში, 2022 წლის დეკემბერში დიდხანს თხოვდა სამხედრო კომისარიატს წინახაზზე გაგზავნას. „ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, თუ რა დიდი როლი აქვს ქალს ფრონტზე და რაოდენ ეფექტიანია მისი მოქმედება, თუმცა საზოგადოება მაინც ეჭვის თვალით უყურებს ქალების ჯარში სამსახურს, მათი ცნობიერება და ხედვები რეალობას ჩამორჩება. ამას წინათ ხანმოკლე შვებულებაში ვიყავი და მეზობელმა მკითხა, თუ რატომ წავედი ჯარში სამსახურისათვის. მე ვუთხარი, რომ თუ შენ სურვილი გაგიჩნდება, შეგიძლია შემცვალო-მეთქი, პასუხად კი მოვისმინე: „მე არ შემიძლია, ოჯახი მყავს“. ვუთხარი, რომ მეც მყავს ოჯახი, მაგრამ სამშობლოსთვის სამსახური არავის არ გაუუქმებია-მეთქი“. ვიქტორიას სამი შვილი ჰყავს - 10, 11 და 12 წლის და მისი ქმარიც ომობს.

ირა შევჩენკო ჯარში 2021 წლიდან მსახურობს, მანამდე კი 53 წლის ქალი უკრაინის საინფორმაციო სააგენტოს „ლიგას“ სამხედრო კორესპონდენტი იყო. მისი თქმით, ქალებსაც და კაცებსაც აინტერესებთ, თუ რატომ გადაწყვიტა ამ ხნის ქალმა ომში წასვლა. „ჩვენს ბატალიონში, რომელიც უკრაინის არმიის 56-ე ბრიგადაში შედის, მამაკაცები ხშირად „მფარველობენ“ ქალებს და არ აძლევენ მათ აქტიური საბრძოლო პოზიციების დაკავების უფლებას. ირა შევჩენკო ეთანხმება იმ იდეას, რომ ქალები კაცების მსგავსად გაიწვიონ ჯარში, გენდერული თანასწორობის პრინციპით: „თანაბარი უფლებები თანაბარ მოვალეობებსაც ნიშნავს“.

ემა, რომელიც 32 წლის სნაიპერია და 47-ე ბრიგადაში მსახურობს, არ ეთანხმება ამ პრინციპს. იგი უსამართლოდ თვლის იმ ქალთა სრულ მობილიზაციას, რომლებსაც მრავალი თაობის განმავლობაში უნერგავდნენ აზრს, რომ იგი სუსტია და ომისათვის არ არის შექმნილი. „რასაკვირველია, გამონაკლისები ყოველთვის არის, ქალებსაც შეუძლიათ მოხალისეებად ბრძოლა. ომმა შეცვალა მოძველებული ხედვები: შარშანდელი წარუმატებელი კონტრშეტევისა და მიმდინარე წლის კრიზისის ფონზე, რომელიც ცოცხალი ძალის უკმარისობით არის გამოხატული, ფრონტზე სულ უფრო მეტი ქალი მოდის. ბევრ საბრძოლო ქვედანაყოფში უხარიათ ნებისმიერი ადამიანის დანახვა, რომელსაც ხელში იარაღის დაჭერა შეუძლია“, - ამბობს ემა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო