"ლიკვიდაციის საიდუმლო მანქანა" - როგორ მოიშორეს თავიდან საბჭოთა მზვერავი, რომელმაც ლეგენდარულ ხომალდ "ნიმიცის" შესახებ ინფორმაცია მოიპარა - კვირის პალიტრა

"ლიკვიდაციის საიდუმლო მანქანა" - როგორ მოიშორეს თავიდან საბჭოთა მზვერავი, რომელმაც ლეგენდარულ ხომალდ "ნიმიცის" შესახებ ინფორმაცია მოიპარა

1989 წლის 2 ივლისს, გაგანია “პერესტროიკის” პერიოდში, საბჭოთა კავშირის მთავარ სამხედრო გაზეთ “კრასნაია ზვეზდაში” სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მცირე მოცულობის ოფიციალური ცნობა დაიბეჭდა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპეცსამსახური გულისტკივილით იუწყებოდა რომ, დიდმა საბჭოთა მზვერავმა, მაიორმა მიხეილ ორლოვმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ამ ცნობას ნეკროლოგი და გულის ამაჩუყებელი სტატიები მოჰყვა “იზვესტიასა” და “პრავდაში”, უხვად იღვრებოდა “ნიანგის ცრემლები”. მაინც ვინ იყო მიხეილ ორლოვი და რა მოხდა სინამდვილეში?

საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ამ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი ჯერ კვლავ არ არის. ამჟამინდელი რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ოფიციალური ვებგვერდი კვლავ “პირველ ჩვენებას” იმეორებს.

ყველაფერი კი ასე დაიწყო. 1980 წლის ზაფხულში კა-გე-ბეს რომის რეზიდენტურამ, რომელსაც იმ პერიოდში გენერალი ბორის სოლომატინი ხელმძღვანელობდა, აშშ-ის

picture3333333-1712905779.jpg

ბორის სოლომატინი

მე– 6 ფლოტის ფლაგმანის, ატომური ავიამზიდის “ნიმიცის” სამხედრო-საზღვაო ფოტოგრაფი და იმავდროულად მე–6 ფლოტის მეთაურის ადმირალ ქროუს პირადი ფოტოგრაფი, 23 წლის გლენ სოუტერი გადაიბირა. მალევე გაირკვა, რომ ამ ახალგაზრდას ისეთ საიდუმლო მასალებზე მიუწვდებოდა ხელი, საბჭოთა დაზვერვას მხოლოდ ოცნება რომ შეეძლო. ორი წლის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებული სოუტერი (უკვე კა–გე–ბეს აგენტი „ჰუგო“) აშშ–ის ნორფოლკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ფოტოგრაფად იწყებს მუშაობას და კა-გე-ბეს სრულიად საიდუმლო კოსმოსური დაზვერვის მასალებს აწვდის. ექვსი წლის განმავლობაში მან ასობით დოკუმენტი

picture33333-1712905779.jpg

გადასცა კა–გე–ბეს მე-6 ფლოტის ხომალდების და მათზე არსებული შეიარაღების სისტემების მოქმედებების შესახებ. თუმცა კა–გე–ბეს არ აკმაყოფილებდა გლენ სოუტერის შედარებით მოკრძალებული სამსახურებრივი სტატუსი და დაარწმუნა „ჰუგო“ ჩაებარებინა ნორფოლკის უნივერსიტეტის სამხედრო ფაკულტეტზე, რათა სამხედრო– საზღვაო ძალების დაზვერვის ოფიცერი გამხდარიყო. 1983–1986 წლებში „ჰუგო“ წარმატებით სწავლობდა აღნიშნულ ფაკულტეტზე და რომ არა მოულოდნელი საფრთხე, ის ოფიცრის წოდებას მიიღებდა. 1986 წლის 9 ივნისს, შესაძლო გამჟღავნების საშიშროების გამო, საბჭოთა დაზვერვამ სოუტერ–„ჰუგო“ ფარულად საბჭოთა კავშირში ჩამოიყვანა.

არალეგალურად ჩამოსული აშშ-ის მცხოვრები ოცდაცხრა წლის გლენ სოუტერი საბჭოთა მოქალაქე –„მიხეილ ევგენის ძე ორლოვი“ გახდა.

picture3333-1712905779.jpg

საბჭოთა საგარეო დაზვერვის უფროსი ვლადიმერ კრუჩკოვი გლენ სოუტერს გადასცემს საბჭოთა მოქალაქის პასპორტს

გლენ სოუტერის ნამდვილი ვინაობა მხოლოდ საბჭოთა დაზვერვის ხელმძღვანელებმა იცოდნენ. სხვა ყველასთვის ეს გამხდარი, საშუალო ტანის, ოდნავ შესამჩნევი ინგლისური აქცენტით, მაგრამ გამართული რუსულით მოსაუბრე, მუდამ მომღიმარი ახალგაზრდა, „მიხეილ ორლოვი“ იყო.

სულ მალე უპრეცედენტო ფაქტი მოხდა. ახლად გამოჩეკილი “არწივს”, რომელიც აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტში ზემდეგის ჩინით მსახურობდა, მაიორის (!) სამხედრო წოდება მიანიჭეს და კა–გე–ბეს შტატში ჩარიცხეს (ასეთი პატივი არ ღირსებიათ ისეთ ცნობილ საბჭოთა აგენტებს, როგორიც კიმ ფილბი და ჯორჯ ბლეიკი იყვნენ), თან ანალიტიკური სახის დავალებებიც მისცეს. ჩამოსვლიდან სამ თვეში კი სოუტერმა „სრულიად შემთხვევით“ მომხიბლავი ქერათმიანი რუსი ლამაზმანი, საგარეო დაზვერვის ინსტიტუტის ინგლისურის მასწავლებელი ელენა გაიცნო, რომელმაც ისე აურია თავგზა სამხედრო-საზღვაო ფოტოგრაფს, რომ ორ თვეში “დააცემენტა” და ცოლადაც წაჰყვა-წარიტაცა.

picture333-1712905779.jpg

გლენ სოუტერი უკვე „მიხეილ ორლოვი“ გახდა

უკვე ამ გადაწყვეტილებებიდანაც ჩანდა, რომ სოუტერს უკან დასახევ გზას უჭრიდნენ. 1988 წლის მაისში ახალ ინტერნაციონალურ ოჯახს ქალიშვილიც შეეძინა.

საბჭოთა იმპერიის ყველაზე გავლენიან სტრუქტურაში სამსახური, მაიორის წოდება, მაღალი ხელფასი, ოჯახი და პატარა ბავშვი – წესით მეტი რაღა უნდოდა “არწივს”?

მაინც რაღაც არ მოსწონდა, არ ასვენებდა . . . საღამოობით პარკში მარტოდ-მარტო მოსეირნე დაეჭვდა, რომ უთვალთვალებდნენ. სუკ-ის დავალებებიც რაღაც მეათეხარისხოვნად ეჩვენებოდა, ჩანდა, რომ ბოლომდე არ ენდობოდნენ. ყველაზე მეტად კი საბჭოთა სინამდვილემ გააოგნა. რიგები ყველგან : გასტრონომშიც და . . . .საზოგადოებრივ ტუალეტშიც. განა ამისთვის რისკავდა, როცა კა-გე-ბეს საიდუმლო ცნობებს აწვდიდა? არა, ნამდვილად არა. ან რამ ჩამოიყვანა აქ? – ამგვარი აზრები არ ასვენებდა „მიხეილ ორლოვს“. ერთ საღამოსაც ცოლს გამოუტყდა: “მომბეზრდა ყველაფერი, გვირჩევნია სხვა ქვეყანაში წავიდეთ საცხოვრებლადო”. სიტყვა ჩიტია, ითქვა და გაფრინდა. “მიფრინდა” კა–გე–ბეში, რომელიც ყველას უსმენდა: განსაკუთრებით კი უკვე გამოაშკარავებულ და საბჭოთა კავშირში შემოხიზნულ ყოფილ აგენტებს.

სოუტერ-ორლოვს უკან აღარავინ გაუშვებდა, რადგანაც ეს ფაქტი ახალი, “გარდაქმნილი” საბჭოთა კავშირის და „უძლეველი“ კა–გე–ბეს სერიოზული ანტირეკლამა იქნებოდა. მისი აშკარა თავიდან მოშორებაც არასასურველი იყო. აი, მაშინ კი ამოქმედდა კა-გე-ბეს “ლიკვიდაციების საიდუმლო მანქანა”. ჩემი აზრით „თვითმკვლელობის“ დეტალები დიდხანს იგეგმებოდა. „მიხეილ ორლოვზე“, როგორც დეპრესიულ პიროვნებაზე, ლეგენდა და „ფაქტები“ წინასწარ შეამზადეს. დიდი სირთულე არ იყო “თვითმკვლელობისწინა” წერილების დამზადებაც.

„ეს გადაწყვეტილება ჩემია და მხოლოდ ჩემი, ეს არის სრული ნერვული გადატვირთვის შედეგი. უბრალოდ დავიღალე“, - ვითომდა წერდა ოცდათორმეტი წლის (!!!) „მიხეილ ორლოვი“ გამოსამშვიდობებელ წერილში. თან თურმე ანდერძით ისიც „დაიბარა“ , რომ აუცილებლად . . . . . . . კა–გე–ბეს მაიორის ფორმით დაეკრძალათ.

ჩემი აზრით, კა–გე–ბეს შეფებს ერთი “იაღლიში” მაინც მოუვიდათ: „მიხეილ ორლოვს“, რომელსაც ტაბელური იარაღი მუდამ თან ჰქონდა, გარაჟში ავტომობილის გამონაბოლქვით გაგუდვა “აარჩევინეს”. წარმოიდგინეთ: კაცი ღრმა დეპრესიაში იყოს, იარაღი ხელში ეჭიროს, თვითმკვლელობა გადაწყვიტოს და ამისთვის ყველაზე ნელი და სატანჯველი გზა – ავტომობილში გაგუდვა აირჩიოს? ამგვარი თვითგვემის სცენარს ალბათ “საშინელებათა ფილმების” ცნობილი შემქმნელი, ინგლისელ–ამერიკელი რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკიც ვერ მოიფიქრებდა.

picture33-1712905779.jpg

თავად ჰიჩკოკიც „განცვიფრებულია“

„მიხეილ ორლოვი“ სამხედრო პატივით , მაიორის სამხედრო ფორმით დაკრძალეს და დიდი დამსახურებისათვის ორდენითაც დააჯილდოვეს.

რა იყო ეს: საბჭოთა რეალობით იმედგაცრუებული აგენტის თვითმკვლელობა, თუ დაუნდობელი სისტემის ჩვეული ლიკვიდაციის სპეცოპერაცია? ჭეშმარიტება კა-გე-ბეს არქივების გახსნის შემდეგ გაირკვევა, თუ ყველა დოკუმენტი უკვე არ გაანადგურეს.

(დასასრული)