"ჩვენ უხილავი პლატონური სიყვარული გვაკავშირებდა... ის უბრალოდ უნიკალური იყო" - კვირის პალიტრა

"ჩვენ უხილავი პლატონური სიყვარული გვაკავშირებდა... ის უბრალოდ უნიკალური იყო"

"ნახევარფინალში მხოლოდ ესპანეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი მოხვდა. ჩვენი ქვეყნის ნაციონალური შერჩევებიდან, მეორე ტურისთვის ვერც ერთი ესპანელი ვერ გავიდა", - წერდა ესპანური პრესა ქართველი სოპრანოს ეთერ ჭყონია-ლამორისის შესახებ, რომელიც პლასიდო დომინგოს დაარსებულ "ოპერალიას" მსოფლიო კონკურსში­ 10 000 მომღერალს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა. "როცა მის შესანიშნავ ხმას ვუსმენდი, აღვფრთოვანდი. მინდა ყველას ვურჩიო მისი სიმღერა მოისმინოს", - განაცხადა შვედეთის პრინცესა კრისტინამ, როდესაც ქართველ საოპერო მომღერალს 2012 წლის 10 მარტს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, სამეფო სასახლის სამეფო დარბაზში ოქროს ორდენი "ჩვენი დროის ერთ-ერთი დიდი მომღერალი" გადასცა (ეთერ ჭყონია ყველასათვის ცნობილი სოპრანოს, ლამარა ჭყონიას უმცროსი ქალიშვილია). ეთერ ჭყონია-ლამორისის საოპერო შესრულებისა და ნიჭის შესახებ ამბებს ვერ დაიტევს გაზეთის ფურცლები. ამიტომაც მკითხველს მისი ცხოვრების იმ ეპიზოდებს გავაცნობთ, რომლებიც გენიალურ იტალიელ რეჟისორს, სცენარისტსა და მხატვარს ფრანკო ძეფირელის უკავშირდება. ფრანკო ძეფირელის რეჟისორობით 1967 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "ჭირვეულის მორჯულება" რიჩარდ ბარტონისა და ელიზაბეტ ტეილორის მონაწილეობით; 1968 წელს ლეგენდარული ფილმი "რომეო და ჯულიეტა". მისი საოპერო დადგმები ისეთივე დაუვიწყარია, როგორც კინოფილმები, ფრანკო ძეფირელი 20-მდე სპექტაკლის რეჟისორია. ეთერ ჭყონია-ლამორისი­ ექსკლუზიურად ჩვენს მკითხველს უამბობს ლეგენდარულ იტალიელ რეჟისორზე, მასთან თანამშრომლობასა და ფრანკოს ვილაში გატარებულ დღეებზე.

"ფრანკო ხედავდა, მიუხედავად იმისა, რომ ვულგარული მიუზეტას როლს თავი გავართვი, ჩემი რეალური ბუნება რომანტიკული იყო"

- ფრანკო ძეფირელი ჩემი კარიერის­ დასაწყისში გავიცანი, როდესაც მის სახელგანთქმულ სპექტაკლ "ბოჰემაში" მონაწილეობისთვის მიმიწვიეს. მიუზეტას როლი ჩემთვის რთული აღმოჩნდა, რადგან ამ პერსონაჟის განსახიერებას ქართველი ქალისთვის უჩვეულო უწესობა სჭირდებოდა, მე კი მორიდებული ვიყავი. ფრანკომ ეს შენიშნა: "ლამორის, რატომ თამაშობთ უკარებას? მიუზეტა რა, ქალიშვილია? ასეთი რამ არ მინახავს, ეს შეიძლება საინტერესოა, მაგრამ არა ამ კონკრეტულ ოპერაში, დამანახეთ ქართველი ქალისთვის დამახასიათებელი ცეცხლი". სანამ მე ვაანალიზებდი, რას გულისხმობდა "ქართველი ქალისთვის დამახასიათებელ ცეცხლში" და როგორ უნდა გამომეხატა ეს, ფრანკო მიუბრუნდა შემოქმედებით ჯგუფს და ქართველი ხალხის ტემპერამენტიანობის შესახებ დაუწყო თხრობა. ხანდახან გამომხედავდა ხოლმე, თითქოს ჩემი დაბნეულობის დონეს აფასებდა. ბოლოს, როდესაც გენერალური რეპეტიციის დღე დადგა, საბოლოოდ ჩავკალი ჩემში ქალი, სახელად ეთერ ჭყონია, რაც კი გამბედაობა მქონდა მოვუყარე თავი და პრემიერის დღეს დაიბადა მიუზეტა. არ ვიცი, ძეფირელი მიხვდა თუ არა, როგორი სულიერი ბრძოლა დამჭირდა ამ გარდასახვისთვის, თუმცა მგონი, მან ზუსტად იცოდა, რომ გარდასახვა შევძელი, მაგრამ არ იცოდა, რამდენი კომპლექსისგან შეძლო ჩემი გათავისუფლება. ერთი წლის შემდეგ ნეაპოლში პუჩინის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ფრანკომ ასე მომიხსენია: "საუკეთესო მიუზეტა, რომელიც ოდესმე მინახავს". მიუხედავად საერთაშორისო წარმატებისა, რომელიც ამ როლმა მომიტანა, მიუზეტას შეყვარება ვერ შევძელი და ხშირად, თუ შესაძლებლობა იყო, ამ როლზე უარს ვამბობდი. ერთხელ, ახალ წელს ფრანკოს ვილაში შევხვდი. იმ სახლში დამაბინავეს, რომელიც "ნურიევის კუნძულს" გაჰყურებდა (ეს სახელი ლეგენდარული მოცეკვავის, რუდოლფ ნურიევის პატივსაცემად დაერქვა). ძეფირელის ვილაში წარმოუდგენელი სილამაზე, მე-19 საუკუნის ატმოსფერო სუფევდა - დაწყებული გარემოთი, დამთავრებული ფრანკოს ჩემდამი დამოკიდებულებით. "როგორ გეძინა, ჩემო პრინცესა? ღვინო მიართვით ჩემს პრინცესას", - ასე მომმართავდა ხოლმე. ფრანკო ხედავდა, მიუხედავად იმისა, რომ ვულგარული მიუზეტას როლს თავი გავართვი, ჩემი რეალური ბუნება რომანტიკული იყო.

"ჩვენ უხილავი პლატონური სიყვარული გვაკავშირებდა"

- სამწუხაროდ, ნეაპოლის სპექტა­კლებმა­ არასასიამოვნო მოგონებებიც დამიტოვა. თეატრის დირექცია მიუზეტას როლზე თავისი კანდიდატურის წარდგენას ცდილობდა და ძეფირელი ფაქტის წინაშე დააყენეს. პასუხად ძეფირელიმ ნეაპოლის თეატრის დირექციას მისწერა: "ან ეთერი ჩამოდის, ან მე აქედან მივდივარ!" - მიუხედავად ამ პასუხისა, პრობლემა მარტივად არ მოგვარდა.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთში "კვირის პალიტრა", ლინკზე - „ფრანკო ძეფირელი ჩემი მფარველი ანგელოზი იყო“