"პუტინმა მითხრა, ბერიას ჰგავხარო..." - გელა ბეჟუაშვილის სკანდალური განცხადება: რატომ აკანკალებდა სააკაშვილს, როდესაც პუტინი სტალინზე საუბრობდა - კვირის პალიტრა

"პუტინმა მითხრა, ბერიას ჰგავხარო..." - გელა ბეჟუაშვილის სკანდალური განცხადება: რატომ აკანკალებდა სააკაშვილს, როდესაც პუტინი სტალინზე საუბრობდა

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, დაზვერვის ყოფილმა შეფმა და უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტ ალექსანდრ დემჩენკოსთან საუბრისას საინტერესო საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის - საქართველოში მიმდინარე ვითარებაზე და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე, მან, ასევე, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ისტორიაც გაიხსენა. ჟურნალისტმა ყოფილ მინისტრს ერთი საინტერესო ფაქტიც გაახსენა, როცა ერთ-ერთ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბეჟუაშვილი ლავრენტი ბერიას შეადარა:

- პუტინი თქვენთან მოვიდა და თქვა, რომ თქვენ ბერიას ჰგავხართ. ახლა ბერიას არ განვიხილავ, ჩემი აზრით, მას არ ჰგავხართ. მაინტერესებს, მართალია თუ არა, რომ მასში (პუტინში) ასე ღრმად არის ბერიასა და სტალინის სიყვარული, რატომ აინტერესებდა მას ეს ფიგურები?

- როგორც მე გავიგე, ეს პერსონაჟები პუტინისთვის ხატია. ამის შესახებ პირდაპირ საუბრობდა. პუტინი ამბობდა, რომ ამ ორმა ადამიანმა შექმნა რუსეთი, საბჭოთა კავშირი, ეს სტალინისა და ბერიას დამსახურება იყო. ის დიდი პატივისცემით საუბრობდა ამ ადამიანებზე. ის ყოველთვის ხაზგასმით პატივისცემით საუბრობდა საქართველოზე და ქართველ ხალხზე, ქართულ კულტურაზე და პირადად მას ეს ზღვარი არასდროს დაურღვევია. მაგრამ ის, რომ ეს ორი ადამიანი მისთვის სიმბოლოა, როგორ უნდა იმოქმედოს, რათა რუსეთი ისეთი დიადი გახადოს, როგორც სტალინმა და ბერიამ, ეს ნათლად გასაგები იყო. აქ ჩვენს შორის უფსკრული გაჩნდა, როცა ამ შეხვედრებზე ვიმყოფებოდი. ალბათ, გესმით, რომ მიხეილ სააკაშვილსა და, საერთოდ, ქართველთა უმეტეს ნაწილს თავისი დამოკიდებულება აქვს ამ ორი ქართველის მიმართ. სააკაშვილს იქ ჯდომაც კი არ შეეძლო, აკანკალებდა...

- მიხეილ სააკაშვილი სტალინის დაბადების დღეს დაიბადა, მისი ოჯახის წევრებიდან ბაბუა იცნობდა სტალინს. სააკაშვილის ოჯახს სტალინის რეპრესიები შეეხო...

- საქართველოში არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება, ვერ ვიტყვი რომ ყველა წინააღმდეგია. არიან ადამიანები, ვისაც უყვარს და ვისაც არ უყვარს. მაგრამ მიხეილ სააკაშვილისთვის და ახალგაზრდა თაობისთვის ისინი არ არიან ავტორიტეტები. სწორედ ამიტომ, საუბარი არ გამოდიოდა. ამ ორ ლიდერს შორის იდეოლოგიური სხვაობა იმდენად დიდი იყო, სიმართლე გითხრათ, მაშინვე მივხვდი, რომ იქ არც პირადი კავშირი გამოვიდოდა.

- ანუ როცა პუტინმა სტალინის იმპერია ახსენა, სააკაშვილი, ალბათ, გაგიჟდა...

- სააკაშვილს აკანკალებდა, ბრაზობდა და როცა ბერიას შემადარეს, შემდეგ ჩემზე გაბრაზდა. ვუთხარი, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი, ისეთი ვარ, როგორიც ვარ. ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ სტალინის რეჟიმის სტილი მისაღები იყო პუტინისთვის - მკაცრი ცენტრალური მმართველობა, ძალაუფლება, სახელმწიფოს დამორჩილება - ეს ის არის, რაც გამოვიარეთ და ახალი არაფერია. ეს არ ხდება იმიტომ, რომ მას (პუტინს) მოსწონს, ეს არის ძალაუფლების შენარჩუნების ეფექტიანი მეთოდი - აღნიშნა გელა ბეჟუაშვილმა ინტერვიუში. წყარო