ზელენსკის ვედრება: არ გვაჩუქოთ, გვათხოვეთ! - ტრაგედია, რომელიც "პეტრიოტების" გარეშე დარჩენილ უკრაინელებს ელით - კვირის პალიტრა

ზელენსკის ვედრება: არ გვაჩუქოთ, გვათხოვეთ! - ტრაგედია, რომელიც "პეტრიოტების" გარეშე დარჩენილ უკრაინელებს ელით

საზენიტო „პეტრიოტების“ დამატებით 25 კომპლექსი მაინც გვჭირდება, რომ უკრაინის ცა დავიცვათ აგრესორი რუსეთიდან გამოშვებული ბალისტიკური რაკეტებისგან - აცხადებენ კიევში და უკვე ეჭვი ეპარებათ, რომ დასავლეთიდან ამ დახმარებას ოდესმე მიიღებენ...

ეს კი არა, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის - „პეტრიოტის“ ის რამდენიმე ბატარეა, რომლებიც აქამდე გადაეცათ უკრაინელ მეზენიტეებს, თითქმის საზენიტო რაკეტების გარეშე არიან დარჩენილნი...

„პეტრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ერთ ბატარეაში შედის მართვის პუნქტი, ფაზირებულანტენიანი რადიოლოკატორი, რადიოკავშირის საშუალებები (ანტენის ასაწევი ანძა), გენერატორი, რაკეტების გადამტანი-დამტენი მანქანები, ტექნიკური მომსახურების პუნქტი, რადიოტექნიკური და ტაქტიკური მასკირების საშუალებები და, რაც მთავარია, 6-8 გამშვები დანადგარი.

თითოეული გამშვები დანადგარიდან 4 ან 16 საზენიტო რაკეტის (გამომდინარე მათი მოდიფიკაციიდან) სტარტის განხორციელება შეიძლება, შესაბამისად, „პეტრიოტის“ ერთ, რვაგამშვებიან დანადგარიან ბატარეას დროის მოკლე მონაკვეთში ერთმანეთის მიყოლებით, შესაბამისად, 32 ან 128 მოდერნიზებული საზენიტო რაკეტის გაშვება შეუძლია.

1-petrioti-1712910334.jpg
უკრაინას რუსული ბალისტიკური რაკეტების ყოველდღიური თავდასხმებიდან თავისი მოსახლეობის დასაცავად სასწრაფოდ სჭირდება საზენიტო „პეტრიოტის“ რამდენიმე დამატებითი ბატარეა...

თითოეული საჰაერო სამიზნის ჩამოსაგდებად, მით უმეტეს - ბალისტიკური რაკეტის, როგორც წესი, არანაკლებ ორ საზენიტო რაკეტას უშვებენ, შესაბამისად, საზენიტო რაკეტების მარაგი საკმაოდ სწრაფად იწურება, რითაც კარგად სარგებლობს რუსეთის გენშტაბი, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ ყოველდღე მასობრივ კომბინირებულ საჰაერო დარტყმებს გეგმავს, ბალისტიკური, ფრთოსანი რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების გამოყენებით.

რუსული აერობალისტიკური „ისკანდერისა“ და „კინჟალის“ რაკეტების ჩამოსაგდებად კი, აუცილებლად, სწორედ „პეტრიოტია“ საჭირო, რადგან „სტინგერი“ და „ოსა“ ამას ვერ შეძლებენ...

უკრაინელებმა დაითვალეს, რომ დასავლეთის იმ ქვეყნების, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს და გმობენ რუსეთის აგრესიას, შეიარაღებაში „პეტრიოტის“ ასზე მეტი ბატარეაა, რომელთა ნაწილიც საერთოდ არ დგას საბრძოლო მორიგეობაზე. ამიტომაც, ოფიციალური კიევი ნატოს წევრ და სხვა ქვეყნებს, რომლებიც პოლიტიკურად მხარს უჭერენ უკრაინას, უმორჩილესად სთხოვს - არ გვაჩუქოთ, გვათხოვეთ, 25 თუ არა, 7 „პეტრიოტის“ ბატარეა მაინც, რომ რამენაირად მოვიგერიოთ რუსი ოკუპანტების ბალისტიკური რაკეტებიო!

2-petrioti-1712910425.png
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის -„პეტრიოტის“ ბატარეაში შემავალი დანადგარების სქემატური შემადგენლობა

მაგრამ უკრაინელების „მუხლმოდრეკილ“ თხოვნას დასავლეთი და პირველ რიგში კი, აშშ-ში „უყრუებენ“ - სხვა ქვეყანამაც რომ გადაწყვიტოს მისი კუთვნილი „პეტრიოტის“ გამშვები დანადგარების ან, თუნდაც, მარტო საზენიტო რაკეტების გაგზავნა უკრაინაში, ამისთვის აუცილებლად სჭირდება ვაშინგტონის ოფიციალური თანხმობა...

აშშ-ის შეიარაღებული ძალების განკარგულებაშია „პეტრიოტის“ 60-მდე ბატარეა, გერმანიას 10-მდე ბატარეა აქვს, ნიდერლანდებს - 3, შვედეთს - 2, რუმინეთს - 4, პოლონეთს - 2, საბერძნეთს - 6, ესპანეთს - 3, იაპონიას - 24, სამხრეთ კორეას - 8, ტაივანს - 7, ქუვეითს - 8, კატარს - 6, საუდის არაბეთს - 25, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს - 9, ისრაელს - 4.

როგორც ხედავთ, მარტო ნატოს წევრ ქვეყნებს 90-მდე „პეტრიოტის“ ბატარეა აქვთ თავიანთ არსენალში და ნუთუ მართლაც ასე რთულია, უკრაინის რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან დასაცავად, მათ, საერთო ძალისხმევით, „პეტრიოტის“ შვიდი ბატარეა ვერ შეაგროვონ?!

3-petrioti-1712910374.png
„პეტრიოტის“ ერთი საზენიტო რაკეტის გაშვება 3 მლნ დოლარამდე ღირს, მაგრამ რა ღირს უკრაინულ ქალაქებში მორიგი რუსული „ისკანდერების“ აფეთქებებისას დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე?

„პეტრიოტის“ პირველი ბატარეა უკრაინამ შეიარაღებაში ერთი წლის წინ, 2023 წლის მარტში მიიღო. დღეს მის განკარგულებაში ორზე მეტი ბატარეა შეიძლება იყოს. ერთი თვის წინ ვიდეოკადრებით დადასტურდა უკრაინელების „პეტრიოტის“ ორი გამშვები დანადგარის განადგურება რუსული წერტილოვანი საჰაერო დარტყმის შედეგად.

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის - „პეტრიოტის“ ერთი ბატარეის ფასი, სავარაუდოდ, ერთ მილიარდ დოლარს აღწევს, ხოლო ერთი საზენიტო რაკეტის ღირებულება კი 3 მლნ დოლარს უახლოვდება. შესაბამისად, უკრაინელი მეზენიტეები ძალიან უფრთხილდებიან მათ არსენალში შემორჩენილ მცირე რაოდენობის „პეტრიოტის“ რაკეტებს და მათ მხოლოდ რუსული „ისკანდერებისა“ და „კინჟალების“ მოსაგერიებლად ინახავენ, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს მიზერული მარაგიც ამოიწურება და პუტინის ოკუპანტი არმია დაუსჯელად გააგრძელებს უკრაინული ქალაქების ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვას, თუკი დასავლეთმა და პირველ რიგში, ამერიკელებმა ყურები არ შეიფერთხეს...