სუიციდი - სოციალური დაავადება?
"როდესაც ადამიანი თავს არარაობად გრძნობს, ყველაფერზეა წამსვლელი..."
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო იმ ქვეყნების საერთაშორისო რეიტინგში აღმოჩნდა, სადაც ყველაზე ხშირია თვითმკვლელობა. სუიციდის ძალიან მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორისაა რუსეთი, უკრაინა, ლიტვა, ლატვია, ყაზახეთი და ბელორუსია. საქართველო კი სუიციდის მაჩვენებლებით ამიერკავკასიაში ლიდერობს.
შუახნის ქალბატონი მტკვარში გადახტა, მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს... დიღმის მასივში, 63 წლის ლალი გოგელია საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადახტა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს... ვაჟა-ფშაველას გამზირზე, 18-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან მამაკაცი გადმოხტა... სოფელ არაშენდაში 28 წლის ფეხმძიმე ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა... კასპის რაიონის სოფელ დოესში 18 წლის ხათუნა ბაიდაურმა თავი საკუთარი სახლის ფარდულში ჩამოიხრჩო... საგარეჯოს რაიონში, სოფელ გიორგიწმინდაში, 20 წლის გიორგი თედიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა - გარდაცვლილის ნათესავების ინფორმაციით, მან სლოტკლუბში 700 ლარი წააგო...
ეს შარშან საქართველოში მომხდარი თვითმკვლელობების არასრული ნუსხაა. ოფიციალური სტატისტიკით, რომელიც შს სამინისტრომ მოგვაწოდა, 2011 წლის განმავლობაში ქვეყანაში სულ სუიციდის 64 შემთხვევა დაფიქსირდა. ფსიქოლოგები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ოფიციალური სტატისტიკა რეალობას არ ასახავს და ქვეყანაში ბევრად უფრო მძიმე ვითარებაა.
მარინა ბალიაშვილი (ფსიქოლოგი): - ქვეყანაში სოციალური ფონის გაუარესებასთან ერთად ყოველთვის იზრდება ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, თვითმკვლელობა და განქორწინება. სუიციდი განიხილება არა როგორც კონკრეტული ადამიანის გადაწყვეტილება, არამედ როგორც სოციალური დაავადება. ქვეყანაში არსებული ვითარება არათუ სუიციდის შემთხვევების შემცირების, არამედ მატების საფუძველს იძლევა. უწინ ამ შემთხვევებს ფსიქიატრიის კვლევითი ინსტიტუტი სწავლობდა. თვითმკვლელობის შემთხვევებით დასავლეთ საქართველო ლიდერობდა. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის კვლევა და მისი შედარება ოფიციალურ სტატისტიკასთან გარკვეულ სურათს გვაძლევდა. ახლა კი ფსიქიატრიის ინსტიტუტი აღარ არსებობს და, შესაბამისად, ვერავინ გადაამოწმებს, რამდენად სარწმუნოა ის ინფორმაცია, რომელსაც თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
თვითმკვლელობების რიცხვი საზოგადოების დეზინტეგრაციის დროს მატულობს. ოფიციალურ ლიტერატურაში ცნობილია სუიციდის გამომწვევი კლასიკური მიზეზები. ეს არის საზოგადოების დეზინტეგრაცია - როცა მოშლილია სახელმწიფო სტრუქტურა, ოჯახი ოჯახს აღარ ჰგავს, ქვეყანაში ტოტალური უსამართლობაა.
საბანკო სისტემაში მოქალაქეთა ჩართვითა და მომრავლებული ვალებით, უთავბოლო პოლიტიკით, სახელმწიფო ინდივიდს, პრაქტიკულად, დასაღუპავად იმეტებს. როცა არა გაქვს სამსახური, ოჯახი, გეუფლება უმწეობის, არარაობის განცდა. არა გაქვს იმედი, რომ შენს მონდომებას თვითრეალიზაციისა, ვერავინ დაინახავს, გამოდის - არავინ ხარ.
ე.წ. ბედნიერების ინდექსი ჩვენს ქვეყანაში, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების უმრავლესობა თავს უბედურად გრძნობს. ამბობენ, უმეტესად თავს სულიერად დაავადებულები იკლავენო. ტყუილია. პირიქით, საღად მოაზროვნე ადამიანები უფრო ხშირად იკლავენ თავს. ცხოვრებაში მიზნებისა და პოზიციების დაკარგვა, უპერსპექტივობა, ეკონომიკური არასტაბილურობა არ აძლევს ადამიანს სრულფასოვნების შეგრძნების საშუალებას, ხოლო როდესაც ადამიანი თავს არარაობად გრძნობს, ის ყველაფერზეა წამსვლელი. სხვათა შორის, კვლევებმა აჩვენა, რომ თვითმკვლელობამდე ადამიანები, თავიანთი ქმედებებითა თუ სიტყვიერი მინიშნებებით, აუცილებლად აცნობებენ გარშემომყოფებს სუიციდის გადაწყვეტილების შესახებ. ანუ სასოწარკვეთილებიც კი გადარჩენის უკანასკნელ იმედს ეჭიდებიან.
შორენა ბექაური (ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი-ფსიქიატრი): - სუიციდური ტენდენციები გულისხმობს როგორც სუიციდურ აზრებს, ასევე მცდელობებს. შესაძლოა, აზრი მცდელობაში არ გადაიზარდოს. უმეტეს შემთხვევაში თვითმკვლელობა ხდება დეპრესიული მდგომარეობისას და ფსიქიკური აშლილობის შემთხვევაში. ძლიერი სტრესის ფონზე შესაძლოა, განვითარდეს ისეთი აფექტური მდგომარეობა, რომელიც ადამიანს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს. სუიციდის მიზეზი შესაძლოა, გახდეს ასევე ახლობელი ადამიანის დაკარგვა. არსებობს ასევე დემონსტრაციული სუიციდის ცნება - როცა ადამიანი ცდილობს, თვითმკვლელობა სხვების დასანახად ჩაიდინოს და ეს იყოს მიმართული ვინმეს შანტაჟისთვის, მუქარისთვის ან დასასჯელად. ასეთ შემთხვევაში ადამიანის თვითმიზანი სიკვდილი არ არის, ამიტომ ხშირად საქმე აქამდე არ მიდის.
- ქვეყანაში სუიციდის შემთხვევები მნიშვნელოვნად იზრდება საომარი მოქმედებების შემდეგ?
- რა თქმა უნდა, ომის დამთავრება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას ჰყავს ბევრი დაზარალებული როგორც ეკონომიკური, ასევე ფსიქიკური და სოციალური თვალსაზრისით. თუ ქვეყანამ მარცხი განიცადა, ზარალი უფრო დიდია, ვიდრე გამარჯვებული ქვეყნისა.
- ხშირია შემთხვევები, როცა თავს პატიმრები იკლავენ?
- ალბათობა იმისა, რომ პატიმარს დეპრესიული სიმპტომატიკა განუვითარდეს, ძალიან დიდია, შესაბამისად, თვითმკვლელობის შემთხვევაც ხშირია. საპატიმროში სხვა დამთრგუნველი გარემოებებიც მოქმედებს - ჩაკეტილ ინსტიტუციებში ძალადობის ალბათობა მაღალია.
ჩრდილოეთის ქვეყნებში სინათლე და მზის შუქი ნაკლებია. ეს გარემოება, შესაბამისად, დეპრესიების განვითარებას უწყობს ხელს და მაღალია სუიციდის ალბათობაც. სამხრეთის ქვეყნებში კი პირიქით. თვითმკვლელობები ხშირად გარდამავალ პერიოდში მყოფ ქვეყნებში ხდება და მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული მძიმე სოციალურ ფონთან.
მსოფლიოში ყოველ წელს 1100000 ადამიანი იკლავს თავს
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველ წელს 1100000 ადამიანი იკლავს თავს. მათ შორის: 300 ათასი ჩინელი, 160 ათასი ინდოელი, 37 ათასი ამერიკელი, 30 ათასი რუსი, 30 ათასი იაპონელი, 16 ათასი ფრანგი და 10 ათასი უკრაინელი. ამავე ორგანიზაციის ცნობით, ყოველწლიურად მსოფლიოში 19 მილიონი თვითმკვლელობის უშედეგო მცდელობა აღინიშნება. სტატისტიკურად თვითმკვლელი მამაკაცების რიცხვი ოთხჯერ აღემატება თვითმკვლელი ქალების რაოდენობას. სუიციდის ყველაზე დაბალი, თითქმის ნულთან გათანაბრებული მაჩვენებლებია ეგვიპტეში, ჰაიტისა და იამაიკაზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დასძენს, რომ ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს დამალოს თვითმკვლელობის რეალური მაჩვენებელი, რადგან ეს, სოციალურთან ერთად, პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ 2020 წლისთვის თვითმკვლელობების ყოველწლიური სტატისტიკა 1500000-მდე გაიზრდება.
უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველოში სუიციდის 5500 შემთხვევა დაფიქსირდა
სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 100 ათასი კაციდან საშუალოდ 4-5 სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, სომხეთში ეს მაჩვენებელი ორჯერ ნაკლებია, აზერბაიჯანში კიდევ უფრო ნაკლები - 100 ათას მოსახლეზე მხოლოდ 0,6 თვითმკვლელობა აღირიცხა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ 2008-2010 წლებში საქართველოში თვითმკვლელობის 368 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე მეტი 2009 წელს - 188, 2010 წელს 161 შემთხვევა აღირიცხა. აქედან 134 მამაკაცია, 27 კი ქალი. ამავე უწყების ინფორმაციით, 2010 წელს 593 თვითმკვლელობის უშედეგო მცდელობა გამოვლინდა. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 5500-მა კაცმა მოიკლა თავი. 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე მეტი თვითმკვლელობა 2004 წელს დაფიქსირდა. მოგვიანებით, ამ მაჩვენებელმა დაიკლო, მაგრამ 2007 წლიდან კვლავ დაიწყო მატება.