კომეტა არა... თბილისიდან ნადირაძის ბალისტიკური რაკეტის ქობინის ფრენა გამოჩნდა... - კვირის პალიტრა

კომეტა არა... თბილისიდან ნადირაძის ბალისტიკური რაკეტის ქობინის ფრენა გამოჩნდა...

ქართულ ინტერნეტსივრცეში საინტერესო ვიდეო დაიდო, რომელზეც მოჩანს თბილისიდან დანახული მაღლა ცაში თეთრი ფერის უცნაური, მოძრავი ნათება...

"რა იყო ეს? რამე შემოვიდა ატმოსფეროში და დაიწვა? უცებ ნათებამ იმატა და მერე...Update: სავარაუდოდ კომეტა იყო, კუდი მაგას მოჰყვება ხოლმე, პირველად შევესწარი" - წერს ვიდეოს ავტორი ზურა ხოფერია.

თუმცა, ეს არ იყო კომეტა, ეს ჩვენი თანამემამულეს, ცნობილი საბჭოთა კონსტრუქტორის ალექსანდრე ნადირაძის მიერ თავის დროზე შექმნილი ბალისტიკური რაკეტის „შვილობილის“ სტრატოსფეროში ფრენის კვალი გახლდათ...

2-n-1712997485.jpg
სახურავგადახსნილი ანგარიდან ბალისტიკური რაკეტის სტარტი (როდესაც დრო არ რჩებოდა სარაკეტო დანადგარების ანგარებიდან გამოსაყვანად და ბირთვული სარაკეტო დარტყმის სასწრაფოდ განხორციელება იყო საჭირო) ნადირაძის „პიონერის“ და „ტოპოლის“ ნოუ-ჰაუ გახლდათ, რაც „ტოპოლ-მ“-ებმა და „იარს-მ“-ებმაც გააგრძელეს...

12 აპრილს, პირველი კოსმონავტის-იური გაგარინის კოსმოსში გაფრენიდან 63 წლისთავზე რუსეთმა კაპუსტინ იარის კოსმოდრომიდან განახორციელა საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტის სტარტი.

მართალია რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს ბალისტიკური რაკეტის ზუსტ ტიპს,მაგრამ მისსავე გავრცელებულ ვიდეოკადრებში მოჩანს, რომ ანგარიდან, რომლის სახურავი გადახსნილია, სტარტს იღებს ბალისტიკური რაკეტა-ასეთი რამ კი მხოლოდ ნადირაძის მობილურ სარაკეტო დანადგარებს „ტოპოლებს“ შეეძლოთ...

3-n-1712997484.png
ნადირაძის მობილური სარაკეტო კომპლექსი РТ-2ПМ «То́поль»-ი

ჯერ კიდევ 1980-იან წლების დასაწყისში ალექსანდრე ნადირაძის მიერ კონსტრუირებული „ტოპოლები“ მართალია კიდევ შემორჩა რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებს თავის არსენალში, რითაც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს კვლავ ემუქრებიან, მაგრამ ეს კონკრეტული სტარტი სავარაუდოდ ნადირაძის „ტოპოლის“ „შვილობილმა“-მოდერნიზებულმა „იარს-მ“-მა განახორციელა (ანგარში მდგარი სარაკეტო დანადგარი, საიდანაც ბალისტიკური რაკეტის სტარტი ხორციელდება, არ მოჩანს-ნადირაძის „ტოპოლის“ გასაშვებ ბორბლებიან დანადგარს შვიდი ღერძი ჰქონდა,მოდერნიზებულ „ტოპოლ-მ“-სა და „იარს-მ“-ს კი რვა ღერძი აქვთ).

4-n-1712997484.png
ალექსანდრე ნადირაძე

სტარტაღებულ ბალისტიკურ რაკეტას სავარაუდოდ ჰიპერბგერითი კვაზიბალისტიკური მართვადი ქობინი ეყენა, რომლის ფრენის „პირუეტები“ კარგად გამოჩნდა სტრატოსფეროში და მისი ხილვა ირანის ჩრდილოეთიდან, დაღესტნიდან და როგორც აღმოჩნდა საქართველოდანაც გახდა შესაძლებელი...

კაპუსტინ იარის პოლიგონიდან რაკეტის გაშვების მომენტი

რუსეთის ფედერაციის მე-4 სახელმწიფო ცენტრალური უწყებათაშორისი პოლიგონი კაპუსტინ იარი ასტრახანის ოლქში მდებარეობს, რომელიც თბილისიდან პირდაპირი ხაზით 750 კმ-ში მდებარეობს, რაც ერთი შეხედვით მცირე მანძილი არ არის, მაგრამ როდესაც კაპუსტინ იარიდან ხორციელდება შორი მოქმედების რაკეტების სტარტი, მათი ქობინების ახლო კოსმოსში გასვლის „კვალი“ ხშირად საქართველოს ტერიტორიიდანაც მოჩანს და ასე მოხდა ეხლაც...