"შშმ პირი იყო, ვერ ლაპარაკობდა. უწყინარმა ბიჭმა ვის რა დაუშავა?" - ბოლნისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები - კვირის პალიტრა

"შშმ პირი იყო, ვერ ლაპარაკობდა. უწყინარმა ბიჭმა ვის რა დაუშავა?" - ბოლნისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში მოკლული ახალგაზრდა 34 წლის ისაუ ჰუსეინოვია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მისი ცხედარი თანასოფლელებმა ტყეში სასტიკად ნაწამები იპოვეს. ბიჭი 7 აპრილს დაიკარგა და ოჯახი მას შემდეგ ეძებდა.

საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ცხედარს ექსპერტიზაც ჩაუტარდა.

ჯერჯერობით უცნობია რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება და ისიც, ჰყავთ თუ არა სავარაუდო ეჭვმიტანილი. ადგილობრივების თქმით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები მთელ სხეულზე აღენიშნება.

"ეს ბიჭი შშმ პირი იყო, ვერ ლაპარაკობდა, ძალიან წყნარი ბიჭი. წამებით არის მოკლული. კბილები დაუმტვრიეს, ყელი გამოჭრეს, ფეხები დაუმტვრიეს. სხეულზე დანით მიყენებული აქვს ჭრილობები. სოფლიდან ძალიან შორს, სადღაც ტყეში წაიყვანეს და იქ მოკლეს წამებით. ეს ვინ ჩაიდინა არ ვიცით და არც ის, რატომ უნდა მოეკლათ ბიჭი. მას მტერი არ ჰყოლია, ამის ჩამდენი მალე უნდა დაადგინონ და დასაჯონ",- ამბობს ადგილობრივი.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს სოფელ მამხუტში, რასია სალახლი ამბობს, რომ მისთვის უცნობია მომხდარის დეტალები.

"ბიჭი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ჩვენს სოფელში. 5 დღე იქნება, რაც ეძებდნენ, მთელი სოფელი ეძებდა და ჩვენმა თანასოფლელებმა იპოვეს ჩვენი სოფლიდან მოშორებით, ტყეში მოკლული. არ ვიცი რატომ მოკლეს. ვიყავი მისული ოჯახში სამძიმარზე და ისინიც ვერ ამბობენ ვის უნდა მოეკლა ეს ახალგაზრდა ბიჭი. შშმ პირი იყო, ვერ ლაპარაკობდა, არაფერი არ ვიცი რატომ მოკლეს. ალბათ გამოძიება დაადგენს ეს ვინ ჩაიდინა. ძალიან კარგი ადამიანი იყო და არაფერ ცუდ საქმეში შემჩნეული არ ყოფილა", - ამბობს მერის წარმომადგენელი.

ვინ გაიტაცა ის სოფლიდან, ამაზე ადგილობრივები ვერაფერს ამბობენ:

"ცუდი არავისთვის გაუკეთებია, შურისძიება რატომ უნდა ყოფილიყო. ყველას აინტერესებს მიზეზი დადგინდეს, ასე სადისტურად როგორ შეიძლება ადამიანი მოკლა. უწინარმა ბიჭმა ვის რა დაუშავა არ ვიცი. მალე უნდა გაირკვეს დამნაშავე და დაისაჯოს, ეს არის საშინელება", - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი. ეს ხომ არ იყო ოჯახზე შურისძიება, ვის რა ინტერესი ჰქონდა, ეს და სხვა დეტალები გამოძიებით უნდა გაირკვეს.

(სპეციალურად საიტისთვის)