"თავი პრობლემური ადამიანი არ მგონია. საერთოდ ჩემში რაც არ მომწონს, ყოველთვის ვცდილობ, გამოვასწორო" - რა თვისებამ დააზარალა პირად ურთიერთობებშიც და კარიერაშიც ანი ხაჩიძე - კვირის პალიტრა

"თავი პრობლემური ადამიანი არ მგონია. საერთოდ ჩემში რაც არ მომწონს, ყოველთვის ვცდილობ, გამოვასწორო" - რა თვისებამ დააზარალა პირად ურთიერთობებშიც და კარიერაშიც ანი ხაჩიძე

"მას აქვს საოცარი ნიჭი, პუბლიკა შოკში ჩააგდოს. ამბიციური, კარიერისტი და ამაყია. მისი ნატყორცნი სიტყვა მიზანს ისარივით ხვდება. ხშირად არ ერიდება ბილწსიტყვაობას, გულუბრყვილო და გულწრფელია. მისთვის დამახასიათებელია საკუთარ თავზე მითების შექმნის სიყვარული", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მამლის წელში დაბადებულ მშვილდოსანს, ეს კი მსახიობ ანა ხაჩიძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ანა, ასტროლოგიით რამდენად ინტერესდები?

- ამ სფეროში ღრმად ჩახედული არ ვარ, თუმცა ვთვლი, რომ საინტერესოა. რამდენიმე დღის წინ მეგობრები პირადი რუკის გაკეთების თემასაც კი განვიხილავდით, მაგრამ ასტროლოგთან ჯერ არ წავსულვართ.

- "მეოცნებე ადამიანია, უყვარს პირველობა", - ამბობენ ასტროლოგები. ეთანხმები?

- მეოცნებე? არა, ეს სწორი სიტყვა არა მგონია, შეიძლება უფრო ითქვას, რომ ფიქრი მიყვარს. ახლა რომ მკითხო, შენი ოცნება რა არისო? ვერ გიპასუხებ. პერიოდულად ჩემს თავში პირველობის სურვილიც აღმომიჩენია.

- "ამბიციური, კარიერისტი და ამაყია".

- ამაყი ნამდვილად ვარ, კარიერისტი - ნაკლებად, ამბიციურობა კი მგონია, ჯანსაღი ფორმით მაქვს.

- "მისთვის დამახასიათებელია საკუთარ თავზე მითების შექმნის სიყვარული".

- ასე არ არის. საკუთარ თავზე მითები არასდროს შემიქმნია.

- "ის ხშირად არ ერიდება ბილწსიტყვაობას, ხანდახან საკუთარ თავს აგრესიულად და მძაფრად ავლენს".

- ბილწი სიტყვები ჩემს ლექსიკონში არ შედის. სხვები რომ ბილწსიტყვაობენ, ეგეც არ მომწონს. თუმცა არის ხოლმე სიტუაცია, რომელსაც ეს ფორმა უხდება. რაც შეეხება საკუთარი თავის აგრესიულად გამოვლენის ფორმას, უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, როცა ერთმა ადამიანმა ძალიან გამაბრაზა და პირველი კორპუსის წინ, ზუსტად ეს ამბავი "ჩავატარე", ყველანი გაკვირვებულები დარჩნენ, ამ ქცევას ჩემგან არავინ ელოდა.

278187380-5965883546771532-7887805327583278698-n-1713012500.jpg

- "დიდად არ ადარდებს, რას იტყვიან გარშემო მყოფები".

- ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას იტყვიან ჩემი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები. გადაწყვეტილების მიღებისას ყველას აზრი შემიძლია მოვისმინო, მაგრამ შემდეგ საჭიროდ თუ არ ჩავთვლი, არ გავითვალისწინო. "არ ადარდებს" უხეში ნათქვამი, მგონია, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, გარშემო მყოფების აზრი გავლენას ნაკლებად ახდენს.

- "გულუბრყვილობაში შეუდარებელია. იმას ამბობს, რასაც ფიქრობს".

- გულუბრყვილო არ ვარ, მაგრამ ზოგჯერ თავად ვთვლი საჭიროდ და საკუთარ თავს ვეუბნები, ახლა სჯობს გულუბრყვილობა გამოავლინო-მეთქი.

- ეს რა დროს ხდება, როცა სიტუაცია არ გინდა გაართულო?

- რა თქმა უნდა, მირჩევნია, მე გამოვჩნდე გულუბრყვილო. სხვათა შორის, ხშირად ისიც არ მითქვამს, რასაც ვფიქრობ, ადამიანი რომ არ გავანაწყენო, ვიღაცის ემოციებზე რომ არ ვითამაშო. შეიძლება ეს ადამიანი ძალიან ახლობელი და ოჯახის წევრიც კი იყოს.

- "ის ფიქრობს, რომ ყოველთვის მართალია; რომ მან იცის, რასაც აკეთებს. არავის ენდობა და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს, ამასთანავე უხვად არიგებს რჩევებს".

- ასეა (იცინის). მაქვს ხოლმე განცდა, რომ მართალი ვარ. ხშირად მეგობრებს იმასაც კი ვეუბნები, მეორედ ჭკუას აღარ დაგარიგებთ-მეთქი. ზოგჯერ დემაგოგიური გამოსვლებიც მაქვს და მერე ეს თავადაც მღლის. შეიძლება რაღაც საკითხში მართალი იყო, მაგრამ სულ ჭკუის სწავლება არავის (მათ შორის არც მე) უყვარს. მეორე ადამიანისთვის შენი ეს პოზიცია დამღლელია. რაც შეეხება ნდობის ფაქტორს, ასტროლოგებს ვეთანხმები, ადამიანებს მარტივად არ ვენდობი. ეს მიდგომა ადრეც მქონდა, მაგრამ წლების მატებასთან ერთად, გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა და გამიმძაფრდა.

- როგორ იქცევი, როცა ახლობელი ადამიანის მიმართ ნდობას კარგავ? უშვებ საკუთარი ცხოვრებიდან, დისტანციას იჭერ თუ...

- რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება არ მიყვარს. ასეთი შემთხვევა მქონდა ცხოვრებაში და გადაწყვეტილება მარტივი მისაღები არ აღმოჩნდა. მე იმ ადამიანთან საკუთარ ქცევებს ვაკორექტირებ. ეგრევე წერტილის დასმა არ შემიძლია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ასე სჯობდეს კიდეც.

- "მშიშარა არ არის, მაგრამ მისი სიმამაცე ყოველთვის აუცილებლობითაა გამოწვეული".

- ზუსტად ასეა.

400981804-7879637602062774-6767662818269326612-n-1713012518.jpg

- "მკვეხარაა. გაცილებით მეტს ამბობს, ვიდრე გაკეთება შეუძლია".

- მე უფრო ცოტას ვლაპარაკობ, ვიდრე გაკეთება შემიძლია.

- ეს არ გაზარალებს?

- პირად ურთიერთობებშიც მაზარალა, კარიერაშიც.

- "მფლანგველია, გამუდმებით ხარჯავს, რასაც შოულობს".

- სამწუხაროდ ასეა. სხვის ფულს იდეალურად ვუფრთხილდები. შემიძლია ყველა დეტალი იდეალურად გავთვალო, მაგრამ როცა საქმე ჩემს თანხას ეხება, ეს ყველაფერი აღარ მახსოვს.

- "სიყვარულში ბევრი სიძნელე გადახდება, სინამდვილე ყოველთვის არ არის იმ ოცნების დონეზე, რომელიც მას იზიდავს".

- ალბათ ამის ბრალია, ურთიერთობაში რომ არასდროს ვყოფილვარ. ამ დრომდე არავინ მყვარებია. ზოგჯერ მიფიქრია, რომ ჩემშია პრობლემა, იქნებ მე მაქვს დიდი მოლოდინები? საკუთარი ქცევებისთვის გვერდიდანაც შემიხედავს, ურთიერთობა რომ ამეწყო, თავისთვის ძალაც დამიტანებია, მაგრამ... თავი პრობლემური ადამიანი არ მგონია. საერთოდ ჩემში რაც არ მომწონს, ყოველთვის ვცდილობ, გამოვასწორო.

- "მას აქვს საოცარი ნიჭი, პუბლიკა შოკში ჩააგდოს".

- ეს უთქვამთ, მაგრამ ჩემი მხრიდან ლაპარაკი უხერხულია.

- მოუსვენარი ხარ?

- ძალიან. სულ მეჩხუბებიან, სახლში არასდროს ხარო.

- "თავგადასავლების მოყვარულია. უყვარს მოგზაურობა".

- ძალიან მიყვარს, მაგრამ ხშირად არ გამომდის. რამეს რომ გავიფიქრებ, არ უნდა გადავდო, თორემ მერე აღარ გამომივა.

- სპონტანურობა გჩვევია?

- კი.

- შენთვის წარმოუდგენელი რაღაც ჩაგიდენია?

- ერთხელ მქონდა შემთხვევა, ადამიანისთვის, რომელიც მომწონდა, ისეთი რამ გავაკეთე, ჩემგან სხვა კი არა, მეც არ ველოდი. საკუთარი თავით გაოცებული დავრჩი.

- ეს გაოცება სასიამოვნო იყო?

- არ ვიცი... იმედია იმ ადამიანისთვის იყო სასიამოვნო. არ ვთვლი, რომ მეორედ იმავეს აღარ გავაკეთებდი.

- "მას თავში იდეები სწრაფად მოსდის, წარმატება კი ხშირად ინტუიციურ წინათგრძნობაზეა დამყარებული".

- კი, ინტუიცია კარგად მაქვს განვითარებული, არ მღალატობს.

- "ის პირდაპირია მანერებით და ლაპარაკით. სიხისტე ხშირად სჩვევია".

- ასე ხშირად ხდება.

- ეს შემდგომ უსიამოვნებებს არ წარმოშობს?

- მგონია, რომ უსამართლო არასდროს ვარ.

- "მისი ნატყორცნი სიტყვა მიზანს ისარივით ხვდება".

- (იცინის) ზუსტად "ვისვრი".

- "გულღიაობის მიუხედავად, ხშირად ძალიან მარტოსულია, ეს კი მისი იდეალისტურობის შედეგია".

- მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ახლო მეგობარი მყავს, ყოველთვის ჩემ გვერდით არიან ოჯახის წევრები და ახლობლები, პერიოდულად მარტოსულობის განცდა მაინც მაქვს. არ ვიცი, რას დავაბრალო, არა მგონია, ეს იდეალისტურობის შედეგი იყოს.

- "სანახევროდ გაკეთებულ საქმეებს ტოვებს იმ იმედით, რომ ყველაფერი თავისით გაკეთდება".

- არა მგონია, რომ თავისით გაკეთდება, ამიტომ არ ვტოვებ, მაგრამ საქმე ყოველთვის ბოლო წუთამდე მაქვს გადადებული, ეს ჩემი უარყოფითი თვისებაა. რატომღაც დროში ვწელავ და ბოლო წუთს ველოდები. ერთხელაც არ გამომივა და მერე ალბათ, ჭკუას ვისწავლი.

- "მისი სურვილია მუდმივად იხეტიალოს".

- ეს სურვილი მართლა მაქვს, მაგრამ ხეტიალს ნაკლებად ვახერხებ.

- შეგიძლია სრულიად მარტო სალაშქროდ წახვიდე?

- მშურს იმ ადამიანის, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია.

- შენ ხელს რა გიშლის?

- გამოცდილება არ მაქვს და მეშინია. მაგალითად, ძალიან მიყვარს თხილამურებით სრიალი და ჩემ გარშემო არავინ სრიალებს. ამის გამო 6 წელი ისე გავიდა, სურვილი ვერ ავისრულე და წელს პირველად წავედი. მომავალშიც წავალ. სულ რომ არავინ წამოვიდეს, მაინც წავალ, ამ სიამოვნებას აღარ მოვიკლებ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"