ირანმა ისრაელს 331 რაკეტითა და დრონით დაარტყა-ეს გახდა 21-ე საუკუნის ყველაზე მასიური საჰაერო შეტევა... - კვირის პალიტრა

ირანმა ისრაელს 331 რაკეტითა და დრონით დაარტყა-ეს გახდა 21-ე საუკუნის ყველაზე მასიური საჰაერო შეტევა...

13-14 აპრილის ღამეს მოხდა ის, რასაც მთელი მსოფლიო შიშით მოელოდა და რაც გარდაუვლად მოჩანდა-1 აპრილს სირიის დამასკოში ირანის საკონსულოზე სარაკეტო დარტყმის განხორცილებისა და ორი ირანელი გენერლის ლიკვიდაციის საპასუხოდ ირანმა ორი კვირის თავზე 21-ესაუკუნეში ყველაზე მასიური საჰაერო დარტყმა მიაყენა ისრაელს...

185 კამიკაძე-დრონი, 36 ფრთოსანი რაკეტა და 110 ბალისტიკური რაკეტა იქნა გაშვებული ისრაელის მიმართულებით, როგორც უშუალოდ ირანის ტერიტორიიდან, ისე იემენიდან ჰუსიტების, სირიიდან პროირანული ძალებისა და სამხრეთ ლიბანიდან „ჰესბოლას“მიერ...

ერთდროულად ამდენი კამიკაძე-დრონი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები თვით აგრესორ რუსეთსაც კი არ გამოუყენებია ერთდროულად ერთი კომბინირებული საჰაერო შეტევის დროს უკრაინის წინააღმდეგ.

ირანის მოქმედების ტაქტიკა ძალიან წააგავს მისი მეგობარ რუსეთისას, ასეთი საჰაერო შეტევების ორგანიზება-განხორცილებისას, მაგრამ ისრაელის ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემა ბევრად აღემატება უკრაინისას და შესაბამისად მათ მოახერხეს ირანიდან გამოშვებული რაკეტებისა და დრონების უდიდესი ნაწილის გაუვნებელყოფა.

2-israeli-1713076558.png
ირანული ბალისტიკური რაკეტების მოგერიების მომენტიისრაელის ცაში, საჰაერო თავდაცვის ანტი-რაკეტებით...

ამაში ისრაელს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორიც დაეხმარა; პირველი-ის, რომ ირანისა და ისრაელის საზღვრებს შორის არანაკლებ ათასი კმ მანძილია, რომლის გასაფრენადაც ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს ათი წუთი სჭირდებოდათ, ფრთოსან რაკეტებს თითქმის ორ საათამდე, ხოლო კამიკაძე-დრონებს კი 7 სთ-ზე მეტი.შესაბამისად, ირანი იძულებული იყო ჯერ კამიკაძე-დრონები აეფრინებინა ცაში, რამდენიმე საათის შემდეგ ფრთოსანი რაკეტები გაეშვა და სულ ბოლოს კი ბალისტიკური რაკეტების სტარტი განეხორციელებინა, რათა საჰაერო თავდასხმის ეს სამივე საშუალებები თითქმის ერთდროულად შეჭრილიყვნენ ისრაელის საჰაერო სივრცეში, მაგრამ კამიკაძე-დრონების რამდენიმე საათით ადრე გაშვებამ ისრაელის საჰაერო თავდაცვა ადრეულად მოიყვანა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში და ირანმა დაკარგა საჰაერო თავდასხმის მოულოდნელობის ეფექტი. მეორე- ისრაელის საჰაერო თავდაცვას სერიოზულად დაეხმარნენ ერაყისა და იორდანიის ტერიტორიებზე განთავსებული ამერიკელი სამხედროები, რომელთა გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა და საზენიტო საშუალებებმა ირანული კამიკაძე-დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების ნაწილი ჯერ კიდევ გზაში, ისრაელის საჰაერო სივრცემდე ჩამოყარეს.

ირანი აცხადებს, რომ ამ საჰაერო დარტყმით მან სრულად იძია შური ისრაელზე და გაუნადგურა ნეგევის უდაბნოში მდებარე ის სამხედრო აეროდრომი, რომლიდანაც აფრენილმა ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავმა 1 აპრილს რაკეტით დარტყმა მიაყენა დამასკოში ირანის საკონსულოს, რითაც თეირანი კმაყოფილია და აჩერებს დარტყმებს ისრაელზე, მაგრამ თუკი ისრაელი გაბედავს პასუხის გაცემას, მაშინ ირანის სარაკეტო დარტყმები ახალი ძალით განახლდება...

ისრაელის მხარე მხოლოდ 31 დაჭრილ მოქალაქეზე ავრცელებს ინფორმაციას, აღიარებს ნეგევის უდაბნოში მის საჰაერო ბაზაზე სარაკეტო დარტყმას, მაგრამ აცხადებს, რომ ამას მხოლოდ უმნიშვნელო ნგრევა მოჰყვა...

დღეს მსოფლიო დადგა უდიდესი საფრთხის წინაშე, რადგან ისტორიაში პირველად განხორციელდა სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული ორი, არამეზობელი ქვეყნის-ირანის ისლამური რესპუბლიკისა და ისრაელს შორის პირდაპირი საბრძოლო მოქმედებები...

თუ რა გაგრძელება ექნება ყოველივე ამას, ეტყობა არათუ დღეების, არამედ შეიძლება სააათების შემდეგ გაირკვეს, რადგან ისრაელი აუცილებლად უპასუხებს და ძალიან დიდი ალბათობით ძლიერ სარაკეტო დარტყმებს მიაყენებს ირანს, უშუალოდ მისსავე ტერიტორიაზე...