ისე ნუ ვიზამთ, რომ დღეს ყოველგვარი მტრისა და ბრძოლის გარეშე, ჩვენვე შეურაცხვყოთ და გავაღარიბოთ ჩვენი უნიკალური ქართული ენა - კვირის პალიტრა

ისე ნუ ვიზამთ, რომ დღეს ყოველგვარი მტრისა და ბრძოლის გარეშე, ჩვენვე შეურაცხვყოთ და გავაღარიბოთ ჩვენი უნიკალური ქართული ენა

დღეს ქართული ენის დღეა და მხოლოდ მნიშვნელოვან თარიღებზე თუ აღვნიშნავთ, ან ვამბობთ რამეს, რაც გვაწუხებს ამ თემასთან დაკავშირებით, თორემ სხვა დროს ენა და ეროვნულობა კი არა...

ჰოდა, ამ თემაზე დღეს ამგვარად დავიწყებ საუბარს. როდესაც ერთ ცნობილ მეცნიერს ჰკითხეს, რა არის ეროვნულობაო, მან უპასუხა - ეროვნულობა ვლინდება კულტურულ შემოქმედებაში, კულტურა არ ნიშნავს უახლეს განათლებულობას, რადგან კულტურული შემოქმედება პირველია და მასზე ძველი. კულტურის ძლიერი იარაღი არის ენა, რომელშიც აღბეჭდილია ეროვნულობის გონი. ენა არის „ხალხის გონის“ ანარეკლიც და მისი ქმნილებაც.

კულტურის ეროვნულობა, ან ენის კულტურა, უპირველეს ყოვლისა, ენის ეროვნულობაში მჟღავნდება. რა არის ენის ეროვნულობა? თუ ამ შეკითხვას მაღალმხატვრულად და ფილოსოფიურად ვუპასუხებთ, როგორც პროფესორები იტყვიან : „როცა, ვთქვათ, რუსთაველი ენით და სულით ეროვნულ ნაწარმოებს, „ვეფხისტყაოსანს“ ქმნის, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ეს არის საერო-საკაცობრიო მონაპოვარი...“

მაგრამ თუ ამ შეკითხვას ყოველდღიურობასთან მიმართებაში დავსვამთ, გაგვახსენდება, რომ ქართულ ენაში 3 მილიონ სიტყვას ითვლიან, მაგრამ რა სამწუხაროა, რომ ის დღეს საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. ქართული ენის მთავარი ღირებულებები, სიმარტივე და სასიამოვნო ჟღერადობა იკარგება რუსულ და ინგლისურ ბარბარიზმებს შორის. ეს იქნებოდა ჩემი მარტივი პასუხი!

მაგრამ, აქვე შევნიშნავ, რომ არც ჩემთვის და არც ბევრისთვის სწორად მეტყველება უშეცდომობას სულაც არ ნიშნავს. ანაც, იმას რასაც ენათმეცნიერი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე იტყოდა: „მეტ-ნაკლებად განათლებული ყველა ადამიანი პროგრესის ერთგული უნდა იყოს. სიახლე მოდის ცხოვრებაში და ის აუცილებელია. არ შეიძლება, ადამიანი მარტო წარსულში იყოს. მაგრამ, ეს უნდა სწორი ფორმულირების გამოყენებით მოხდეს...“

ასევე, როდესაც შეცდომების გამოაშკარავებაზე მიდგება საქმე, უმალვე ჟურნალისტები ახსენდებათ. სინამდვილეში კი, პოლიტიკოსებიც ძალიან ცუდად მეტყველებენ. პირდაპირ ეთერში, თან ექსტრემალურ სიტუაციაში, ძალიან რთულია იშვიათად მაინც არ წაიბორძიკო და შესატყვისი სიტყვა ზუსტად მოძებნო. ამის გამო, ჩემი კოლეგები ხშირად დამიცავს, მაგრამ ერთი და იმავე ადამიანის მიერ, ერთი და იმავე სიტყვის არასწორად გამოთქმა, გამუდმებით, მიანიშნებს იმაზე, რომ მას ასე აქვს ეს სიტყვა ნასწავლი და სულ არ არის მექანიკური შეცდომა.

ამასთანავე, მოდად გადაიქცა პოლიტიკოსებისა თუ ჟურნალისტების მიერ ინგლისური სიტყვების გადმოქართულებულად გამოყენება, რითაც ცდილობენ ხაზი გაუსვან თავიანთ განათლებულობას. სინამდვილეში კი, ამახინჯებენ მშობლიურ ენას და ამასთანავე, იგივე ადამიანები გრამატიკულ შეცდომებს უშვებენ.

საბჭოთა ქვეყნებისთვის სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა რჩებოდა. ამ განზრახვას წინ აღუდგა საქართველოს მთელი მოსახლეობა. სწორედ ამ დღეს აღვნიშნავთ ყოველი წლის 14 აპრილს, მაგრამ ისე ნუ ვიზამთ, რომ დღეს ყოველგვარი მტრისა და ბრძოლის გარეშე, ჩვენვე შეურაცხვყოთ და გავაღარიბოთ ჩვენი უნიკალური ქართული ენა.

პირადად ჩემთვის ე.წ. წამყვანი ჟურნალისტებისგან მოსაყირჭებელია სიტყვა: „ძალიან“, მისი დაუსრულებლად გამოყენება, როდესაც არსებობს „ერთობ“.

მოკრძალებულად ვახსენებდი რამდენიმე სიტყვას. მაგალითად: "რომანტიული", "სპეციფიური", "ლირიული" და ა. შ. რა თქმა უნდა, სწორია "რომანტიკული", "სპეციფიკური", "ლირიკული"... ანუ, თუ ფუძე-სიტყვაში გვაქვს ბგერა "კ", წარმოებულ სიტყვაშიც იქნება "კ", თუ არა და - არა. ფუძე-სიტყვები კი არის "რომანტიკა", " სპეციფიკა", "ლირიკა".

არადა, ამ უხეშ შეცდომას უშვებს ის ხალხი, ვინც სწორად მეტყველების მაგალითს უნდა იძლეოდეს.

ერთობ ყურში მხვდება სიტყვა "თუმცა-ს" წამდაუწუმ და უადგილოდ ხმარება. ანაც, პედალირებულად ნათქვამი „თუმცა“ და შემდეგ უზარმაზარი პაუზა. ხშირად, ამ სიტყვას "მაგრამ"-ის ნაცვლად ხმარობენ, არადა, ამ ორ სიტყვას, სემანტიკური მსგავსების მიუხედავად, განსხვავებული დანიშნულება აქვს... ეს მაშინ, როცა ფილოლოგების რაოდენობით, მგონი, მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ.

ჩემი ყოფილი გადაცემის წამყვანი, ჟურნალისტი იმაზეც კი მეკამათა, რომ თურმე სწორი ფორმა "შეურაცხყოფა" კი არა, "შეურაწყოფა" უნდა იყოს, რადგან ხალხი ვერ წარმოთქვამს ამ სიტყვას. და, ასე უამრავი.

დღეს, ჩვენი საამაყო მშობლიური ქართული ენის დღეა და ჩემს ბლოგს ისევ ენათმეცნიერისა და აკადემიკოსის მზექალა შანიძის სიტყვებით დავასრულებ: ,,ენა კი არ არის გაღარიბებული - ენა ინარჩუნებს იმას, რაც იყო! მისი მოხმარებაა გაღარიბებული... ენა კი არ გაღარიბდა, ენა გააღარიბეს იმათ, ვინც ეს ენა არ იცის. იმისთვის, რომ ენა იცოდნენ, უნდა იკითხონ ამ ენაზე დაწერილი ლიტერატურა, არა მარტო რომანები, არამედ, მეცხრამეტე საუკუნის პუბლიცისტიკა, ასევე, ძველი ქართული ტექსტები. რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა ყველა პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია...“