1936-37 წლები - გადაწყვეტილება საბოლოოა, დახვრეტის განაჩენს უახლოეს ღამეს აღასრულებენ - კვირის პალიტრა

1936-37 წლები - გადაწყვეტილება საბოლოოა, დახვრეტის განაჩენს უახლოეს ღამეს აღასრულებენ

(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" ## 12,13,14,15)

1937-1938 წლებში სტალინის რეპრესიული კამპანია პიკს აღწევს. სისასტიკემ, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ისტორიაში რამდენიმე სახელითაა შესული - სტალინური დიდი ტერორი, დიდი საბჭოთა რეპრესიები, დიდი წმენდა... 1938 წლის ნოემბრისთვის შინსახკომების, "ტროიკისა" და ცივსისხლიანი ხელქვეითების მეოხებით ამოცანა შესრულებულია - სისტემის ყველა მოწინააღმდეგე ან რეჟიმით უკმაყოფილო განეიტრალებულია განურჩევლად პროფესიისა, ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა. როგორც ისტორიკოსი და თსუ-ს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, ამ წლებში საქართველოში ტოტალური ტერორის ზუსტი სტატისტიკა ცნობილი არ არის, მაგრამ არსებული საარქივო მასალებიდან და დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ეს არის 22-დან 25 ათასამდე კაცი, საიდანაც 12 ათასი დახვრეტილია, დანარჩენი, აბსოლუტური უმრავლესობა, 8-10 წლით გულაგში გადაასახლეს.

ლავრენტი ბერია - ძალაუფლების მონოპოლისტი საქართველოში

- მთელი საბჭოეთის მასშტაბით რეჟიმის ყველა მოწინააღმდეგის განადგურების კარგად დაგეგმილი კამპანია იწყება. სისტემას ორმაგი ამოცანა აქვს: მოსახლეობის უმრავლესობაში გაანეიტრალოს ჯერ კიდევ შემორჩენილი უკმაყოფილო ჯგუფები. ამასთანავე, პარტიაში ტოტალიტარული რეჟიმის არქიტექტურის მთავარი ელემენტი არის კომპარტია და სტალინური მმართველობის კურსს სჭირდება სრული მორჩილება, კონტროლი და, შესაბამისად, პარტიაშიც არიან მონიშნულნი სამიზნე ჯგუფები, რომლებიც უნდა განეიტრალდნენ. ამ კამპანიისთვის რეჟიმს ყველაფერი მზად აქვს - ამ ყველაფერს კურირებს ახალი ორგანო, შინსახკომი, რომელსაც ექვემდებარება შიდა მართვის ყველა მთავარი ძალისმიერი ინსტრუმენტი - უშიშროების, იგივე ტერორის აპარატი, სამილიციო აპარატი, საზღვრების დაცვა-კონტროლი, მოქალაქეების აღრიცხვა, საპატიმროებისა და ბანაკების სამმართველო - ფაქტობრივად, მთელი უზარმაზარი ბიუროკრატიული მანქანა უკვე კონსოლიდირებულია ამ დიდი "გეგმის" შესასრულებლად. შინსახკომს (НКВД) 1937 წლის დამდეგისთვის საკავშირო დონეზე ხელმძღვანელობს ნიკოლაი ეჟოვი, ამიტომ 37-38 წლების დიდი ტერორი შემორჩენილია "ეჟოვშჩინას" სახელითაც. ამიერკავკასიაში და ოკუპირებულ საქართველოში შინსახკომის ხელმძღვანელია სერგო გოგლიძე, ლავრენტი ბერიას დაჯგუფების მთავარი წარმომადგენელი. ბერია, ფაქტობრივად, თვითონ არის ძალაუფლების მონოპოლისტი ადგილობრივ დონეზე, რამდენადაც საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანია. 1937 წლის დამდეგამდე ჯერ კიდევ არსებობს ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკა და ბერია იქაც ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მდივანია, ყველგან მისი კადრებია გაბატონებული, მათ შორის, შინსახკომის აპარატში. ის არის მისი მთავარი დასაყრდენი ახალ დიდ სტალინურ წმენდაში საბჭოთა საქართველოში. იმავდროულად, გამოკვეთილია ტენდენცია - თუკი მანამდე სპეცსამსახურები იყვნენ პარტიის ინსტრუმენტი პოლიტიკური მართვისთვის, ის კონტროლდებოდა და ექვემდებარებოდა პარტიულ დიქტატს, სტალინური ძალაუფლების კონსოლიდაციის კვალდაკვალ ნელ-ნელა იწყება პარტიულ ორგანიზაციებზე ჩეკისტური უშიშროების კადრების დომინირება. ბერიას კარიერაში კარგად ჩანს, როგორ გადაჰყავს ის თავის მფარველ სტალინს ჩეკისტური აპარატიდან პარტიულ სტრუქტურებში, სადაც ბერიას, თავის მხრივ, მისი კადრები გადაჰყავს საკვანძო თანამდებობებზე, იცვლება ბალანსი და როდესაც სტალინს დასახული აქვს ამოცანა და პარტიაში ძალაუფლების კონსოლიდაცია, სპეცსამსახურების მეშვეობით ანეიტრალებს კონკურენტებს, პარტიაში ჯერ კიდევ შემორჩენილ პატარ-პატარა დაჯგუფებებს. ამ ვითარებით ხვდება საბჭოეთი, მათ შორის საქართველოც, 1936 წლის მიწურულსა და 1937 წლის დამდეგს, როდესაც იწყება ტერორის პირველი ფაზის პირველი კამპანიები.

რეჟიმი სამიზნე ჯგუფებს სახელებს არქმევს და იწყებს დაპატიმრებას

- ამ დროისათვის წმენდის წინა ოპერაციები საკავშირო დონეზე უკვე დაწყებულია. 1934 წელს სერგეი კიროვის მკვლელობა ისტორიკოსთა შორის დიდწილად გაზიარებულია როგორც სტალინის მიერ კონკურენტის განეიტრალება. პარალელურად ეს მკვლელობაც გამოიყენეს ხალხის მტრების და მავნებლების, ჯაშუშების და აგენტების წინააღმდეგ კამპანიის დასაწყებად. მომავალი მასობრივი ტერორის ოპერაციების ჩასატარებლად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები შევიდა, რათა დაჩქარებული წესით გამოძიებულიყო და განხილულიყო კონტრრევოლუციური და ტერორისტული დანაშაულები და 1937 წლის დამდეგისათვის მთელ სისტემაში იგზავნება ახალი ბრძანება-ცირკულარები - ეს არის მწვანე შუქი "დამნაშავეთა" მასობრივი წამებისთვის ე.წ. გამოძიების პროცესში. უკვე 1936 წელს საბჭოეთი ხვდება, რომ მომავალი დიდი ტერორისთვის სჭირდება საჯარო პროპაგანდისტული ვერსია მასებზე ზემოქმედებისთვის და ტერორის დათესვისთვის - რეჟიმი აცხადებს, რომ ის გაანადგურებს ყველა შეთქმულებას, გამოავლენს მოღალატეებს, ჯაშუშებსა და მავნებლებს... ამჯერად საუბარია შენიღბულ მტრებზე, რომლებმაც ვერ აიტანეს საბჭოთა ხელისუფლების "გამარჯვება", თვალთმაქცურად და საბოტაჟით გააგრძელეს არსებობა, ცდილობენ შეთქმულებით, მავნებლობით დააზიანონ საბჭოთა ხელისუფლება.

ამისთვის იყენებს რეჟიმი პროპაგანდის აპარატს, სიძულვილის ენას, სამიზნე ჯგუფებს არქმევს ხალხის მტრებს, ჯაშუშებს, მავნებლებს, დასავლური იმპერიალიზმის, უცხოურ სახელმწიფოთა მოსყიდულ აგენტებს, ტროცკისტებს (ტროცკი უკვე განდევნილი ოპონენტია, რომელიც ამ დროისთვის უკვე მექსიკაში გადადის). იწყება დაპატიმრებები ყოფილი მაღალი რანგის ფუნქციონერების, ძველი პარტიული ელიტის საჩვენებელი სასამართლო პროცესები, რომელიც ისტორიაში ცნობილია მოსკოვის პროცესის სახელით - გაიმართა ზინოვიევის, კამენევის, შემდეგ სამხედროების პროცესი მარშალ ტუხაჩევსკის ხელმძღვანელობით.

ბერიას ცნობილი მოხსენება და მუქარა ქართველ მწერლებს

- საქართველოში 1936 წლის მეორე ნახევრისთვის იწყება პარტიის ძველი კადრების, ყოფილი ოპოზიციონერების დაპატიმრება, რომლებიც 20-იანი წლების დასაწყისიდან დაპირისპირებულნი იყვნენ სტალინურ პოლიტიკასთან. მათ შორის არიან: ბუდუ მდივანი, ძმები მიხეილ და ნიკოლოზ ოკუჯავები, მალაქია ტოროშელიძე და სხვები. მათი დაპატიმრება-გადასახლების შემდეგ, 30-იანი წლების დამდეგს, ისინი ისევ დააბრუნეს პარტიაში და ახლა უკვე სისტემას ჰყავს მიზანში ამოღებული.U1937 წლის პირველ ნახევარში ნელ-ნელა იწყება მზადება უფრო მასშტაბური კამპანიებისთვის. ეს დაანონსდება მაისში, საქართველოს კომპარტიის მე-10 ყრილობაზე, სადაც ლავრენტი ბერია გამოდის მოხსენებით. ის მიმოიხილავს საბჭოთა საქართველოს "მიღწევებს", და პირდაპირ ასახელებს სამიზნე ჯგუფებს და პირებს (ეს მოხსენება გაზეთ "კომუნისტში" დაიბეჭდა). ცალკე ქვეთავი ეძღვნებოდა ხელოვნებასა და ლიტერატურას, სადაც ასევე დაანონსდა მომავალი რეპრესიები. ლავრენტი ბერია აცხადებს, რომ "მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა მწერლობა ყვავის, არის ისევ ჩამორჩენა და შეცდომები, ძველი ცნობილი მწერლების და პოეტების ნაწილი დაკავშირებულნი არიან უკვე გამოვლენილ ხალხის მტრებთან, იმ ჯგუფებთან, რომელთა დაპატიმრება და რეპრესირება წინა თვეების განმავლობაში მოხდა" და ის ასახელებს მიხეილ ჯავახიშვილს, პაოლო იაშვილს, კონსტანტინე გამსახურდიას და ემუქრება მათ, რომ დროა, ჭკუა ისწავლონ.

"სტალინის სიები"

- ივლისის ბოლოს გამოდის ბრძანება #00447, რომელიც შინსახკომს ეგზავნება. ეს არის ბრძანება განკულაკების შესახებ - ყველაზე მასობრივი და სისხლიანი ოპერაციის. მიზანში ჰყავთ ამოღებული სოფელი და სოფლის მოსახლეობა, კოლექტივიზაციის მოწინააღმდეგე ძალები. პარალელურად სხვა მასობრივი ოპერაციებიც იკრებს ძალას. მაგალითად, ნაციონალური ოპერაციები პოლონელების, გერმანელების, ირანის ყოფილი მოქალაქეების, კორეელებისა და სხვათა წინააღმდეგ. წინასწარ არის განსაზღვრული დასასჯელი კონტინგენტის რიცხობრივი მონაცემები, ე.წ. ლიმიტები - ოპერაციების მსვლელობის კვალდაკვალ სხვადასხვა რესპუბლიკის შინსახკომები აზუსტებენ ლიმიტებს, ითხოვენ მათ გაზრდას. გაჩაღებულია შეჯიბრება რეჟიმის მეტი "მტრის" გამოსავლენად. ყველა რესპუბლიკიდან იგზავნება სიები განსაკუთრებული კატეგორიის მსხვერპლთა (იგულისხმება სახელმწიფო ბიუროკრატიის მაღალი რანგის ფუნქციონერები, კომპარტიის ყოფილი თუ მოქმედი მაღალი რანგის მოხელეები, სამხედრო სფეროს წარმომადგენლები, რეჟიმთან მებრძოლი იატაკქვეშა პარტიების ჯერ კიდევ ცოცხალი და აქტიური წარმომადგენლები) განეიტრალებაზე სანქცირებისთვის ცენტრში - პოლიტბიუროსა და სტალინთან. სიებში განსაზღვრულია პირველი და მეორე კატეგორია. პირველი კატეგორია ნიშნავს დახვრეტას, მეორე - გულაგში საშუალოდ 10-წლიან გადასახლებას. პოლიტბიურო და სტალინი სიებს ადასტურებენ და შემდეგ საქმეები გადაეცემა სპეციალურ სასამართლო ან არასასამართლო ორგანოებს, რომლებმაც ყველანი პარტიის მმართველი რგოლის განსაზღვრული განაჩენით უნდა გაასამართლონ, შემდეგ კი სადამსჯელო აპარატმა აღასრულოს. ეს ცნობილია სტალინის სიების სახელით. საქართველოდან სიაშია 3500-მდე კაცი.

სისხლიანი "ტროიკა"

- 1937 წლის აგვისტოში შინსახკომთან იქმნება ე.წ. განსაკუთრებული სამეული - "ტროიკა", პირველ რიგში, კულაკთა წინააღმდეგ ოპერაციის ჩასატარებლად, თუმცა მომდევნო პერიოდში მისი კომპეტენცია ფართოვდება და მსხვერპლთა უმრავლესობას ფორმალურად ისინი უსჯიან სასჯელს. ეს იყო მასობრივი ტერორის ოპერაციებისათვის საგანგებოდ შექმნილი არასასამართლო ორგანო, კოლეგია. საბჭოთა საქართველოში მის შემადგენლობაში შედიოდნენ შინსახკომის უშიშროების სამმართველოს უფროსი, რესპუბლიკის მუშათა და გლეხთა მილიციის უფროსი და რესპუბლიკის პროკურორი. 1938 წლის რამდენიმე სხდომაზე მასში მონაწილეობდა საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანიც. "ტროიკა" იღებდა გადაწყვეტილებებს მსხვერპლთა ბედის შესახებ. 37-38 წლების განმავლობაში ეს სამი კაცი დაჩქარებული წესით, კვირაში რამდენჯერმე იკრიბებოდა. "ტროიკის" სხდომას შინსახკომის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ "დასრულებული" გამოძიების მასალებით. "ტროიკას" წარუდგენდნენ ბრალდებულთა შესახებ ინფორმაციას და, სავარაუდოდ, "ტროიკისგან" ითხოვდნენ სასჯელის ზომას - დახვრეტას ან გულაგში გადასახლებას. განსაკუთრებით ინტენსიურ ფაზაში ერთ სხდომაზე "ტროიკას" ასობით ადამიანზეც მიუღია გადაწყვეტილება. ბრალდებულებმა, რა თქმა უნდა, ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, მათ არ ჰქონდათ სხდომაზე დასწრების უფლება, ადვოკატის ყოლის უფლებასა და თავის მართლებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. გადაწყვეტილება იყო საბოლოო, გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა და დახვრეტის განაჩენს უახლოეს ღამეს აღასრულებდნენ. გადასახლების შემთხვევაში, რამდენიმე ასეულ ადამიანს ამზადებდნენ ეტაპისთვის შორეულ მხარეში, გულაგში გადასასახლებლად.

რეჟიმი ყველაფერს აფორმებს

- 1937-დან 1938 წლის ბოლომდე საქართველოში ტოტალური ტერორის ზუსტი სტატისტიკა ცნობილი არ არის, მაგრამ დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ეს არის 22-დან მაქსიმუმ 25 ათასამდე კაცი, საიდანაც 12 ათასი დახვრეტილია, დანარჩენის აბსოლუტური უმრავლესობა 8-10 წლის განმავლობაში გულაგშია გადასახლებული. ოფიციალურად არაფერი ცხადდება, გარდა ცენტრალური საჩვენებელი პროცესებისა. საქართველოში რამდენიმე თეატრალიზებული საჩვენებელი პროცესი გაიმართა. მაგალითად, სიღნაღის პროცესი - საჩვენებელ პროცესზე გამოჰყავთ მორალურად და ფსიქოლოგიურად განადგურებული რამდენიმე კაცი და აიძულებენ, "აღიარონ" დანაშაული. პროცესი გადაიცემა რადიოთი, სხდომებზე მიყვანილია პარტიული აქტივი, პრესა. პროპაგანდა აქტიურად აშუქებს ამას როგორც მავნებელთა და შეთქმულთა ჯგუფს, რომელიც ეწეოდა საბოტაჟს მეურნეობაში საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ. საჩვენებელი პროცესი დაგეგმილი იყო ბუდუ მდივნის, მალაქია ტოროშელიძის, მიხეილ ოკუჯავას, ნიკოლოზ ქარცივაძისა­ და სხვებისთვისაც (დაახლოებით 9 კაცის შემადგენლობით), მაგრამ უკანასკნელ მომენტში რეჟიმმა გადაწყვიტა არ გაერისკა და დახურული პროცესი ჩაატარა, მხოლოდ პრესაში გამოცხადდა მათი განაჩენი და დახვრეტის ინფორმაცია. ავტონომიების დონეზე ორი საჩვენებელი პროცესი იყო - აფხაზეთში ნესტორ ლაკობას ყოფილი კლანის და მსხვერპლთა სხვა კატეგორიებიდან შეკოწიწებული კონტრრევოლუციური, მავნებლური ჯგუფის შეთქმულების და აჭარაში ანალოგიური ჯგუფის პროცესი. ყოველივე ამას თან ახლდა პირადი ქონების კონფისკაცია. კონფისკირებული საკუთრება დახურულ სპეცვაჭრობის ქსელში სიმბოლურ ფასად იყიდება, ქონებას ინაწილებს პარტიული და შინსახკომის მაღალი რანგის ნომენკლატურა.

dd2c8e74520e4b82a3f02b167da62594-1713096663.jpeg

ბათუმთან მსხვერპლთა რამდენიმე სამარხი აღმოჩნდა

- დახვრეტის ადგილები მკაცრად გასაიდუმლოებულია. ამის ამსახველი დოკუმენტაცია არც ერთ არქივში არ არის გამოვლენილი. როგორც ვვარაუდობთ, დახვრეტის განაჩენის აღსრულების ადგილები საქართველოში იყო თბილისი, ბათუმი, სოხუმი და ქუთაისი. ცენტრიდან მოსული იყო მითითება, რომ მასობრივი განადგურების ფაქტები ცნობილი არ გამხდარიყო, არავის არ უნდა სცოდნოდა, სად იყო მსხვერპლთა სამარხები. საქართველოში დღემდე არ არის აღმოჩენილი მასობრივი სამარხები. უკანასკნელ წლებში ერთადერთი პრეცედენტია დადასტურებული ბათუმთან, სადაც ერთ ტერიტორიაზე მსხვერპლთა რამდენიმე სამარხი აღმოჩნდა - რამდენიმე ასეული ადამიანის ნეშტი, რომლებიც ჩატარებული ანალიზის შედეგად აშკარად საბჭოთა რუსული ტერორის მსხვერპლნი არიან, თუმცა დადასტურებით ვერ ვიტყვით, რომ 37-38 წლების ტერორის მსხვერპლთა ნეშტებია.

რეჟიმი ამ ყველაფერს აფორმებდა ისე, რომ ის ებრძვის და ანადგურებს შეთქმულებას და მავნებლობას. თითქოს დაბოღმილი მავნებელი ჯგუფები სტალინურ კურსს ეწინააღმდეგებოდნენ. ისინი ჯერ ერთმანეთს უკავშირდებიან საიდუმლოდ, შემდეგ ანტისაბჭოთა იატაკქვეშეთის ორგანიზაციას, ქმნიან ერთიან ფრონტს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და ბრძოლის მეთოდად ირჩევენ მავნებლობას, რათა ხელი შეუშალონ კოლექტივიზაციას, ინდუსტრიალიზაციას და ა.შ... გადარჩენილ მსხვერპლთა რეაბილიტაციის მასალებში უამრავი ფანტასტიკური ბრალდებაა. მახსენდება ერთი სამთო ინჟინრის ისტორია - მან იცოდა, რომ სისტემასთან ვერაფერს გააწყობდა და "აღიარა", რომ ერთ-ერთ შახტაში სადრენაჟო სისტემა ისე დაამონტაჟა, რომ შახტა დატბორილიყო. ინჟინერს დახვრეტა მიუსაჯეს. არადა, შეუძლებელია სადრენაჟო სისტემამ რაღაც დატბოროს, ანუ ასე დასცინა განწირულმა ადამიანმა ტოტალიტარიზმს და მის რეპრესიულ მანქანას.

წამებისა და ტერორის კონვეიერი

- შინსახკომის გადარჩენილი მასალებიდან, გადარჩენილ მსხვერპლთა მოგონებებიდან ცხადი ხდება, როგორ მუშაობდა სისტემა - იყო დაკვეთა, რა ტიპის და რა რაოდენობის მსხვერპლი უნდა განადგურებულიყო. კვირებისა და თვეების განმავლობაში მიდის პატიმრების არაადამიანური ცემა-ტყეპა, ელექტროშოკით წამება, სიგარეტით სხეულის დაწვა, კარცერებში ჩამწყვდევა, სადაც ანტისანიტარიაა და ადამიანები, ფაქტობრივად, სიკვდილის ზღვარზე მიჰყავთ ცივ ან ცხელ საკნებში გამოკეტვით. ამას დაუმატეთ ფსიქოლოგიური დამუშავება. მათ აიძულებდნენ ხელი მოეწერათ ტრაფარეტულად შედგენილი ოქმებისთვის, სადაც ისინი ყველა ბრალს აღიარებდნენ, შემდეგ აიძულებდნენ დაესახელებინათ "თანამზრახველები" და განადგურებული ადამიანი მექანიკურად ასახელებდა ყველას, ვისაც ერთ ჯერზე გაიხსენებდა, 50-100 კაცს, რომელთანაც შეიძლებოდა რაიმე სახის გადაკვეთა ჰქონოდა. შემდეგ ჯაჭვური პრინციპით ხდებოდა დასახელებულ პირთა დაპატიმრება, ანალოგიური პროცედურის გამეორება, მსხვერპლთა მომდევნო ჯგუფზე გასვლა. ამას უმრავლესობა ვერ უძლებდა, თუმცა იყვნენ გამონაკლისები, რომლებმაც გაუძლეს არაადამიანურ წამებას - არც თვითონ მიიღეს ბრალდება და არც სხვები დაასახელეს. მათი წინააღმდეგობა, როგორც წესი, დახვრეტით სრულდებოდა.

სტალინმა ბერიას შრომა დაუფასა

- იყო შემთხვევები, როდესაც გაგზავნილ სიებში იყო მეორე კატეგორია - გადასახლება, პოლიტბიუროს და სტალინს კი დაუკორექტირებიათ და დახვრეტით შეუცვლიათ. არის უიშვიათესი გამონაკლისებიც, როდესაც კონკრეტული პირების მეშვეობით შეურბილეს პირს სასჯელი - დახვრეტის განაჩენი გულაგში გადასახლებით შეუცვალეს და რამდენიმე წელიწადში ამნისტიით გაათავისუფლეს. ეს რიგ შემთხვევაში პირადი კავშირების, ნაცნობების და ბერიასთან შუამავლების გამოყენებით ხდებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც სტალინი ჩაერეოდა ხოლმე თავისი პირადი ანგარიშებიდან გამომდინარე და ადამიანის ფსიქოლოგიურად და მორალურად გატეხის უკანასკნელ მომენტში მოულოდნელად შეუცვლიდა დახვრეტის განაჩენს. ასე მოხდა ძველი ბოლშევიკის, სერგო ქავთარაძის შემთხვევაში. ის და მისი მეუღლე 1936 წლიდან დაპატიმრებული იყვნენ. რეჟიმის სცენარში სერგო კონტრრევოლუციური შეთქმულების ლიდერი იყო. წელიწადზე მეტი დამცირებისა და წამების შემდეგ, როცა დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს, ბოლო მომენტში სტალინმა ბერიას მოსთხოვა, რომ ქავთარაძე გაეთავისუფლებინათ და პარტიაში დაებრუნებინათ. ამის მიზეზი იყო მანიაკური ძალაუფლების გამოვლინება - ამ ტიპის ტირანებს აქვთ მანია აჩვენონ, რომ თვითონ არიან ადამიანების ყოფნა-არყოფნის განმსაზღვრელები, მით უმეტეს, რომ სერგო ქავთარაძე იყო ძლიერი ოპონენტი, 1922 წლიდან პარტიაში სტალინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე, ორთოდოქსი ლენინისტი და კომუნისტი.

37 წლის ზაფხულიდან 38 წლის ნოემბრამდე სისტემამ ფიზიკურად მოსპო და გაანეიტრალა ყველა, ვინც მიზანში ჰყავდა ამოღებული (გაცილებით მეტიც, ვინც გზადაგზა დაუმატა), დასრულდა წმენდა და ტოტალიტარული რეჟიმი ახალ ამოცანებზე გადაერთო. სტალინმა ბერია დააწინაურა, და 1938 წლის მეორე ნახევარში საკავშირო შინსახკომის უშიშროების სამმართველოს უფროსად გადაიყვანა. ამჯერად ბერიას ქსელი ბატონდება მთელ სისტემაში და სტალინი უკვე მისი ხელით აგრძელებს რეპრესიებს.

1937-38 წლების დიდი ტერორის მიახლოებითი სტატისტიკა აქვს ორგანიზაცია "საერთაშორისო მემორიალს" (რომელიც რეპრესიების დოკუმენტირებაზე მუშაობდა). მათი გამოთვლით, ტერორის მსხვერპლთა რაოდენობა იმ წლებში 1 700 000 კაცს შეადგენს, რომელთაგან 750 ათასი დახვრიტეს. ეს იყო კატასტროფული მასშტაბის რეპრესიები და ამიტომაც ეწოდა მას დიდი ტერორი.