თამთა კოსტავა: „მე სტალინისტი უფრო ვარ იდეით, ვიდრე ზვიადისა და მერაბის მიმდევარი“ - კვირის პალიტრა

თამთა კოსტავა: „მე სტალინისტი უფრო ვარ იდეით, ვიდრე ზვიადისა და მერაბის მიმდევარი“

"ჩემი სამშობლო ზეცაა თავად, მერე ეს მიწა და საქართველო!" - "საქართველოს სინდისისა" და ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის მერაბ კოსტავას ქალიშვილი - თამთა­ კოსტავა თავისი საქმიანობის, მამისა და მისი მეგობრების, მათთან დაპირისპირებული ფიგურების შესახებ გვესაუბრება და ამ საკითხებზე სრულიად განსხვავებული, მისეული ხედვები აქვს. პროფესიით მხატვარია, მოზარდობისას 18 წელი აშშ-ში გაატარა, განათლება მიიღო და სამშობლოში დაბრუნებულმა თავისი არაორდინარული ნამუშევრების სამი პერსონალური გამოფენა გამართა. ამჟამად თამთა მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში მუშაობს და მამის დანატოვარ "წერილობით განძს" პატრონობს.

- ბავშვობიდან ვხატავდი და 11-13 წლის ასაკში ჯიბსონ ხუნდაძესთან ვემზადებოდი, აკადემიაში ჩაბარება მინდოდა. პერსონალური გამოფენებიც მქონდა, მათ შორის სისაურების გალერეაში. 53-ე საშუალო სკოლაში სწავლის დროს ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში მიმიღეს, მაგრამ იმ წელს აშშ-ში გავემგზავრეთ და სწავლა იქ განვაგრძე. ჩვენი წასვლის მიზეზი ედუარდ შევარდნაძის საქართველოში ჩამოსვლა იყო. მოგეხსენებათ, მან მამაჩემი ციმბირში გადაასახლა და გვეშინოდა, არასასიამოვნო სიტუაცია არ შექმნილიყო, ამიტომაც გავერიდეთ. აშშ-ში გამგზავრებაში მე და დედას ჯაბა იოსელიანი დაგვეხმარა, რომელთანაც ჩვენს ოჯახს ახლო მეგობრობა აკავშირებდა. მან გია მეფისაშვილთან გაგვიშვა, რომელსაც, თავის დროზე, აქ "მაშველთა კორპუსი" ჰქონდა - "მხედრიონი" და "მაშველთა კორპუსი" ერთი ორგანიზაცია იყო. მე მხედრიონელი გახლდით - ჯერ კიდევ ბავშვი საპატიო წევრად მიმიღეს. ჯაბა იოსელიანისთვისაც თავსატეხი ვიყავი, რადგან იმ ჩარჩოებში ვერ ვჯდებოდი - ედუარდსა და ზვიადს შორის დაპირისპირება იყო და მე, როგორც მერაბ კოსტავას შვილს, არ მინდოდა ვინმეს მხარეს ვყოფილიყავი - ზვიადი ჩემთვის ბიძა იყო, ფაქტობრივად, ჯაბა იოსელიანი კი ჩვენი ახლობელი და მინდოდა ყველასთან კარგად ვყოფილიყავი. ჩემგან ითხოვდნენ, რომელიმე მხარე დამეჭირა, მე კი ეს არ მინდოდა. ამიტომაც გადაწყდა, რომ აშშ-ში წავსულიყავით და ასეთი არჩევანის გაკეთება არც დამჭირვებია.აშშ-ში ჯერ ჰაი-სქულში ვსწავლობდი, მერე - პრატ-ინსტიტუტში, ოთხწლიანი სამხატვრო სასწავლებელი დავამთავრე - გრაფიკოსი და დაზგური ხელოვნების ოსტატი ვარ. გარდა ამისა, ტუროკოლეჯში 3 წელი ფსიქოლოგიას ვსწავლობდი, რადგან მინდოდა ხელოვნების თერაპია შემესწავლა - ადამიანების მკურნალობა ხელოვნებით. აშშ-ში ცხოვრება ძალიან მომწონდა და აქ დაბრუნებაზე არც ვფიქრობდი.

- ჯაბა იოსელიანს როგორ დაუახლოვდით?

- ჯაბა იოსელიანთან გია მეფისაშვილმა წამიყვანა, როცა 9-10 წლის ვიყავი, მას კუჭის წყლული აწუხებდა, გია კი ექსტრასენსი იყო და მკურნალობდა. მაშინ ჯაბა ჯერ ასე ცნობილი არ იყო. მერე, როცა ასპარეზზე აქტიურად გამოჩნდა და "მხედრიონი" ჩამოაყალიბა, გიას და ჯაბას ვთხოვე, სამხედრო ჟურნალისტი მინდა ვიყო, ბრძოლის ველიდან სიუჟეტები გავაკეთო და თქვენთან მიმიღეთ-მეთქი. ჯაბამ მითხრა, ბრძოლის ველზე ვერ გაგიყვან, საპატიო წევრად კი მიგიღებო. საპატიო წევრი გადაწყვეტილებებს არ იღებს, უბრალოდ, სიმბოლო ვიყავი, როგორც მერაბ კოსტავას შვილი.

- ბევრს უკვირს, როცა თქვენგან ჯაბა იოსელიანის ქებას ისმენენ. ბატონ მერაბს როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ?

- არ ვიცი, რადგან მამაჩემისთვის ეს არასდროს მიკითხავს, დედის მხრიდან კი შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. ვიცი, რომ ჯაბა მამაჩემის მიმართ დადებითად იყო განწყობილი, ნამდვილად ძალიან უყვარდა და სწორედ აქედან გამომდინარე გვიპატრონა, საქართველოშიც ძალიან ზრუნავდა ჩვენზე და აშშ-შიც.

- ედუარდ შევარდნაძეზე რას იტყვით?

- მე შევარდნაძეს, როგორც მტერს, ისე განვიხილავდი, აშშ-ში მის წინააღმდეგ საჩივარიც შევიტანეთ, მაგრამ ეს ყველაფერი გადავლახე და მოვახერხე, რომ ეს კაცი შემეყვარებინა. რამდენი მიფიქრია მასზე, მის ოჯახზე, რანაირად არ მივუდექი ჩემს აზროვნებაში, გონებაში, ვცდილობდი იმ კონდიციამდე მივსულიყავი, რომ არ მძულებოდა. ეს არ შეიძლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი, ზვიადი და ედუარდი სხვადასხვა ბანაკში იყვნენ. წარსულს ვერ შეცვლი, მაგრამ მაშინ ჩემი სურვილი იყო მათ ურთიერთობა რამენაირად მოეგვარებინათ და ეს დაპირისპირება სამოქალაქო ომამდე არ მისულიყო. სამწუხაროდ, ეს მაინც მოხდა... ჩემი შესაფასებელი არ არის ედუარდ შევარდნაძე. ის ერთი ფეხშიშველა გურული ბიჭი იყო, რომელიც მერე კრემლში მოხვდა და ძალიან მაგარია, რომ მოახერხა ეს - რამდენად მაგრები ვართ ქართველები. ამიტომ ედუარდი ცუდი კი არ არის, მაგარია იმის გამო, რომ კრემლში მოხვდა.

2010 წელს საქართველოში რომ დავბრუნდი, ედუარდი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ერთხელ მყავს ნანახი, იმელის შენობაში, ჯაბა იოსელიანმა მის კაბინეტში შემიყვანა, სადაც მამაჩემის სურათი ეკიდა კედელზე, მან გამაცნო და ხელი ჩამოვართვი. თუმცა იქ არაფერზე გვისაუბრია, ჯაბა და ედუარდი საუბრობდნენ.

- ზვიად გამსახურდია ვინ იყო თქვენთვის?

- ზვიადი მაშინ გავიცანი, როცა მამაჩემი საქართველოში, ქსნის ციხეში გადმოიყვანეს, სწორედ მან წაგვიყვანა მე და დედა მამას სანახავად. მერე მიტინგებზე ვხედავდი. გამსახურდიების ოჯახში ყველაზე ახლოს მანანა დეიდასთან ვიყავი. ძალიან ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა, ცოტნე და გიორგიც ძალიან მიყვარს. ახლაც მაქვს მანანა დეიდასთან ურთიერთობა, თუმცა არ მოსწონს, რომ ჯაბა იოსელიანიც ძალიან მიყვარს. სიმართლე გითხრათ, არ მსიამოვნებს, როცა ჯაბაზე ამბობენ ცუდ რაღაცებს, არც ედუარდზე, არც ზვიადზე და არც არავიზე. ჯობია, ქართველებს ერთმანეთი გვიყვარდეს და თუ რაიმე საპატიებელია, ვაპატიოთ, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს, მივუტევოთ და შევუდგეთ ჩვენი საქმეების კეთებას.

- დედა რას გიამბობდათ ბატონ მერაბზე?

- მეუბნებოდა, რომ მამაჩემი დისიდენტი იყო, რისი მნიშვნელობაც იმ ასაკში არ მესმოდა, მაგრამ ის ვიცოდი, მამაჩემი ციხეში საქართველოს სიყვარულისთვის იჯდა. ბავშვები ეზოში ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ - მამაჩემი მოსკოვიდან რომ ჩამოვა, პულტიან მანქანას ჩამომიტანსო, მეც ვიცოდი, რომ მამა რუსეთში იყო, და დედას ვკითხე, მე რას ჩამომიტანს-მეთქი? იდეებს ჩამოგიტანსო. ჩავედი და მოვახსენე ბავშვებს.

6be2987f-07ef-440f-9758-793e86664d74-1713097793.jpeg

- ერთმანეთი როგორ გაიცნეს თქვენმა მშობლებმა?

- მამაჩემის სახლის ეზოში იყო კვლევითი ინსტიტუტი, სადაც დედაჩემი მუშაობდა და სწორედ იმ ეზოში გაიცნეს ერთმანეთი. მერაბმა უთხრა, მიყვარხარო, და დედაჩემმა შეიცხადა, არ იცნობდა და რას ჰქვია, გიყვარვარო.

- სახელი როგორ შეგირჩიეს?

- თამარი მქვია, მამაჩემმა ციმბირიდან მოიწერა, თუ ბიჭი გაჩნდება, გიორგი დაარქვით, თუ გოგონა - თამარიო. თამთა დედაჩემის ძმამ დამარქვა. თამარი იმდენად არ მომწონს, ვგრძნობ, რომ მე თამთა ვარ.

- მამასთან პირველი შეხვედრიდან რა გახსოვთ?

- 10 წლის ვიყავი. ჩემი სკოლის მასწავლებელს, ნინო მგალობლიშვილს რომ ვუთხარი, მამა საქართველოში გადმოასახლეს, ციხეშია და მის სანახავად მივდივარ-მეთქი, მთელ კლასს წერილები დააწერინა მამაჩემთან და გადავეცი. მამას ვუთხარი, მე ლექსებს ვწერ-მეთქი, ერთი უნიჭო ლექსი წავუკითხე კიდეც და გაეცინა. თქვენობით მივმართავდი და მითხრა, მე მამაშენი ვარ და შენობით დამელაპარაკეო. უხერხულობა ვიგრძენი, თითქოს რაღაცნაირად უცნობი იყო.

ეროვნულ თემებზე მამა არ მელაპარაკებოდა. დედაჩემს ესაუბრებოდა, სტუმრებიც მოდიოდნენ ხოლმე, განიხილავდნენ ამბებს, მაგრამ მე არ მაინტერესებდა.

- როგორი იყო ბატონი მერაბი არა როგორც ეროვნული მოძრაობის ლიდერი და პოლიტიკოსი, არამედ როგორც მამა?

- მამა ძალიან თბილი ადამიანი იყო, კალთაში ჩამისვამდა ხოლმე და მეფერებოდა, ხშირად მიმღეროდა კიდეც, მათ შორის, იავნანას, ძილის წინ. თავის მეგობრებთან დავყავდი, ზვიადსა და სხვებთან, ასევე, მამადავითზე, თუმცა მამაჩემთან ერთად ეკლესიაში არასდროს ვყოფილვარ.­ ისე, მე ორთოდოქსი ქრისტიანი, ტრინიტარიანელი არა ვარ, მონისტი ვარ - მუსლიმანი და იმავდროულად ქრისტიანი - ერთიც მომწონს და მეორეც და რაღაცნაირად ვახერხებ, რომ ორივე რელიგია გავითავისო. მაგალითად, ჩემთვის მისაღებია სუფისტური მიმდინარეობები. ყველა რელიგიის წმინდანები მიყვარს, განსაკუთრებით კი მამა გაბრიელი, მის ლუსკუმასთან ხშირად მივდივარ. პატრიარქიც ძალიან მიყვარს, მასაც შევხვდი, აქ რომ ჩამოვედი, დამლოცა და ნაკურთხი წყალი დამასხა. ტაძარშიც შევდივარ, აღდგომას და დღესასწაულებსაც აღვნიშნავ, თავს ქრისტიანად ვთვლი, მაგრამ ეკლესიური არა ვარ. ბავშვობაში მომნათლეს კიდეც, 6 ნათლია მყავდა - 3 დედის მხრიდან და 3 ჩემი ძმის, ირაკლის მეგობრები.

680f3c32-3e21-497b-9834-3a832301d549-1713097793.jpg

- ირაკლისთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- ირაკლიც ძალიან მიყვარდა, მამობასაც მიწევდა და ძმობასაც. ირაკლი 5 წლის ასაკში გავიცანი და 8 წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა, 24 წლის იყო. მამა ციმბირში მაშინ გადაასახლეს, როცა დედა ჩემზე იყო ფეხმძიმედ. ირაკლის სულ დავყავდი თავის მეგობრებთან, მუშტაიდის ბაღში, ვაკის პარკში, ფუნიკულიორზე. კისერზე შემომისვამდა ხოლმე და ასე დამატარებდა რუსთაველზე.

- მისი დაღუპვის ამბავი როგორ გაგაგებინეს?

- თავიდან მიმალავდნენ. დედაჩემი რაღაცებს იმიზეზებდა - თავი მტკივა, კბილი მტკივა და იმიტომ ვტირიო... მითხრეს, ირაკლი ინდოეთში წავიდა, ნატვრისთვალი უნდა ჩამოგიტანოსო. საბოლოოდ, ჩემი კლასელისგან გავიგე, რომ ირაკლი გარდაცვლილი იყო და მერე ჩემებმაც სიმართლე მითხრეს.

- რა არის თქვენთვის მერაბ კოსტავას შვილობა? რა ემოცია გქონდათ - ერთი მხრივ, როგორც ეროვნული გმირის, "საქართველოს სინდისის" შვილს და მეორე მხრივ, როგორც ბავშვს, რომელმაც მამა ნაადრევად დაკარგა?

- ასე ვიტყოდი - მერაბ კოსტავას შვილობა არის მიპატიჟება იმაზე, რომ მე სული გავისპეტაკო და სინდისიც სპეტაკი მქონდეს.

- თქვენი აზრით, ირაკლისა და ბატონი მერაბის გარდაცვალების მიზეზები რეალურად ის გარემოებები იყო, რაც დასახელდა? მისი გარემოცვის, საზოგადოების უმეტეს ნაწილს ის ავარია განგებ მოწყობილად მიაჩნია.

- მამაჩემს ასეთი ლექსი აქვს დაწერილი: "წილხვედრ სიკვდილს თუ ვუმზერდე ავად, მაშინ ნამუსის ქუდი გავქელო, ჩემი სამშობლო ზეცაა თავად, შემდეგ ეს მიწა და საქართველო". მამაჩემი ზეცის მოქალაქე იყო და ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის.

images-1713097793.jpg

- როგორ აფასებთ ბატონი მერაბის პოლიტიკურ ნაბიჯებს?

- მამაჩემი კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიებთან კი არ უნდა გაერთიანებულიყო, არამედ სტალინის გზა უნდა გაეგრძელებინა. ჩემთვის სტალინი ქრისტეს მახვილი იყო, საბჭოთა კავშირი იმიტომ შექმნა, რომ დასავლეთისა და აშშ-სთვის წინააღმდეგობა გაეწია, ორივე მათგანი ჩვენს ქვეყანაშია შემოჭრილი და სიტუაციას ურევს. მამაჩემს თავისი ენერგია და გამძლეობა უნდა გამოეყენებინა სტალინის საქმის გაგრძელებაში. საქართველო ვერ მოუგებს დასავლეთსა და ამერიკას, მაგრამ ისეთი ერთობა, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, მათ ნამდვილად მოუღებდა ბოლოს. უბრალოდ, სტალინის შემდეგ ვერ მოვიდა მისნაირი ადამიანი. ახლა ფუჭი საუბარია, როცა ვამბობ, რომ ვისურვებდი მამაჩემს სტალინის გზა გაეგრძელებინა და სხვა მიმართულებით დაეჭირა საქმე.

- კი, მაგრამ მერაბ კოსტავა როგორ იქნებოდა კომუნისტი?

- სიმბოლო რომ არის - ინი და იანი, თეთრზე შავი წერტილი და შავზე - თეთრი, სტალინი კომუნისტების იმ შავ სამყაროში თეთრი წერტილი იყო, ის არ გასვრილა; ქართველი სამღვდელოების დამსახურებაა, რომ სტალინი კრემლში გაუშვეს. მამაჩემიც რომ წასულიყო, მთლიანობაში ქვეყანა უფრო მეტს მოიგებდა, არა მარტო პატარა საქართველო, მასშტაბურად, უფრო მეტი ხალხი. ჩვენ თუ შევძელით კავკასიური ერთობის შექმნა, საქართველო მოახერხებს, რომ მისი ღირსეული წევრი იყოს, მაგრამ კავკასია მასშტაბურად მაინც პატარაა საბჭოთა კავშირზე. ეს ამხელა ტერიტორია და ამ ხალხების ბედი სწორედ სტალინს ებარა, ის ქრისტიანი იყო და არა კომუნისტი. მე რუსეთი მომწონს და მინდა რაღაც ისეთი მოხდეს, მეორე სტალინი გამოჩნდეს რუსეთში. მე არ მივილტვი ამერიკისკენ. ამერიკა კარგია ამერიკელებისთვის, კოლონისტები არიან და ძალიან ცუდ დღეში აგდებდნენ კოლონიებს.

- მერაბ კოსტავა ხომ რუსეთმა, რუსულმა აგენტურამ, სპეცსამსახურებმა შეიწირა და თქვენ რუსეთი მოგწონთ?

- მამაჩემი რუსულმა სპეცსამსახურებმა შეიწირა, მაგრამ ამერიკა უარესია. პატარა დემონი გერჩიოს დიდ ეშმაკს. არანაირი სურვილი არა მაქვს ევროპასა და ნატოში შესვლის, ისევ რუსეთთან ყოფნა მირჩევნია. ისე კი, ჩვენი მიზანია ჩვენი იდენტობა შევინარჩუნოთ.

მე მამაჩემის იდეოლოგიას არ ვიზიარებ. მე სტალინისტი უფრო ვარ იდეით, ვიდრე ზვიადისა და მერაბის მიმდევარი.

tamta-1713097793.jpg

- თქვენს პირად ცხოვრებაზეც ვისაუბროთ. როგორ გაიცანით ერთმანეთი თქვენ და თქვენმა საქმრომ, ბიძინა მესხმა?

- გურამ შარაძის ქალიშვილმა მამის ხსოვნის საღამო ჩაატარა და ბიძინა პირველად იქ ვნახე, მერე კიდევ ერთ ღონისძიებაზე შევხვდით; შემდგომ უკვე ახლობელმა რაღაც დახმარება მთხოვა და ბიძინა გამოგზავნა ჩემთან სახლში, ასე გავიცანით ერთმანეთი. ერთხელაც მეუბნება, მე ჩემი ცხოვრების მეწყვილეს ვეძებო, მე კი ბოიფრენდს ან საქმროს და ცოლად ხომ არ მომიყვან-მეთქი? შენ თუ გინდა ჩემთან ერთად იცხოვრო, მაშინ გადაწყვიტე, ცოლად მომიყვან თუ არა-მეთქი და აი, ჩემთან ცხოვრობს. მამა გაბრიელს ვთხოვდი, შენი საუკეთესო ნაწილი გამომიგზავნე-მეთქი და ეს ნაწილი ბიძინა აღმოჩნდა.

- ბიძინა, თქვენ რას იტყვით თამთაზე, როდის გაჩნდა გრძნობა თქვენ შორის?

- თამთა მხატვარი-აბსტრაქციონისტია, თავისი გამორჩეული ხედვა აქვს, უზომოდ თბილი და კაცთმოყვარეა და ძალიან საინტერესოა მასთან ურთიერთობა. მხატვრობაში ვერკვევი და მისი ნახატები რომ ვნახე, მივხვდი, რომ საქმე ჩვეულებრივ ქალთან არა მაქვს. როგორც მერაბ კოსტავას ქალიშვილს, თამთას 1989 წლიდან ვიცნობ. გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მამიკოს და ბებოს - ქალბატონ ოლღას. პირადად მე ბატონი მერაბი გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ვნახე და იმ მიტინგზე იყო თამთაც მამიკოსთან ერთად. ეს იყო 1989 წლის 30 სექტემბერი, როდესაც მომიტინგეები კინოს სახლიდან მთავრობის სახლამდე ჩავედით, ახლანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის შენობასთან გავჩერდით. მახსოვს, თამთასთან ძალიან ახლოს ვიდექი და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

მანამდე 9 აპრილის ღამე იყო, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეატრიალა მსოფლმხედველობრივად - ეროვნულ მოძრაობაში ჩავერთე. ე.წ. ზვიადისტებში ვითვლები, თუმცა ფანატიკოსი არასდროს ვყოფილვარ, არც პოლიტიკური ნიშნით გამირჩევია ურთიერთობა ვინმესთან. ბუნებით კაცთმოყვარე ვარ, მორწმუნე ადამიანი, ეკლესიურად ვცხოვრობ, მაგრამ მე ჩემი შეხედულება მაქვს ედუარდ შევარდნაძის, ჯაბა იოსელიანის, თენგიზ სიგუას, თენგიზ კიტოვანის, გია ჭანტურიას, ძმებ ბერძენიშვილებისა და ძმებ ხაინდრავების შესახებ. ისინი საქართველოს უახლესი ისტორიის უარყოფითი პერსონაჟები არიან. მესმის, რომ უნდა შევუნდოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დავივიწყოთ, რაც მოხდა. დანარჩენს ისტორია განსჯის. მე და თამთას ამ საკითხებზე რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს, თუმცა, ეს ჩვენს ურთიერთობას ხელს არ უშლის. თამთას მთელი სამყარო უყვარს, მიშა სააკაშვილიც კი არ სძულს, ადამიანი, რომელმაც თამთას ცხოვრებაში ძალიან ცუდი როლი ითამაშა. ამ თვისებების გამო თამთას ამ სამყაროს ორიგინალურ ვერსიას ვეძახი. თავის დროზე, როდესაც მიშამ ცოტნე გამსახურდია დაიჭირა, თამთა ცოტნეს გამოესარჩლა, სააკაშვილმა კი იმით უპასუხა, რომ თამთა ფსიქიატრიულში გამოკეტა.

თამთა: - მიშა სააკაშვილის და შემდეგ, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, ცოტნეს მხარდაჭერის გამო 10-ჯერ მაბურთავეს საგიჟეთში. ჯერ კიდევ ამერიკაში როცა ვიყავი და ცოტნეს მხარდასაჭერად ვშიმშილობდი, იქ 4-ჯერ ჩამაგდეს ფსიქიატრიულში. მთლიანობაში ცოტნეს გამო 14-ჯერ მომიწია საგიჟეთში ყოფნამ - ამერიკაშიც და თბილისშიც; ორჯერ სასამართლოც გამიმართეს. იქ ჩემი ნების მიუხედავად გამაჩერეს და მიმკურნალეს. მერე ბიძინა ივანიშვილს სახალხო წერილი მივწერე, ასე მექცევიან-მეთქი და საგიჟეთებში ჩემი ბურთაობა შეწყდა.

- ბიძინა, თამთას დედასთან, ქალბატონ ლალისთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- ქალბატონ ლალის მხოლოდ ხუთი თვის განმავლობაში ვიცნობდი, სამწუხაროდ, მერე გარდაიცვალა. მან ასევე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. მე და თამთა ერთმანეთს მხარში ვუდგავართ, ერთმანეთზე ვზრუნავთ. ვეუბნები ხოლმე, დედაშენი და მამაშენი იმ ქვეყნად რომ შემხვდებიან, მადლობა უნდა მითხრან და არა საყვედური-მეთქი.

შარშან, მაისში მითხრა თამთამ, საბოლოო გადაწყვეტილება რომ მივიღო, ერთი წელი მჭირდებაო. კი ბატონო-მეთქი და ახლა უკვე, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მაისის ბოლოს ოჯახს შევქმნით. ამ ასაკში გული და გონება ურთიერთკავშირშია და ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამ.

თამთას ივანიშვილის ფონდიდან ხელფასი აქვს. ამ სახლში რემონტი მერიამ გააკეთა, მუზეუმის რესტავრაციასაც მერია და კულტურის სამსახური უზრუნველყოფენ. ირაკლი ღარიბაშვილი თამთას დიდ ყურადღებას აქცევდა. რევაზ ჯაველიძეს პირადად დაავალა. როცა რაიმე პრობლემა იყო, თამთა მას ურეკავდა.

- თამთა, მუზეუმის რესტავრაცია რა ეტაპზეა და რა ინახება იქ?

- იქ ინახება მერაბ კოსტავას ხელნაწერები, რომლებიც წიგნებადაცაა გამოცემული. ამჟამად რემონტი მიმდინარეობს, სხვენი გააკეთეს, სადაც საგამოფენო სივრცე მოეწყობა და ექსპონატები განთავსდება.

- პირადად თქვენ რა დაგრჩათ მამისგან სახსოვრად?

- მამაჩემმა ციხეში საყურე, გულსაკიდი და ბეჭედი მაჩუქა, რომლებიც, სამწუხაროდ, დავკარგე და მხოლოდ საყურე დამრჩა. ასევე, მისახსოვრა წიგნი თამარ მეფეზე, რომელიც საქართველოში დაბრუნებულს სახლში აღარ დამხვდა. მახსოვს, მაცხოვრის ხატიც მაჩუქა, ჭედური ნაკეთობა, და აღარც ის დამხვდა.

- პანთეონში თუ დადიხართ ხოლმე მამათქვენისა და ზვიად გამსახურდიას საფლავზე?

- კი, 26 მაისს - მამაჩემის დაბადების დღეზე და 13 ოქტომბერს, მისი გარდაცვალების დღეს. ზოგჯერ ისედაც ავდივარ ხოლმე. 31 მარტსაც ვიყავით, ზვიადის დაბადების დღეზე.