„ჯერ კიდევ არის ქართველი კაცი გამახვილებული სიტყვაზე, ქართულ შეგრძნებებზე, ქართულ იდეებზე“ - კვირის პალიტრა

„ჯერ კიდევ არის ქართველი კაცი გამახვილებული სიტყვაზე, ქართულ შეგრძნებებზე, ქართულ იდეებზე“

1978 წლის 24 მარტს გაზეთ "კომუნისტში" გამოქვეყნდა საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომლის 75-ე მუხლის მიხედვით ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. ამის გამო შეიკრიბნენ რუსთაველის თეატრში ყველა, დიდი თუ პატარა, ინტელიგენცია თუ რიგითი მოქალაქეები. ეს ის პერიოდია, როდესაც საბჭოთა კავშირში დიდი ძვრებია. სასჯელს იხდიან მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. ქვეყანაში ძალას იკრებს სტუდენტური მოძრაობა. იმ დროს დიდ როლს თამაშობდა ახალგაზრდებში აკაკი ბაქრაძის მორალური ავტორიტეტი. მან მწერალთა კავშირში განაცხადა, ქართველი ერი ამ კონსტიტუციას არ მიიღებსო. ამ სიტყვებით მივიდა ქართველი ერი 14 აპრილამდე. ქართული ენის შესახებ ცვლილებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები აპროტესტებდნენ წერილით, რომელსაც ხელს 327 სტუდენტი აწერდა. ერი, რომელიც უსისხლოდ დაკარგავს ენას, ერი არ არის! თუ ენის დაკარგვა გვიწერია, ისე შევიდეს ისტორიაში, რომ ამას ადამიანები შევეწიროთო, წერდნენ სტუდენტები. 14 აპრილს ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვა მთავრობის სახლში, უმაღლესი საბჭოს სესიაზე იყო დაგეგმილი. სხდომა 15 საათისთვის დაინიშნა. ამ მოვლენების შუაგულში იყვნენ ყველა სასწავლებლის სტუდენტები, მათ შორის პოეტი და ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე:

- ჩვენ წინაშე იყო 1956 წლის პრეცედენტი, იმ დიდი მსხვერპლის, რომელიც გამოსვლებს მოჰყვა. უფრო უფროს თაობას ეშინოდა, ვიდრე ჩვენ, ახალგაზრდებს. იყო საშიშროება, რომ სისხლის ღვრა მომხდარიყო, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, აღარავის ახსოვდა ეს საშიშროება, ეჭვები. აკაკი ბაქრაძემ რუსთაველის თეატრის კარი გააღებინა, თუ ხალხს ტყვიას დაუშენდნენ, თეატრისათვის რომ შეეფარებინათ თავი. 3 საათზე დაიწყო უზენაესი საბჭოს სხდომა. ისეთი სიწყნარე ჩამოწვა, მხოლოდ ფეხის ხმას თუ გაიგებდით. რუსთაველის თეატრთან გოგონა ღია მანქანაზე იდგა და კითხულობდა ლექსს "უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი". ყველას ერთი ნება გვაერთიანებდა, დიდი იმედი იმისა, რომ აუცილებლად რაღაცას მივაღწევდით და მივაღწიეთ კიდევაც. დაახლოებით 4-ის წუთებზე გაისმა ხმა: "დავტოვოთ, შევინარჩუნოთ ფორმულირება, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ენად ქართული ენის გამოცხადებას!"

9605884b-7f3d-42d7-b778-66e2d6d75de9-1713099293.jpg

მე მაშინ აბიტურიენტი ვიყავი. პუშკინის ქუჩაზე, ბავშვთა სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში რეგისტრატორად ვმუშაობდი. მოგეხსენებათ, 6 თვის სტაჟისთვის უნდა გვემუშავა სადმე.

არასოდეს დამავიწყდება ის წუთები, როცა თქვეს, სტუდენტები უახლოვდებიან მთავრობის სასახლესო. მახსოვს, როგორი უცნაური სიჩუმე ჩამოწვა. დუმდა ყველა და ელოდა საშინელ ამბავს. ძალიან დიდი შანსი იყო დაერბიათ მიტინგი და უცებ გამოცხადდა, რომ სახელმწიფოდ ენად ქართული ენა დარჩა.

ქართული სიტყვის მაძიებლებმა ვახუშტი კოტეტიშვილმა და ალექსი ჭინჭარაულმა თენგიზ მირზაშვილთან ერთად სოფლები მოიარეს და 30 საუკეთესო მთქმელი შეარჩიეს. საღამო, სახელწოდებით „"ლექსო, ნუ დაიკარგები"“სიმბოლურ თარიღს 1979 წლის 14 აპრილს, ანუ ქართული ენის წლისთავს დაამთხვიეს. სახელმწიფო უშიშროებიდან გამოთქვეს ეჭვი, რატომ მაინცდამაინც 14 აპრილს აპირებენ საღამოს გამართვასო? რაიმე ინციდენტი არ მოხდეს, პროკლამაციები არ გადმოყარონო. მაშინ ამ სამმა ადამიანმა საბჭოთა ორგანოები დაარწმუნა, რომ ეს დღე ექსცესების გარეშე ჩაივლიდა. იმ დღეს ფილარმონია გადაჭედილი იყო, სცენაზე კი მთისა თუ ბარის სოფლებში მიმოფანტული საუკეთესო მთქმელები ენაცვლებოდნენ.

- და ამ დღემ შეცვალა თქვენი ცხოვრებაც...

- ეგ სიზმარივით იყო. ძალიან დიდი წინაღობა გადავლახე ჩემს სულთან. ლექსები იმ დღეს საქვეყნოდ წავიკითხე. არ მინდოდა წასვლა და ჩემმა დამ, ლელამ, ძალით წამიყვანა. თან ისეთი ფაციფუცით წამიყვანა, ერთი რვეული ჩავაგდე მგონი ჩანთაში. როცა მივედით, დავინახე, რომ ამ სამ ადამიანს უამრავი ხალხი ესეოდა გარშემო. ამ დროს დაუძახეს ლექსო პაპას, ეთერო მოვიდაო. ოფლი მასხამდა. აბა, წაგვიკითხეო, და რაზეც გადავშალე, ის წავიკითხე. როგორც კი დავასრულე, თენგიზ მირზაშვილმა დაიძახა, ნახე, ბალღო, რა ლექსიაო, და მას აჰყვა ბატონი ვახუშტიც. გავიხედე და, ლექსო პაპას წკაპაწკუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. იმ დღიდან ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. უფალმა ისეთ ხალხთან დამაახლოვა და ისეთმა ადამიანებმა მიპატრონეს, სხვები რომ ნატრობდნენ მათთან შეხვედრას. რამდენი რამე მასწავლეს და რამდენ რამეს ვიგებდი ისეთს მათგან, რაც არსად არ ისწავლება...

- ბატონი ვახუშტიც და მასთან დაკავშირებული ამბებიც გაიხსენეთ...

- ტელევიზიის პირველმა არხმა დამირეკა, თქვენ რომ კითხულობთ ლექსებს, ის ჩანაწერი წაგვეშალა და სასწრაფოდ უნდა მოხვიდეთო. სტუდიაში უამრავი ხალხი იჯდა. ცენტრში ბატონი ვახუშტი და ლექსო პაპა დავინახე. ამ დროს სტუდიაში შემოდის ბატონი ნუგზარ ფოფხაძე (მაშინდელი ტელევიზიის დირექტორი) და ხელით რაღაცას ანიშნებს ვახუშტის. გავიდა ბატონი ვახუშტი და რომ შემობრუნდა, ხმა გაისმა: ერთ წამში პირდაპირ ეთერში ვართო, და ბატონი ვახუშტი იწყებს: "ახლა ისეთი რამ უნდა ვთქვა, რომ არც მე ვიცოდი და არც ეთერომ და კამერა ჩემკენ გადმოვიდა. ეთერო ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უგამოცდოდ! ის უკვე სტუდენტია ფილოლოგიის ფაკულტეტის!“ - მეგონა, გული გამიჩერდებოდა, რადგან მეშვიდე წელი იწურებოდა, რაც ვაბარებდი, და სულ ნახევარი ქულა მაკლდებოდა. როგორ წავიკითხე ლექსები, არ მახსოვს.

- 16 აპრილს რუსთაველის თეატრში გაიმართება ეს საღამო?

- 14 აპრილს ფოლკლორის ცენტრში ჩემი წიგნის, "ლექსი მწადის ერთისა" პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც შევიდა 1979 წლის 14 აპრილს, პირველ საღამოზე გამოსული მელექსეებით დაწყებული, დღემდე ვინც გამოჩნდა ნიჭიერი მელექსე. ამ წიგნში ასევე არის შემკრებების მასალა, რომელიც კიდევ ცალკე დიდი ამბავია. წინათქმა ამირან არაბულმა დაწერა. მე და ამირანი ვართ ამ წიგნის შემდგენელ-რედაქტორები. ხან ვათენებდით, ხან მის ავადობაში ვამზადებდით, რომ დღევანდელ დღემდე მოგვეტანა. ამ წიგნის პრეზენტაციის გაგრძელება იქნება საღამო 16 აპრილს რუსთაველის თეატრში.

- და ბოლოს ბატონ ვახუშტისთან ბოლო შეხვედრას ხომ არ გაიხსენებდით?

- რუსთაველის თეატრში უნდა წაგვეყვანა. ეტყობა, იმ ავადობას გაუპროტესტა და ხმამაღლა დაიძახა, იქ უნდა მიმათრიოთ საპყარი, ეტლით როგორ უნდა შემოვიდე, ხალხს როგორ დავენახოო. მივხვდი, რომ უკვე ცუდად არის საქმე. მერე დაიძახა, ეთერო, სად დაიკარგე, მოვდივარო. ეტლით წავიყვანეთ. გასაოცარი საღამო იყო. ბევრი ეფერეს და ერთმა მთქმელმა შესძახა, დიდხანს იცოცხლეო! უცებ რაღაცნაირად შემომხედა და თავისთვის ჩაიცინა. სწორედ მაშინ გვითხრა ყველას: "ამ საღამოს არ მოკლავთ. თქვენ გევალებათ, რომ გააგრძელოთ, სანამდეც შეძლებთ".

ჩვენც უკვე დავბერდით, ვიავადეთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობაც გვაქვს და მადლიერების გადახდაც გვინდა იმ ადამიანისათვის. რაც მთავარია, ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნისათვის წელიწადში გამართული ერთი დიდი საღამო ერთი ღრმა სულიერი ამოსუნთქვაა და დიდხანს გაჰყვება ყველა ქართველს. მე ამას არ ვაკეთებ მხოლოდ მოვალეობისათვის, ის ჩემი სულიერი სიმდიდრის მომტანი გახდა და ვერ შეველევი სიკვდილამდე. მე და ამირანმა ავირჩიეთ პროფესიად ის, რაც უნდოდათ მათ, რომ ვყოფილიყავით. თუ ვასრულებთ, თუ ვუძლებთ და ვუძღვებით, უფალს მადლობა ამისათვის. ჯერ კიდევ არის ქართველი კაცი გამახვილებული სიტყვაზე, ქართულ შეგრძნებებზე, ქართულ იდეებზე. არათუ სიტყვაზე, ბგერაზეც კი, რადგან ამ საღამოს ისმის მთელი საქართველოს ყველა კუთხის თითო ფრაზა, ხმა... ეგ არის და ეგ.

რუსუდან შაიშმელაშვილი