„ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ სადღაც, სხვა კუნძულზე არ ვცხოვრობთ, რომ ჩვენც ამ საზოგადოების ნაწილი ვართ“ - კვირის პალიტრა

„ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ სადღაც, სხვა კუნძულზე არ ვცხოვრობთ, რომ ჩვენც ამ საზოგადოების ნაწილი ვართ“

არსებობენ ადამიანები, რომლებმაც დიდი განსაცდელი გამოიარეს, მაგრამ ბედისწერას არ შეურიგდნენ, თავიანთი სისუსტე ძლიერებად აქციეს და ცხოვრება განაგრძეს. სწორედ ამ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება ანა სიხაშვილი, რომელიც შშმ პირთა უფლებებს იცავს, ანა თავისი მაგალითით ამტკიცებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

- ანა, როგორ დაიწყეთ შშმ პირთა უფლებების დაცვა?

- სხვებზე რომ იზრუნო, ჯერ თავად უნდა გაძლიერდე, საკუთარი თავი მიიღო ისეთი, როგორიც ხარ. საბედნიეროდ, მე ეს შევძელი, მიუხედავად იმისა, რომ მხედველობა 5 წლის ასაკში დავკარგე. როგორც ექიმებმა თქვეს, მუცლად ყოფნის დროს დედაჩემისგან ციტომეგალოვირუსი გადმომედო და მხედველობა დამიზიანა. იყო არასწორი სამედიცინო ჩარევაც. პატარა ვიყავი, ყველაფერს ვხვდებოდი, მაგრამ ჩემთვის მხედველობის დაკარგვა რთული მაინც არ ყოფილა, ჩემს მდგომარეობას ადვილად შევეგუე, რაც ჩემი მშობლების დამსახურებაა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ასეთ დროს ახლობლები მხარს როგორ გიჭერენ. არ ვფიქრობდი, რომ რაღაც ტრაგიკული მოხდა. ასეთი განწყობით შევედი უსინათლოთა სკოლაში.

- თანატოლებთან ურთიერთობა არ გიჭირდათ?

- ამ სკოლაში ყველა თანასწორად აღგიქვამს, რადგან მათგან განსხვავებული არა ხარ, მაგრამ სკოლის გარეთ, თანატოლებთან ურთიერთობა მიჭირდა, თანაც, ჩემი მშობლები მუსიკაზეც მატარებდნენ და სხვა წრეებზეც. ჩემი კლასელები იქვე, სკოლაში ცხოვრობდნენ, მე არა, რადგან მშობლები ჩემ გამო გადმოვიდნენ ქარელიდან თბილისში. თბილისში უბნის ბავშვებთან სოციალიზაცია რთული იყო, თან სულ ვმეცადინეობდი, მაგრამ სოფელში რომ ჩავდიოდი, იქ უფრო ვმეგობრობდი თანატოლებთან. იმ წლებში უკვე ვაცნობიერებდი, რომ წარსულში ჩარჩენა ყველაზე დიდი შეცდომაა, რომ შშმ პირი უნდა შრომობდეს, სწავლობდეს. ჩემმა მონდომებამ გაამართლა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებულ გაცვლითი პროგრამით ერთი წლით წავედი ამერიკაში, მასპინძელ ოჯახში ვცხოვრობდი და სკოლაშიც იქვე ვსწავლობდი. იმ ერთ წელიწადში ყველაზე მთავარი - დამოუკიდებელი ცხოვრება ვისწავლე. ეს პროგრამა ერთი წლით არ მთავრდება: როცა სამშობლოში ბრუნდები, ამერიკელები მუდმივად გაძლევენ წინსვლის შესაძლებლობას. საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ და მათ შორისაა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია". სერიოზული კონკურსი გავიარე და ახლა ამ ორგანიზაციაში სტაჟირებას გავდივარ. იურისტობას არ ვაპირებ, უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებებს ვსწავლობ და დიდი იმედი მაქვს, რომ მაგისტრატურაშიც ჩავაბარებ და ამ სფეროში რეალიზებას შევძლებ.

- არ ფიქრობ, რომ შენი ასაკისთვის საკმაო წარმატებას მიაღწიე?

- მე მხოლოდ მაშინ ვიტყვი, რომ წარმატებას მივაღწიე, როცა ისეთ სამსახურში ვიქნები, სადაც ყველანაირი ბარიერი მომეხსნება და ვერ ვიგრძნობ, რომ შშმ პირი ვარ.

- რა პრობლემები აქვთ საქართველოში შშმ პირებს?

- ყველაზე დიდი პრობლემა ხალხის დამოკიდებულებაა, რომელიც ასე გამოიხატება: "ვაიმე, საწყალი, როგორი ლამაზია და ასეთია"... შშმ პირი არ აღიქმება სრულფასოვან ადამიანად, მას იშვიათად აღიქვამენ სიყვარულის ობიექტად, ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება ოჯახი შექმნას. 35-40 წლის წინ ისინი საერთოდ ჩაკეტილები იყვნენ. არსებობდა უსინათლოთა საზოგადოება, სადაც მხოლოდ უსინათლოები იყვნენ - ეს იყო სახელმწიფო სახელმწიფოში. ან უსინათლოთა სკოლაში უნდა ემუშავათ მასწავლებლად, ან ამ საზოგადოებაში.

- ბევრ უსინათლო წყვილს საქართველოშიც ძალიან კარგი ოჯახი აქვს.

- როდესაც ცოლიც უსინათლოა და ქმარიც, ერთმანეთს უგებენ, მაგრამ როცა ერთ-ერთი მათგანი შშმ პირი არ არის, იქ უფრო მეტი სირთულეა. უსინათლოებისთვის მგზავრობაც პრობლემაა. მე ბევრ პროექტში ვარ ჩართული და დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას მიწევს მისვლა. ყოველთვის ხომ ვერ გეყოლება ადამიანი, რომელიც გაგყვება? ჩვენთან ან ტრანსპორტით მგზავრობაა პრობლემა, ან გზა, რომელიც შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული არ არის. ამიტომ ხშირად ტაქსის გამოძახება მიწევს, რაც დამატებითი ხარჯია. ბოლო წლებში ხმოვანი შუქნიშნები კი დააყენეს, მაგრამ ყველგან არა. კარგია, რომ ავტობუსებში გაჩერებებს აცხადებენ, მაგრამ ყველანაირ ტრანსპორტში ასე არ არის. პრობლემები არ ილევა. ამიტომ შშმ პირთა უფლებებისთვის აქტივისტები გამუდმებით ვიბრძვით: ბევრი ვიომეთ, რომ ხმოვანი შუქნიშნები დაეყენებინათ. დიდი პრობლემაა რელიეფური ფილები, რომლებიც შშმ პირს უნდა მიუთითებდეს, როგორ მივიდეს ავტობუსის გაჩერებამდე, ან "ზებრამდე", არსებობს ფილა, რომელიც დაბრკოლებას გაჩვენებს, ამიტომ ასეთი ფილები "ზებრასთან" ყოველთვის უნდა იყოს - ის მაჩვენებს, უნდა გავჩერდე თუ უნდა გავიარო. ამ ფილებს არასწორად აკეთებენ და ახლა ვცდილობთ გამოყონ სპეციალისტი, რომელსაც ეცოდინება, სად და როგორ უნდა დააგონ. ასეთი ფილები უკვე არის იმ ქუჩებზე, რომელთა რეაბილიტაცია განხორციელდა. იმედია, მომავალში სხვა ქუჩებზეც გააკეთებენ და თუ არ გააკეთებენ, აქ არა ვართ!

- რა უნდა გაკეთდეს, რომ შშმ პირების ცხოვრება საქართველოში უკეთესი გახდეს?

- ამ თემაზე ბევრი უნდა ვილაპარაკოთ, რადგან შშმ პირების საჭიროებებზე საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის. მედიაც უნდა ჩაერთოს და ხალხმაც უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ სადღაც, სხვა კუნძულზე არ ვცხოვრობთ, ჩვენც ამ საზოგადოების ნაწილი, ჩვეულებრივი ხალხი ვართ. ჩვენ არ ვართ დახმარების ობიექტები და თუ დახმარება დაგვჭირდება, გეტყვით. როცა შშმ პირი ქუჩაში მარტოა გამოსული, ესე იგი, მან იცის, სად მიდის და როგორ მოიქცეს. მაგალითად, როცა გაჩერებაზე ვდგავარ და ტაბლოზე ვერ ვხედავ, რა ნომერი ავტობუსი მოდის, იქვე მდგომს ვთხოვ, მითხრას, მაგრამ ავტობუსში რომ ავდივარ, ჰგონიათ, აუცილებლად ადგილი უნდა დამითმონ. არადა, არ მომწონს, როცა ჩემზე ასაკოვანი ადამიანი სკამს მითმობს.

- როდესაც ქალთა კვოტირება გაუქმდა, შშმ პირებმა გააპროტესტეთ, რატომ?

- ამის საპასუხოდ ერთ მარტივ მაგალითს მოვიშველიებ: ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომელსაც დახმარება სჭირდება, ვინ უფრო ყურადღებით მოუსმენს, დეპუტატი ქალი თუ მამაკაცი? მით უმეტეს, თუ ძალადობის მსხვერპლი შშმ პირია. დადგენილია, რომ სოციალური საკითხების მიმართ ქალები უფრო მგრძნობიარენი არიან, ისინი უფრო მეტად იცავენ ქალთა უფლებებს. ამიტომ თუ ქალები პოლიტიკიდან გაქრებიან, შშმ პირთა უფლებების დაცვა ძალიან გართულდება. მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში ქალთა კვოტირება დაიწყო, მე უფრო ადვილად ვახერხებ შშმ პირთა პრობლემების წარმოჩენას. ამ თემებზე პარლამენტში აქტიურად მუშაობს ანა ნაცვლიშვილი, ხოლო თბილისის საკრებულოში - ანა გოგოლაძე. მათი თანადგომა რომ არა, ბევრი რამ არ გაკეთდებოდა. როცა ხმოვანი შუქნიშნების, პანდუსების და რელიეფური ფილების აუცილებლობაზე ვსაუბრობდით, სწორედ პოლიტიკოსი ქალები გვიჭერდნენ მხარს. ამიტომ პარლამენტსა და საკრებულოებში ასეთი ხალხის ყოფნას შშმ პირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ხათუნა ჩიგოგიძე