სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

“ქართული მხარისთვის ცნობილი არის სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად, საქართველოს (და ავსტრალიის) მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ასევე, ავსტრალიის მთავრობას და ხალხს აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაღუპულთათვის. ქართული მხარე შეშფოთებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო. საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები”,- აღნიშნავენ უწყებაში.

ცნობისთვის, ავსტრალიაში, სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის თავდამსხმელი.

The Guardian-ის ცნობით, სიდნეის პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელს პოლიციელმა ესროლა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. პოლიციის ცნობით, შეიარაღებული პირი, რომელიც სიდნეის Westfield Bondi Junction-ის სავაჭრო ცენტრში შეიჭრა, მარტო მოქმედებდა. თავდასხმის შედეგად დაშავებული რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.