რა გზები არსებობს მემკვიდრეობის მისაღებად - კვირის პალიტრა

რა გზები არსებობს მემკვიდრეობის მისაღებად

ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი­ მკითხველთა შეკითხვებს უპასუხებს:

ბინა დაგირავებული მაქვს და ახლა მდგმურს თავისი თანხა უნდა დავუბრუნო. ისევ ნოტარიუსთან უნდა მივიდე და მისი თანდასწრებით უნდა გადავცე, რომ იპოთეკისგან გათავისუფლდეს ჩემი ბინა, თუ საჯარო რეესტრში მივიდე? ასევე მაინტერესებს, მას შემდეგ, რაც ბინას გადმოვიფორმებ, რამდენ ხანში უნდა დაცალოს მდგმურმა ბინა. ის ახალ ბინას ეძებს და სასურველი ბინა რომ ვერ იპოვოს, ხომ არ შემექმნება პრობლემა? კანონით რამდენი დღე ეკუთვნის?

nugbara-advokati-1699644231.jpg

- სესხის კრედიტორისათვის დაბრუნების ფაქტის ნოტარიუსთან დაფიქსირება აუცილებელი არ არის. მსესხებელს შეუძლია ჩვეულებრივად დაუბრუნოს უნაღდო ანგარიშსწორებით და გადარიცხვის ქვითარი იქნება ის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს სესხის დაბრუნების ფაქტს. ბინის გადმოფორმება თუ არის საჭირო, გამოდის, მხარეთა შორის გაფორმებული ყოფილა ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით. ასეთ შემთხვევაში მხარეები უნდა მივიდნენ საჯარო რეესტრში და მსესხებელმა უნდა გადმოიფორმოს ბინა. რაც შეეხება საკითხს, თუ რა ვადაში უნდა გავიდეს კრედიტორი ბინიდან, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადის მიხედვით. თუ მოცემული ხელშეკრულება წყდება ვალდებულების შესრულებით, ბინის დაცლის თარიღი უნდა დაუკავშირდეს სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულებას.

60 წლამდე ასაკის მარტოხელა მამაკაცს, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, უწევს საქართველოში დაბრუნება. წასასვლელი არსად აქვს, რადგან სახლში დედა და ძმა არ უშვებენ იმ მოტივით, რომ შემდგომ წილი არ მოითხოვოს. არადა, როცა შეეძლო, მთელი ცხოვრება მათ ეხმარებოდა ფინანსურად და აღმოჩნდა, რომ თავისი არაფერი გააჩნია. აქვს თუ არა დედას უფლება ავადმყოფი შვილი ქუჩაში დატოვოს? ბინა დედის სახელზეა. არანაირ წილს არ ითხოვს, მხოლოდ ითხოვს თავშესაფარს. ვიცით, რომ წილი არ ეკუთვნის, სანამ მშობელი ცოცხალია, თან უფროსი შვილია, მაგრამ დროებითაც არ უშვებენ. რას ურჩევთ მას?

- კანონი ადგენს, თუ რა შემთხვევაში უნდა არჩინოს მშობელმა სრულწლოვანი შვილი, საამისოდ უნდა დადგინდეს კანონით დადგენილი წინა პირობების არსებობა, ხოლო აღნიშნულის დადგენა შესაძლებელია სასამართლოს მეშვეობით. გარდა ამისა, შეიძლება მხარემ სასამართლო გზით იდავოს იმაზე, რომ მისი გამოგზავნილი თანხებით მოხდა სახლის ან სხვა რაიმე ქონების გაუმჯობესება, რის გამოც უძრავი ქონების ღირებულება გაიზარდა.

ვიცი, რომ მეუღლეთა შორის თანასაკუთრებაში შეძენილი ქონება იყოფა შუაზე, მაგრამ როცა წყვილს შორის ხდება განქორწინება, ბავშვებსაც ეკუთვნით თუ არა თავიანთი წილი? მყავს სამი შვილი და შემიძლია სასამართლოში მოვითხოვო მათი წილიც?

- განქოწინებისას მეუღლეთა შორის გასაყოფი ქონებიდან ბავშვების წილის გამოყოფა არ ხდება, ბავშვები არიან თავიანთი მშობლების მემკვიდრეები. თუმცა კანონი აწესებს შესაძლებლობას, რომ მეუღლეთა შორის გასაყოფი ქონების წილი გაეზარდოს იმ მეუღლეს, რომელთანაც რჩებიან შვილები. აღნიშნული გამომდინარეობს მათი საყოფაცხოვრებო საჭიროებიდან.

წლების წინ გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა სოფელში და არ არის მისი გარდაცვალების საბუთი იუსტიციაში. სახლის საბუთებიც დაკარგულია. ამ შემთხვევაში როგორ უნდა გაიფორმოს მემკვიდრემ ეს ქონება? რეესტრში ეუბნებიან, რომ ვერ გაიფორმებს, რადგან მშობლის გარდაცვალება არ დასტურდება. მეზობელმა გვითხრა, საფლავის სურათები გადაიღე და სოფლის გამგებელმა და მოსახლეობამ დაგიდასტურონ, რომ ნამდვილად გარდაცვლილია და ამის საფუძველზე რეესტრი ვალდებულია გადაგიფორმოთ ქონებაო. ეს რამდენად სწორია? გარდაცვლილის პირადი ნომერიც არა გვაქვს და ვერანაირი ხელჩასაჭიდი ვერ ვიპოვეთ. როგორ მოვიქცეთ?

- ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს მშობლის სასამართლო გზით გარდაცვლილად აღიარება. მსგავსი ტიპის სასამართლო წარმოება მიმდინარეობს უდავო წარმოებით - ანუ სასამართლოს უნდა წარედგინოს იმის მტკიცებულებები, რომ მშობელი გარდაცვლილია და გამოაცხადოს გარდაცვლილად, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებას წარუდგენთ სამოქალაქო რეესტრს და დააფიქსირებენ როგორც გარდაცვლილს.

ჩემი ძმის სახელზეა ქონება, რომელიც წლებია ქვეყნიდან წასულია და უგზო-უკვლოდ დაკარგულია. სახლში ცხოვრობს ასაკოვანი მამა და მეუბნება, რომ ქონება ჩემს სახელზე გადავიფორმო. იუსტიციის სახლი მეუბნება, რომ ჩემი ძმის თანხმობაა საჭირო. როგორ მოვაგვარო ეს პრობლემა?

- მოცემულ შემთხვევაში, უნდა მოხდეს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის გარდაცვლილად გამოცხადება. კანონის თანახმად, თუ პირის შესახებ ოჯახისთვის ცნობილი არაფერია და ამასთან, პირს 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია კონტაქტი მის ოჯახთან, პირი შეიძლება გამოცხადდეს გარდაცვლილად. აღნიშნულის შემდეგ შესაძლებელი იქნება ქონების მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეზე დარეგისტრირება, ანუ ამ შემთხვევაში სამკვიდროს მიიღებს მამა.

მეუღლესთან არ ვიყავი სამოქალაქო ქორწინებაში, მისი გარდაცვალების შემდეგ ქონება როგორ გავიფორმო?

- არარეგისტრირებული ქორწინება არ წარმოშობს მეუღლეთა შორის არანაირ უფლებას, მათ შორის არც მემკვიდრეობის უფლებას.

- გვაქვს კერძო სახლი, რომელსაც ჰყავს ორი თანამესაკუთრე. მე მინდა ჩემი წილის გაყიდვა, მაგრამ ჩემი და უარზეა, როგორ მოვიქცე ასეთ დროს?

თუ სახლის ერთი ნაწილის დამოუკიდებლად ფუნქციონირება შესაძლებელია, შეიძლება სახლის გაყოფა და გაყიდვა, თუ აღნიშნული ვერ ხერხდება, შეიძლება ½წილის გაყიდვა, ან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ქონების აუქციონზე გატანა მისი რეალიზაციის მოთხოვნით. თუმცა ქონების სარეალიზაციოდ აუქციონზე გატანის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ.

ჩემი მეზობელი ცდილობს ჩემი მიწის ნაკვეთის ნაწილი თვითონ მიისაკუთროს, არ ვცხოვრობ სოფელში და როცა იქ ჩავდივარ, სულ მხვდება ახალ-ახალი ნერგები დარგული. არც მას და არც მე ოფიციალურად რეესტრში არა გვაქვს ახალი წესებით ქონება დარეგისტრირებული. როგორ მოვიქცე, დავიღალე მასთან კონფლიქტით და მინდა სამართლებრივად მოვაგვარო.

- ამზომველს მოამზადებინეთ აზომვითი ნახაზი და წარადგინეთ საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად. რეგისტრაციის შემდეგ გაავლეთ ღობით მიჯნა.

ახალაშენებულ კორპუსში ვცხოვრობ, რომელიც არ არის ჩაბარებული და აქვს მშენებარეს სტატუსი. არც სადარბაზოა მოწესრიგებული ბოლომდე და არც ფასადი. მშენებელმა დაგვტოვა ასეთ გაურკვევლობაში, ახლა წყალი გროვდება სარდაფში და საძირკველს ექმნება პრობლემები. მოწესრიგება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ისედაც დაზარალებულ მოსახლეობას ამის შესაძლებლობა არა გვაქვს. რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, შეიძლება თუ არა მერია დაგვეხმაროს, ვის მივმართოთ? სასამართლოში რომ შევიტანოთ საჩივარი, განხილვას წლები შეიძლება დასჭირდეს და არ მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულებაც. რას მირჩევთ?

- მოცემულ შემთხვევაში გასარკვევია მშენებელსა და დამკვეთებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები, თუ რა ვალდებულებები ჰქონდა ხელშეკრულების საფუძველზე მშენებელს. უნდა დადგინდეს, რა ზიანი მიადგა მშენებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით. რაც შეეხება ბინის მშენებლობის დასრულებას, აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ მერიას.

3 წლის წინ გამოვიტანე სესხი, რომელსაც ვიხდიდი, თუმცა სამსახურთან დაკავშირებით შემექმნა პრობლემა და გარკვეული პერიოდი ვერ გადავიხადე. ბანკმა სესხი მიჰყიდა ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. როცა დავიწყე ისევ მუშაობა, დამიყადაღეს ანგარიში, რის გამოც ხელშეკრულება შევადგინე ამ მიკროსაფინანსოსთან, რომელმაც არ დააკორექტირა ჯარიმები და გრაფიკი შემიდგინა, რომ არსებული სესხი დამეფარა 1 წელში. სამოქალაქო სასამართლომაც შეადგინა რაღაც ხელშეკრულება და მოვაწერე ხელი. მალე უნდა დამრიცხოდა ხელფასი და საქმის გაწელვა არ მინდოდა, რადგან სტაბილური სამსახური იყო. სესხს ვიხდიდი ჩვეულებრივ, გრაფიკით, მაგრამ ახლა ისევ უმუშევარი დავრჩი და ვერ ვახერხებ სესხის გადახდას, ამის გამო შეიძლება ანგარიში ისევ დამიყადაღდეს. როგორ მოვიქცე?

- მოცემულ შემთხვევაში საქმე გადადის აღსრულების ეროვნულ ბიუროში და აღმასრულებელი ახდენს მოძრავი/უძრავი ქონების დაყადაღებას. თუმცა მოლაპარაკება კრედიტორთან ამ ეტაპზეც შესაძლებელია. გარდა აღნიშნულისა, აღმასრულებელი სრულ ხელფასს ვერ დააკავებს. კანონის თანახმად, უნდა დატოვოს საარსებო მინიმუმი, თუმცა აღსრულებაში არსებული პრაქტიკის თანახმად, აღმასრულებელი დააკავებს ხელფასის ნახევარს.

როცა პროკურორზე საჩივარს წერ გენერალურ პროკურატურაში, მიუთითებ ფაქტებს და რეაგირება არაა, არის თუ არა შესაძლებელი, პირდაპირ სასამართლოში შეიტანო საჩივარი პროკურორზე ან გამომძიებელზე და თუ არის შესაძლებელი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საჩივარი?

- გააჩნია საქმეზე არსებულ გარემოებებს და იმას, თუ საჩივრით რას ითხოვს განმცხადებელი.

მყავს შვილიშვილი, რომელსაც პატარა ასაკში მე ვზრდიდი. ახლა ცხოვრობს დედასთან. დიდი თხოვნის მიუხედავად, დედას არ მოჰყავს ჩემთან. ბავშვი უკვე არის 15 წლის, შეიძლება თუ არა რაიმე გზით დავავალდებულო ბავშვის დედას ანუ ჩემს შვილს მისი მოყვანა. ვარ ასაკში და ძალიან მინდა მასთან ურთიერთობა. რა გზა არსებობს ამ დროს?

- სამოქალაქო კოდექსი ბებია-ბაბუას აძლევს შესაძლებლობას მოითხოვონ არასრულწლოვან შვილიშვილთან ურთიერთობა, იმის მიუხედავად, ჩართულები იყვნენ თუ არა ბავშვის აღზრდა-განვითარებაში. თქვენ უნდა მიმართოთ სასამართლოს ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით და მოითხოვოთ არასრულწლოვან შვილიშვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა.

- შვილი სხვა ქვეყნის მოქალაქეა და მამის გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა. როგორ შეუძლია მას მამის საკუთრების გადაფორმება მის სახელზე? ის არის ერთადერთი მემკვიდრე.

- მემკვიდრეობის მიღების ორი გზა არსებობს - სამკვიდროს გახსნით და ანდერძის მეშვეობით. სამკვიდრო იხსნება 6 თვეში, ანუ გარდაცვალებიდან 6 თვის გასვლამდე მემკვიდრემ უნდა მიმართოს ნოტარიუსს სამკვიდროს გახსნის მოთხოვნით. თუ სამკვიდროს გახსნის მიზნით არ მიუმართავს მემკვიდრეს, მაშინ სასამართლოს გზით უნდა დაამტკიცოს, რომ სამკვიდროს დაეუფლა ფაქტობრივად და სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება ფაქტობრივი ფლობით, რის შემდეგაც მემკვიდრე შეძლებს საჯარო რეესტრში ქონების - სამკვიდროს მის სახელზე გაფორმებას.