"აჩუქე წიგნი":"ეს მოიცავს ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლასაც, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას" - გიორგი კეკელიძე - კვირის პალიტრა

"აჩუქე წიგნი":"ეს მოიცავს ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლასაც, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას" - გიორგი კეკელიძე

23 აპრილი წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე არის. თუმცა საქართველოში ეს მთელი თვის განმავლობაში გრძელდება და ეს ტრადიცია რამდენიმე წლის წინ "ბიბლუსმა" და მწერალმა გიორგი კეკელიძემ დაამკვიდრეს, რომელის დღეს "ბიბლუსის" შემოქმედებით დირექტორია. გარდა ამისა, გიორგი კეკელიძე "წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას" ჩაუდგა სათავეში და ამ კამპანიის ფარგლებში არაერთი ღონისძიება უკვე ჩატარდა. „საუკუნის წიგნიერი" - ასე ერქვა 4 აპრილს გამართულ ღონისძიებას, სადაც მიწვეულები იყვნენ ლიტერატურის დარგში მოღვაწე ცნობილი ადამიანები. იმ დღეს ენათმეცნიერ მზექალა შანიძეს, პოეტ ბესიკ ხარანაულსა და მთარგმნელ ელზა ახვლედიანს ჯილდო "საუკუნის წიგნიერი" გადაეცათ.

მწერალი გიორგი კეკელიძე:

- წიგნის ჩუქების აქცია 2019 წელს, სწორედ "ბიბლუსთან" ერთად დავიწყეთ. ჩემი ინიციატივა იყო და ეს ტრადიცია ესპანეთიდან "ვისესხეთ". პირველივე წელს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მაშინ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი და ძალების გაერთიანებით მართლა საოცარი შედეგი მივიღეთ – 2019 წლის აპრილი მთელ ქვეყანაში ამ სლოგანით ჩატარდა:"აჩუქე წიგნი". წელს კი, საერთოდ წიგნის ჩუქების თვის დაწესება განვიზრახეთ. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, აქამდე დაგროვილ გამოცდილებათა საკუთრად ქცევის ამბავი. წიგნია ის, "რაზეც ვდუმვართ", ანუ ჩვენ ვართ წიგნი – ფოლკნერისა არ იყოს. და წიგნი, გარდა ტექსტისა, არის ნივთი, რომელიც მეხსიერების მნიშვნელოვანი ნაწილია – ვინ გაჩუქა, რატომ გაჩუქა, როდის კითხულობდი, სად ინახავ, ვინ გახსენდება. წიგნი არის მასზე გაკეთებული წარწერაც და ეს წარწერა შეიძლება ცალკე წიგნი იყოს.

giorgi-kekelidze-1713250616.jpg

- თქვენ ჯილდო გადაეცით რამდენიმე ცნობილ ადამიანს. გვიამბეთ ამ იდეაზე?

- ეს არის "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების" მთავარი ჯილდო - წლეულს ლეგენდარული ადამიანები: მზექალა შანიძე, ბესიკ ხარანაული და ელზა ახვლედიანი დავაჯილდოვეთ. ბევრი ადამიანი მოვიდა ამ ღონისძიებაზე და ყველა მათგანი წიგნის დიდი გულშემატკივარია. ჯილდოს მფლობელების შესახებ კი თავად მათი სახელები ამბობს. გაივლის წლები და სიამაყით გავიხსენებთ, როგორ დავაჯილდოეთ ეს უმნიშვნელოვანესი ადამიანები. ელზა ახვლედიანმა ბოლოს გაგვიმხილა, რომ თურმე სწორედ იმ დღეს, 90 წლის გახდა. ამ ჯილდოს მიზანი იმ დიდებული ადამიანების გამორჩევაა, რომელთაც წიგნიერების გავრცელების თვალსაზრისით ფუნდამენტური როლი ითამაშეს ქვეყნის ცხოვრებაში. ზოგჯერ შეიძლება ეს არ იყოს ცნობილი ადამიანი. მაგალითად, რომელიმე სოფლის სკოლის მასწავლებელიც კი. მომავალ წლებშიც ჩატარდება მსგავსი დაჯილდოვება და ტრადიციად იქცევა.

- კიდევ რა ღონისძიებები იგეგმება?

- ვიყავით ვაზიანის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ ბავშვებთან, რომელთა უმრავლესობა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდანაა. მათ ახალი წიგნები ჩავუტანეთ - ჩვენი მოძრაობის ელჩ, ლიკა კვარაცხელიასთან და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსთან ერთად. იგეგმება გურიის, იმერეთის, სამცხის, სვანეთის სოფლებში წიგნების ჩატანა. ვფიქრობთ წისქვილ-სამკითხველოების იდეის განახლებას და ამ საქმეს გურიიდან დავიწყებთ. იგეგმება უამრავი აქცია და გათამაშება. იცით ისიც, რომ წიგნის ჩუქების თვესთან დაკავშირებით, "ბიბლუსის" სხვადასხვა ფილიალში მწერალი-კონსულტანტები მოგემსახურებიან. მე მგონია, რომ წიგნის ჩუქება ბევრ საჩუქარს მოიცავს ერთად: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლასაც, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. ასე რომ, აჩუქე წიგნი.

(სპეციალურად საიტისთვის)