"ხელებს იმდენად ხშირად იბანენ, რომ კანი უზიანდებათ, აქვთ ბოდვითი აშლილობები, ამბობენ, რომ ტელეფონიდან ვიღაც უთვალთვალებს" - „პანდემიამ ფსიქიკაშიც დატოვა კვალი“ - კვირის პალიტრა

"ხელებს იმდენად ხშირად იბანენ, რომ კანი უზიანდებათ, აქვთ ბოდვითი აშლილობები, ამბობენ, რომ ტელეფონიდან ვიღაც უთვალთვალებს" - „პანდემიამ ფსიქიკაშიც დატოვა კვალი“

როგორ უნდა ამოვიცნოთ მენტალური პრობლემა ნაადრევ ეტაპზე, როდესაც ორგანულ დაავადებად არ გადაქცეულა; როგორ შევძლოთ ამ პრობლემებისგან საკუთარი თავის თუ ახლობლების გათავისუფლება, ამის შესახებ ფსიქიატრი მარიამ­ ჭელიძე­ გვესაუბრება.

- რამდენიმე წლის წინ ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ ფსიქიკური პრობლემების სტატისტიკა ამ რიცხვზე ავიდოდა: 80 000 შემთხვევა და კიდევ ბევრი აღურიცხავი! ცალკე ამ შიშმა და ცალკე ფსიქიკური პრობლემების მსხვერპლმაც აიძულა საზოგადოება, დაფიქრდეს, ეს რამ წარმოქმნა და როგორ გადაილახოს.

- როდესაც მედიცინა ფსიქიკური პრობლემების დასაძლევად პაციენტთან შეთანხმებულად მუშაობს, მას დამორჩილებადსა და მართვადს ხდის, მაგრამ როდესაც ამ პრობლემების გამომწვევი მიზეზები მუდმივად განახლებადია, მუდმივად არის შიშები და პანიკა, რომ რაღაც ცუდი მოხდება, სამწუხაროდ, მედიცინის შედეგები სუსტდება და ზოგჯერ პრობლემის მართვა შეუძლებელი ხდება. ამას ემატება უკვე ფართოდ გავრცელებული ნარკომანია და აზარტომანია, რაც ასევე სოციალური გარემოდან მოდის, მასთან ერთად კი ბავშვობაშივე აღზრდისას დაშვებული შეცდომები და გენეტიკური წინასწარგანწყობა. ეს მომენტები ფსიქიკური დაავადებებისადმი ადამიანის მიმართ მდგრადობას ასუსტებს. ჯანმრთელი ფსიქიკა იმდენად ელასტიკური მოვლენაა, შესაძლოა ადამიანმა უმძიმესი სულიერი ტრავმები გადაიტანოს, მაგრამ ფსიქიკა ვერაფერმა დაუზიანოს. თუმცა გენეტიკური წინასწარგანწყობის შემთხვევაში შესაძლოა მენტალური დარღვევის მიზეზი ერთი სტრესიც აღმოჩნდეს.

- გენეტიკურ წინასწარგანწყობას ნებისმიერი დაავადების განვითარების ფაქტორად მიიჩნევენ. თუმცა ეს, ალბათ, არ ნიშნავს იმას, რომ თუ ოჯახში ვინმეს ჰქონდა მენტალური პრობლემები, მის შთამომავალსაც აუცილებლად ექნება.

- რასაკვირველია, არ ნიშნავს. მართალია გამოვლინების შანსი მეტია, მაგრამ არა აუცილებელი. ალბათ, ბევრ ჩვენგანს გაუგია, როდესაც ერთსა და იმავე მოვლენის გამო მენტალური პრობლემა ოჯახის ერთ წევრში გამოვლინებულა, მეორეში კი არა. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანები სხვადასხვა წესით ცხოვრობდნენ, სულ სხვადასხვა გზა ჰქონდათ არჩეული და ერთ შემთხვევაში ადამიანი ცხოვრების ჯანსაღმა წესმა დაიცვა ფსიქიკური გართულებებისაგან. თუმცა, როდესაც ადამიანი ცხოვრების არაჯანსაღ წესს დაადგება, მაგალითად, ნარკოტიკის მიღებას იწყებს, თამაშდამოკიდებული ხდება ან სტრესულ გარემოში სრულიად დაუცველი აღმოჩნდება, არ არის გამორიცხული, მისი გენეტიკური განწყობა აღმოჩნდეს მისივე მენტალური პრობლემების მიზეზი.

ნებისმიერი ასაკის პაციენტთან მიხდება მუშაობა. თუმცა სტატისტიკა უფრო ბავშვებსა და ხანდაზმულ ასაკშია მაღალი. მიზეზი ის არის, რომ ეს ასაკები მოწყვლადია. პირველ შემთხვევაში ტვინი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია და გარემო ფაქტორები მეტი დატვირთვით მოქმედებს, ხანდაზმულობისას კი უკვე გადატანილი სტრესები და ასაკობრივი თავისებურებები მოქმედებს.

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ბავშვებზე, რომლებსაც მშობლების ყურადღების დეფიციტი აქვYთ და ტექნოლოგიებზე არიან მიჯაჭვული. ცხადია, ეს ფსიქიკური პრობლემის განვითარებას ხელს უწყობს. თუმცა ბავშვებში მენტალური პრობლემის მიზეზი მხოლოდ ეს არ არის. არის შემთხვევები, როდესაც პრობლემებს პირიქით, მშობლების გადაჭარბებული მზრუნველობა და ნაადრევ ასაკში ზედმეტი პასუხისმგებლობის დაკისრება იწვევს, ან ბავშვის ვიზუალურ მდგომარეობაზე გადაჭარბებული აქცენტი. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ კვებით აშლილობას, რომლის ხშირი შემთხვევები გვაქვს. ზოგიერთი მშობელი იმ რაოდენობის საკვებით კვებავს ბავშვს, რაც დაუშვებელია, შემდეგ კი თავადვე იწყებს ზეწოლას ბავშვზე, რომ ზედმეტი წონა აღარ ჰქონდეს. არსებობს მედიცინა, მეთოდები, რომლებითაც ბავშვის ფსიქიკას ზიანს არ მივაყენებთ; მაგრამ როდესაც შვილის ჭარბი წონით გაღიზიანებული მშობელი ბავშვს ცხოველს ადარებს და ასე ცდილობს მის სტიმულირებას წონის დასაკარგად, ამ შედარებამ მასზე შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს და მომავალში სავალალოდ გამოუვლინდეს. რა თქმა უნდა, არიან ბავშვები, რომლებიც ამ შედარებების მიუღებლობის გამო ყველაფერს აკეთებენ. მაგალითად, გემრიელად და ჭარბად ჭამას ვერ თმობენ, მაგრამ ყოველი კვების შემდეგ გულს ირევენ, რათა წონა დაკარგონ. ადვილი წარმოსადგენია, რამხელა ზეწოლას ახდენს ეს ბავშვის ფსიქიკასა და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

- იმავეს ბევრი მოზარდი მშობლისაგან დამოუკიდებლადაც აკეთებს. გარეგნობაზე გადამეტებული ზრუნვა თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი პრობლემაა. მაგალითად, ტუჩების პლასტიკური ოპერაციები ზოგჯერ გალამაზების ნაცვლად გარეგნობას ამახინჯებს. არა მარტო ტუჩების, შესაძლოა სხეულის სხვა ნაწილების კორექციამაც იგივე გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ნამდვილი დეფექტების მოშორებას.

- თქვენ საუბრობთ მდგომარეობაზე, რასაც მედიცინაში დისმორფულ აშლილობას უწოდებენ. არა მგონია, დისმორფული აშლილობების სტატისტიკა ჩვენში მაღალი იყოს, თუმცა გავრცელებული ნამდვილად არის. შესაძლოა ჩვენს გარემოშიც იყოს ადამიანი, რომელიც დიდ დროს ხარჯავს საკუთარ გარეგნობაზე ფიქრსა და სარკის წინ დგომაში. ლაპარაკობს თავისი სხეულის ისეთ დეფექტებზე, რომელთაც სხვები ვერც ამჩნევენ. ცდილობენ "დეფექტები" პლასტიკური ოპერაციებით მოიშორონ. გავა დრო და ოპერაციის შედეგი არ აკმაყოფილებთ და უკვე სხეულის სხვა ნაწილის შეცვლა სურთ.

- ეს ალბათ იმ სტანდარტების გამოც, რომელსაც თანამედროვე მედია თუ ინფლუენსერები გვთავაზობენ. გამოდის, ჩვენ მათი მსხვერპლი ვართ.

- სწორედ ამიტომ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, რატომ უნდა ვიყოთ ვინმეს მსხვერპლი. ის მოდელები თუ ინფლუენსერებიც, რომლებიც ცდილობენ თავი იდეალური სხეულის პატრონად წარმოადგინონ და ამით გამომწერები მოიპოვონ, რეალურად არ არიან სრულყოფილი სხეულის პატრონები. შესაძლოა მათაც ჰქონდეთ მუცელზე ცხიმი და არასტანდარტული სხეულის ნაწილები. უბრალოდ, მათ ისწავლეს, რომ თავიანთი სხეული საუკეთესოდ წარმოაჩინონ. სხვათა შორის, დისმორფული აშლილობის საფუძველში, ისევე როგორც კვებითი აშლილობისას ხშირად დამნაშავეა ოჯახი და ბავშვობა, როცა გარეგნობასთან დაკავშირებული არასწორი ფრაზები ხშირად გაისმის...

სამწუხაროდ, პანდემიას უკვალოდ არ ჩაუვლია და ფსიქიკაშიც დატოვა კვალი. მაგალითად, მომრავლდა მიმართვიანობა გადაჭარბებული სისუფთავის გამო. ხელებს იმდენად ხშირად იბანენ, რომ კანი უზიანდებათ. ფიქსირდება ბოდვითი აშლილობები, როდესაც ამბობენ, რომ მათ ტელეფონიდან ან კომპიუტერის ეკრანიდან ვიღაც უთვალთვალებს. ამგვარი მწვავე ფსიქიკური პრობლემები ექიმის გარეშე ვერ აღმოიფხვრება. იმისთვის, რომ გაცილებით მშვიდად ვიყოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახის წევრს აქვს ამ მხრივ სირთულე, საჭიროა ამ პრობლემის მეტად გაცნობიერება, რაც შეიძლება მეტი უნდა ვიცოდეთ ფსიქიატრიულ დაავადებებზე, თუნდაც სოციალური ქსელიდან. რა თქმა უნდა, ყველა ინფორმაცია სანდო არ არის, მაგრამ პროფესიონალური მედიცინა სოციალურ ქსელშიც გამოკვეთილია. შეგვიძლია მათ მოსაზრებებს გავეცნოთ და ამით ვიხელმძღვანელოთ ექიმთან მიმართვამდე.