როცა დროს „ატყუებ“ - კვირის პალიტრა

როცა დროს „ატყუებ“

პლასტიკური ოპერაციების მიმართ საზოგადოების ინტერესი არ ნელდება, მითუმეტეს როდესაც ეკრანზე ცნობილ მსახიობებსა თუ მომღერლებს ვუცქერთ, მუდამ არის კითხვა - პლასტიკური ქირურგების შედევრია თუ ბუნებრივი სილამაზე? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არცთუ ისე მარტივია, მით უფრო, როდესაც ქალბატონები უარყოფენ, თუმცა საერთაშორისო მედია პერიოდულად იკვლევს, ვინ როდის ესტუმრა პლასტიკურ ქირურგს და მეტიც, როგორი იყო ინტერესის ობიექტი მანამდე, სანამ ცნობილი გახდებოდა. ამ კითხვებით ესთეტიკოს სოფო თოიძეს მივმართეთ, რომელიც "კვირის პალიტრის" მკითხველს უამბობს თუ როგორები იყვნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები პოპულარობამდე და ვის რა ნაკვთი აქვს შელამაზებული.

პირველი პლასტიკური ოპერაცია

1814 წლის 23 ოქტომბერს ლონდონში ქირურგმა ჯოზეფ კარპომ ევროპაში პირველი პლასტიკური ოპერაცია ჩაატარა, კერძოდ, ცხვირის რეკონსტრუქციული პლასტიკა. ის, რომ ქრისტესშობამდე ჯერ კიდევ 600 წლის წინ ინდოეთში სუშატა სამ-პიტში კეთდებოდა ცხვირის აღდგენისა და რეკონსტრუქციის პლასტიკური ოპერაციები, ერთ-ერთ სამეცნიერო გამოცემაში გამოქვეყნდა. ინდოელი ექიმები არა მარტო ცხვირის, ტუჩის და ყურის უნიკალურ ოპერაციებსაც აკეთებდნენ. ასე შემოვიდა ისტორიაში სუშრუტას მეთოდით ცხვირის აღდგენა, რისთვისაც გამოიყენებოდა შუბლის ან ლოყის კანი. 1875 წელს იტალიელმა ქირურგმა გასპარ ტალიაკოციმ გამოაქვეყნა ტრაქტატი ცხვირის აღდგენა-რეკონსტრუქციის შესახებ ხელის მტევნის ფრაგმენტებით, მაგრამ მისი ოპერაციები ბუნების წინააღმდეგ დანაშაულად მიაჩნდათ.

როდესაც ლონდონელმა ქირურგმა პირველად ჩაატარა ოპერაცია და პაციენტს სახიდან სახვევი მოხსნა, თურმე სიხარულით შესძახა: "ო, ღმერთო ჩემო, ეს ხომ ცხვირია" და აი, ამის შემდეგ პლასტიკურ ქირურგიაში რევოლუციური გადატრიალებები მოხდა და ამჟამად ერთ-ერთი დამოუკიდებელი მიმართულებაა მედიცინაში.

კინოვარსკვლავები და სხვა ხელოვანები ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად ხშირად მიმართავენ პლასტიკურ ქირურგიას და არცთუ იშვიათად ზღვარსაც გადადიან. მაგალითად მხოლოდ რამდენიმე კინოვარსკვლავს მოვიყვანთ და დასკვნა თქვენთვის მოგვინდვია.

მელანი გრიფიტი

f57d4d56-3538-4ec7-b744-bea4b69c4b12-1713101337.jpg

მელანი გრიფიტი ამჟამად 66 წლისაა. 2017 წელს გამოცემა "პორტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში გრიფიტი გულახდილად საუბრობს პლასტიკურ ოპერაციაზე: "როდესაც პლასტიკური ოპერაცია გავიკეთე, თავად მე მომწონდა, სანამ ქუჩაში ხალხის შეცბუნებული სახეები არ დავინახე. ეს იმდენად მტკივნეული იყო, რომ სხვა პლასტიკურ ქირურგთან წავედი და მან გამისწორა ყველა ის ხარვეზი, რომლებიც წინა პლასტიკურმა ქირურგმა დაუშვა. ახლა იმედია, ნორმალურად გამოვიყურები". როგორც გრიფიტი ამბობს, მაყურებელს არ სურს იხილოს დაბერებული კინოვარსკვლავი და ეს ბევრ ქალს უბიძგებს მიმართოს პლასტიკურ ქირურგს.

რენე ზელვეგერი

1aaa3c78-240f-4cab-929c-2b22b6ae959b-1713101336.jpg

რენე ზელვეგერი, რომელმაც მაყურებელს ფილმით "ბრიჯიტ ჯონსის დღიური" შეაყვარა თავი, ტრილოგიის ბოლო ნაწილში რადიკალურად განსხვავებული გარეგნობით გამოჩნდა. მედია მაშინვე ალაპარაკდა მსახიობის გარეგნობაზე და იმ პროცედურებზე, რომელიც შესაძლოა ჩაიტარა, თუმცა თავად რენე ამ ფაქტს სასტიკად უარყოფს. ჟურნალისტების კითხვას, რამ გამოიწვია მსახიობის გარეგნობის ასეთი რადიკალური ცვლილება და აქვს თუ არა პლასტიკური ოპერაცია გაკეთებული, მსახიობმა უპასუხა: "ეს არავის საქმე არ არის, მე არც სახის ლიფტინგი გამიკეთებია და არც თვალების ოპერაცია. სხვანაირად გამოვიყურები, რადგან ბედნიერი ვარ... თავს ვუვლიდი, ვისვენებდი, ცხოვრების რიტმი შევიცვალე და ეს აისახა ჩემს გარეგნობაზე". რენე ზელვეგერის განცხადების მიუხედავად, მედიას არ გამოეპარა მისი სახის არც ერთი ნაკვთის ცვლილება, შესაბამისად, საერთაშორისო გამოცემებმა სპეციალისტების დახმარებით დაწვრილებით აღწერეს, თუ რა პროცედურის შემდეგ რომელი ნაკვთი შეიცვალა რენემ - მან ტუჩის მოცულობა გაიზარდა, შეიცვალა ცხვირის ფორმა, დაითხელა სახე და სავარაუდოდ, ლოყებიდანაც ამოიღო ზედმეტი ცხიმი. ზედა ქუთუთოდან ზედმეტი ქსოვილი მოიშორა, და გადაიჭიმა შუბლი. გაიკეთა თუ არა მსახიობმა ეს პროცედურები, არავინ იცის, თუმცა ფაქტია, რომ ის ახლა რადიკალურად განსხვავდება იმ რენე ზელვეგერისგან, რომელსაც ჩვენ "ბრიჯიტ ჯონსის" პირველი და მეორე სერიიდან ვიცნობდით.

მიშელ მერსიე

38632f45-7eed-423d-aa91-f818f13af5c1-1713101337.jpg

ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, ანჟელიკად ცნობილი მიშელ მერსიე 85 წლისაა. მსახიობმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბუნებრივად დაბერება არჩია. ამაზე ნამდვილად მეტყველებს მისი ბოლო წლების ფოტოები, თუმცა მერსიე ანჟელიკამდე სხვა­გვარად გამოიყურებოდა. მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მიშელ მერსიე და იტალიელი მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა, რომელიც შარშან 95 წლის ასაკში გარდაიცვალა, იმდენად ჰგავდნენ ერთმანეთს, რომ ზოგჯერ ერეოდათ კიდეც. ამიტომაც მერსიემ გარეგნობაში მცირე ცვლილებები შეიტანა, რათა ლოლობრიჯიდასგან განესხვავებინათ. მსახიობის ფოტოების მიხედვით ნათლად ჩანს, რომ მერსიეს ახალგაზრდობაში პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული.

ელიზაბეტ ტეილორი

6d9ac5a7-3769-4ce0-a60e-6548cae39de6-1713101337.jpg

იასამნისფერი თვალის ფერით განთქმულ ინგლისელ მსახიობს მრავალი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. 2010 წელს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, მან მედიას განუცხადა, კლინიკებში ისეთი სიხშირით შევდივარ, როგორც თქვენ ტაქსიში სხდებითო. მსახიობმა უამრავი ოპერაცია გადაიტანა, მათ შორის თეძოების, 5 ოპერაცია კი მხოლოდ ზურგზე ჩაუტარდა. კანის კიბო, დიაბეტი, პნევმონია, ინსულტი - ეს ტეილორის ავადმყოფობის არასრული სიაა, თუმცა მანამდე იყო პლასტიკური ოპერაციები, რომელთა სიაში შედის ცხვირის პლასტიკა, სახის ლიფტინგი, ტუჩის მოცულობის გაზრდა. მსახიობი არასდროს აღიარებდა პლასტიკური ქირურგების ჩარევას მის გარეგნობაში, არადა, ეს დაადასტურა მისმა პლასტიკურმა ქირურგმა. მისი თქმით, ტეილორმა ცხვირის დათხელების ოპერაცია 20 წლის ასაკში გაიკეთა.

პ.ს. 2022 წელს ამერიკაში პლასტიკური ოპერაციების პოპულარობა გაიზარდა. პირველ ადგილზეა ლიპოსაქცია, რომელიც გულისხმობს სხეულიდან ცხიმოვანი გროვების მოშორებას, სხეულის ნაწილებს შორის ნორმალური პროპორციების შექმნას. მეორე ადგილზეა მკერდის აუგმენტაცია, ანუ მკერდის მოცულობის ზრდა. მესამე ადგილს იკავებს აბდომინოპლასტიკა, მუცლის არეში ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის მოშორება. მკერდის ლიფტინგი, მოშვებული მკერდის აწევა და ბოლოს ბლეფაროპლასტიკა, მოშვებული ზედა ან ქვედა ქუთუთოს კორექცია.

ნინო წიფურია