რა არ გადაგხდება „პალიტრაში“ - კვირის პალიტრა

რა არ გადაგხდება „პალიტრაში“

ყოველ აპრილს კვირისპალიტრელები ერთი წლით ვიზრდებით. ასაკიც გვემატება და მოგონებებიც. წელს "კვირის პალიტრას" დაარსებიდან 29 წელი შეუსრულდება. ადამიანის ცხოვრება სავსეა ფათერაკებით, ბარიერებით, სიხარულით, ცრემლით, ტკივილით, ბედნიერებით... სავსეა სახალისო კურიოზებითაც. ამ მხრივ ჟურნალისტები ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვართ, თუმცა არცაა გასაკვირი - იმდენ ადამიანს ვხვდებით, რომ ჩვენი ყოველდღიურობა არ გამორიცხავს სასაცილო, უხერხულ თუ მოულოდნელ სიტუაციებს.

ენაკვიმატი პოლიციის შეფი

ჩვენი სტატიები და ინტერვიუები იქნება თუ არა საინტერესო, დიდადაა დამოკიდებული რესპონდენტებზე. ჰოდა, როცა ჟურნალისტურ წრეში რესპონდენტებზე ჩამოვარდება ლაპარაკი, ყველა თავის ფავორიტს იხსენებს. ჩემთვის გამორჩეულია ბატონი თემურ მღებრიშვილი. ბევრს შეიძლება არ ახსოვდეს, ის მრავალი წლის განმავლობაში (ედუარდ შევარდნაძის "ეპოქაში") დედაქალაქის პოლიციის შეფი გახლდათ. მასთან არ მქონდა ინტერვიუ ჩაწერილი, არადა, კოლეგებისგან გაგონილი მქონდა, ძალიან ენაკვიმატიაო, ამიტომ სულ ვცდილობდი რამენაირად დამეყოლიებინა შეხვედრაზე. ეს სურვილი მაშინ უფრო გამიძლიერდა, როცა ჩვენს ფოტოკორესპონდენტს, პაპარაცად მონათლულ გიორგი აბდალაძეს, მღებრიშვილის ბიჭებმა (ანუ პოლიციელებმა) ამერიკული ხელკეტებით თავი გაუტეხეს.

2000 წელია, ის დრო, შუქიც რომ გვენატრება, წყალიც და გათბობაც. პენსიონერებმა პენსიის მომატების მოთხოვნით პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. კოლეგებმა მითხრეს, მღებრიშვილი რუსთაველზე დგას თავის ბიჭებთან ერთადო. ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი?! რუსთაველისკენ გავფრინდი. შორიდანვე დავინახე შავ სპეცტანსაცმელში გამოწყობილი ჭაღარა შეფი. მივუახლოვდი თუ არა, მაშინვე წარვუდგინე თავი და ინტერვიუ ვთხოვე. ცოტა არ იყოს, დაიბნა, მერე მისებურად "საწყლად" მომიგო, აბა, ახლა როგორ, გენაცვალე, ვერა ხედავ, რა დღეში ვარო. უკან არ დავიხიე: ხვალ იყოს, თქვენს სამსახურში მოვალ-მეთქი. სხვა გზა არ ჰქონდა და "დამნებდა": თქვენ რომ კაცს გადაეკიდებით, მაინც არ მოასვენებთ, ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო და შევთანხმდით. ის-ის იყო, უნდა გავცლოდი, რომ ერთი ახალგაზრდა პოლიციელი აქოშინებული მოვარდა:

- ბატონო თემურ, ერთი პენსიონერი კიბეზე წამოწვა და ყვირის... რა გავაკეთო, ჩავაგდო მანქანაში?

ბატონი თემური ჯერ დაიბნა, თუმცა მალევე ჰუმანური გახდა ჩემს დასანახად და პოლიციელს ეუბნება:

- რად უნდა ჩააგდო, ბიჭო? როდის იყო, ჩვენ ასე ვიქცეოდით? წამოაყენე, პალტო დაუფერთხე და სახლამდე მიაცილე.

ძლივს შევიკავე სიცილი. ჯიბრზე ფეხს არ ვიცვლი. წუთიც და, პარლამენტის კიბესთან ჩოჩქოლი ატყდა. მღებრიშვილი მომიტრიალდა და კვლავ შეწუხებული მეუბნება: მარინა (სახელი უკვე იცოდა, სწრაფად "დამიმეგობრდა"), აი, ასეთ დღეში ვარ ყოველდღე, შენ კიდევ ესაო და ისაო... მერე თითქოს რაღაც გაახსენდა და, წამომყევი, ერთად ვნახოთ, რაც ხდება კიბესთანო. პარლამენტთან შეკრებილი ხალხის ჯგუფი ორად გაიყო და მე და ბატონმა თემურმა ქოქოლის თანხლებით ჩავიარეთ. მღებრიშვილი ჯიუტად მიიწევდა წინ და ყველას ეუბნებოდა, დაწყნარდით, ქალებო, ნუ მლანძღავთ, სირცხვილია, ჟურნალისტი მომყვებაო. როგორც იქნა, მივაღწიეთ კიბემდე და რას ვხედავ: ცივი ნოემბრის სუსხიან დღეს კაცი ქვის კიბის საფეხურზე წევს, გაცრეცილი პალტოს საყელო აწეული აქვს, ნაქსოვი შავი ქუდი თვალებს სანახევროდ უფარავს... თემურ მღებრიშვილი მწოლიარე კაცს ზემოდან დაჰყურებს. პენსიონერი უცებ წამოიყვირებს განწირული ხმით: "ჩემი ფული მინდა მე"... და დადუმდება. გავა ორიოდე წუთი და იმავე ფრაზას კვლავ ამოიყვირებს... ხალხი ჩაჩუმდა და ყველა მოგვაჩერდა. კაცს გაუკვირდა უჩვეულო სიჩუმე, ქუდი თვალებიდან აიწია და პოლიციის შეფი რომ ამოიცნო, ისევ აყვირდა: "მომეცით ჩემი ფული, ჩემი ფული მინდა მე!"

თემურ მღებრიშვილმა მოხუცი წამოაყენა: - ადე, შე კაცო, რას წამოგორებულხარ ამ ქვაზე?! არ გაცივდე, თორემ ბუასილი რომ დაგემართოს, მაგასაც მე დამაბრალებ, გამო გვერდზე, დავილაპარაკოთ!

ქალები აკივლდნენ, არ გაჰყვე,…მანქანაში ჩაგაგდებს და პოლიციაში წაგიყვანსო. მღებრიშვილმა არტისტულად შეიცხადა, აბა, რას ამბობთ, სად უნდა წავიყვანოო. ისევ სიჩუმემ დაისადგურა... და უცებ შეფმა ისეთი მოულოდნელი კითხვა დაუსვა პენსიონერს, რომ ყველამ პირი დავაღეთ:

- ძიაკაცო, შენ იცი, ერთ ქალს ოთხმა კაცმა საცვალი რომ ვერ გახადა?

ყველაფერს ელოდებოდა "ძიაკაცი", მაგრამ ასეთ კითხვას არა და ინსტიქტურად გაკვირვებულმა ჰკითხა: რათაო?

- იმითვინა, გენაცვალე, რომ იმ ქალსა საერთოდ არ ეცვა საცვალი. ჰოდა, ამხელა კაცი რომ გაჰყვირი, ფული მაიტათ, ფული მაიტათო, არა აქვს ამ მთავრობას ფული და რა უნდა მოგცეს?

ვიღაცამ ჩაიფხუკუნა, მერე იქ მყოფთ გადაედოთ სიცილი და ცოტა ხანში ყველა ხარხარებდა. ის საწყალი კაციც იდგა და არ ვიცი, სიმწრისგან თუ მართლა, იცინოდა და თვალებზე მომდგარ კურცხალს გათოშილი თითებით იწმენდდა.

მეორე დღეს მართლა მიმიღო მღებრიშვილმა. თან გავიყოლე ათი დღის წინ თავგატეხილი ჩვენი პაპარაცი, საჩუქრად ნამდვილი კახური ჩურჩხელები მივუტანეთ. პოლიციის შეფმა წაიზუზუნა, "პახმელიაზე“ ვარ, გუშინდელი აქცია მშვიდად Dრომ დამთავრდა, აღვნიშნეთ, სამაგიეროდ, დღეს თავი მისკდება, აბა, ინტერვიუ სად შემიძლიაო, მაგრამ მიხვდა, უარი აღარ გაუვიდოდა. თქვენი ბიჭები ხელკეტებით შეიარაღებული რომ დადიან, რომელსაც მღებრიშვილის ჩურჩხელებს ეძახიან, აი, ჩვენ ნამდვილი ჩურჩხელები მოგიტანეთ-მეთქი. ხელები გაასავსავა, რატომ ვარ ცოცხალი, ამ კარგ ბიჭს თავი ვინ გაუტეხაო... სეიფი გააღო, იქიდან თეთრი ჩაფხუტი გამოიღო, გიორგის დაახურა და გულმხურვალედ უთხრა: ამას ზედ დააწერე "კვირის პალიტრა" და თუ კიდევ ვინმე შეგეხო, ჩემთან ექნება საქმეო. მერე ორი ხელკეტით დაგვასაჩუქრა. ინტერვიუ პრობლემური საკითხებისა და სახალისო ამბების ჩათვლით მართლაც ძალიან კარგი გამოვიდა.

"მეც მინდა ცოლი"

2000 წლიდან დავიწყე რუბრიკა "თქვენთვის, ქალბატონებო", სადაც ჩვენი მკითხველები პირად ამბებს მიყვებოდნენ. გაგიკვირდებათ და, მამაკაცები უფრო აქტიურობდნენ. ჩემთან მოსვლა და შეთანხმება რომ გაიოლებოდათ, რუბრიკის ქვემოთ ჩემი მობილურის ნომერი იყო მითითებული. მირეკავდნენ და შეხვედრაზე ვთანხმდებოდით.

ერთხელაც, პარასკევ დღეს, როცა გაგანია მუშაობაში ვართ, კარი უცნობმა მამაკაცმა შემოგვიღო. ყველა მივაჩერდით, მაგრამ რახან ხმას არ იღებდა, ისევ მივუბრუნდით ჩვენს საქმეს. უცებ უცნაური ხმით დასჭექა, რომელია მარინა ბაბუნაშვილიო... ლამის სისხლი გამეყინა ძარღვებში. გამახსენდა, რამდენიმე დღის წინ დაჭრილი ვაჟა გავაშელი, რომელსაც განრისხებული რესპონდენტები მოცვივდნენ და დანით კისერში დაჭრეს. გონების თვალით ახლო წარსულში გამოქვეყნებულ მასალებს გადავხედე, თითქოს ისეთი არაფერი გამიშვია, რომ უკმაყოფილო ვინმე მომვარდნოდა. ჟურნალისტებმა ჩემკენ მიუთითეს და ისიც საქმიანი ნაბიჯებით გამოემართა ჩემკენ. მომსვლელი გამეცნო: კაკო ვარ, გირგვლიანი, წეროვანიდანო, ხელი გამომიწოდა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა:

- ჩემს მეგობარს ცოლი მოუკვდა, ორმოციც გადავიხადეთო, დასჭექა ისევ. ჟურნალისტებს სიცილი წასკდათ და თავი დაანებეს საქმეს. მიხვდნენ, რომ სახალისო ამბავი უნდა მოესმინათ.

- წეროვანში გზა დაგვიგეს, შუქი გაიყვანეს, მეც და იმ ჩემს მეგობარსაც ქათმების ფერმა გვაქვს,…კვერცხებიც... ჟურნალისტები ჩაბჟირდნენ. Kკაკო მათ ვერ ხედავდა, რადგან ზურგით იჯდა, თანაც, ისე იყო ჩართული თავის ამბავში, რომც დაენახა, რეაქცია არ ექნებოდა.…მე კი ვხედავდი კოლეგების აწითლებულ სახეებს, მეც მეცინებოდა, მაგრამ თავს ვიკავებდი, ეს ყველაფერი ხომ გვაქვს, მარა ჯერ ტელეფონის ხაზი არ გაუყვანიათ. ამიტომაც ვერ დაგირეკე. უკან ნუ გამიშვებ, ბარემ გეტყვი ჩემს სათქმელს...

სხვა გზა არ იყო, დავნებდი ბედს.

- ჰოდა, მაგას გეუბნები, ყველაფრით მოწყობილი ვართ, კარაქიც ბლომად გვაქვს, კარტოფილიცა...…ჯერ კიდევ ჯეელია ის ჩემი მეგობარი და ცოლი უნდა...

- ბატონო? - ლამის შუბლზე ამივიდა თვალები, - მერე მე რა შუაში ვარ? ან რომელი მაჭანკალი მე მნახეთ? იყიდეთ "სიტყვა და საქმე", მოძებნეთ "პაემნის" რუბრიკა და იქ შეარჩიოს თქვენმა მეგობარმა საცოლე, - ცოტა არ იყოს, გავბრაზდი.

კაკოს გაეღიმა და საჩვენებელ თითს თავიც მიაყოლა: შენ რომ ქალებზე წერ, ისეთი ქალი უნდა, სანდო და ალალიო...

სხვა გზა აღარ იყო, სასწრაფოდ უნდა დამესრულებინა ეს კომედია და დავპირდი, ვინმეს გამოგიძებნით თქვენი ძმაკაცისთვის-მეთქი. მე თვითონ დაგირეკავ ერთ კვირაშიო, მითხრა და წამოდგა. მერე ხელი შარვლის ჯიბეში ჩაიყო, მუხლამდე ჩავიდა და როცა მოიძია, ხელისგულზე ოთხი ცალი კარამელი დამიყარა: ესეც შენ წინასაახალწლოდ, საქმე თუ გაიჩარხა, ქათმები და კვერცხები ჩემზე იყოსო.

მე პირი არ დამიკარებია კანფეტებისთვის, საქმეს მივუბრუნდი, გოგოებმა კი ყავა მოადუღეს და კაკოს კარამელი დააყოლეს. ვაჟა გავაშელმა ორაზროვნად იხუმრა: გოგოებო, წეროვანისკენ თუ გაგიწიათ გულმა, იცოდეთ, ამ კანფეტებში "აზვერინი" იყო შერეულიო. ისევ აგვიტყდა სიცილი. ცოტა ხანში კვლავ გაიღო კარი და კაკო გირგვლიანი ჯიქურ გამოემართა ჩემკენ. მომიახლოვდა, ხელი პირთან მიიდო და ხმადაბლა მითხრა:

- მარინა, ის ჩემი ძმაკაცი 55 წლისაა, მე კი 65-ის.

- თქვენ რა შუაში ხართ, ბატონო კაკო? - ვკითხე გაკვირვებულმა.

- რას ჰქვია, რა შუაში ვარ,…მეც მინდა ცოლი! - არანაკლებ გაკვირვებულმა, მეტიც, გაბრაზებულმა მომიგო.

აქ კი უკვე ვეღარ შევძელი თავის შეკავება და სახეში შევცინე უცნაურ ფერმერს...

პ.ს. სხვათა შორის, ეს ამბავი სამეზობლოშიც მოვყევი და ერთმა შინაბერა მეზობელმა სურვილი გამოთქვა: ვნახავ ერთი, რას ვკარგავო. ერთი კვირის შემდეგ კაკომ დამირეკა და იმ ქალის ნომერი მივეცი. შეხვდნენ კიდეც, მაგრამ მეზობელმა დაიწუნა სასიძო.

მორიდებული თუში

ერთი თვის განმავლობაში მირეკავდა ერთი თუში კაცი. ის ფილმ "თუშ მეცხვარეშიც" გადაიღეს, იმდენად კოლორიტული გახლდათ. ჰოდა, დამირეკავდა ხოლმე, ჯერ ნებართვას მთხოვდა, შეიძლება სამი წუთი დამითმოთო, და ლექსებს მიკითხავდა. ერთხელაც ინტერვიუზე შევთანხმდით. მართლაც მესტუმრა. გოლიათური აღნაგობის აღმოჩნდა. როცა ჩემს კოლეგებს წარვუდგინე თუში მეცხვარე, ჩვენმა მთავარმა სტილისტმა, სალომე ნიკოლაიშვილმა, ამოიცნო: მაშინ კინოსტუდიაში ვმუშაობდი და მახსოვხართ გადაღებებიდანო. რაღა ბევრი გავაგრძელო და, კარგა ხანს ვისაუბრეთ. მიამბო თავისი რთული თუშური ცხოვრების შესახებ, მთისაც და ბარისაც, ერთი ქალის გაუნელებელ სიყვარულზეც... მერე რამდენიმე თავისი ლექსიც დამიტოვა და წავიდა. გავიდა ორი დღე. საღამო ხანია. რამდენიმე ჟურნალისტი რედაქტორის კაბინეტიდან გამოსულ ჩვენს მასალებს ველოდებით. გვშია, მაგრამ რას ვიზამთ, ვითმენთ... უცებ ფოტოების თაროებზე ჩვენმა ფოტოკორესპონდენტმა, ტყიბულელმა ფრიდონ გეგეშიძემ, ცელოფანის ლამაზ პარკში შეხვეული ლიქიორი "ამარეტო"”და შოკოლადის ასორტი აღმოაჩინა:

- ამას რას ხედავს ჩემი თვალები... სულზე არ მოგვისწრო! პაწას გამევიხედავთ თვალებში, ჰე, ჩამოვასხათ თითო-თითო ჭიქა...

ამაზე მე, ნინო ბურჭულაძემ, ლელა ჯიყაშვილმა და ხათუნა ბახტურიძემ ხელები გავასავსავეთ, ეგება ვის დარჩა, ხვალ რომ მოიკითხოს და არ დახვდეს, სირცხვილიაო, მაგრამ ცდუნება იმდენად დიდი იყო, გადავწყვიტეთ იმ ჟურნალისტებთან დაგვერეკა, ვისაც იმ დღეს ჩაწერა ჰქონდა და გაგვერკვია, ვის ეკუთვნოდა ტკბილი ნობათი. დავრეკეთ იზო რიკაძესთან, რატი შელეგიასთან, ეკა ლომიძესთან... მათ იუარეს, ჩვენი არააო... ხათუნა პაიჭაძემ დიდსულოვნად დაგვრთო ნება: ჩემი არაა, მაგრამ ვისიც არ უნდა იყოს, ვინ გეტყვით უარსო... ხათუნას შეგულიანებამ გაგვათამამა, "ამარეტო" ჩამოვასხით და შოკოლადის ასორტიც გავხსენით. ფრიდონმა, როგორც იქ დამსწრე ერთადერთმა მამაკაცმა, სადღეგრძელოს უფლება მოიპოვა:

- ამ პატარა ჭიქითა და ლიქიორით იმ ჟურნალისტს გოუმარჯოს, ვისაც ქე მოუტანეს ეს საჩუქარი.

ყველამ მხიარულად ავიტაცეთ წარმოთქმული. მეორე ჭიქით მომტანის სადღეგრძელო დაილია:

- ამით კიდევ, იმ რესპონდენტს გოუმარჯოს, ვინც დააფასა ჟურნალისტის საქმე და ჩვენი მადლიც მოისხა...

სწორედ ამ დროს შემოიხედა სარესპონდენტო ოთახში სალომე ნიკოლაიშვილმა. ინტერესით მოგვაჩერდა, რა ხდებაო. სიცილით ვუამბეთ ინკოგნიტო ჟურნალისტ-რესპონდენტის ამბავი. სალომემ ლამის ქოქოლა მაყარა, ეს პარკი იღლიაში ჰქონდა ამოჩრილი იმ თუშ მეცხვარეს, კარგა ხანს ვერ მოუხერხა ვერაფერი და ბოლოს შემოდო ამ თაროზე, ასე რომ, ორივე სადღეგრძელოს ადრესატები შენ და შენი რესპონდენტი ხართო.

პ.ს. მეც და ჩემს კოლეგებს კიდევ უამრავი ეპიზოდის გახსენება შეგვიძლია, რომელიც მკითხველამდე არ მიდის და "კადრს მიღმა" რჩება, მაგრამ ამჯერად ეს რამდენიმე კურიოზი იყოს... შემდგომში თავს გადახდენილ ამბებს კვლავაც შემოგთავაზებთ.