მუხრანში, სადაც წმინდა დედოფალი დაიბადა, წმინდა ქეთევანის ტაძარი აშენდება - კვირის პალიტრა

მუხრანში, სადაც წმინდა დედოფალი დაიბადა, წმინდა ქეთევანის ტაძარი აშენდება

"თუ თბილისთან ახლომდებარე სოფელ მუხრანში ჩახვალთ, ორი რამ აუცილებლად "აგედევნებათ": ძლიერი სოფელი და ჩვენი დროის ლეგენდა სოფლის მასწავლებელზე, რომელსაც იმდენად უნდოდა მუხრანში ქეთევან წამებულისთვის ტაძრის აშენება, რომ ტაძრის მშენებლობა დაიწყო. წმინდა ქეთევანის სახელობის ტაძარი საქართველოში რამდენიმეა, მაგრამ არ იყო სოფელ მუხრანში, სადაც წმინდა დედოფალი 400 წლის წინ დაიბადა. დედოფალი, რომლის ტრაგედიამ და სულიერმა ძლიერებამ მისი თანამედროვე სამყარო შეძრა - პრაქტიკულად არ დარჩენილა იმდროინდელი ევროპის ქვეყანა, ვისაც წმინდა ქეთევანის წამების შესახებ არ გაეგო. ზოგიერთ ევროპულ მუზეუმში დღემდე ინახება მისი ნივთები და, აი, ერთ დღესაც, მართლაც სასწაულის ძალით და მუხრანელი მუსიკის პედაგოგის ეთერ სამჭკუაშვილის მცდელობითაც მუხრანშიც აშენდება წმინდა ქეთევანის ტაძარი. ის ნიმუშია იმისა, თუ რა შეუძლია ქართველ ქალს, რომელიც ფესვებისა და ღირსებისთვის იბრძვის (მოგვიანებით მას ღირსების ორდენიც მიენიჭა). არის კიდევ­ ერთი სიმდიდრე, რაც მან ქვეყანასაც დაუტოვა და სოფელსაც, სამშობლოს მოყვარული შვილები. მათ შორის თამარ ფარჩუკიძემ წლების წინ სრულიად უსასყიდლოდ დაიწყო ქეთევან დედოფლის უცნობი ისტორიების მოკვლევა. დადგება დრო, როდესაც შთამომავლობა ჩვენც გვკითხავს, თქვენ, მუხრანელებმა, რა აკეთეთ ქვეყნისთვისო, და ვიტყვით: ჩვენ გვყავს ქალები, რომლებიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ და თავგანწირვით უვლიდნენ, ინახავდნენ და აცოცხლებდნენ ჩვენი ქვეყნის ისტორიას. გთხოვთ დაუკავშირდეთ თამარ ფარჩუკიძეს და ის გიამბობთ, როგორ შეუძლია ქართველ ქალს თავისი ქვეყნის ისტორიის შენახვისთვის თავგანწირული შრომა", - მოგვწერეს მუხრანელმა ქალებმა და ჩვენც სიამოვნებით დავუკავშირდით ქალბატონ თამარ ფარჩუკიძეს.

- ქალბატონო თამარ, აღარ მიკვირს, როდესაც ამბობენ, საქართველო ქართველმა­ ქალმა გადაარჩინაო, მომქანცველი ფიზიკური შრომით თუ სულიერი ღვაწლით. საოცარი ისტორია გავიგე თქვენს დედაზე, რომელიც ლამის მთელი ცხოვრება ცდილობდა მუხრანში ქეთევან დედოფლისთვის ტაძრის აშენებას და ეს შეძლო.

- მუხრანელებს განსაკუთრებით­ გვიყვარს წმინდა ქეთევანი, სოფლის­ უხუცესებისაგან ამბად მოღწეული ნასაყდრალის გარდა აქ მისი სახელობის ეკლესია არ გვქონია, მაგრამ უფალმა­ ინება, რომ დედას მცდე­ლობით ტაძარი­ აშენებულიყო. ჩვენს ოჯახში ყოველთვის უდიდეს პატივს სცემდნენ წმინდა ქეთევანს. მახსოვს, ერთხელ მამამ, თავადაც მუსიკოსმა­, ისტორიკოსმა და ხატმწერმა, დედას ქეთევანზე დაწერილი ლექსი მოუტანა, იქნებ ამაზე საგალობელი დაწეროო. დედამ მაშინ იუარა, დედოფალი იმხელა ტრაგედიაგამოვლილია, მე როგორ მივუახლოვდე, ამისი შემძლე არა ვარო. მაგრამ მერე, როდესაც მამა გარდაიცვალა­ და დედასაც შეეხო თავისი წილი ტკივილი, მან საგალობელი დაწერა და მოსწავლეებსაც შეასწავლა. დიდი დედოფლის ღვაწლზე ბავშვებს ხშირად ესაუბრებოდა. დედა დღეს ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მის მოსწავლეებს ეს საუბრები სულში აქვთ. ისიც ყველას ახსოვს, რომ დედა მუდამ ტკივილამდე მიყვანილი ნატვრით ნატრობდა მუხრანში წმინდა ქეთევანის ტაძრის აშენებას, რას ჰქვია, მის სამშობლო სოფელში მისი ტაძარი არ არისო, დარდობდა და ნატრობდა, ნეტავ სასწაული მოხდეს და ეკლესია აშენდესო. თავად, ცხადია, ამის სახსრები არ ჰქონდა. მას იმდენად ძლიერ უნდოდა სოფელში ტაძარი აშენებულიყო, იმდენ განცდას დაატარებდა, იმდენად სჯეროდა, რომ ტაძარი აშენდებოდა, რომ ერთხელაც ეს განცდა განსხეულდა. იცით, რა მოხდა? დედა ერთ საეკლესიო დღესასწაულზე ამ თემაზე მისთვის სრულიად უცნობ ადამიანს შემთხვევით დაელაპარაკა. და, აი, მაშინ მოხდა სასწაული - კაცმა, რომელსაც დედა არც იცნობდა, მშვიდად უთხრა, რახან ასეთი დიდი სურვილი გაქვთ, მაგ ტაძარს მე ავაშენებო!

- მართლაც სასწაულია. იმიტომაც ამბობენ, რომ რწმენას ყველაფერი შეუძლია.

- კი, ასეა. ტაძრის აშენება უხმაუროდ დაიწყო, მაგრამ სიმბოლურად: წმინდა ქეთევანის წამების თარიღის მსგავსად, სიმაღლეც 1624 სანტიმეტრით განისაზღვრა. დედა თავისი მოსწავლეების მომღერალთა გუნდით წმინდა ქეთევანის საგალობელს გალობდა. დედა სამონაზვნოდაც ემზადებოდა, მაგრამ აღესრულა. მისი ტაძრის ეზოში დაკრძალვა­ სასულიერო პირებმა გადაწყვიტეს და გვითხრეს რატომაც: "რაც ოთხასი წელი კაცებმა ვერ შევძელით, ერთმა ქალმა გააკეთა, ამიტომ სწორედ აქ უნდა დაიკრძალოს".

- მერე კი ისტორია თავად გააგრძელეთ, თავადაც სრულიად მარტომ, სამშვილიანმა ქვრივმა...

- ისევ წმინდა ქეთევანის შემწეობით... ევროპის არაერთი ქვეყნისთვის ქეთევან დედოფლის ისტორია ზნეობრივ იდეალად იქცა, XVII საუკუნიდან მოყოლებული, ევრაზიის თექვსმეტ ქვეყანაში ინახავენ მის წმინდა ნაწილებს თუ სიწმინდეებს და ჩვენ რატომ არ უნდა ვაკეთებდეთ მეტს, რათა მისი მაგალითი გვახსოვდეს. ბევრმა არც ის იცის, რა ღვაწლი გასწია ინდოეთში მცხოვრებმა არგენტინელმა მუსიკოსმა და თეოლოგმა სანტიაგო ლუსარდი ჟირელმა, რომელმაც ინდოეთში წმინდა ქეთევანის ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი დააარსა. მე როგორღაც შევძელი "ქეთევან დედოფლის საზოგადოების" შექმნა. მუხრანში უკვე მერვე წელია აღვნიშნავთ წმინდა ქეთევანის დაბადების დღისადმი მიძღვნილ "გაზაფხულის ქეთევანობას". გვინდა მისი სახელი ვარსკვლავსაც ვუწოდოთ. წელს დედოფლის 400 წლისთავის იუბილეა და ამასაც აღვნიშნავთ. გვინდა მუხრანში მემორიალიც დავდგათ, სადაც აისახება ყველას სახელი, ვინც ქეთევანისთვის რაიმე გააკეთა დღემდე. გვინდა ეს ყველაფერი მომავალმა თაობამ იცოდეს.